ბრძანება N 10710
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10710
15.05.2023
ფ/პ --ის (პ/ნ ---)
(მის.: ---) 2023 წლის 16 იანვრის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 აპრილის სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა ფ/პ ---ის (პ/ნ ---) 2023 წლის 16 იანვრის №6206/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №002-238 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2022 წლის 22 დეკემბრის №002-28962 შეტყობინებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელებული ოპერაციების ეკონომიკურ საქმიანობად განხილვას და გასესხებული თანხებიდან მიღებული სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ არ მისცემია საშუალება კანონით დადგენილი წესით გასცნობოდა მის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებულ ინფორმაციას, რითაც დაირღვა მისი უფლებები. აღნიშნავს, რომ ფ/პ --- არ წარმოადგენს მის მეუღლეს, როგორც ეს საგადასახადო შემოწმების აქტშია დაფიქსირებული. განმარტავს, რომ არანაირ სისტემურობას და სასესხო ოპერაციებს ადგილი არ ჰქონია და არც რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს მტკიცებულების სახით. აცხადებს, რომ აუდიტორის დაფიქსირებული შეფასება არასწორია და არ შეესაბამება რეალობას, რადგან გადამხდელის მიერ განხორციელებული ქმედებები არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას და არ უნდა ჩაითვალოს ფინანსურ ოპერაციად. მიუთითებს, რომ სახეზეა მუხლების არასწორი განმარტება და გამოყენება მიზანმიმართულად თანხის დაკისრების მიზნით. განმარტავს, რომ არსად არ არის დაფიქსირებული (ნაყიდობის, ასევე გამოსყიდვის დოკუმენტებში), რომ ადგილი ჰქონდა თანხის გასესხებას ან იმგვარ ოპერაციებს, რასაც ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლი. აღნიშნავს, რომ არანაირი ეკონომიკური საქმიანობა არ განუხორციელებია და არც სარგებელი არ მიუღია. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება დადგენილ ფიზიკურ პირებზე დარიცხული და მიღებული ყოვეთვიური 2%-იანი სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ არ ჰქონია ადგილი თანხების გასესხებას ან რაიმე სახესო ხელშკერულების დადებას. გადამხდელისთვის გაუგებარია კანონმდებლობიდან რომელ კონკრეტულ ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით იხელმძღვანელა აუდიტორმა 2%-იანი სარგებლის დარიცხვისას და ამასთან რომელი ვალუტით. აღნიშნავს, რომ ფიზიკური პირია და მისი ქმედებები არ განიხილება, როგორც ინდივიდუალური მეწარმის ქმედებები.
2. გადამხდელი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დადგენილი შეღავათით სარგებლობას. აღნიშნავს, რომ არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირველი ჯგუფის უსინათლო პირი.
3. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებას.
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №002-238 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16613 ბრძანების საფუძველზე ფ/პ ---ს (პ/ნ ---) ჩაუტარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 15 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №32111 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2022 წლის 21 დეკემბრის №002-238 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 17 823 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 9 675 ლარი, ჯარიმა 4 214 ლარი და საურავი 3 934 ლარი.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2022 წლის 22 დეკემბრის №002-28962 შეტყობინებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ფ/პ ---ს (პ/ნ--) 2022 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - გადასახადის სახით 0 ლარი, ჯარიმა 0 ლარი, საურავი 0 ლარი, არაღიარებული საგადასახადო დავალიანება 17 828 ლარი, ზედმეტობა 7.92 ლარი.
საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ფ/პ ---ს (პ/ნ ---) მთელ ქონებაზე 2022 წლის 22 დეკემბრის №002-28962 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ №002-28962 შეტყობინება, გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე, 2022 წლის 23 დეკემბერს, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2023 წლის 9 იანვარს.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი სისტემატურად ახდენდა უძრავი ქონების რეალიზაციას უკან გამოსყიდვის პირობით. გადამხდელი თანამშრომლობდა შემოწმებასთან, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ წარადგინა ორმხრივი წერილობითი შეთანხმება ყიდვა-გამოსყიდვის პირობით გასესხებულ თანხაზე მიღებულ სარგებელზე. შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, განხორციელებული ოპერაციები დაკვალიფიცირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად, ფინანსურ ოპერაციად. ვინაიდან გადამხდელის მიერ წარმოებული ოპერაციები ატარებს სისტემურ ხასიათს სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, საქმიანობა განიხილება ეკონომიკურ საქმიანობად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის თანახმად, ექვემდებარება დეკლარირებას.
