გადაწყვეტილება №27314/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.07.2026
№ დოკუმენტი 27314/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27314/2/2026

16 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის 11.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ 8.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27314/2/2026).

 

დავის საგანი:

პირგასამტეხლოსა და ჯარიმის ერთობლივ შემოსავალში ჩართვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2025 წლის №002-143 საგადასახდო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.03.2026 წლის №7262 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 637 934,61 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 322 911

მოგების გადასახადი - 322 845

ქონების გადასახადი - 66

ჯარიმა - 161 463

საურავი - 153 560,61

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2019 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2016 წლიდან 12.01.2018 წლამდე პერიოდი.

2016 წლის 24 ნოემბერს საწარმოს მიერ გაფორმებულია ხელშეკრულება ესტონეთის რეზიდენტ არაურთიერთდამოკიდებულ კომპანიასთან პრობლემური სესხების რისკების დაზღვევასთან დაკავშირებით (კრედიტის დეფოლტის სვოპი). კონტრაქტის თანახმად არარეზიდენტმა ანაზღაურების სანაცვლოდ აიღო პრობლემური სესხების ყიდვის პასუხისმგებლობა/ვალდებულება. აღნიშნული გარანტიის საფასური განისაზღვრა ხელშეკრულების დადების მომენტში გაპრობლემებული სესხების პორტფელის ღირებულების (სესხის ძირითადი თანხა, ასევე, დარიცხული პროცენტი, ჯარიმა და სხვა გადასახდელები) 95%-ის (12 059 691 ლარი) ოდენობით. მოცემული კონტრაქტის საფუძველზე 2016 წლის 25 დეკემბერს არარეზიდენტმა შეიძინა შპს „--------“-ის საკუთრებაში არსებული პრობლემური სესხები. პორტფელი მყიდველს გადაეცა თვითღირებულებით (12 486 226 ლარი).

გადასახადის გადამხდელის მიერ ზემოაღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით ერთობლივ შემოსავალში ჩართულია დებიტორული დავალიანების სარეალიზაციო ღირებულება (12 486 226 ლარი), ამასთან, ხარჯის სახით გამოქვითულია გაყიდული დებიტორული დავალიანება სრულად - 12 486 226 ლარი (სესხის ძირის, პროცენტისა და ჯარიმების ჯამური ოდენობა) და არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება 12 059 691 ლარის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის თანახმად, აქტივის ღირებულებაში შეიტანება გაწეული ხარჯები, რომლებიც ზრდის მის ღირებულებას, მოცემულ შემთხვევაში - გაცემული სესხის თანხა. ასევე, სესხის გაცემის საკომისიოც, რომელიც გადასახადის გადამხდელს აღიარებული აქვს შემოსავლად საგადასახადო კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად და ჩართული აქვს შესაბამისი პერიოდის ერთობლივ შემოსავალში. ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და სხვა ჯარიმები აღირიცხება საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის შესაბამისად საკასო მეთოდით, აღნიშნული თანხის საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლით განსაზღვრულ აქტივის ღირებულებაში ჩართვის შემთხვევაში, ამ აქტივის მიწოდებისას შესაბამისი პირგასამტეხლო და სხვა ჯარიმები ანაზღაურებულად ითვლება და ექვემდებარება საწარმოს ერთობლივ შემოსავალში ასახვას. აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს „--------“-ის მიერ რეალიზებული აქტივის თვითღირებულებაში სესხის ძირითად თანხასა და საკომისიოსთან ერთად ჩართულია პირგასამტეხლო და ჯარიმა, შემოწმების შედეგად აღნიშნული პირგასამტეხლო/ჯარიმა ჩაითვალა ანაზღაურებულად აქტივის რეალიზაციის მომენტისათვის და ჩართული იყო ერთობლივ შემოსავალში. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2019 წლის №002-549 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.08.2020 წლის №23294 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 11.02.2021 წლის №10943/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა საბჭოს 11.02.2021 წლის №10943/2/2020 გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა: ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 11.02.2021 წლის №№10943/2/2020 გადაწყვეტილება, შემოსავლების სამსახურის 10.08.2020 წლის №23294 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2019 წლის №002-549 საგადასახადო მოთხოვნა.

