ბრძანება N 14474

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.06.2023
№ დოკუმენტი 14474
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 14474

23.06.2023

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 9 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2023 წლის 9 მაისის №80876/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აპრილის №024-14 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს. არასწორად მიაჩნია ყველა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პოზიციაზე ერთი ფასნამატის განსაზღვრა და მისი გამოყენება მთლიან შესამოწმებელ პერიოდზე. მომჩივანი, ასევე აღნიშნავს, რომ შემმოწმებელს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყის ნაშთად ჩათვლილი აქვს 44827 ლარი, თუმცა ფიზიკურად ვერ ექნებოდა აღნიშნული ნაშთი რადგან არ აქვს სასაწყობე ფართი და გაუგებარია შემოწმებამ როგორ მიიღო აღნიშნული თანხა.

2. არ ეთანხმება შემოწმების მიერ დაანგარიშებულ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობას და აღნიშნავს, რომ სრულად არ არის გათვალისწინებული გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №2352 და 20 მარტის № 5451 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 14 მარტის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 4 აპრილის №7294 ბრძანება და ამავე თარიღის №024-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 213 389 ლარი, მათ შორის, გადასახადი 136 041 ლარი, ჯარიმა 68 125 ლარი, საურავი 9 223 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. შპს „---“ (ს/ნ ---) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2015 წლის აპრილიდან, ამავე პერიოდიდან წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს. საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს სხვადასხვა სახის სამშენებლო მასალების (ძირითადად ცემენტი) შეძენა-რეალიზაცია ქ. ---. საწარმო სმფ-ების შეძენას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ახორციელებდა ადგილობრივ ბაზარზე. გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები. შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა წარდგენილი საბანკო ამონაწერები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. გადამხდელის მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა ახსნა-განმარტებები სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის საქმიანობის სპეციფიკაზე, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთების და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაციები. გარდა აღნიშნულისა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 14 მარტის №4810 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც სმფ-ს ნაშთი განისაზღვრა 0 ლარის ოდენობით. არსებული ფაქტობრივი გარემოებების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე" ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადში განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, ამასთანავე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საწარმო საქონლის რეალიზაციას ახორციელებდა ძირითადად დოკუმენტის გარეშე, ხოლო დღგ-ს დეკლარაციებში არასრულად არის აღრიცხული საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები, კერძოდ მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელს დეკლარირებული აქვს 15 171 ლარის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა, როცა მის მიერ შეძენილია დაახლოებით 464 894 ლარის სასაქონლომატერიალური ფასეულობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების პროცესში ვერ იქნა დადგენილი გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ან/და დოკუმენტური ფასნამატი, ამასთანავე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ იქნა წარდგენილი რაიმე სახის პოზიცია. შესაბამისად გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი, აუდირებული გადასახადის გადამხდელებთან არსებული ფასნამატები, აღნიშული ფასნამატები ჯგუფების მიხედვით გავრცელებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე იმ პროპორციით, რა პროცენტულობასაც შეადგენდა თითოეული ჯგუფის ხვედრითი წილი შეძენილი საქონლის საერთო ღირებულებაში. აღნიშნული ფასნამატით გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ს ბრუნვებში. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. დაანგარიშებულ იქნა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, ასევე გათვალისწინებულ იქნა გაწეული ხარჯებისა და კომპანიის დამფუძნებელ პირთა მიმართ არსებული ვალდებულებების (კაპიტალის ნაშთი) ოდენობები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 101-ე მუხლის შესაბამისად დაანგარიშებულ იქნა იმ ფულადი სახსრების ოდენობა, რაც შესამოწმებელი პერიოდისათვის უნდა ჰქონოდა საწარმოს, ამასთანავე გათვალისწინებულ იქნა იმ ფულადი სახსრების ოდენობები, რაც ფიქსირდებოდა, როგორც საბანკო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებსა და სალაროში ნაღდი ფულის სახით, აღნიშნული ანალიზის შედეგად გამოვლენილი სხვაობა ჩათვლილ იქნა აღნიშნული პერიოდისათვის მოქმედი დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. შესაბამისად, დაანგარიშებულ იქნა დამატებით საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დამატებით განესაზღვრა სანქცია.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი საქონლის რეალიზაციას ახორციელებდა ძირითადად დოკუმენტის გარეშე, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში არასრულად ასახავდა მიღებულ შემოსავალს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების პროცესში ვერ იქნა დადგენილი გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ან/და დოკუმენტური ფასნამატი, შესაბამისად გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი, აუდირებული გადასახადის გადამხდელებთან არსებული ფასნამატები. აღნიშული ფასნამატები ჯგუფების მიხედვით გავრცელებულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე იმ პროპორციით, რა პროცენტულობასაც შეადგენდა თითოეული ჯგუფის ხვედრითი წილი შეძენილი საქონლის საერთო ღირებულებაში. აღნიშნული ფასნამატით გაანგარიშებულ იქნა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი და საანგარიშო პერიოდების მიხედვით დოკუმენტურ რეალიზაციასთან ერთად ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ს ბრუნვებში.

იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით, ხოლო სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის აუდირებული ფასნამატის გამოყენებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა მართლზომიერია.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია, რომ მისთვის უცნობია საიდან იქნა აღებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების საწყისი ნაშთი, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი ახსნა-განმარტება საწყის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთთან დაკავშირებით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადგენილი გარემოებაა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას, განკარგვადი თანხის გაანგარშებისას გათვალისწინებულ იქნა ყველა სახის დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი რაც წარდგენილ იქნა საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ. შესაბამისად შემმოწმებლის მიერ, შესამოწმებელ პერიოდში, მიღებული შემოსავლის, გაწეული ხარჯების, დებიტორული/კრედიტორული დავალიანებებისა და საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების ნაშთების გათვალისწინებით, გაანგარშებულ იქნა განკარგვადი თანხა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის, რომელიც მიჩნეული იქნა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს.

2. არ ეთანხმება შემოწმების მიერ დაანგარიშებულ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე" ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადში განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით.

2. დაანგარიშებულ იქნა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, ასევე გათვალისწინებულ იქნა გაწეული ხარჯებისა და კომპანიის დამფუძნებელ პირთა მიმართ არსებული ვალდებულებების (კაპიტალის ნაშთი) ოდენობები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 101-ე მუხლის შესაბამისად დაანგარიშებულ იქნა იმ ფულადი სახსრების ოდენობა, რაც შესამოწმებელი პერიოდისათვის უნდა ჰქონოდა საწარმოს, შედეგად გამოვლენილი სხვაობა ჩათვლილ იქნა აღნიშნული პერიოდისათვის მოქმედი დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 8 (22); 49 (1); 61 (3); 73 ( 5,9); 159; 163; 164; 101 (1); 154; 43 (4); 275. 2021 წლამდე მოქმედი 160;161;