გადაწყვეტილება №27029/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27029/2/2026
30 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 30.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27029/2/2026).
დავის საგანი:
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული მონაცემების გათვალისწინებით, სალაროს ნაშთის გაანგარიშება, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2025 წლის №068-24 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.03.2026 წლის №5408 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 637 040.02 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი 1 568 192.58
მოგების გადასახადი - 2 541.18
საშემოსავლო გადასახადი - 1 565 651.4
ჯარიმა - 784 025.5
საურავი - 284 821.94
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი საქონლის შეძენა/ექსპორტი.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის შეძენას ახორციელებს ფიზიკური პირებისაგან გამარტივებული შესყიდვის აქტების საფუძველზე. შემოწმება დაინიშნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიმართვის საფუძველზე. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა პირების (საქონლის მომწოდებლების და ანგარიშვალდებული პირის) გამოკითხვის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ფიზიკური პირებისაგან სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენისას შესყიდვის აქტებში ფასები ასახული იყო გაზრდილი მნიშვნელობით, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში გამოკითხული პირები უარყოფენ შესყიდვის აქტში არსებულ ოპერაციებს. ფაქტობრივად დადგენილი გარემოებები არსებითად განსხვავდება გამარტივებული შესყიდვის აქტებში და საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამაში ასახული მონაცემებისგან. ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. განბაჟებისას დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით დადასტურებულია საწარმოს მიერ აღნიშნული საქონლის რეალიზაცია (ექსპორტი), ასევე, უდავოა შესაბამისი რაოდენობის სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენა. შესაბამისად, ფიზიკური პირებისაგან გაზრდილი ღირებულებით შეძენილი საქონლის ხარჯების საწარმოს ფულად განაცემებში ნაწილობრივი გათვალისწინების მიზნით, გაანალიზდა საგამოძიებო სამსახურის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის გაგზავნილი გამოკითხვის მასალები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გამარტივებული შესყიდვის აქტები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემები და შემოწმებისთვის ცნობილი სხვა მონაცემები, რომლის შედეგად გადახდილად მიჩნეული საქონლის შეძენის ღირებულების მიხედვით დაკორექტირდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის „დებიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითების დანართი №9-ის შესაბამისად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
აღნიშნული შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 26.12.2025 წლის №28669 ბრძანება და 29.12.2025 წლის №068-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.03.2026 წლის №5408 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ნაწილით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.
იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი შესყიდვის აქტებში საქონლის შეძენის ფასები ასახული იყო გაზრდილი მნიშვნელობით, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში გამოკითხული პირები უარყოფენ შესყიდვის აქტებში არსებულ ოპერაციებს, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლისას გამოვლენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა პირების (საქონელის მიმწოდებლების და ანგარიშვალდებული პირის) გამოკითხვების მასალების მიხედვით, დასტურდება, რომ ფიზიკური პირებისაგან სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენებისას ადგილი ჰქონდა ფასების გაზრდილი მნიშვნელობით ასახვას გაფორმებულ შესყიდვის აქტებში, ამასთანავე რიგ შემთხვევებში გამოკითხული პირბი უარყოფენ შესყიდვის აქტში არსებულ ოპერაციებს. ფაქტიურად დადგენილი გარემოებები არსებითად განსხვავდება გამარტივებული შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული და საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამაში შესაბამისად ასახული მონაცემებისაგან. აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს მისთვის არ გადაუცია სხვადასხვა პირების (საქონელის მიმწოდებლების და ანგარიშვალდებული პირის) გამოკითხვების მასალები, არ იცნობს ამ მასალებს, რის გამოც აღნიშნულის გამაბათილებებილი მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობას მოკლებულია. მოითხოვს საჩივრის განხილვამდე გადაეცეს აღნიშნული მასალები სრულად, კერძოდ თუ რა მასალებსაც დაეყრდნო აუდიტის დეპარტამენტი. ვინაიდან აღნიშნავს, რომ არ შეესაბამება სინამდვილეს, რომ თითქოს შესყიდვის აქტებში მითითებული ჰქონდეს რეალურ გარემოებასთან შეუსაბამო ფაქტები. მის მიერ წარმოდგენილ შესყიდვის აქტებში ასახული ყველა მონაცემები არის რეალური და შეესაბამება სინამდვილეს. ასევე, გაურკვეველია, თუ რამდენი პირის გამოკითხვის საფუძველზე მიიღო აღნიშნული დარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურმა. წარმოადგენს დასაბუთებულ პოზიციას დამატებით, მას შემდეგ რაც გადაეცემა ადმინისტრაციული წარმოების მასალებს სრულად და მიეცემა დრო შესაბამისი გამაბათილებელი მასალებისა და პოზიციის წარმოდგენისათვის. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ „ამიტომ, ფიზიკური პირებისაგან გაზრდილი ღირებულებით შეძენილი საქონელის ხარჯების საწარმოს ფულადი განაცემებში ნაწილობრივი გათვალისწინების მიზნით, ანალიზი ჩაუტარდა საგამოძიებო სამსახურის მიერ გადმოგზავნილი გამოკითხვების მასალებს, გადამხდელის მიერ წარმოდგენილ გამარტივებული შესყიდვის აქტებს, შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზებს და ჩვენთვის ცნობილ სხვა მონაცემებს. ანალიზის შედეგად გადახდილად მიჩნეული შეძენის ღირებულების მიხედვით დაკორექტირდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში“. მოითხოვს კიდევ ერთხელ გადაეცეს საგამოძიებო სამსახურის მიერ გადმოგზავნილი მასალები, ასევე, ითხოვს განემარტოს რას ნიშნავს „ჩვენთვის ცნობილი სხვა მონაცემები“? რა იგულისხმება ამ „სხვა მონაცემებში" და მოითხოვს გაეცნოს და გადაეცეს ეს ე.წ. „სხვა მონაცემები“. შესაბამისად ხარჯების შემცირება და დამატებით განხორციელებული დარიცხვა არის უკანონო.
კიდევ ერთხელ მოითხოვს, საჩივრის განხილვამდე გადაეცეს მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ადმინისტრაციული წარმოების მასალები სრულად, ვინაიდან შემოსავლების სამსახურმა მიუხედავად მისი მოთხოვნისა, ისე განიხილა საჩივარი რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალები არ გააცნეს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2026 წლის №44031-21-14 წერილის მიხედვით, შემოწმების ბრძანების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2025 წლის 29 იანვრის №1115/15-04-05 წერილი და დადგენილება. პირი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 21.06.2019 წლიდან და ამავე თარიღით არის რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად. შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ახსნა-განმარტებისა და ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული საინფორმაციო სისტემის მიხედვით გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მსხვილფეხა რქოსანი საქონლისა და წვრილფეხა რქოსანი საქონლის შეძენა/ექსპორტი. კერძოდ შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ადგილობრივი ფერმერებისაგან ყიდულობს წვრილფეხა/მსხვილფეხა რქოსან საქონელს, რომლის რეალიზაციას ახორციელებს სრულად ექსპორტზე გატანის გზით აზერბაიჯანსა და ერაყში. შეძენებს ახორციელებს შესყიდვის აქტებით, გადასახადის გადამხდელი აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამა ორისის მეშვეობით, წარმოადგინა საბანკო ამონაწერები და სხვა მასალები. ამასთანავე შემოწმებამ მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ------- სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N------- საქმეზე, შპს „-------“-ში (ს/ნ -------) დანიშნული საგადსახადო შემოწმებასთან დაკავშირებული დამატებითი საქმის მასალები. შემოწმებისას გაანალიზებულ იქნა გადამხდელის მიერ მოწოდებული მასალები, ასევე ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ------- სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N------- საქმეზე არსებული გადასახადების გამოანგარიშებისათვის საჭირო მასალები, შემოწმების ამ ეტაპზე საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილია გარკვეული შესყიდვების აქტების სიყალბე. აღნიშნულ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ფიზიკური პირები აცხადებენ, რომ აღნიშნული მსხვილფეხა/წვრილფეხა რქოსანი საქონლის რეალიზაცია ნამდვილად განახორციელეს, თუმცა განსხვავებული (ნაკლები) რაოდენობით. რიგ შემთხვევაში აცხადებენ რომ შესყიდვის აქტზე ხელმოწერა მათ არ ეკუთვნით, ასევე რიგ შემთხვევაში აცხადებენ რომ საერთოდ არ ჩაუბარებიათ აღნიშნულ პირთან მსხვილფეხა/წვრილფეხა რქოსანი საქონელი. შესაბამისად მათივე განმარტებით აღნიშნულ შესყიდვის აქტებში ასახული სამეურნეო