გადაწყვეტილება №19492/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19492/2/2023
05 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 15.06.2023 და 29.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-------“-ს 24.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19492/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2022 წლის №083-33 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7037 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 113 226 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 58 028
დღგ - 21 418
საშემოსავლო გადასახადი - 36 610
ჯარიმა - 28 215
საურავი - 26 983
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიაში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:
გადასახადის გადამხდელს არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაცია შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში დოკუმენტურ შეძენასთან მიმართებაში 4.5%-ია, თუმცა, წლების მიხედვით: 2019 წელს 7.4%, 2020 წელს 5.5%, 2021 წელს 3.7%, ხოლო 2022 წელს 0.4%.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გამოყენებულია თავად კომპანიის დოკუმენტური ფასნამატი 2019-2021 წლებში, ხოლო 2022 წელს კი, დოკუმენტური რეალიზაციის არაარსებითობიდან გამომდინარე, გამოყენებულია 2021 წლის ფასნამატი. საშუალო ფასნამატი წლების მიხედვით შეადგენს: 2019 წელს 8.5%, 2020 წელს 9.6%, 2021-2022 წლებში 9.9%. ამასთან, თითოეული საქონლის სახეობისთვის გამოყენებულია შესაბამისი ჯგუფის ფასნამატი. აღნიშნულის შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 118 989 ლარით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულ შემოსავალს შორის სხვაობა, საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირისთვის (დირექტორისთვის) გადახდილ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ასევე, დაზუსტდა სხვა განაცემების ოდენობა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 10.10.2022 წლის №25767 ბრძანება და 12.10.2022 წლის №083- 33 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 14.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.04.2023 წლის №7037 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, რომ შემმოწმებლისთვის გაგზავნილია ინფორმაცია იმ მეწარმე სუბიექტების ფასნამატების შესახებ, რომლებიც კომპანიის ფაქტიური საქმიანობის ადგილის მიმდებარედ ფუნქციონირებენ და ფასნამატი საგადასახადო შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე განსაზღვრულია 4-7%-ის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ ალკოჰოლსა და სიგარეტზე გამოყენებულია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი, იმავე რეგიონში მდებარე სხვა კომპანიის აუდირებული ფასნამატი (საშუალო ფასნამატი სიგარეტზე 7%, ხოლო ალკოჰოლზე 23%), ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია ალკოჰოლსა და სიგარეტზე. ამასთან, სხვა დანარჩენ პროდუქციაზე შემოწმების მიერ გამოყენებულია თავად გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით დოკუმენტური რეალიზაცია შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში დოკუმენტურ შეძენასთან მიმართებაში 4.5%-ია, თუმცა, წლების მიხედვით: 2019 წელს 7.4%, 2020 წელს 5.5%, 2021 წელს 3.7%, ხოლო 2022 წელს 0.4%.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ თავად კომპანიის დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება 2019-2021 წლებში, ხოლო 2022 წელს, დოკუმენტური რეალიზაციის არაარსებითობიდან გამომდინარე 2021 წლის ფასნამატის გამოყენება. ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია ალკოჰოლსა და სიგარეტზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი, იმავე რეგიონში მდებარე სხვა კომპანიის აუდირებული ფასნამატის (საშუალო ფასნამატი სიგარეტზე 7%, ხოლო ალკოჰოლზე 23%) გამოყენება კანონშესაბამისია. ასევე, მართლზომიერია შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით მიღებულ და გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებულ შემოსავლებს შორის სხვაობის საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებლის განმარტებით გამოვლინდა არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის, აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, გამოყენებულია თავად კომპანიის ფასნამატი 2019-2021 წლებში, ხოლო 2022 წელს კი, დოკუმენტური რეალიზაციის არაარსებითობიდან გამომდინარე გამოყენებულია 2021 წლის ფასნამატი. საშუალო ფასნამატი წლების მიხედვით - 2019 წ 8.5%, 2020 წ 9.6%, 2021-2022 წლებში 9.9%, აქვე შემმოწმებელი მიუთითებს, რომ თითოეული საქონლის სახეობისთვის გამოყენებულია შესაბამისი ჯგუფის ფასნამატი, ამ ყველაფრის საფუძველზე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 118 989 ლარით, რასაც რა თქმა უნდა არ ეთანხმება. ასევე არ ეთანხმება შემმოწმებლის განმარტებას იმ ნაწილში, რომ გადამხდელმა აქტიურად არ ითანამშრომლა შემოწმების პროცესში. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები და გაანგარიშების ცხრილები გავლილია გადამხდელთან, გაგზავნილია ელექტრონულ ფოსტაზე და გათვალისწინებულია გადამხდელის შენიშვნები, გადამხდელი ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, საშუალო ფასნამატს, თუმცა არ ეთანხმება სიგარეტსა და ალკოჰოლზე გამოყენებულ ფასნამატს. საგადასახადო შემოწმების მსვლელობისას გადამხდელის მიერ შემმოწმებელზე 31.05.2022 წელს გაგზავნილია იდენტიფიცირებულ მყიდველებზე რეალიზებული საქონლის ფასნამატის გაანგარიშება. აღნიშნული გაანგარიშებით საქონელი დაყოფილია 23 კატეგორიად, საშუალო ფასნამატი შეადგენდა 7,84%-ს.