№3/4613-21 საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.01.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 10.08.2020 წლის №23294 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 11.02.2021 წლის №10943/2/2020 გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს და ჯარიმის შპს „--------“-ის ერთობლივ შემოსავალში ჩართვის მართლზომიერად მიჩნევის ნაწილში (გასაჩივრებული აქტების პირველი სადავო საკითხები). სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2019 წლის №002-549 საგადასახდო მოთხოვნა პირგასამტეხლოს და ჯარიმის შპს „--------“-ის ერთობლივ შემოსავალში ჩართვის ნაწილში და ამ ნაწილში შემოსავალების სამსახურს დაევალა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „--------“-ის მიმართ. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.01.2023 წლის გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით სასამართლოში, აპელანტების მოთხოვნას წარმოადგენდა: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.01.2023 წლის გადაწყვტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

№3ბ/2669-23 საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14.02.2024 წლის განჩინებით შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.01.2023 წლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14.02.2024 წლის განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის მიერ გასაჩივრდა საკასაციო წესით, კასატორის მოთხოვნას წარმოადგენდა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვტილების მიღება.

№ბს-1259 (2კ-24) საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.03.2025 წლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშველად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.02.2024 წლის განჩინება.

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 23.09.2025 წლის დასკვნის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2025 წლის განჩინების აღსრულების მიზნით, სადავო საკითხის საქმის გარემოებების გამოკვლევითა და შეფასებით შემოსავლების სამსახურის მხრიდან ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ჯამური თანხის ერთობლივ შემოსავალში აღების ნაწილში საკითხი უცვლელი დარჩა. კერძოდ, წინასწარ გადაწყვტილებაში მითითებული გარემოებებით, რადგან დებიტორული დავალიანების რეალიზაციით ადგილი არ აქვს არც აქტივის რეალიზაციით მიღებულ ნამეტ შემოსავალს ან ზარალს კომპანიის ერთობლივ შემოსავალში შესატანი და შესაბამისად მასთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვის საკითხი არ დგება. გადასახადის გადამხდელის მიერ ზემოაღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით, ერთობლივ შემოსავალში ჩართულია დებიტორული დავალიანების სარეალიზაციო ღირებულება 12 486 226 ლარი (სესხის ძირის, პროცენტისა და ჯარიმების ჯამური ოდენობა) და არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება 12 059 691 ლარი. ვინაიდან შპს „--------“-ის მიერ რეალიზებული აქტივის თვითღირებულებაში სესხის ძირითად თანხასა და საკომისიოსთან ერთად ჩართულია პირგასამტეხლო და ჯარიმა, საგადასახადო შემოწმებით აღნიშნული პირგასამტეხლო/ჯარიმა ჩაითვალა ანაზღაურებულად აქტივის რეალიზაციის მომენტისთვის (საკასო მეთოდი) და ჩართულ იქნა ერთობლივ შემოსავალში. გაანგარიშების შედეგად არ დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული გადასახადი და ჯარიმა.

