გადაწყვეტილება №19831/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19831/2/2023
27 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------------- 30.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19831/2/2023).
დავის საგანი:
უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები და დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.10.2022 წლის №006-424 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.05.2023 წლის №10163 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 314 826 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 161 426
დღგ - 101 150
საშემოსავლო გადასახადი - 60 276
ჯარიმა - 58 234
საურავი - 95 166
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სპეციალური სამშენებლო სამუშაოები.
უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 5.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
მომჩივანმა 20.03.2017 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით 105 000 აშშ დოლარად (260 578 ლარი) შეიძინა 193.37 მ 2 კომერციული ფართი და 139.56 მ2 ავტოსადგომი (ს/კ -----------), მდებარე ქ. ---------- ქუჩა №--------ში. 2018 წლის მარტში გადამხდელმა აღნიშნული კომერციული ფართი და იმავე მისამართზე საკუთრებაში არსებული დამხმარე ფართი 19.66 მ 2 (ს/კ -----------) გააერთიანა, შესაბამისად, კომერციული ფართი გახდა 213.03 მ 2 (ს/კ -------------). გაერთიანებული ფართი გადამხდელს იჯარით ჰქონდა გაცემული შპს „------------“.
უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, 26.03.2019 წელს კუთვნილი უძრავი ქონება მომჩივანმა გაყიდა 188 000 ლარად, მყიდველები: ----------, ------------- და ------------. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადამხდელისგან მოთხოვნილია საბანკო ამონაწერები, რომელთა ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ზემოაღნიშნულ ფიზიკურ პირებს მეწარმის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული აქვთ 227 321,15 აშშ დოლარი და 53 380 ლარი (სულ 663 100 ლარი).
გადამხდელს არ შეუსრულებია აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.
შემოწმების შედეგად, მომჩივანს განესაზღვრა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი 26.03.2019 წელი, ხოლო საბანკო ანგარიშებზე მყიდველების მიერ ჩარიცხული თანხები დაკვალიფიცირდა უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასად და 561 949 ლარი დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
ამასთან, უძრავი ქონების შეძენის ღირებულების გათვალისწინებით აღნიშნული თანხა დაექვემდებარა დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.10.2022 წლის №25354 ბრძანება და ამავე თარიღის №006-424 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 5.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.05.2023 წლის №10163 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ მეწარმის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები (გარდა 188 000 ლარისა) წარმოადგენდა ფიზიკური პირების მიერ ი/მ ----------გაცემულ სესხს, რომლითაც მეწარმეს უნდა დაეფარა საბანკო დავალიანება. მისივე განმარტებით, მყიდველები გამოიკითხნენ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სადაც დაადასტურეს, რომ მომჩივნისგან იყიდეს უძრავი ქონება 188 000 ლარად, ხოლო ჩარიცხული თანხის დანარჩენი ნაწილი წარმოადგენდა გაცემულ სესხს. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა შემოსავლების სამსახურში საჩივრის ზეპირი განხილვის შემდგომ, 28.03.2023 წელს წარადგინა განცხადება (რეგ. №--------) სესხის გადახდის გრაფიკთან და საგადახდო დავალებასთან ერთად. წარდგენილი სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით, რომელიც დათარიღებულია 29.12.2022 წლით, 2019 წელს ი/მ -------გაცემული სესხის (171 131 აშშ დოლარი) დაფარვა დაიწყება 28.01.2023 წელს და სესხის ვადად განისაზღვრება 5 წელი. წარდგენილი საბანკო ამონაწერისა და საგადახდო დავალების მიხედვით, ------------ 2023 წლის 8 თებერვალს და 10 მარტს ---------- საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 6 000 და 8 000 ლარი. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, ი/მ ----------- მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით არ არიან გამოკითხული ----------, ---------- და -----------.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს სადავო საკითხთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ მეწარმის საბანკო ანგარიშზე მყიდველი ფიზიკური პირების მიერ ჩარიცხული თანხების უძრავი ქონების სარეალიზაციო ღირებულებად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა ოთხი სხდომა მიუძღვნა სადავო საკითხს და ცხადია შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ თითქოს ამ სხდომებზეა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
მომჩივანი მიწვეული იყო ერთ სხდომაზე, რომელსაც ერთი წარმომადგენელი დაესწრო. საკითხის განხილვისას სხდომის წარმართვისას საბჭოზე დასმული კითხვების ადრესირება ეკუთვნოდა სხვა პერსონებს, ხოლო დამსწრე წარმომადგენელი ზუსტ პასუხს რასაკვირველია ვერ გასცემდა, დასმული კითხვები შეეხებოდა კონტრაქტის მონაწილეებს, ქონების შემძენს, გამყიდველს და მესამე პირს, ასევე იმ იურისტს ვინც მას ახლდა საგამოძიებო სამსახურში ვიზიტისას (ეს არის ფაქტი და ამას დაადასტურებს ცხადია საგამოძიებო სამსახურის საშვების პროგრამა). ასევე, შეეხებოდა მიმდინარე აუდიტის ფარგლებში მოწმის სახით გამოკითხულ პერსონებს --------------).
