გადაწყვეტილება №19909/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19909/2/2023
01 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------" -ის 6.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19909/2/2023).
დავის საგანი:
1. შემოსავლების სამსახურის 28.02.2023 წლის №3865 ბრძანების აღსრულების შედეგები;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 მარტის №024-12 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ივნისის №024-35 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 მაისის №11238 ბრძანება
დარიცხული თანხა: 134 557.93 ლარი (2023 წლის 28 მარტის №024-12 საგადასახადო მოთხოვნა).
მათ შორის:
გადასახადი - 66 921
დღგ - 13 151
საშემოსავლო გადასახადი - 15 627
მოგების გადასახადი - 37 666
ქონების გადასახადი - 477
ჯარიმა - 34 423,9
საურავი - 35 213,03
პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9759 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 27 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი ანგარიშსწორებას ახორციელებდა ძირითადად უნაღდო ანგარიშსწორების გზით. ეკონომიკური საქმიანობის გასაფართოვებლად ბანკიდან მიღებული ჰქონდა სესხი, რომელიც ბუღალტრულ პროგრამაში ასახული იყო სალაროს უძრავ ნაშთად. შემოწმებით ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი მეთოდური მითითების შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2019 წლის იანვრის თვიდან უფიქსირდებოდა სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი. შესაბამისად, სალაროს უძრავი ნაშთი გონივრული საკასო ხარჯის გათვალისწინებით, ჩაითვალა მისი წარმოშობის მომენტიდან საწარმოს პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნულის შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2022 წლის 11 ივლისის №18097 ბრძანება და ამავე თარიღის №024–35 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 28.02.2023 წლის №3865 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ნაღდი ფულის ნაშთი განიხილოს უპროცენტო სესხად შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 თებერვლის №3865 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 15 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა საშემოსავლო გადასახადი 37 666 ლარი და დაერიცხა მოგების გადასახადი 37 666 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 28 მარტის №024-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ივლისის №024–35 საგადასახადო მოთხოვნა და 2023 წლის 28 მარტის №024-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა მომჩივანმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.05.2023 წლის №11238 ბრძანებით საჩივარი, 2022 წლის 11 ივლისის №024–35 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველი დარჩა, დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ნაღდი ფულის ნაშთი განეხილა უპროცენტო სესხად შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა და გაცემული სესხი დაიბეგრა საშემოსავლო და მოგების გადასახადებით.
ამასთან, გადამხდელს საჩივარში მე-2 სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიუხედავად ბაზარზე მაღალი კონკურენციისა კომპანია გამოირჩევა როგორც საიმედო პარტნიორი მომწოდებლებთან თავისდროული გადახდის უნარიანობით, ხოლო მომხმარებელთან მის მაღალ რეპუტაციას დაბალი ფასნამატი და ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება განსაზღვრავს. ასევე მოწესრიგებული აღრიცხვით და პასუხისმგებლობით გამოირჩევა გადასახადების გადახდის დროს, ხოლო ის რის გამოც დამატებით გადასახადი დაერიცხა უბრალოდ გამოუცდელობით, უცოდინრობით და ბანკისადმი ნდობით დაემართა, ამ შემთხვევაში იგულისხმება სესხი, რომელიც პირადად უნდოდა რომ აეღო დამფუძნებელ პარტნიორს და დირექტორს. მსესხებელმა კრედიტ ოფიცრისგან სესხზე უარი მიიღო, თუმცა შესთავაზა რომ სესხი შპს-ზე აეღო. იმ მომენტში საგადასახადო კოდექსის არცოდნის გამო, ვერ განსაზღვრა თუ რა რისკებთან იყო აღნიშნული დაკავშირებული. შესაბამისად აიღო სესხი, რომლის დიდი ნაწილი პირადად მოიხმარა. ნაწილით კი საქონელი შეიძინა სარეალიზაციოდ. როდესაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ ამ ოპერაციით შეიძლებოდა საგადასახადო რისკები წარმოქმნილიყო, დამფუძნებელმა იგივე ბანკთან გააფორმა სესხი და მთლიანად სესხი თავის სახელზე გადაიფორმა. ანუ მომჩივანი ყველა ვალდებულებისგან გათავისუფლდა. გასაგებია საგადასახადო კოდექსით ეს ოპერაცია ითვალისწინებს დაბეგვრას, მაგრამ აქვს სვამს კითხვას ბიუჯეტმა რა ზიანი მიიღო? ფაქტობრივად არაფერი, იმიტომ რომ ფული რომელიც დამფუძნებელმა გაიტანა იყო ბანკის და არა მომჩივნის დანაზოგი. ისე გამოვიდა, თითქოს მომჩივანმა ისესხა და მერე გაასესხა ?