აუდიტის დეპარტამენტის 23.09.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 10.10.2025 წლის №002-143 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 31.03.2026 წლის №7262 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილ და მე-13 ნაწილებზე, 141-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 148-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 147-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების დასკვნაში ასახულ გარემოებებზე, რომლის თანახმად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოცემულ წინასწარ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებით, რადგან დებიტორული დავალიანების რეალიზაციით ადგილი არ აქვს არც აქტივის რეალიზაციით მიღებულ ნამეტ შემოსავალს ან ზარალს, კომპანიის ერთობლივ შემოსავალში შესატანი და შესაბამისად, მასთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვის საკითხი არ დგება. გადასახადის გადამხდელის მიერ ზემოაღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით ერთობლივ შემოსავალში ჩართულია დებიტორული დავალიანების სარეალიზაციო ღირებულება 12 486 226 ლარი, ამასთან, ხარჯის სახით გამოქვითულია სულ 24 545 917 ლარი, მათ შორის, გაყიდული დებიტორული დავალიანება სრულად - 12 486 226 ლარი (სესხის ძირის, პროცენტისა და ჯარიმების ჯამური ოდენობა) და არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება 12 059 691 ლარი. ვინაიდან შპს „--------“-ის მიერ რეალიზებული აქტივის თვითღირებულებაში სესხის ძირითად თანხასა და საკომისიოსთან ერთად ჩართულია პირგასამტეხლო და ჯარიმა, საგადასახადო შემოწმებით აღნიშნული პირგასამტეხლო/ჯარიმა ჩაითვალა ანაზღაურებულად აქტივის რეალიზაციის მომენტისთვის (საკასო მეთოდი) და ჩართულ იქნა ერთობლივ შემოსავალში. გადაანგარიშების შემთხვევაში არ დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული გადასახადი და ჯარიმა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.01.2023 წლის გადაწყვეტილების შესაბამისად შპს „--------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 11.02.2021 წლის №10943/2/2020 გადაწყვეტილება და შემოსავლების სამსახურის 10.08.2020 წლის №23294 ბრძანება პირგასამტეხლოს და ჯარიმის შპს „--------“-ის ერთობლივ შემოსავალში ჩართვის მართლზომიერად მიჩნევის ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2019 წლის №002-549 საგადასახადო მოთხოვნა პირგასამტეხლოს და ჯარიმის შპს „--------“-ის ერთობლივ შემოსავალში ჩართვის მართლზომიერად მიჩნევის ნაწილში და ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა შპს „--------“-ის მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხოლო შემდგომ სააპელაციო და საქართველოს უზენაესმა სასამართლოებმა თავისი გადაწყვეტილებები დააფუძნეს შემდეგ გარემოებაზე, კერძოდ ციტირება საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებიდან (გვ. 2): შპს „--------“-მა 2015 წლის 22 აპრილს წინასწარი გადაწვეტილების მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს და წარუდგინა 9 კითხვა. მე-6 შეკითხვის არსი მდგომარეობს შემდეგში: წარმოადგენს თუ არა გამოსაქვით ხარჯს დებიტორული დავალიანების გაყიდვის/გაცემის მომენტში ამ დავალიანების არსებული თანხის ნომინალური ღირებულება (როგორც ძირი, ისე პროცენტი, ჯარიმა, საურავი და სხვა თანხები, რომელიც წარმოშობილია სესხის გაცემიდან) წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, რა იქნება „კომპანიის შემოსავალი“, იქნება თუ არა ის ტოლი არარეზიდენტთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული არარეზიდენტის მიერ კომპანიისათვის გადასახდელი (მოქნილი) თანხის, ამასთან მე-9 შეკითხვის თანახმად, როდესაც კომპანია გასცემს (მიყიდის) დებიტორულ დავალიანებას საქართველოს რეზიდენტ არაურთიერთდამოკიდებულ კომპანიას, მაშინ წარმოადგენს თუ არა გამოსაქვით ხარჯს დებიტორული დავალიანების გაყიდვის მომენტში ამ დავალიანების არსებული თანხის ნომინალური ღირებულება (როგორც ძირი, ისე პროცენტი, ჯარიმა, საურავი და სხვა თანხები, რომლებიც წარმოშობილია სესხის გაცემიდან). №6 და №9 შეკითხვებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის №233 წინასწარ გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ შპს „--------“-ის საქმიანობას წარმოადგენდა კლიენტებზე 50 ლარიდან 700 ლარამდე სწრაფი (ონლაინ) სესხების გაცემა. ოპერაციების ხასიათიდან გამომდინარე, არის შემთხვევები, როდესაც კლიენტის მიერ არ ხდება აღებული სესხების სრულად ან ნაწილობრივ, ან დროული დაფარვა. აღნიშნული რისკების გარკვეულწილად თავიდან არიდების/შემცირების მიზნით, კომპანია საქართველოს არარეზიდენტ ან რეზიდენტ არაურთიერთდამოკიდებულ კომპანიასთან აფორმებს კონტრაქტს ამ რისკების „გადატანის“ შესახებ. კონტრაქტის საფუძველზე კომპანია იხდის მომსახურების ღირებულებას, ხოლო არარეზიდენტი/რეზიდენტი იღებს პასუხისმგებლობას/ვალდებულებას (იქნება გარანტორი) იყიდოს ის პრობლემური სესხები, როგორც სესხის ძირითადი თანხა, ისე დარიცხული პროცენტი, ჯარიმა და სხვა გადასახდელები), რომლებიც აკმაყოფილებს გარკვეულ პირობებს, შესაბამისად კომპანია ყიდის არა ყველა სესხს, არამედ რომელიც გაპრობლემდა, ან რომლის გაპრობლემებაც მეტადაა მოსალოდნელი. საკრედიტო პორთფელის გაპრობლემების შემთხვევაში არარეზიდენტის/რეზიდენტის მიერ ხდება მხოლოდ გაპრობლემებული სესხების და არა მთელი პორთფელის შეძენა. წარმოდგენილი მაგალითის მიხედვით გაპრობლემებული სესხების სასესხო პორთფელი მოიცავს შპს „--------“-ის მიერ გაცემულ 10 სესხს, რომელთაგანაც საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ დარჩენილია მხოლოდ 2 სესხი, 2 000 ლარის ღირებულებით (რომელიც მოიცავს ძირს, ჯარიმას სხვა პირგასამტეხლოს), რომელიც დებიტორების მიერ არაა დაფარული მოცემულ შემთხვევაში საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, არარეზიდენტ/რეზიდენტ კომპანიას წარმოეშობა ვალდებულება შეისყიდოს დებიტორული დავალიანებიდან გაპრობლემებული ნაწილი (2 სესხი), და შესაბამისად კომპანიას გადაუხადოს 2 000 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში შპს „--------“-ის მიერ 2 000 ლარიანი დებიტორული დავალიანების გაყიდვა ხდება 2 000 ლარად, აღნიშნული ოპერაციის განხორციელებისას დებიტორული დავალიანების შპს „--------“-ის მიერ არარეზიდენტი/რეზიდენტი კომპანიისათვის მიწოდებისას ადგილი არ აქვს როგორც აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის, ასევე აქტივების მიწოდებით მიღებული უარყოფითი სხვაობის (ზარალის) მიღების ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში, შპს „--------“-ის მიერ დებიტორული დავალიანებების გაყიდვისას ნამეტი შემოსავალი არ წარმოიშობა, კომპანიის ერთობლივ შემოსავალში შესატანი და შესაბამისად მასთან დაკავშირებული ხარჯის გამოქვითვის საკითხი არ დგება“.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სადავოდ გამხდარი შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებები პირგასამტეხლოს და ჯარიმის ერთობლივ შემოსავალში ჩართვის ნაწილში წინააღმდეგობაში მოდიოდა შპს „--------“-ის მიმართ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ 2015 წლის 22 სექტემბრის №233 წინასწარ გადაწყვეტილებასთან. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები პირდაპირ იქნა ბათილად ცნობილი სასამართლოს მიერ ანუ სასამართლოს მსჯელობა და მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ ეფუძნება შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ 2015 წლის 22 სექტემბრის №233 წინასწარ გადაწყვეტილებას და შემოსავლების სამსახურს პირდაპირ ავალებს სწორედ აღნიშნული წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად და მასში აღნიშნული მსჯელობის და დასკვნის საფუძველზე გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.

