გადაწყვეტილება №22204/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.05.2024
№ დოკუმენტი 22204/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22204/2/2024

28 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ -ის 9.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22204/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 24.01.2023 წლის №793 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2023 წლის №005-179 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №1024 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 420 053 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 223 539

დღგ - 75 457

საშემოსავლო გადასახადი - 148 082

ჯარიმა - 112 873

საურავი - 83 641

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 25.04.2019 წლის 1.03.2022 წლამდე პერიოდის, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 11 მარტის №6604 ბრძანებით შემოწმებული საკითხებისა, საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 5 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

- სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტით საგადასახადო ვალდებულებები არ არის განსაზღვრული - გადასახადის გადამხდელი ითხოვდა საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის მიღებას და აღნიშნული საკითხის შესწავლას მისი მონაწილეობით, აღნიშნავდა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა ელექტრონულად მიღებული ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მონაცემები, რომლებიც ატვირთული არ ჰქონდა შესაბამისი თვის დეკლარაციებზე;

შემოწმების შედეგად გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ მისაღები და მიღებული შემოსავალი. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, დაუფიქსირდა 582 327 ლარის ფულადი მოგება/ნაშთი, რისი ფაქტობრივად არსებობა ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი დოკუმენტურად არ დადასტურდა. შემოწმებით, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და 727 908 ლარი, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 11.07.2022 წლის №18062 ბრძანება და 12.07.2022 წლის №005-96 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 24.01.2023 წლის №793 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ფორმა 2-ები). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და აღნიშნულის გათვალისწინებით, გაწეული ხარჯის ოდენობის, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 24.01.2023 წლის №793 ბრძანება ნაწილობრივ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 7.04.2023 წლის №18862/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 24.01.2023 წლის №793 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 2 541 ლარით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.11.2023 წლის №005-179 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №1024 ბრძანებით საჩივარი კვლავ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების (ფორმა 2-ები) შესწავლა და აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობობის განსაზღვრა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №1024 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, აღნიშნავს, რომ დასკვნის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მხრიდან შემოწმებისათვის არ იქნა წარდგენილი დამატებითი არგუმენტაცია ან/და დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე, რომ ჯერ კიდევ შემოწმების მიმდინარეობისას წარადგინა კომპანიის მიერ შესრულებული ყველა ტენდერის დოკუმენტაცია, რომელიც ასევე ატვირთულია სახელმწიფო ტენდერების ელექტრონულ საიტზე და აგრეთვე, საჩივარს თან ერთვის ყველა დოკუმენტი, მათ შორის, შესრულებული სამუშაოების ფორმა №2-ები.

საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები (ფორმა 2-ები) და აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა განსაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტს, რომ კომპანიის მიერ თესლებზე და გამწვანებაზე გაწეული დანახარჯები, როგორც ფიზიკური პირებისაგან შეძენილი სოფლის მეურნეობის პროდუქცია უნდა გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისაგან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული არგუმენტი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 იანვრის №793 ბრძანებით არ იქნა გაზიარებული და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, დასკვნაში დაფიქსირებულ შემმოწმებლის პოზიციას და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტში, ჯერ კიდევ შემოწმების მიმდინარეობისას, წარდგენილი იქნა ყველა იმ ტენდერის დოკუმენტაცია, რომელიც შესრულებულია და დასრულებული იქნა კომპანიის მიერ. ასე, რომ თითქოსდა აუდიტისათვის არ წარდგენილა შესრულებული სამუშაოების ფორმა №2-ები არ შეესაბამება სიმართლეს, საჩივარს თან ერთვის ყველა დოკუმენტი, რომელიც ასევე ატვირთულია სახელმწიფო ტენდერების ელექტრონულ საიტზე (spa.ge) და კომპანიას სახელმწიფო ტენდერებიდან მოგებული აქვს სულ სამი ტენდერი: 1) NAT220019810-ის ტენდერის ხელშეკრულება გაფორმებულია 2022 წლის 27 ოქტომბერს და არ მოიცავს შესამოწმებელ პერიოდს, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდია 2019 წლის 25 აპრილიდან 2022 წლის 1 მარტამდე. 2) NAT200006853-ის ტენდერი, რომლის ხელშეკრულება გაფორმებულია 2020 წლის 6 მაისს და მერიასთან გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები, რომელზეც თანდართულია ფორმა№2-ები, აღნიშნულ ფორმა №2-ებში დაფიქსირებულია თესლებზე და გამწვანებაზე გაწეული დანახარჯები, რომელიც კომპანიამ შეიძინა ფიზიკური პირებიდან და აღნიშნული ხარჯები, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქცია გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან და აღნიშნული ხარჯების ამოღება უნდა მოხდეს საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის ობიექტიდან. აღნიშნული ტენდერით მიღებული თანხა შეადგენს 185 061.04 ლარს, 3) NAT190025270-ის ტენდერის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია 2020 წლის 6 მაისს და მერიასთან გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები, რომელზეც თანდართულია ფორმა №2-ები, აღნიშნულ ფორმა №2-ებში დაფიქსირებულია თესლებზე და გამწვანებაზე გაწეული დანახარჯები, რომელიც კომპანიამ შეიძინა ფიზიკური პირებიდან და აღნიშნული ხარჯები, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქცია განთავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან და აღნიშნული ხარჯების ამოღება უნდა მოხდეს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტიდან. აღნიშნული ტენდერით მიღებული თანხა შეადგენს 386 735.29 ლარს.

