ბრძანება N 29041

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.11.2023
№ დოკუმენტი 29041
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 29041

27 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ "-------"-ის (ს/ნ "------")

(ფაქტ. მის.: "------" )

2023 წლის 27 ოქტომბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №118) განიხილა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") №84433/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ოქტომბრის №042-25 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადი გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული რიგი ხარჯები. ითხოვს მათი გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ივლისის №18140 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 2 ოქტომბრის №24236 ბრძანება და ამავე თარიღის №042-25 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 93 278 ლარი, მათ შორის, გადასახადი 55 961 ლარი, ჯარიმა 25 639 ლარი, საურავი 11 678 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

ი/მ "------"-ის საქმიანობა არის საცალო ვაჭრობა ალკოჰოლური სასმელებით (ძირითადად ლუდით) და ე.წ. სნექით. წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ გააჩნია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი, არ აქვს დებიტორული/კრედიტორული დავალიანება, ფასნამატი შეადგენს 30%-ს (დეკლარაციების მიხედვით საქონელის ფასნამატით რეალიზაცია არ იკვეთება. ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული აქვს 26 545 ლარი, გადახდილი - 0 ლარი), არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას არანაირი ფორმით, შედეგად დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვით გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი/მ "------"-ის საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გავრცელდა ახსნაგანმარტებაში დაფიქსირებული 30%-იანი ფასნამატი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად ჩაირთო მეწარმის ერთობლივი შემოსავალში, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მიხედვით დღგ-ს დასაბეგრ ბრუნვაში. სხვაობა განაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად შესაბამის პერიოდებში. დაერიცხა კუთვნილი დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275 მუხლის შესაბამისად. მეწარმის განმარტებით მის მიერ შეძენილი ზოგიერთი საქონელი განკუთვნილი იყო პირადი მოხმარებისთვის და არ წარმოადგენდა სასაქონლო-მატერიალურ მარაგს. ამასთან ი.მ "------"-ს არ ჰქონდა გამოქვითული დაქირავებულ თანამშრომლებზე გაცემული და დაბეგრილი ხელფასი. შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე და 106-ე მუხლის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად დაკორექტირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება:

ა) ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

გ) ფიზიკური პირის მიერ პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯები, ლატარიებიდან, კაზინოებიდან (სამორინეებიდან), აზარტული ან სხვა მომგებიანი თამაშობებიდან მიღებულ მოგებებთან დაკავშირებული ხარჯები ან ხელფასის სახით შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელის მიერ შეძენილი ზოგიერთი საქონელი განკუთვნილი იყო პირადი მოხმარებისთვის და არ წარმოადგენდა სასაქონლო-მატერიალურ მარაგს, ამასთან, მას არ ჰქონდა გამოქვითული დაქირავებულ თანამშრომლებზე გაცემული და დაბეგრილი ხელფასი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული რიგი ხარჯები, კერძოდ, იჯარის, კომუნალური და სხვა ხარჯები, რომელთა დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს (ხარჯის დამადასტურებლად საჩივარს ერთვის ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან). ითხოვს, აღნიშნული ხარჯების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშებას. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.ითხოვს მათი გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შეძენილ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე გავრცელდა ახსნაგანმარტებაში დაფიქსირებული 30%-იანი ფასნამატი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად ჩაირთო მეწარმის ერთობლივი შემოსავალში, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მიხედვით დღგ-ს დასაბეგრ ბრუნვაში. სხვაობა განაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად შესაბამის პერიოდებში. დაერიცხა კუთვნილი დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე ჯარიმა.

მეწარმის განმარტებით მის მიერ შეძენილი ზოგიერთი საქონელი განკუთვნილი იყო პირადი მოხმარებისთვის და არ წარმოადგენდა სასაქონლო-მატერიალურ მარაგს. ამასთან არ ჰქონდა გამოქვითული დაქირავებულ თანამშრომლებზე გაცემული და დაბეგრილი ხელფასი.შემოწმებით დაკორექტირდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

105,106.