ვერბალურმა კომუნიკაციამ პრობლემა გამოიწვია ანუ იმან რომ საბჭოზე დამსწრე მომჩივნის წარმომადგენელმა ვერ გადმოსცა გარკვევით მყიდველი პერსონების განმარტებების ადგილის შესახებ ინფორმაცია კერძოდ, ------------ განაცხადეს - საგამოძიებოში, პოლიციაში თუ აუდიტის დეპარტამენტში. ისინი მზად არიან და დაადასტურონ ფაქტი, რომ გარიგებაში მითითებული თანხის გარდა სხვა თანხა ასესხეს ფიზიკურ პირს ------- და გარიგების კომპენსაციის ნაწილი ის არ არის. ეს სესხის თანხა სჭირდებოდა ----------- და ეს საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებითაც დასტურდება (ამ თანხით გამოხსნილია გასაყიდი ქონება და ერთგვარად ჩანაცვლებულია კრედიტორი - სს -------- (ბანკი ------ უფლებამონაცვლე)). საბჭოზე ყველა ამ პირის მოწვევის შემთხვევაში დადასტურდებოდა სათანადო ფაქტი. ამიტომ საბჭოზევე დამსწრე წარმომადგენლის შეთავაზების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ მომდევნო სხდომაზე კვლავ მიიწვევდნენ (ასე არ მოხდა და არ მიიწვიეს) და წარმოადგენდა აუდირებისას ჩართულ ყველა პერსონას და დადგინდებოდა ფაქტები და გარემოებები, ასევე გაიცემოდა პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
იმის მიუხედავად რომ პერსონალური და კომერციული მონაცემების მითითება 1.03.2023 წლის №----------- წერილში წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოების თაობაზე საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის დარღვევას, კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ------------- ვიზიტზე ნამდვილად იყო საგამოძიებო ორგანოში და ეს ფაქტი საშვთა ბიუროს პროგრამიდან შეიძლება დადასტურდეს. რაც შეეხება ვიზიტს და მიზანს - ეს იყო დიახ, 2022 წლის ოქტომბერში და აქტის ირგვლივ მიმოხილვა ჩატარდა. საუბარი გაიმართა გამომძიებელთან და იურისტის/ადვოკატის მოწვევაც კი არ გახდა აუცილებელი. მიეცა ცნობა რომ აუდიტის დეპარტამენტიდან მიიღეს შეტყობინება, ისეთი აქტის შესახებ სადაც გადასახადის ოდენობა აღემატებოდა 100 000 ლარს.
რა ფაქტობრივი გარემოების დადგენას მოემსახურა აღნიშნული წერილი, რაც გაიგზავნა საგამოძიებო სამსახურში იმთავითვე გაუგებარია, რატომ მოხდა მისი, ასევე მესამე პირების (კონტრაგენტების თუ მოიჯარე კომპანიის) პერსონალური მონაცემების მიწოდება სხვა პირთათვის, როცა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით ვერც იქნებოდნენ გამოკითხული -----------, ---------- და -----------, სსკ-ის 218-ე მუხლით ძიება არც დაწყებულა საქმეზე ანუ რა კითხვებიც დაისვა იმის ადექვატური პასუხი გაეცა საგამოძიებო ორგანოს მხრიდანაც.
არ არის წინააღმდეგი განმარტებების წარდგენისა ნებისმიერ ორგანოში და ამაზე მისი კონტრაგენტები დათანხმდნენ, როგორც ეს გააკეთეს აუდიტის დეპარტამენტში დაბარებისას, სადაც ფაქტის კომენტირებისას მათ ცალკე და ერთობლივად ჯვარედინად/ზეპირად და წერილობით განაცხადეს (№-----------) და დაწერეს არაერთი განმარტება, თუ ბარათი, შემდეგ უკვე გაფორმდა გრაფიკი სესხის დაფარვაზე (გადახდაც დაწყებულია ამ გრაფიკით). დაკითხვის პროცედურას აუდიტორთან ერთად ესწრებოდა მენეჯერი, ხოლო გადამხდელის მხრიდან მინდობილი პირი -------- (პ/ნ ----------). სადავო ბრძანებაში არ მოხსენიებულა არცერთი კომენტარი თუ შეფასება ამ გარემოებათა ირგვლივ და საბჭო ზეპირად ენდო აუდიტორის მოსაზრებას საკომპენსაციო თანხის დაანგარიშების შესახებ.