აუდიტის დეპარტამენტმა მხოლოდ ფორმალურად აღასრულა კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება (ფორმალურ აღსრულებაში იგულისხმება მხოლოდ ახალი აქტის გამოცემა) და იგივე საფუძვლით (რომელიც გაუქმებულია სასამართლოს მიერ და აუდიტის დეპარტამენტს არ ჰქონდა სამართლებრივად უფლება ახალი აქტი გამოეცა იმავე საფუძვლებით) გამოსცა ახალი აქტი, რაც არის უკანონო და ფაქტობრივად აუდიტის დეპარტამენტმა თავისი გადაწყვეტილებით უარი თქვა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, არ დაეთანხმა მას, რაც დაუშვებელია და ეწინააღმდეგება არა მხოლოდ სამოქალაქო კანონმდებლობას, არამედ საქართველოს კონსტიტუციას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-13 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

13. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და სხვა ჯარიმები აღირიცხება საკასო მეთოდით.

საგადასახადო კოდექსის 141-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელი იღებს ან მას უფლება აქვს, მიიღოს შემოსავალი პროცენტის სახით ან ქონების იჯარით გადაცემით, შემოსავალი სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტში მიღებულად ითვლება. ამასთანავე, თუ სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადა რამდენიმე საანგარიშო პერიოდს მოიცავს, შემოსავალი საანგარიშო პერიოდებს შორის ნაწილდება თითოეულ საანგარიშო პერიოდში დარიცხული ან დასარიცხი თანხის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქტივების ღირებულებაში შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებას, გარდა ისეთი ხარჯებისა (დანახარჯებისა), რომელთა პირდაპირ გამოქვითვის უფლება აქვს გადასახადის გადამხდელს, ხოლო აქტივების უსასყიდლოდ მიღებისას – ამ აქტივების საბაზრო ფასი.

საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აქტივების მიწოდებით მიღებული ზარალი არის უარყოფითი სხვაობა მათი მიწოდებით მიღებულ შემოსავლებსა და ამ აქტივების ღირებულებას შორის.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ 2016 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, არარეზიდენტმა ანაზღაურების სანაცვლოდ აიღო პრობლემური სესხების ყიდვის პასუხისმგებლობა/ვალდებულება. გარანტიის საფასური განისაზღვრა ხელშეკრულების დადების მომენტში გაპრობლემებული სესხების პორტფელის ღირებულების (სესხის ძირითადი თანხა, ასევე, დარიცხული პროცენტი, ჯარიმა და სხვა გადასახდელები) 95%-ის (12 059 691 ლარი) ოდენობით. 2016 წლის 25 დეკემბერს არარეზიდენტმა შეიძინა შპს „--------“-ის საკუთრებაში არსებული პრობლემური სესხები. პორტფელი მყიდველს გადაეცა თვითღირებულებით (12 486 226 ლარი). აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით მომჩივნის ერთობლივ შემოსავალში ჩართულია დებიტორული დავალიანების სარეალიზაციო ღირებულება (12 486 226 ლარი), ხოლო ხარჯის სახით გამოქვითულია გაყიდული დებიტორული დავალიანება სრულად - 12 486 226 ლარი (სესხის ძირის, პროცენტისა და ჯარიმების ჯამური ოდენობა) და არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება 12 059 691 ლარის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის თანახმად, აქტივის ღირებულებაში შეიტანება გაწეული ხარჯები, რომლებიც ზრდის მის ღირებულებას, მოცემულ შემთხვევაში - გაცემული სესხის თანხა. ასევე, სესხის გაცემის საკომისიოც, რომელიც გადასახადის გადამხდელს აღიარებული აქვს შემოსავლად საგადასახადო კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად და ჩართული აქვს შესაბამისი პერიოდის ერთობლივ შემოსავალში. ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და სხვა ჯარიმები აღირიცხება საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის შესაბამისად საკასო მეთოდით, აღნიშნული თანხის საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლით განსაზღვრულ აქტივის ღირებულებაში ჩართვის შემთხვევაში, ამ აქტივის მიწოდებისას შესაბამისი პირგასამტეხლო და სხვა ჯარიმები ანაზღაურებულად ითვლება და ექვემდებარება საწარმოს ერთობლივ შემოსავალში ასახვას.

№3/4613-21 საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.01.2023 წლის გადაწყვეტილებაში სასამართლო წინასწარი გადაწყვეტილების არსთან და დანიშნულებასთან დაკავშირებით, მიუთითებს საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნის უფლება ემსახურება გადასახადის გადამხდელის უფლებების მაქსიმალურ დაცვას, მისი ვალდებულების გამჭვირვალობას, განჭვრეტადობას. საგადასახადო კანონმდებლობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როსესაც გადასახადის გადამხდელისათვის არ არის მკაფიოდ გასაგები თუ როგორ უნდა მოხდეს საგადასახადო ანგარიშგება ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა. ამასთან, თუ პირი მოქმედებს წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის ან/და სანქციის დარიცხვა. სწორედ ამიტომ, გადამხდელი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევისა და საგადასახადო სანქციის დაკისრებისაგან თავის არიდების მიზნით, შესაბამისი საფასურის გადახდის გზით, წინასწარი გადაწყვეტილების მიღების შესახებ მიმართავს სსიპ შემოსავლების სამსახურს. წინასწარი გადაწყვეტილება არის გადასახადის გადამხდელისთვის ერთგვარი გარანტი, მისი (წინასწარი გადაწყვეტილების) სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში თავიდან აირიდოს შეცდომით გამოწვეული სანქციები. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის წინასწარი გადაწყვეტილების გამჭვირვალობა და დასაბუთებულობა არსებითად მნიშვნელოვანია გადასახადის გადამხდელისთვის (საქმე №ბს-734(2კ-21) 2 თებერვალი, 2023 წელი). სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მიაჩნია, რომ სადავოდ გამხდარი შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებები, პირველი სადავო საკითხის, კერძოდ, პირგასამტეხლოსა და ჯარიმის ერთობლივ შემოსავალში ჩართვის ნაწილში წინააღმდეგობაში მოდის შპს „--------“-ის მიმართ შემოსავლების სამსახურის მიერ 2015 წლის 22 სექტემბერს გამოცემულ №233 წინასწარ გადაწყვეტილებასთან. შემოსავლების სამსახურის წინასწარი გადაწყვეტილება ცხადჰყოფს, რომ როდესაც შპს„--------“-ის დებიტორული დავალიანების გაყიდვა ხდება თვითღირებულებით, აღნიშნული ოპერაციის განხორციელებისას, კერძოდ, დებიტორული დავალიანების შპს „--------“-ის მიერ არარეზიდენტი/რეზიდენტი კომპანიისთვის მიწოდებისას ადგილი არ აქვს როგორც აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის, ასევე აქტივების მიწოდებით მიღებული უარყოფითი სხვაობის (ზარალის) მიღების ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში შოს „--------“-ის მიერ დებიტორული დავალიანებების გაყიდვისას ნამეტი შემოსავალი არ წარმოიშობა, კომპანიის ერთობლივ შემოსავალში შესატანი და შესაბამისად, მასთან დაკავშირებული ხარჯის გამოქვითვის საკითხი არ დგება. თუმცა, მითითებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ, შემოსავლების სამსახურმა ჩათვალა, რომ ვალდებულების განსაზღვრის მიზნებისთვის, აქტივის ღირებულება განსაზღვრული უნდა იყოს საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, შესაბამისად, დებიტორული დავალიანება განხილულ უნდა იქნას აქტივად და მის ღირებულებაში განისაზღვრა მხოლოდ კომპანიის მიერ რეალურად გაწეული დანახარჯი, რომლითაც გაიზრდებოდა ამ აქტივის თვითღირებულება. ამდენად, აქტივის - დებიტორული დავალიანების ღირებულება, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგინდა კომპანიის მიერ აქტივის შესაქმნელად გაწეული დანახარჯით - გაცემული სესხის ძირი თანხით. გარდა ამისა, აქტივის თვითღირებულებაში შეტანილი იქნა კონკრეტული სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე პროცენტის სახით მისაღები თანხაც, ასევე, სესხის გაცემის საკომისიოც. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა და შემდგომში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიუთითეს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-13 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და სხვა ჯარიმები აღირიცხება საკასო მეთოდით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინასწარი გადაწყვეტილების და შპს „--------“-ის საგადასახადო შემოწმების აქტის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მსჯელობა არ გამომდინარეობს საგადასახადო კოდექსიდან, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება შემოსავლების სამსახურის მიერ 2015 წლის 22 სექტემბრის №233 გადაწყვეტილებას შპს „--------“-სთვის პირგასამტეხლოსა და ჯარიმის ერთობლივ შემოსავალში ჩართვის და შესაბამისი წესით დაბეგვრის ნაწილში.