კომპანიის ფულადი შემოსავალი სულ შეადგენს 571 796.3 ლარს, ხოლო შემოწმების აქტით გაანგარიშებული ხელფასი 727 908.0 ლარს, დარიცხული საშემოსავლო გადასახადი 145 581.0 ლარს, აუდიტის დეპარტამენტის პოზიციით, კომპანიას მასალებზე არ გაუწევია არანაირი ხარჯი და ფულადი შემოსავალი ჰქონდა 571 796.3 ლარი, ხოლო ხელფასი გასცა 727 908.0 ლარი, მის შემოსავალზე 156 111.7 ლარით მეტი. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ ფიზიკური პირებიდან შეძენილი მასალები ჩაითვალოს დანახარჯებად და საგადასახადო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად გადაანგარიშდეს საშემოსავლო გადასახადი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა გადასახადის გადამხდელის მიერ და შემოსავლების სამსახურის 24.01.2023 წლის №793 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

ხსენებული ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 2 541 ლარის ოდენობით, ხოლო მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის დასკვნაში, დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში, არ გადაანგარიშების საფუძვლად დაფიქსირებულია, რომ შემოწმების მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარდგენილი დამატებითი არგუმენტაცია ან/და დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, დასკვნაში დაფიქსირებულ შემმოწმებლის პოზიციას და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტში ჯერ კიდევ შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილი იქნა ყველა იმ ტენდერის დოკუმენტაცია, რომელიც შესრულებულია და დასრულებული იქნა კომპანიის მიერ. ასე, რომ თითქოსდა აუდიტისათვის არ წარდგენილა შესრულებული სამუშაოების ფორმა №2-ები არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან აღნიშნავს, რომ ფორმა №2-ებში თესლებზე და გამწვანებაზე გაწეული დანახარჯები, რომელიც კომპანიამ შეიძინა ფიზიკური პირებიდან და აღნიშნული ხარჯების, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქცია, გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან, ამოღება უნდა მოხდეს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტიდან. ითხოვს ფიზიკური პირებიდან შეძენილი მასალები ჩაითვალოს დანახარჯებად და საგადასახადო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, გადაანგარიშდეს საშემოსავლო გადასახადი.

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით ირკვევა, რომ სწორედ მომჩივნის ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინებით, რომ შემოწმების მიმდინარეობისას წარადგინა კომპანიის მიერ შესრულებული ყველა ტენდერის დოკუმენტაცია, რომელიც ასევე ატვირთულია სახელმწიფო ტენდერების ელექტრონულ საიტზე და აგრეთვე, საჩივარს თან ერთვის ყველა დოკუმენტი, მათ შორის, შესრულებული სამუშაოების ფორმა №2-ები, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების (ფორმა 2-ები) შესწავლა და აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, თესლებზე და გამწვანებაზე გაწეული დანახარჯების, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტიდან ამოღების და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლების მოთხოვნას, შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში აღნიშნავს, რომ ხსენებული არგუმენტი არ იქნა გაზიარებული შემოსავლების სამსახურის მიერ 2023 წლის 24 იანვრის №793 ბრძანებით, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ხსენებული არგუმენტები და მოთხოვნა არ იქნა გაზიარებული და შესაბამისად არ იქნა დაკმაყოფილებული ასევე, დავების განხილვის საბჭოს 7.04.2023 წლის №18862/2/2023 გადაწყვეტილებითაც, რაზეც საბჭოს პოზიცია დაფიქსირებულია გადაწყვეტილებაში.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, ვინაიდან, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების (ფორმა 2-ები) შესწავლა და აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ მისაღები და მიღებული შემოსავალი. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, დაუფიქსირდა ფულადი მოგება/ნაშთი, რისი ფაქტობრივად არსებობა ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი დოკუმენტურად არ დადასტურდა. შემოწმებით, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და აღნიშნულის გათვალისწინებით, გაწეული ხარჯის ოდენობის, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5).