გადამხდელის მიერ შემმოწმებლისთვის გაგზავნილია ინფორმაცია იმ მეწარმე სუბიექტების ფასნამატის შესახებ, რომლებიც კომპანიის ფაქტიური საქმიანობის ადგილის მიმდებარედ ფუნქციონირებს (იდენტური, მსგავსი საქმიანობით დაკავებული მეწარმეები). აღნიშნული ფირმების ფასნამატი საგადასახადო შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე (დავების დეპარტამენტის გადაწყვეტილების შესაბამისად გადაანგარიშების შედეგები) განსაზღვრულია 4-7%-ის ფარგლებში. შემმოწმებლის მიერ არ ყოფილა მიღებული მხედველობაში გადამხდელის მიერ წარდგენილი ფასნამატი კატეგორიების მიხედვით იდენტური და/ან მსგავსი საქონლის მიხედვით (ფაქტობრივად თითოეული კატეგორიაში შეტანილი საქონელი დაჯგუფებულია იდენტური და მსგავსი საქონლის მიხედვით და მინიჭებულია შესაბამისი კოდი და გამომდინარე გაანგარიშებულია ფასნამატი). ასევე, არაა მხედველობაში მიღებული ის ფაქტი, რომ კომპანიის ფაქტიური საქმიანობის ადგილის მიმდებარედ ფუნქციონირებს იდენტური, მსგავსი საქმიანობით დაკავებული მეწარმეები. შემმოწმებლის მიერ ფასნამატის გაანგარიშებულია მხოლოდ იმ საქონელზე რომლის დასახელებაც შეძენისა და რეალიზაციის ამსახველ დოკუმენტებში ზუსტად იგივეა. გამომდინარე აქედან, ფასნამატის გამოთვლისა და დღგ-ის ბრუნვის გაზრდის მიზნით არგუმენტები არის არამყარი საფუძველის მქონე, შემმოწმებლის მიერ მხედველობაში არ არის მიღებული საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით ფასის განსაზღვრის პრინციპები, კერძოდ ის გარემოება რომ სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე. იდენტური საქონელი არის სხვადასხვა საქონელი, რომლებსაც აქვთ ერთნაირი მახასიათებლები, კერძოდ, ფიზიკური მახასიათებლები, ხარისხი, რეპუტაცია ბაზარზე, წარმოშობის ქვეყანა ან/და მწარმოებელი. მსგავსი საქონელი არის სხვადასხვა საქონელი, რომლებიც არ არიან იდენტური, მაგრამ აქვთ მსგავსი მახასიათებლები და შედგებიან მსგავსი კომპონენტებისაგან, რაც მათ საშუალებას აძლევს, განახორციელონ ერთი და იგივე ფუნქციები და იყვნენ კომერციულად ურთიერთშემცვლელი.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო არასპეციალიზებულ მაღაზიებში ვაჭრობა, საქმიანობის სფეროდან გამომდინარე პროცესის უფრო დეტალურად გავლისა და გაანალიზების გარეშე შეუძლებელია ზუსტი ფასნამატის გამოთვლა, ან/და დღგ-ის ბრუნვის ზუსტი განსაზღვრა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა დეტალურად გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა გარემოება გამოიკვლიოს და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შესაბამისად ითხოვს რომ საკითხის შესწავლა მოხდეს უფრო დეტალურად და ამის შემდეგ განისაზღვროს კონკრეტული შედეგები და არა ასეთი ზედაპირული გამოთვლებით.
ითხოვს ცნობად იქნას მიღებული პირველ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განმარტებები და არგუმენტები. ერთის მხრივ, გასაგებია შემმოწმებლის პოზიცია და სურვილები, მაგრამ მეორეს მხრივ, მოცემულ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გააჩნია ისეთი მტკიცებულებები და ნორმატიული მასალა, რომელიც ქმნის კომპანიის პოზიციის სისწორის განცდას და აქვს სრული სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ მოითხოვოს სამართლებრივად დასაბუთებული პოზიციის გაზიარება.
