ბრძანება N 26507
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26507
17 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2024 წლის 12 და 15 ნოემბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 ნოემბრის და 5 დეკემბრის სხდომებზე (ოქმები №125 და №128) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 12 ნოემბრის №92810/1/2024 და 15 ნოემბრის №92876/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 4 ოქტომბრის №006-446 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით შემმოწმებელმა ვერ მოიძია ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემების შესახებ. განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელმა თავისი ინიციატივით მოიძია აღნიშნული ინფორმაცია და წარუდგინა შემმოწმებლებს, თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არ გადაიანგარიშა დარიცხული თანხები. ითხოვს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულებას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.
2. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის №12898 და 28 სექტემბრის №23820 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მაისამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 9 ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 18 ოქტომბრის №25769 ბრძანება და ამავე თარიღის №006-527 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 188 493 ლარი, მათ შორის, გადასახადი 113 241 ლარი, ჯარიმა 58 008 ლარი, საურავი 17 244 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 29 დეკემბრის №33928 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 22 მაისის №22019/2/2024 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33928 ბრძანება და საჩივარი, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შემოსავლების სამსახურმა გამოსცა 2024 წლის 12 ივნისის №13802 ბრძანება, რომლითაც საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემებით, ხოლო 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე გაავრცელოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 ივნისის №13802 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 30 სექტემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, კომპანიას არ შეუმცირდა დარიცხული თანხები. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 4 ოქტომბრის №006-446 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, განხორციელდა ამავე დეპარტამენტში არსებული, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება. აღნიშნულის შედეგად, საგადასახადო აქტის შედეგების კორექტირების საფუძველი არ გამოვლენილა. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებამ არ აღასრულა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, კერძოდ, არ მოიძია ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემების შესახებ, ასევე, არც გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული მტკიცებულებები გაითვალისწინა და შესაბამისად, არ გადაინგარიშა დარიცხული თანხები.
საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 ივნისის №13802 ბრძანება, ამდენად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემებით, ხოლო 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე გაავრცელოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემებით, ხოლო 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე გაავრცელოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებამ არ აღასრულა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, კერძოდ, არ მოიძია ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემების შესახებ, ასევე, არც გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული მტკიცებულებები გაითვალისწინა და შესაბამისად, არ გადაინგარიშა დარიცხული თანხები. საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 ივნისის №13802 ბრძანება, ამდენად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემებით, ხოლო 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე გაავრცელოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წარმოდგენილი საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159; 275;
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)