გადაწყვეტილება №18396/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18396/2/2023
17.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ფ/პ ------------- (პ/ნ ---------------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------ის 7.12.2022 და 15.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №18396/2/2022, №18649/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაკისრებული ჯარიმა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.11.2022 წლის №29464 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 10.11.2022 წლის №011-296 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 25.11.2022 წლის №29464 ბრძანება;
3. მომსახურების დეპარტამენტის 30.11.2022 წლის №000-226 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 28.12.2022 წლის №33155 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 5 232.2 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 10 ნოემბრის №011-296 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 21.01.2022 – 27.04.2022 წწ. პერიოდში.
აღნიშნული ოქმით მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 232.2 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.11.2022 წლის №29464 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი. მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.11.2022 წლის №29464 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 30.11.2022 წლის №011-296/1 ბრძანება და №000-226 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად უცვლელად დარჩა დაკისრებული ჯარიმა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.12.2022 წლის №33155 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.11.2022 წლის №29464 და 28.12.2022 წლის №33155 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
1. შემოსავლების სამსახური 25.11.2022 წლის №29464 ბრძანებაში მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 282-ე მუხლებზე და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“, რომლითაც განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმისგან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
2. შემოსავლების სამსახური 28.12.2022 წლის №33155 ბრძანებაში მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებდა 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 30 ნოემბრის №000-226 საგადასახადო მოთხოვნა (№011-296/1 ბრძანება) გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 25 ნოემბრის №29464 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია განხორციელდა ერთჯერადად საგადასახადო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, ფიზიკური პირის მიერ კომერციული დანიშნულების ფართის რეალიზაციის საფუძვლით. შესაბამისად, მითითებულ პერიოდში არ ახორციელებდა რაიმე სახის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურს აცნობა, რომ დღგ-ის გადამხდელად დაგვიანებული რეგისტრაცია განხორციელდა იმიტომ, რომ დაგვიანებით მიიღო ინფორმაცია აღნიშნულ ვალდებულებასთან დაკავშირებით და არ იყო საქმის კურსში, რომ მსგავსი ქმედების გამო გააჩნდა რეგისტრაციის ვალდებულება. გარდა ამისა, ზემოაღნიშნულ პერიოდში მოუწია ე.წ. დეკრეტულ შვებულებაში (შვებულება მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო) გასვლა და ამ პერიოდთან დაკავშირებულმა ფაქტორებმაც იქონია გავლენა რეგისტრაციის დაგვიანებაზე.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში, წარსადგენი დეკლარაციის, ვალდებულებაზე შეტყობინება მობილურზე მესიჯის სახით, მიიღო მხოლოდ ნოემბრის თვეში მანამდე არ მიუღია რაიმე სახის შეტყობინება, რომ ვალდებული იყო წარედგინა დეკლარაცია.
გარდა ამისა, ჰქონდა ინფორმაცია, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია მოხდა ერთჯერადი დეკლარირების მიზნით, კონკრეტული ტრანზაქციიდან გამომდინარე, ვინაიდან, იგი არ ახორციელებს რაიმე სახის ეკონომიკურ საქმიანობას. ახლა, როდესაც მომსახურების დეპარტამენტის ბრძანებით მიიღო ინფორმაცია, რომ თურმე უნდა წარედგინა ყველა მომდევნო თვის ნულოვანი დეკლარაცია, ატვირთა ყველა გასული თვის დეკლარაცია.
ყველა ის დეკლარაცია, რომელიც არ წარუდგენია უცოდინრობის გამო, არის ნულოვანი და დეკლარაციის წარუდგენლობას არ მიუყენებია რაიმე სახის ფინანსური ზიანი სახელმწიფოსთვის. ასევე, ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ის ფაქტიც, რომ იანვრის თვის (რეალურად დასაბეგრი ტრანზაქციის პერიოდი) დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისთვის დარიცხული ყველა სანქცია სრულად აანაზღაურა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის და საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-2 დანართის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე, მომსახურების დეპარტამენტი უფლებამოსილია პირი გათავისუფლოს ამავე კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისგან თუ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში განცხადების წარდგენის შემდგომ, მაგრამ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტზე, შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემამდე, პირს წარდგენილი აქვს დღგ-ის შესაბამისი დეკლარაცია.
დადგენილია, რომ მომჩივანი დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 21.01.2022 – 27.04.2022 წწ. პერიოდში. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი დაჯარიმდა 5 232.2 ლარით.
გადასახადის გადამხდელი არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, აღნიშნავს, რომ დარღვევა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით და ითხოვს, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
შემოსავლების სამსახურმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი და დაავალა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის კორექტირების (შემცირება) განხორციელება.
მომსახურების დეპარტამენტის 30.11.2022 წლის №011-296/1 ბრძანების შესაბამისად, მომჩივანს უარი ეთქვა დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებაზე, ვინაიდან პირს წარდგენილი არ ჰქონდა დღგ-ის შესაბამისი დეკლარაციები.
აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ უკვე გადახდილია ის გადასახადის თანხა, რომლის გადაუხდელობის გამოც დაეკისრა ჯარიმა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის და საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-2 დანართის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე, მომსახურების დეპარტამენტი უფლებამოსილია პირი გაათავისუფლოს ამავე კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან, თუ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის, პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადების ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 17.02.2023 წლის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება ზედმეტობა - 9.69 ლარი და არაღიარებული საგადასახადო დავალიანება - 5,232.83 ლარი.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან;
3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).