გადაწყვეტილება №25614/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25614/2/2025
16 სექტემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----- ----- (ს/ნ -----)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 04.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- ----- 08.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25614/2/2025).
დავის საგანი:
სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის N EL288842 სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 ივლისის N 16302 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1000 ლარი.
ფაქტების აღწერა
სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის, მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის N EL288842 სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 ივლისის N 16302 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, ამავე მუხლის მე-5 პუნქტზე, ამავე მუხლის მე-6 პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ეწინააღმდეგება, როგორც კანონმდებლობას, ასევე ფაქტობრივ გარემოებებს. ავტომობილი დასაწყობდა ----- საბაჟო ტერმინალში, სადაც გადახდილი ჰქონდა, როგორც შესვლის, ასევე დგომის ყველა ხარჯი. რომ სცოდნოდა მაინც დაჯარიმდებოდა 1000 ლარით არ მიმართავდა ტერმინალს და არ გადაიხდიდა ზედმეტ თანხებს. ჯარიმა დარიცხული არ უნდა ყოფილიყო 1000 ლარის ოდენობით. საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ ვადაგადაცილებულ სრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა. თუ ჯარიმა და ვადის გადაცილება მიუხედავად დასვენების დღეებისა აუცილებლად უნდა დაიწეროს სანქცია უნდა იყოს პროპორციული დაგვიანებულ თითო დღეზე 50 ლარი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 257-ე ბრძანების დანართი მეექვსეს მეორე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით დროებითი შენახვის დეკლარაცია შესაძლებელია წარადგინოს როგორც საქონლის მფლობელმა, ასევე დროებითი შენახვის საბაჟო საწყობის მფლობელმაც. დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელი იყო ტერმინალის მეშვეობით, რაც კიდევ უფრო ამცირებს მისი პირდაპირი პასუხისმგებლობის ხარისხს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 257-ე ბრძანების დანართი 6-ის პირველი მუხლის 11 პუნქტი არ იყო დარღვეული მისი მხრიდან, ვინაიდან დასაწყობება განხორციელდა 28 აპრილს, როცა შესაძლებელი გახდა. წინა ორი დღე იყო უქმე დღე, თუნდაც ჩაითვალოს, რომ ვადა ამოწურული იყო 25 აპრილს ჯარიმა განისაზღვრება თითოეული გადაცილებული დღის მიხედვით, დღეში 50 ლარით. დასაწყობება და განბაჟება განხორციელდა კეთილსინდისიერად. სსიპ შემოსავლების სამსახურის N 16302 ბრძანებაში მის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გამო წარსულშიც არის დაჯარიმებული და მისთვის კარგად იყო ცნობილი სატრანსპორტო საშუალების წარდგენის და დეკლარაციის ვადები რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის მიერ დაჯარიმებული ვარ მხოლოდ ორჯერ.
ამჯერად ასაჩივრებს N EL288842 საჯარიმო ქვითარს რომელიც არის მის ისტორიაში მეორე ჯარიმა, ხოლო პირველი ჯარიმა N EL283371 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერეს 2025 წლის 29 აპრილს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით ანალოგიურ სამართალდარღვევაზე საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი 150 ლარის ოდენობით მხოლოდ ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით, წინა შემთხვევაშიც ავტომობილი საბაჟო სადგომზე დააყენა 3 დღის ვადაგადაცილებით. აღნიშნულიდან გამომდინარე მან იცოდა, რომ ვადაგადაცილება იანგარიშებოდა გადაცილებული დღეების მიხედვით და არ იწერებოდა პირდაპირ 1000 ლარიანი ჯარიმა. შემოსავლების სამსახურის განმარტება, რომ მისთვის კარგად იყო ცნობილი სატრანსპორტო საშუალების წარდგენის და დეკლარაციის ვადები სწორია, ნამდვილად იცოდა წინა ჯარიმიდან გამომდინარე, რომ დაეწერებოდა ისევ 150 ლარიანი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, როგორც წინა შემთხვევაში და ნამდვილად არ ელოდა იგივე სამართალდარღვევაზე 1000 ლარიან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს. ასევე ითხოვს გადამოწმდეს შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე დაფიქსირებული სატელეფონო ზარები ტელეფონის ნომრიდან -----, სადაც იკითხა პირველი ავტომობილის საბაჟო ტერმინალზე მოთავსებამდე თუ რა ოდენობის ჯარიმა დაეწერებოდა საბაჟო სადგომზე ავტომობილის შეყვანისას 3 დღის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ანალოგიური იკითხა და პრაქტიკაშიც გამოსცადა შემოსავლების სამსახურის მიერ N EL283371 სამართალდარღვევის ოქმის დაწერის დროს, რის გამოც მეორე შემთხვევაზეც ელოდა იგივე ოდენობის სამართალდარღვევის ოქმს.