ამასთან, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის არგუმენტაციას, წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის ზოგად ხასიათთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის სადავო პერიოდში მოქმედი მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავდა, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილებას, წინასწარი გადაწყვეტილების გამოსაცემად წარდგენილ მიმართვაში ხარვეზის არსებობის ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საჭიროების შემთხვევაში, ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად გადასახადის გადამხდელისთვის გონივრული ვადის განსაზღვრის შესაძლებლობას, რისი გამოყენებაც საქმის მასალებით არ დასტურდება. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მასთან წარდგენილი მტკიცებულებების სრულად გამოკვლევას, არამედ რიგ შემთხვევებში დამატებითი მტკიცებულებების მოძიების საჭიროებასაც.

აუდიტის დეპარტამენტის 23.09.2025 წლის დასკვნის მიხედვით, სადავო საკითხის საქმის გარემოებების გამოკვლევითა და შეფასებით შემოსავლების სამსახურის მხრიდან ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ჯამური თანხის ერთობლივ შემოსავალში აღების ნაწილში საკითხი უცვლელი დარჩა. კერძოდ, წინასწარ გადაწყვტილებაში მითითებული გარემოებებით, რადგან დებიტორული დავალიანების რეალიზაციით ადგილი არ აქვს არც აქტივის რეალიზაციით მიღებულ ნამეტ შემოსავალს ან ზარალს კომპანიის ერთობლივ შემოსავალში შესატანი და შესაბამისად მასთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვის საკითხი არ დგება. გადასახადის გადამხდელის მიერ ზემოაღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით, ერთობლივ შემოსავალში ჩართულია დებიტორული დავალიანების სარეალიზაციო ღირებულება 12 486 226 ლარი (სესხის ძირის, პროცენტისა და ჯარიმების ჯამური ოდენობა) და არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება 12 059 691 ლარი. ვინაიდან შპს „--------“-ის მიერ რეალიზებული აქტივის თვითღირებულებაში სესხის ძირითად თანხასა და საკომისიოსთან ერთად ჩართულია პირგასამტეხლო და ჯარიმა, საგადასახადო შემოწმებით აღნიშნული პირგასამტეხლო/ჯარიმა ჩაითვალა ანაზღაურებულად აქტივის რეალიზაციის მომენტისთვის (საკასო მეთოდი) და ჩართულ იქნა ერთობლივ შემოსავალში. გაანგარიშების შედეგად არ დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული გადასახადი და ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურის 22.09.2015 წლის №233 წინასწარი გადაწყვეტილების მიხედვით, შპს „--------“-ის (ს/ნ„--------“) მიერ 22.04.2015 წლის მოთხოვნით დასმული იყო 9 კითხვა. მე-6 და მე-9 კითხვები მდგომარეობდა შემდეგში:

6. წარმოადგენს თუ არა გამოსაქვით ხარჯს დებიტორული დავალიანების გაყიდვის/გადაცემის მომენტში ამ დავალიანების არსებული თანხა/ნომინალური ღირებულება (როგორც ძირი, ისე პროცენტი, ჯარიმა, საურავი და სხვა თანხები, რომლებიც წარმოშობილია სესხის გაცემიდან). წარმოდგენილ ფაქტობრივი გარემოების არსებობისას რა იქნება „კომპანიის შემოსავალი“. იქნება თუ არა ის ტოლი არარეზიდენტთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული არარეზიდენტის მიერ კომპანიისთვის გადასახდელი (მოქნილი) თანხა.