მომჩივანი ითხოვს მიეცეს საშუალება შემმოწმებლისა და გადასახადის გადამხდელის სპეციალისტების მიერ დეტალურად იქნას შესწავლილი და გავლილი ხსენებული საკითხები, რომ მოხდეს რეალური გადასახადის დადგენა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):
ა) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;
ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:
ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;
ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;
ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;
ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
15.06.2023 წელს საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საგადასახადო შემოწმების მსვლელობისას საგადასახადო ორგანში წარდგენილია იდენტიფიცირებულ მყიდველებზე რეალიზებული საქონლის ფასნამატის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული გაანგარიშებით საქონელი დაყოფილია 23 კატეგორიად, საშუალო ფასნამატი შეადგენდა 7,84%-ს. ასევე, წარდგენილია ინფორმაცია იმ მეწარმე სუბიექტების ფასნამატის შესახებ, რომლებიც კომპანიის ფაქტიური საქმიანობის ადგილის მიმდებარედ ფუნქციონირებს (იდენტური, მსგავსი საქმიანობით დაკავებული მეწარმეები) და ფასნამატი საგადასახადო შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე განსაზღვრულია 4-7%-ის ფარგლებში. ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა შემმოწმებელთან ერთად დეტალურად შეისწავლოს ზემოხსენებული საკითხები, რომ მოხდეს რეალური გადასახადის ოდენობის დადგენა.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ ალკოჰოლსა და სიგარეტზე გამოყენებულია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი, იმავე რეგიონში მდებარე სხვა კომპანიის აუდირებული ფასნამატი (საშუალო ფასნამატი სიგარეტზე 7%, ხოლო ალკოჰოლზე 23%), ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია ალკოჰოლსა და სიგარეტზე. ამასთან, სხვა დანარჩენ პროდუქციაზე შემოწმების მიერ გამოყენებულია თავად გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი. გადამხდელის მიერ ნახსენებ 7.84%-იან ფასნამატთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ იგი განსაზღვრულია მთლიანი შესამოწმებელი პერიოდისათვის, შემოწმებით კი ფასნამატები განისაზღვრა არა შესამოწმებელი პერიოდისათვის მთლიანად, არამედ წლების ჭრილში და თითოეული საქონლის სახეობისთვის გამოყენებულია შესაბამისი ჯგუფის ფასნამატი. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს გამოწერილი სასაქონლო ზედნადები არც ალკოჰოლზე და არც თამბაქოზე, შესაბამისად შეუძლებელია ამ ჯგუფებზე დოკუმენტური ფასნამატის განსაზღვრა, შესაბამისად გადამხდელის წარდგენილ გაანგარიშებაში აღნიშნული ჯგუფები არ მონაწილეობს ან მონაწილეობს ნულოვანი მნიშვნელობით, რაც ცხადია საშუალო ფასნამატს ამცირებს. შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია ყველა შენიშვნა, რომელიც გადამხდელს ჰქონდა სასაქონლო ზედნადებების დაკავშირებასთან დაკავშირებით. მაქსიმალურად დეტალურად მოხდა საქონლის იდენტიფიცირება და შესაბამისი შეძენარეალიზაციის ოპერაციების დაკავშირება.
საბჭოს მიერ მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელთან ერთად შეესწავლა სადავო საკითხი.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოხდა გადასახადის გადამხდელთან ერთად საკითხის დამატებით შესწავლა. შემოწმებით ფასნამატები გაანგარიშებულია წლების ჭრილში, შეძენები ჩაშლილია მთლიანი პერიოდის პროპორციულად და გადამხდელის წარმომადგენელმა შესთავაზა შეძენების ჩაშლა განხორციელდეს ასევე წლების ჭრილში, რასთან დაკავშირებითაც წარადგენს ცხრილის სახით შესაბამის გაანგარიშებას, ასევე განხილული იქნა მეორე ვარიანტი, რომ ფასნამატებზე გაანგარიშება წარადგინოს არა მთლიან პერიოდზე, როგორც აქამდე ჰქონდა წარდგენილი არამედ, წლების ჭრილში, მათ შორის თვეების ჭრილში, რაზეც ორივე მხარე თანახმაა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები/ინფორმაცია მათ შორის ცხრილის სახით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების/დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7037 ბრძანება;
3. მომჩივანს მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები/ინფორმაცია (მათ შორის ცხრილის სახით);
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების/დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტობრივი გარემოებები
შემმოწმებლის განმარტებით გამოვლინდა არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის, აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
შემოწმებით ფასნამატები გაანგარიშებულია წლების ჭრილში, შეძენები ჩაშლილია მთლიანი პერიოდის პროპორციულად. გადამხდელის შესთავაზებით შეძენების ჩაშლა განხორციელდეს წლების ჭრილში, რასთან დაკავშირებითაც წარადგენს ცხრილის სახით შესაბამის გაანგარიშებას, ასევე ფასნამატებზე გაანგარიშება წარადგინოს არა მთლიან პერიოდზე, არამედ წლების ჭრილში, მათ შორის თვეების.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები/ინფორმაცია მათ შორის ცხრილის სახით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს წარდგენილი მტკიცებულებების/დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154; 159; 160;