საყურადღებოა ორი მომენტი. პირველი - ბიუჯეტს არანაირი ზიანი არ მიუღია და მეორე, კომპანია ყოველგვარი დარღვევის გარეშე მუშაობს თუ არ ჩაითვლება შეცდომა დღგ-ში, რომელიც არც გაუსაჩივრებია შინაარსის ფორმაზე აღმატებულობა გულისხმობს, რომ ანგარიშგებაში ასახული ინფორმაცია, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური შინაარსის მიხედვით განიხილება მაშინაც კი, თუ მისი იურიდიული ფორმა სხვას ითვალისწინებს. მაშასადამე, ანგარიშგება უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ სამართლებრივი ფორმის, არამედ ეკონომიკური რეალობის ამსახველ ინფორმაციას. მით უმეტეს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარს. სწორედ ამიტომ ითხოვს გათვალისწინებულ იქნას ეს ფაქტობრივი გარემოება და არ დაიბეგროს მოგების გადასახადით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს სესხის ნაწილში განთავისუფლდეს გადასახადისგან, რაც თავისთავად გაათავისუფლებს ჯარიმისგანაც. სხვაგვარად ეს ოპერაცია ვერც გასწორდება, იმიტომ რომ თანხა რომელიც სესხად მომჩივანმა მიიღო, ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად დამფუძნებელი იხდის, ანუ თუ ასე დარჩა დარიცხვა დამფუძნებელს მოუწევს სესხის ძირის და პროცენტის გადახდა, ხოლო მომჩივანს იგივე თანხაზე ბიუჯეტის სასარგებლოდ მოუწევს მოგების გადასახადის და ჯარიმის გადახდაც. ასევე ითხოვს 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად განთავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 თებერვლის №3865 ბრძანების აღსრულების მიზნით, გამოცემულია დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, გადაანგარიშების ეტაპზე, საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილული თანხები დაკვალიფიცირდა უპროცენტო სესხად შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და დაიბეგრა საშემოსავლო და მოგების გადასახადებით.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 თებერვლის №3865 ბრძანების შესაბამისად და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივანი ასევე ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 თებერვლის №3865 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს გადაწყვეტილება
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელმა აუდიტის 2022 წლის 27 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2022 წლის 11 ივლისის №18097 ბრძანება და ამავე თარიღის №024–35 საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 მაისის №11238 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველი დარჩა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2022 წლის 11 ივლისის №024-35 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი დარჩა განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანს მეორე დავის საგანთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია არგუმენტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ივლისის №024-35 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის მოთხოვნით, მომჩივნის მიერ 2022 წლის 11 აგვისტოს წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 თებერვლის №3865 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
2023 წლის 12 აპრილს გადამხდელმა იგივე მოთხოვნით კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს. ამგვარად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შემოსავლების სამსახურის ბრძანება, ამ ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ ექვემდებარება გაუქმებას.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სესხის ნაწილში განთავისუფლდეს გადასახადისგან, რაც თავისთავად გაათავისუფლებს ჯარიმისგან.
ასევე ითხოვს 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად განთავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2019 წლის იანვრის თვიდან უფიქსირდებოდა სალაროში ნაღდი ფულის არაგონივრული ნაშთი. შესაბამისად, სალაროს უძრავი ნაშთი გონივრული საკასო ხარჯის გათვალისწინებით, ჩაითვალა მისი წარმოშობის მომენტიდან საწარმოს პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმები.
გადაწყვეტილება
მომჩივანი ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 თებერვლის №3865 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),154,275,291,301,304