9. როდესაც კომპანია გადაცემს (მიყიდის) დებიტორულ დავალიანებას, საქართველოს რეზიდენტ არაურთერთდამოკიდებულ კომპანიას, მაშინ წარმოადგენს თუ არა გამოსაქვით ხარჯს დებიტორული დავალიანების გაყიდვის მომენტში ამ დავალიანების არსებული თანხა/ნომინალური ღირებულება (როგორც ძირი, ისე პროცენტი, ჯარიმა, საურავი და სხვა თანხები, რომლებიც წარმოშობილია სესხის გაცემიდან).

შემოსავლების სამსახურის 22.09.2015 წლის №233 წინასწარი გადაწყვეტილებით №6 და №9 კითხვებზე მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში აღნიშნულია, რომ წინასწარ გადაწყვეტილებაში მოცემული ოპერაციის შინაარსის და ფაქტობრივი გარემოებების ნაწილში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შპს „--------“-ის საქმიანობას წარმოადგენს კლიენტებზე 50-დან 700 ლარამდე სწრაფი (ონლაინ) სესხების გაცემა. ოპერაციების ხასიათიდან გამომდინარე, არის შემთხვევები, როდესაც კლიენტის მიერ არ ხდება აღებული სესხების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვა, აღნიშნული რისკების გარკვეულწილად თავიდან არიდების/შემცირების მიზნით, კომპანია საქართველოს არარეზიდენტ ან რეზიდენტ არაურთიერთდამოკიდებულ კომპანიასთან აფორმებს კონტრაქტს ამ რისკების „გატანის“ შესახებ. კონტრაქტის საფუძველზე კომპანია იხდის მომსახურების ღირებულებას არარეზიდენტის სასარგებლოდ, ხოლო არარეზიდენტი/რეზიდენტი იღებს პასუხისმგებლობას (იქნება გარანტორი) იყიდოს ის პრობლემური სესხი (როგორც სესხის ძირითადი თანხა, ისე დარიცხული პროცენტი, ჯარიმა და სხცა გადასახდელები), რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ პირობებს. შესაბამისად, კომპანია ყიდის არა ყველა სესხს, არამედ რომელიც გაპრობლემდა ან რომლის გაპრობლემებაც მეტადაა მოსალოდნელი. საკრედიტო პორტფელის გაპრობლემების შემთხვევაში არარეზიდენტის/რეზიდენტის მიერ ხდება მხოლოდ გაპრობლემებული სესხების და არა მთელი პორტფელის შეძენა. წარმოდგენილი მაგალითის მიხედვით, გაპრობლემებული სესხების სასესხო პორტფელი მოიცავს შპს „--------“-ის მიერ გაცემულ 10 სესხს, რომელთაგანაც საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ დარჩენილია მხოლოდ 2 სესხი - 2 000 ლარის ღირებულებით (რომელიც თავის მხრივ მოიცავს ძირს, ჯარიმას, სხვა პირგასამტეხლოს), რომელიც დებიტორების მიერ არაა დაფარული. მოცემულ შემთხვევაში საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, არარეზიდენტ/რეზიდენტ კომპანიას წარმოეშობა ვალდებულება შეისყიდოს დებიტორული დავალიანებებიდან გაპრობლემებული ნაწილი (2 სესხი) და შესაბამისად კომპანიას გადაუხადოს 2 000 ლარი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში შპს „--------“-ის 2 000 ლარიანი დებიტორული დავალიანების გაყიდვა ხდება 2 000 ლარად, აღნიშნული ოპერაციის განხორციელებისას, დებიტორული დავალიანების შპს „--------“-ის მიერ არარეზიდენტი/რეზიდენტი კომპანიისთვის მიწოდებისას ადგილი არ აქვს როგორც აქტივების რეალიზაციის მიღებული ნამეტი შემოსავლის, ასევე აქტივების მიწოდებით მიღებული უარყოფითი სხვაობის (ზარალის) მიღების ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში შპს „--------“-ის მიერ დებიტორული დავალიანებების გაყიდვისას ნამეტი შემოსავალი არ წარმოიშობა, კომპანიის ერთობლივ შემოსავალში შესატანი და შესაბამისად მასთან დაკავშირებული გამოქვითვის საკითხი არ დგება.