შემოწმების ფარგლებში დადგენილ იქნა ფიზიკურ პირებზე დარიცხული ყოვეთვიური 2%-იანი სარგებელი. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტით. გადამხდელის მიერ გასესხებული თანხებიდან მიღებული სარგებელი დაბეგრილ იქნა საშემოსავლო გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე და 101-ე მუხლების თანახმად. ასევე პირს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №002-238 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადასახადის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების პროცესში 2022 წლის 30 აგვისტოს №157505/21 ახსნა-განმარტებით წარდგენილია ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა №---, ფ/პ --- (პ/ნ ---) წარდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ფ/პ ---მ 2021 წლის მარტ-აპრილში მის სახელზე არსებული ქონების უმეტესობა გადასცა შვილს, დედას და მეუღლეს ფ/პ ---ს.
შემოწმების მიმდინარეობისას დადგინდა გადასახადის გადამხდელის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების რაოდენობა, სულ საანგარიშო პერიოდში საჯარო რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებული იყო 25 საკადასტრო კოდზე. ქონების შეძენის საფუძველია უმეტეს შემთხვევაში გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება წარმოადგენს სესხის სახით გაცემული თანხების სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებიდან დაბრუნების გარანტიას. სესხის სახით გაცემული თანხებიდან ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებელის მიღების შემთხვევაში ქონება ბრუნდება.
უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ფაქტები მეუღლეზე ფ/პ ---ზე სიმბოლურ თანხაში 500 ლარად (7 საკადასტრო კოდი), გადამხდელის დედასა (7 საკადასტრო კოდი) და შვილზე (ჩუქება 3 საკადასტრო კოდი) (1-ლი რიგის მემკვიდრეებზე უძრავი ქონების გადაცემის საგადასახადო შეღავათის გათვალისწინებით), 2022 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის დარიცხვის საფუძველი არ გამხდარა.
განხორციელდა მხოლოდ დანარჩენი ოპერაციებიდან, მონაცემთა ბაზაში არსებული ეკონომიკური საქმიანობით (5 საკადასტრო კოდზე) მიღებული სარგებლის დაბეგვრა. საგადასახადო აქტის შედგენამდე, მინდობილი პირისათვის (ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა №--- ფ/პ ---ს, მითითებულ ელ. მისამართზე) მიწოდებულ იქნა საჯარო რეესტრის საინფორმაციო ბაზიდან ფ/პ ---ზე (პ/ნ ---) რეგისტრირებული ქონების შემმოწმებლის მიერ შეკრებილი საჯარო ინფორმაციის ექსელში დამუშავებული მონაცემების სამუშაო ვერსია, რადგანაც გადამხდელის არყოფნის გამო, კანონიერი წარმომადგენლის განცხადებით, შემოწმების განხორციელებისათვის აუცილებელ ინფორმაციას ვერ აწვდიდნენ.
გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმებისათვის წარდგენილია ფ/პ ---ს ნოტარიულად დამოწმებული №---მინდობილობა და საქართველოს საპატრიარქოს ჯვრისწერის მოწმობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სისტემატურად ახდენდა უძრავი ქონების რეალიზაციას უკან გამოსყიდვის პირობით, სარგებლის მიღების მიზნით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციები მართლზომიერად იქნა განხილული ეკონომიკურ საქმიანობად და გასესხებული თანხებიდან მიღებული სარგებელი (თვეში გასესხებული თანხის 2%) მართლზომიერად იქნა დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, გადამხდელი განმარტავს, რომ არის საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრი და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირველი ჯგუფის უსინათლო პირი. განმარტავს, რომ მასზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დადგენილი შეღავათი და კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან არ იბეგრება 6 000 ლარი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2022 წლის 22 დეკემბრის №002-28962 შეტყობინებასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ ფ/პ ---ს (პ/ნ ---) მიმართ გამოცემული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2022 წლის 22 დეკემბრის №002- 28962 შეტყობინება გაუქმებულია შემოსავლების სამსახურის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების შესახებ 2023 წლის 16 თებერვლის №002-2951 შეტყობინებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ---ს (პ/ნ ---) საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2022 წლის 22 დეკემბრის №002-28962 შეტყობინებასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
2. ფ/პ ---ს (პ/ნ ---) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №002-238 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელებული ოპერაციების ეკონომიკურ საქმიანობად განხილვას და გასესხებული თანხებიდან მიღებული სარგებლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
2. გადამხდელი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დადგენილი შეღავათით სარგებლობას. აღნიშნავს, რომ არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირველი ჯგუფის უსინათლო პირი.
3. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, განხორციელებული ოპერაციები დაკვალიფიცირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად, ფინანსურ ოპერაციად. ვინაიდან გადამხდელის მიერ წარმოებული ოპერაციები ატარებს სისტემურ ხასიათს სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, საქმიანობა განიხილება ეკონომიკურ საქმიანობად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის თანახმად, ექვემდებარება დეკლარირებას.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
302 (6); 61; 9; 136; 73 (5, 9); 79; 80; 100; 102; 82.