ბრძანება N 18408
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18408
15 აგვისტო 2025
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
(მის.: „-------“)
2025 წლის 14 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №61) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“ ) 2025 წლის 14 ივლისის №96814/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივნისის №006-157 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დარიცხულ თანხებს. კერძოდ, არ ეთანხმება ავტოგაქირავების შედეგად მიღებული სრული შემოსავლის მიჩნევას კომპანიის შემოსავლად. აცხადებს, რომ ახორციელებს საშუამავლო მომსახურებას, ამ შემთხვევაში ი/მ-სა და ავტომობილის გაქირავებით დაინტერესებულ პირებს შორის, რომლის სანაცვლოდაც იღებს გარიგების სრული ღირებულების 10%-ს, ხოლო დარჩენილი 90%-ს გადასცემს ი/მ-ს. კომპანია უზრუნველყოფს ავტოქირავნობით დაინტერესებული პირების მოზიდვას და პლატფორმაზე დადგენილი ანაზღაურების სანაცვლოდ მათ გაქირავებას კლიენტებზე. ამ ოპერაციაში ინდ. მეწარმე ვალდებულია, კომპანიის მიერ მითითებულ დროსა და ადგილას, უზრუნველყოს მოთხოვნილი მახასიათებლებისა და მონაცემების მქონე ავტომობილის მიყვანა, სუფთა, მოწესრიგებულ და დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად ვარგის მდგომარეობაში. მიუთითებს, რომ კომპანიის მიერ ინდ. მეწარმესთვის თანხის გადახდა დასტურდება გასავლის ორდერით. ამასთან, მიაჩნია, რომ ინდ.მეწარმის მხრიდან საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არ უნდა დაჯარიმდეს კომპანია. ასევე, აცხადებს, რომ შეუძლებელი იქნებოდა საგადასახადო შემოწმების პერიოდში აკუმულირებული შემოსავლის გენერირება კომპანიის საკუთრებაში არსებული 11 ავტომობილით, სულ რომ ყოველდღე გაქირავებულიყო თითოეული მათგანი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მარტის №3896 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 5 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 9 ივნისის №11805 ბრძანება და ამავე თარიღის №006–157 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 41 983 ლარი, მათ შორის გადასახადი 29 186 ლარი, ჯარიმა 8 512 ლარი და საურავი 4 285 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შპს „--------“ საქმიანობაა ავტომობილებისა და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავების მომსახურება, როგორც საკუთარის, ასევე, სხვა ფიზიკურ პირებზე რიცხულის. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების ეტაპზე წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“, ცნობები ანგარიშების შესახებ მომსახურე ბანკებიდან და ამონაწერები შესაბამისი ანგარიშებიდან. ასევე, წარმოადგინა ი/მ-სთან (ს/ნ „--------“) 2024 წლის პირველ მარტს გაფორმებული ავტოგაქირავების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს „--------“ უზრუნველყოფდა მომხმარებლების მოზიდვას (ძირითადად ტურისტების) და მათთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებას. აღნიშნული ხელშეკრულებით შეკვეთის შედეგად მიღებული სრული შემოსავალი გენერირდებოდა შპს „------- -ის “ ანგარიშებზე, ხოლო ამავე ხელშეკრულების შესაბამისად შპს „------- -ის " ეკუთვნოდა მხოლოდ თითოეულ შეკვეთაზე გამომუშავებული თანხის 10%. ამასთან, საწარმოს მიერ ხელშეკრულების შესაბამისად ფ/პ „--------“-სთვის გადახდილი მიღებული შემოსავლის 90%-ის გადახდა დასტურდებოდა მხოლოდ სალაროს გასავლის ორდერებით. შემოწმების მიერ განხორციელდა გადამხდელის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის დამუშავება. ასევე, განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ფ/პ „--------“-ს დეკლარირებული მონაცემებით არ უფიქსირდებოდა ეკონომიკური საქმიანობა, ასევე, მის სახელზე ფიქსირდებოდა მხოლოდ 1 ერთეული მსუბუქი ავტომობილი 2024 წლის 28 ივნისიდან 2025 წლის იანვრამდე პერიოდში. ასევე, ვერ დასტურდებოდა ფიზიკური პირის მიერ მიღებული თანხის მანქანის მფლობელებზე ან/და მძღოლებზე გადახდის ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით და ავტოგაქირავების შედეგად მიღებული სრული შემოსავალი მიიჩნია შპს „------- -ის “ შემოსავლად. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შპს „------- -ის “ დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 11.01.2024 წელი და მის შემდგომ პერიოდში მიღებული სრული შემოსავლები დაიბეგრა დღგ-ით. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელმა შემოწმების ეტაპზე წარმოადგინა ი/მ „--------“-სთან (ს/ნ „--------“) 2024 წლის პირველ მარტს გაფორმებული ავტოგაქირავების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შპს „------- -ის “ უზრუნველყოფდა მომხმარებლების მოზიდვას (ძირითადად ტურისტების) და მათთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებას. აღნიშნული ხელშეკრულებით შეკვეთის შედეგად მიღებული სრული შემოსავალი გენერირდებოდა შპს „------ -ის “ ანგარიშებზე, ხოლო ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „------- -ის “ ეკუთვნოდა მხოლოდ თითოეულ შეკვეთაზე გამომუშავებული თანხის 10%. ამასთან, საწარმოს მიერ ხელშეკრულების შესაბამისად ფ/პ „--------“-სთვის გადახდილი მიღებული შემოსავლის 90%-ის გადახდა დასტურდებოდა მხოლოდ სალაროს გასავლის ორდერებით. შემოწმების მიერ განხორციელდა გადამხდელის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის დამუშავება. ასევე, განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ფ/პ „--------“-ს დეკლარირებული მონაცემებით არ უფიქსირდებოდა ეკონომიკური საქმიანობა, ასევე, მის სახელზე ფიქსირდებოდა მხოლოდ 1 ერთეული მსუბუქი ავტომობილი 2024 წლის 28 ივნისიდან 2025 წლის იანვრამდე პერიოდში. ასევე, ვერ დასტურდებოდა ფიზიკური პირის მიერ მიღებული თანხის მანქანის მფლობელებზე ან/და მძღოლებზე გადახდის ფაქტი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე9 ნაწილით და ავტოგაქირავების შედეგად მიღებული სრული შემოსავალი მიიჩნია შპს „------- -ის “ შემოსავლად. შესაბამისად, შპს „------ -ის “ დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 11.01.2024 წელს. საგადასახადო შემოწმებით განისაზღვრა რეგისტრაციის შემდგომ საანგარიშო პერიოდზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის შედეგადაც გადამხდელს დაერიცხა დღგ.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ სანქციებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივნისის №006-157 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------" (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივნისის №006-157 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დარიცხულ თანხებს.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის საქმიანობაა ავტომობილებისა და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავების მომსახურება, როგორც საკუთარის, ასევე, სხვა ფიზიკურ პირებზე რიცხულის.მომჩივანმა წარმოადგინა ი/მ-სთან 2024 წლის პირველ მარტს გაფორმებული ავტოგაქირავების მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მომჩივანი უზრუნველყოფდა მომხმარებლების მოზიდვას და მათთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებას. აღნიშნული ხელშეკრულებით შეკვეთის შედეგად მიღებული სრული შემოსავალი გენერირდებოდა ანგარიშებზე, ხოლო ამავე ხელშეკრულების შესაბამისად მომჩივანს ეკუთვნოდა მხოლოდ თითოეულ შეკვეთაზე გამომუშავებული თანხის 10%. ამასთან, საწარმოს მიერ ხელშეკრულების შესაბამისად ფიზიკური პირისთვის გადახდილი მიღებული შემოსავლის 90%-ის გადახდა დასტურდებოდა მხოლოდ სალაროს გასავლის ორდერებით. შემოწმებით დადგინდა, რომ ფ/პ-ს დეკლარირებული მონაცემებით არ უფიქსირდებოდა ეკონომიკური საქმიანობა, ასევე, მის სახელზე ფიქსირდებოდა მხოლოდ 1 ერთეული მსუბუქი ავტომობილი 2024 წლის 28 ივნისიდან 2025 წლის იანვრამდე პერიოდში. ასევე, ვერ დასტურდებოდა ფიზიკური პირის მიერ მიღებული თანხის მანქანის მფლობელებზე ან/და მძღოლებზე გადახდის ფაქტი.შემოწმებამ იხელმძღვანელა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით და ავტოგაქირავების შედეგად მიღებული სრული შემოსავალი მიიჩნია მომჩივანის შემოსავლად. შესაბამისად, სსკ-ის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მომჩივანის დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 11.01.2024 წელი და მის შემდგომ პერიოდში მიღებული სრული შემოსავლები დაიბეგრა დღგ-ით.გადამხდელს დაერიცხა დღგ და სსკ-ის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია,მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივნისის №006-157 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),163,165,269(7),282.