საბჭო მიუთითებს შემოსავლების სამსახურის 22.09.2015 წლის №233 წინასწარი გადაწყვეტილებით განხილულ საკითხზე და აღნიშნავს, რომ მოცემული მაგალითის მიხედვით წინასწარ განსაზღვრულია გაპრობლემებული სესხ(ებ)ის მოცულობა/ღირებულება, ასევე მისი (მათი) გასაყიდი ფასი და შესაბამისად, განვითარებულია შემოსავლების სამსახურის ის მსჯელობა, რომ რამდენადაც 2 000 ლარიანი დებიტორული დავალიანების გაყიდვა ხდება 2 000 ლარად, აღნიშნული ოპერაციის განხორციელებისას, დებიტორული დავალიანების შპს „--------“-ის მიერ არარეზიდენტი/რეზიდენტი კომპანიისთვის მიწოდებისას ადგილი არ აქვს როგორც აქტივების რეალიზაციის მიღებული ნამეტი შემოსავლის, ასევე აქტივების მიწოდებით მიღებული უარყოფითი სხვაობის (ზარალის) მიღების ფაქტს. ხოლო, სადავო აქტებში მითითებულია, რომ ესტონეთის რეზიდენტ არაურთიერთდამოკიდებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით გარანტიის საფასური განისაზღვრა ხელშეკრულების დადების მომენტში გაპრობლემებული სესხების პორტფელის ღირებულების (სესხის ძირითადი თანხა, ასევე, დარიცხული პროცენტი, ჯარიმა და სხვა გადასახდელები) 95%-ის (12 059 691 ლარი) ოდენობით და ასევე, 2016 წლის 25 დეკემბერს არარეზიდენტმა შეიძინა შპს „--------“-ის საკუთრებაში არსებული პრობლემური სესხები, რაც გადაეცა თვითღირებულებით (12 486 226 ლარი). გადასახადის გადამხდელის მიერ ერთობლივ შემოსავალში ჩართულია დებიტორული დავალიანების სარეალიზაციო ღირებულება (12 486 226 ლარი), ხოლო ხარჯის სახით გამოქვითულია გაყიდული დებიტორული დავალიანება სრულად - 12 486 226 ლარი (სესხის ძირის, პროცენტისა და ჯარიმების ჯამური ოდენობა) და არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება 12 059 691 ლარის ოდენობით.

სადავო აქტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ აქტივების ღირებულების კორექტირება პირგასამტეხლოს და სხვა ჯარიმების თანხით მართლზომიერია, ხოლო აღნიშნული აქტივის რეალიზაციის მომენტისათვის მიღებულ შემოსავლად ჩათვლილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო აქტები გამოცემულია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შემდეგ და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს მიერ გაფორმებულია ხელშეკრულება რეზიდენტ არაურთიერთდამოკიდებულ კომპანიასთან პრობლემური სესხების რისკების დაზღვევასთან დაკავშირებით.კონტრაქტის თანახმად არარეზიდენტმა ანაზღაურების სანაცვლოდ აიღო პრობლემური სესხების ყიდვის პასუხისმგებლობა/ვალდებულება. აღნიშნული გარანტიის საფასური განისაზღვრა ხელშეკრულების დადების მომენტში გაპრობლემებული სესხების პორტფელის ღირებულების 95%-ის ოდენობით. მოცემული კონტრაქტის საფუძველზე არარეზიდენტმა შეიძინა მომჩივანის საკუთრებაში არსებული პრობლემური სესხები. პორტფელი მყიდველს გადაეცა თვითღირებულებით.გადამხდელის მიერ ზემოაღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით ერთობლივ შემოსავალში ჩართულია დებიტორული დავალიანების სარეალიზაციო ღირებულება,ამასთან, ხარჯის სახით გამოქვითულია გაყიდული დებიტორული დავალიანება სრულად და არარეზიდენტის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება

სსკ-ის 148-ე მუხლის თანახმად, აქტივის ღირებულებაში შეიტანება გაწეული ხარჯები, რომლებიც ზრდის მის ღირებულებას, მოცემულ შემთხვევაში - გაცემული სესხის თანხა. ასევე, სესხის გაცემის საკომისიოც, რომელიც გადამხდელს აღიარებული აქვს სსკ-ის 141-ე მუხლის შესაბამისად და ჩართული აქვს შესაბამისი პერიოდის ერთობლივ შემოსავალში.შემოწმების შედეგად პირგასამტეხლო/ჯარიმა ჩაითვალა ანაზღაურებულად აქტივის რეალიზაციის მომენტისათვის და ჩართული იყო ერთობლივ შემოსავალში. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო აქტები გამოცემულია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შემდეგ და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

141,147,148,.