ოპერაციები სინამდვილეს არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა რომ გადასახადის გადამხდელი აწარმოებს და წარმოადგინა საბუღალტრო ჩანაწერები, შესყიდვის აქტების წარმოება ხდება ორ პირს შორის და ის უნდა ასახავდეს ოპერაციის უტყუარ მონაცემებს, მასზე დაყრდნობით დგება საბუღალტრო ჩანაწერები. ვინაიდან საგამოძიებო სამსახურის მიერ მიმდინარე შემოწმების ფარგლებში დადგინდა შესყიდვის დოკუმენტების ნაწილის სიყალბე. ერთის მხრივ გამყიდველი მხარე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღნიშნული საქონლის მოწოდების ნაწილში გათავისუფლებულია გადასახად(ებ)ის გადახდისგან, ხოლო მყიდველი მხარე ექსპორტის მიზნებისათვის არ იბეგრება დღგ-ს გადასახადით და მისი ინტერესი წარმოადგენს ხარჯების დოკუმენტების შეძენის ღირებულების ზრდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის ანალიზის შედეგად შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსითა და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. შეძენის ფასებისა და ოპერაციის უტყუარად დადგენის მიზნით გამოიყენა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ნოტარიულად დადასტურებული დოკუმენტები (შესყიდვის აქტის მხარეების შედარების ახსნა განმარტებები) და საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალები, რომლის მიხედვითაც დასტურდება სასაქონლო ოპერაცია და ოპერაციის ფასები. შესაბამისად ფიზიკური პირებიდან გაზრდილი ღირებულებით შეძენილი საქონლის ხარჯების ნაწილობრივ გათვალისწინების მიზნით გამოყვანილ იქნა დადასტურებული შესყიდვის ფასებით პერიოდების მინიმალური შესყიდვის ფასი და ხარჯების გაანგარიშებისათვის ყალბი და საეჭვო/არასათანადო დოკუმენტებით გაწეული ხარჯების გამოქვითვა გამოთვლილ იქნა პერიოდის მინიმალური ფასის 75%-ის ოდენობით, ასევე გამოქვითულ იქნა ყველა დადასტურებული და დოკუმენტური ხარჯები, საბანკო ამონაწერების შესაბამისად არსებული ყველა ხარჯი და გადახდა რაც ეკონომიკური საქმიანობისათვის იქნა გაწეული გადასახადის გადამხდელის მიერ. კერძოდ: გაცემული ხელფასები 55 900 ლარი; სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული მომსახურების ხარჯი 94 000 ლარი; ნოტარიულად დადასტურებული შესყიდვის ხარჯები და საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადასტურებული შესყიდვები სულ 1 849 300 ლარი და სხვა ხარჯები სულ 22 067 764 ლარის ოდენობით. ფულის ნაშთის გაანგარიშებისათვის ასევე გათვალისწინებულ იქნა საბოლოო დებიტორული დავალიანება რომელზეც წარმოდგენილია შედარების აქტი 331 722 ლარი. ვინაიდან პირს ადგილობრივი მიწოდებები არ უფიქსირდება მისი მიღებული შემოსავალი შეადგენს 28 212 455 ლარს ექსპორტის საბაჟო დეკლარაციების შესაბამისად, ხოლო პირს ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული აქვს 55 989 ლარი. ყოველივე აღნიშნულის შესაბამისად გაანგარიშებულ იქნა კომპანიის ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის (202412) რამაც შეადგინა 6 216 856 ლარი რომელიც ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე ------- (პ.ნ. -------) ხელზე გაცემულ ხელფასად (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ბაზა შეადგენს 7 771 070 ლარს) (მანუალი 0256) დადგინდა სმფ-ების თვითღირებულება და მიღებულ ფულად სახსრებსა და სმფ-ების თვითღირებულებას შორის სხვაობა ჩაითვალა შესაბამის პერიოდებში საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ახსნა-განმარტების მიხედვით და საბუღალტრო ჩანაწერებით შესამოწმებელ პერიოდის ბოლოსთვის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა ნულოვანი მაჩვენებელი. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გაწეული დოკუმენტური ხარჯების, გადახდილი ხელფასების, ბიუჯეტში გადახდილი თანხების და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით დაუფიქსირდა ფულის ნაშთი, რომელიც გატანილი აქვს დაუბეგრავად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ფულის ნაშთი მიჩნეულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
ასევე, კომპანიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, აქტით არსებული დარიცხვის გაანგარიშების ცხრილებისა და ინფორმაციების შესახებ, ყოველი დოკუმენტი რაც გამოყენებულია გადასახადების გამოანგარიშებისათვის გადამხდელისათვის ცნობილია და ძირითად შემთხვევაში მისივე მიწოდებულია, კერძოდ: საბანკო ამონაწერები, ახსნა განმარტებები, ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორების შესახებ, ექსპორტის ოპერაციები, შესყიდვის აქტების ასლები, საბუღალტრო პროგრამის („ორისი“) ასლი, ხოლო ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია გადამხდელის ავტორიზებულ RS.GE ელექტრონულ გვერდზე.
