ბრძანება N 5295
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5295
20.03.2023
ი/მ "----------" (ს/ნ ----------)
(მის.: ---------- )
2022 წლის 9 დეკემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა ი/მ "----------" (ს/ნ ----------) 2022 წლის 9 დეკემბრის №77160/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 დეკემბრის №005-178 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
მომჩივანი მიუთითებს, რომ შემოწმების პერიოდში ყველა საქონლის რეალიზაციაზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები და ზოგიერთ შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშფაქტურებიც, რაც არ იქნა გათვალისწინებული გადაანგარიშების ეტაპზე და საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი. ითხოვს დოკუმენტურად დადასტურებულ რეალიზაციებზე არ გავრცელდეს ფასნამატი და აღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელდეს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 ივლისის №19584 ბრძანების საფუძველზე ი/მ "----------" (ს/ნ ----------) 2022 წლის 20 აპრილის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
„2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით სრულყოფილად შეისწავლოს პირველი სადავო საკითხი, მათ შორის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით სრულყოფილად შეისწავლოს მე-2 და მე-3 სადავო საკითხები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 ივლისის №19584 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 29 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ დაუკორექტირდა. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 2 დეკემბრის №005-178 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების საკითხი და იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი არ აწარმოებდა აღრიცხვას და სააღრიცხვო მონაცემებით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა კორექტირებას არ დაექვემდებარა.
შემოწმებით ქონების გადასახადი დარიცხული იყო 2014 წლის საანგარიშო პერიოდზე, იმის გათვალისწინებით, რომ ამ წელს გადამხდელი სრულ პერიოდზე ფლობდა ქონებას. 2015 წელს შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულს შორის სხვაობა არ გამოვლენილა.
რაც შეეხება ხელფასის გაცემის პერიოდის ცვლილების საფუძველზე განსაზღვრულ ჯარიმას, აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ხელფასი გაცემულია 2015 წლის მაისის თვეში, რაც დგინდება საბანკო ამონაწერით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების ეტაპზე არ გამოკვეთილა ახალი გარემოება, რაც საფუძველი გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების დასაკორექტირებლად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამავე კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ შემმოწმებელმა ელექტრონული ფოსტის საშუალებით გამოუგზავნა შეტყობინება და დაავალა მის მიერ შერჩეულ 100 გადამხდელზე წარედგინა შედარების აქტები რეალიზებული პროდუქციის რაოდენობისა და ღირებულების შესახებ. გადამხდელმა შეძლო 48 შედარების აქტის წარდგენა (გარდა ამისა, მის მიერ ნოტარიული წესით წარდგენილია შედარების აქტები თითქმის 2 000 000 ლარზე). დანარჩენის შედგენა ვერ მოხერხდა, ვინაიდან ზოგი გადამხდელი ვერ მოიძებნა, ზოგი გაუქმებული იყო და ზოგმა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო უარი თქვა შედარების აქტის ხელმოწერაზე. მიუთითებს, რომ ვინაიდან, სრულად ვერ შეძლო შედარების აქტების მიტანა და ასევე, შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში არ ეწერა ცალსახად, რომ დოკუმენტურად დადასტურებულ რეალიზაციაზე არ უნდა გამოყენებულიყო არაპირდაპირი მეთოდი, უარი ეთქვა შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირებაზე. აცხადებს, რომ შემოწმების პერიოდში ყველა რეალიზაციაზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადები (3 966 762 ლარზე), საიდანაც 539 940 ლარზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც მყიდველს წარდგენილი აქვს ჩათვლაზე და ამობეჭდილია სალაროს ჩეკიც. აღსანიშნავია, რომ 903 154 ლარზე მყიდველი ადასტურებს საქონლის მიღებას სასაქონლო ზედნადებით. სწორედ ამიტომ შემოსავლების სამსახურმა აუდიტის დეპარტამენტს დაავალა შეემოწმებინა საჩივარში მოყვანილი ფაქტების რეალობა და ამის მიხედვით მოეხდინა გადაანგარიშება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ საქმის ზეპირი განხილვისას გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად შემოწმებით, საქონლის დოკუმენტურად დადასტურებულ რეალიზაციებზე გავრცელებულია არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან არ არის დასაბუთებული საქონლის დოკუმენტურ რეალიზაციაზე არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის გავრცელების საფუძველი. ამდენად, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის დოკუმენტურად დადასტურებულ რეალიზაციებზე გავრცელებული ფასნამატის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს კორექტირებას (შემცირებას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "----------" (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის დოკუმენტურად დადასტურებულ რეალიზაციებზე გავრცელებული ფასნამატის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.