ითხოვს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე გამოწერილი N EL288842 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის და სსიპ შემოსავლების სამსახურის N 16302 ბრძანების გაუქმებას სრულად, ან მის შემცირებას პროპორციულ ოდენობაზე - მხოლოდ რეალურად გადაცილებული დღეების მიხედვით დღეზე 50 ლარის ოდენობით. ითხოვს ასევე გათვალისწინებულ იქნას, რომ დარღვევა მოხდა გაუცნობიერებლად, არ იყო ინფორმირებული და არც ჰქონია პრაქტიკაში, რომ რამდენიმე დღის დაგვიანებაზე დაუყოვნებლივ ირიცხება ფიქსირებული 1000 ლარიანი ჯარიმა, რასაც ადასტურებს მის მიმართ 2025 წლის 29 აპრილს ანალოგიურ სამართალდარღვევაზე გამოწერილი N EL283371 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული იყო პირველი შემთხვევა შესაბამისად გთხოვთ, გააუქმოთ ან შეამციროთ სანქცია და მოხდეს გადახდილი ჯარიმის თანხის უკან დაბრუნება საბიუჯეტო სახსრებიდან.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი 8) მე-2 მუხლის მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად:
2. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 - ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
5. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 - ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის, დეკლარირების ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N 96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით.
6. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 - ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ, დეკლარირების 60- დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადა.
საქმეზე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 19.08.2025 წლის N -----21-10 წერილი, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2025 წლის 27 ივნისს ----- ----- მიმართა სსიპ – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების (VIN: -----) საბაჟო საწყობის პროცედურაში გაფორმების მიზნით, რის შემდეგაც, სააგენტოს სპეციალისტის მიერ განხორციელდა ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება და შედგენილ იქნა დათვალიერების აქტი N -----.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 2025 წლის 25 იანვარს და მისი გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადად განსაზღვრული იყო არა უგვიანეს 2025 წლის 26 მარტი, რომელიც გაგრძელებულ იქნა 2025 წლის 25 აპრილის ჩათვლით, 2010 წლის 30 მარტის N 96 დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდით.
სატრანსპორტო საშუალება (VIN: -----) 2025 წლის 27 ივნისს მოექცა საბაჟო საწყობის პროცედურაში N -----/----- ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით.
აღსანიშნავია, რომ 29.04.2025 წლის N EL283371 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს სატრანსპორტო საშუალების დეკლარირება/გამოცხადების ვადის დარღვევის გამო შეეფარდა ჯარიმა 165- ე მუხლის შესაბამისად, 150 ლარის ოდენობით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მიაჩნია არამართლზომიერად, რადგან იგი ეწინააღმდეგება, როგორც კანონმდებლობას, ასევე ფაქტობრივ გარემოებებს. ავტომობილი დასაწყობდა ----- საბაჟო ტერმინალში, სადაც გადახდილი ჰქონდა, როგორც შესვლის ასევე დგომის ყველა ხარჯი. რომ სცოდნოდა მაინც დაჯარიმდებოდა 1000 ლარით არ მიმართავდა ტერმინალს და არ გადაიხდიდა ზედმეტ თანხებს. ჯარიმა დარიცხული არ უნდა ყოფილიყო 1000 ლარის ოდენობით. საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ ვადაგადაცილებულ სრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა. თუ ჯარიმა და ვადის გადაცილება მიუხედავად დასვენების დღეებისა აუცილებლად უნდა დაიწეროს სანქცია, იგი უნდა იყოს პროპორციული დაგვიანებულ თითო დღეზე 50 ლარი.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირ განხილვაზე განაცხადა, რომ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული საქონლის დროებით შენახვის შესახებ ინსტრუქციის (დანართი N 6) პირველი მუხლის 11 პუნქტის თანახმად, „საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის განსაზღვრამდე საქონლის დროებით შენახვა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დროებით შენახვის დღისთვის ამ საქონელზე არ არის ამოწურული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრის ვადა. ასევე განმარტა, რომ ვინაიდან ამოწურული იყო დროებითი შენახვის ვადა, საწყობში სატრანსპორტო საშუალების ყოფნის პერიოდი ვერ ჩაითვლებოდა, სატრანსპორტო საშუალების დროებით შენახვად და სწორედ ამიტომ არ მოხდა ამ პერიოდის გათვალისწინება.
იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მომჩივნის მიერ საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ არის განხორციელებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირება, საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო ორგანოს ქმედება მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე ჯარიმის შეფარდების თაობაზე მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები:
სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის, მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. ავტომობილი დასაწყობდა ქუთაისის საბაჟო ტერმინალში, სადაც მომჩივანს გადახდილი ჰქონდა, როგორც შესვლის ასევე დგომის ყველა ხარჯი.
გადაწყვეტილება:
იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მომჩივნის მიერ საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ არის განხორციელებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირება, საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო ორგანოს ქმედება მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე ჯარიმის შეფარდების თაობაზე მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:165.