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ------- სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N------- საქმეზე არსებული გადასახადების გამოანგარიშებისათვის საჭირო მასალები, კერძოდ, დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმები წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის შემადგენელ ნაწილს, რომელიც ეკუთვნის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს, მისი გაცემის უფლება საგადასახადო ორგანოს არ გააჩნია. შესაბამისად გადასახადის გადამხდელს აღნიშნული დოკუმენტების მისაღებად შეუძლია მიმართოს შესაბამის ორგანოს ვისი საკუთრებაც არის ზემოხსენებული ოქმები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანს მიეცა საჩივრის ზეპირ განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა, მან, როგორც საჩივარში, ზოგადად ისაუბრა და ვერ წარმოადგინა საგადასახადო ორგანოს მიერ ზემოთ დასახელებული არგუმენტების გამაბათილებელი რაიმე ინფორმაცია ან მტკიცებულება შესყიდვის აქტების რეალობასთან/ნამდვილობასთან დაკავშირებით, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან საგამოძიებო სამსახურის მიერ დადგენილია გარკვეული შესყიდვების აქტების სიყალბე, ზოგიერთ შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ფიზიკური პირები რიგ შემთხვევებში აცხადებენ, რომ აღნიშნული მსხვილფეხა/წვრილფეხა რქოსანი საქონლის რეალიზაცია ნამდვილად განახორციელეს, თუმცა განსხვავებული (ნაკლები) რაოდენობით, ხოლო რიგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ შესყიდვის აქტზე ხელმოწერა მათ არ ეკუთვნით, ნაწილი საერთოდ უარყოფს მსხვილფეხა/წვრილფეხა რქოსანი საქონლის ჩაბარებას და შესყიდვის აქტებში ასახული სამეურნეო ოპერაციების სინამდვილეს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული მონაცემების გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია, შედეგად, სალაროს ნაშთის გაანგარიშება, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
შპს ონლიექსპორტი (ს/ნ 440891581)
სადავო საკითხები:
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, სალაროს ნაშთის გაანგარიშება, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის შეძენას ახორციელებს ფიზიკური პირებისაგან გამარტივებული შესყიდვის აქტების საფუძველზე. ფიზიკური პირებისაგან სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენისას შესყიდვის აქტებში ფასები ასახული იყო გაზრდილი მნიშვნელობით, ხოლო გარკვეულ შემთხვევებში გამოკითხული პირები უარყოფენ შესყიდვის აქტში არსებულ ოპერაციებს. ფაქტობრივად დადგენილი გარემოებები არსებითად განსხვავდება გამარტივებული შესყიდვის აქტებში და საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამაში ასახული მონაცემებისგან. ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. განბაჟებისას დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით დადასტურებულია საწარმოს მიერ აღნიშნული საქონლის რეალიზაცია (ექსპორტი), ასევე, უდავოა შესაბამისი რაოდენობის სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეძენა. შესაბამისად, ფიზიკური პირებისაგან გაზრდილი ღირებულებით შეძენილი საქონლის ხარჯების საწარმოს ფულად განაცემებში ნაწილობრივი გათვალისწინების მიზნით, გაანალიზდა საგამოძიებო სამსახურის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის გაგზავნილი გამოკითხვის მასალები, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გამარტივებული შესყიდვის აქტები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემები და შემოწმებისთვის ცნობილი სხვა მონაცემები, რომლის შედეგად გადახდილად მიჩნეული საქონლის შეძენის ღირებულების მიხედვით დაკორექტირდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. საგადასახადო ორგანომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში დარჩენილი ფულის ნაშთი ჩათვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია. შედეგად, სალაროს ნაშთის გაანგარიშება, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა განხორციელებულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154;