----------- ქონების გაყიდვისას ბანკების პრობლემების მოგვარების მიზნით 2019 წელს აიღო სესხი 177 131 აშშ დოლარი ხსენებული ფიზიკური პირებისაგან. სესხების გადაცემისას მოხდა შეთანხება სასესხო პირობებზე. აღნიშნული სესხი მოხმარდა მის სახელზე არსებულ ბანკ ------------(ამჟამინდელი სს -------- ბანკში) საკრედიტო დავალიანებას.
------------, არაურთიერთდამოკიდებული პირისგან 105 000 აშშ დოლარად ნაყიდი და ბანკში ჩადებული ქონების გასხვისება 188 000 ლარად მოახდინა არაურთიერთდამოკიდებული ფიზიკურ პირებზე, რათა ბანკს არ წაერთმია მთლიანად საკუთრებაში არსებული ყველა ქონება. ამავე ფიზიკური პირებისაგან ნასესხები ფულადი რესურსით განხორციელდა ბანკის სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონების დახსნა.
ამდენად, თანხები განაწილებულია და შედგება ოპერაციებისგან:
1. ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა 188 000 ლარი (94 000 ლარი კომერციული ფართის გაყიდვიდან და 94 000 ლარი ე.წ. საცხოვრებელი ფართის (ავტოსადგომი, დამხმარე მცირე ფართი და ავტოფარეხები) და
2. აღებული სესხი 177 131 აშშ დოლარი ფიზიკური პირებისგან -----------, ------------და ----------
გარკვეული მიზეზების გამო------------ ქუჩა №---------ში მდებარე ფართი იყიდებოდა. პარტნიორებმა ერთად გადაწყვიტეს ამ კონკრეტული ფართის შეძენა. ------------- ამცნო, რომ ნასყიდობის შედეგად მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი კრედიტის დასაფარად და იპოთეკის მოსახსნელად და სჭირდებოდა დამატებით სესხის აღება, რადგან ამ კონკრეტული ფართთან ერთად იყო დატვირთული მისი სხვა უძრავი ქონებებიც. შეთანხმდნენ, რომ მოახდენდნენ რესურსების მობილიზაციას, ერთობლივად მიმართეს სს თიბისი ბანკს და აიღეს კრედიტი -------------, ------------- და გ-------------. გადაწყვიტეს დახმარებოდნენ------------- აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში და ასევე მისგან შეეძინათ ზემოთ აღნიშნული ფართი. სესხის სახით მან მიიღო 177 131 აშშ დოლარი, რითაც მან შეძლო აღნიშნული კრედიტის დაფარვა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ამ კონკრეტული ფართის მათ სახელზე რეგისტრირება.
სადავოა აუდიტორის გაანგარიშება, როცა 105 000 აშშ დოლარად ნაყიდი და შემდეგში ბანკის კრედიტის უზრუნველსაყოფად ჩადებული უძრავი ქონების 188 000 ლარიან გაყიდვის ოპერაციაზე დაადგინა 314 826 ლარიანი ვალი და შემდეგში სადავო საგადასახადო მოთხოვნის მართლზომიერება დაადგინა შემოსავლების სამსახურმა.
ჯერ აუდიტის დეპარტამენტი და შემდეგ უკვე შემოსავლების სამსახური ისე დაეთანხმა 314 826 ლარიან საგადასახადო მოთხოვნის მართლზომიერებას, რომ საერთოდაც არც შეფასდა გარიგებები და მიზანი თუ რატომ დაიდო ეს გარიგებები - საჯარო რეესტრიდანაც (მათი მიმართვები) ჩანს და ხომ აშკარაა როგორ ცდილობდა დაინტერესებული ბანკი, თუ სააუქციონო სახლი ყველა ქონების გაყიდვას და რა ფინანსური სირთულე წარმოიქმნა.
საჩივრის უარყოფაზე გამოტანილი ბრძანება არაა დასაბუთებული და მხოლოდ საბჭოზე გაკეთებულ მიმოხილვებზე/მოსაზრებებზე და გადაუმოწმებელი განმარტებებიდან გამომდინარეობს. აუდიტორებმა არასათანადოდ შეისწავლეს შემდეგი ინფორმაცია: რა გარიგებით (ისედაც საჯაროა) იყიდა, რა თანხად იყიდა და რა იყო საბაზრო ფასი; ვისზე გაყიდა (ესეც საჯაროა) რა გაყიდა და რა ფასად; ვინაა და რა პერიოდშია ფართში იჯარით (ესეც საჯაროა); მოიჯარის კონტრაქტებიც შეეძლოთ ენახათ; არ გამოუთხოვიათ ბანკში ჩადებული ქონების უზრუნველყოფის ხელშეკრულებები; არ დაუდგენიათ, რომ დღგ-ის ჩათვლა არ მომხდარა მყიდველი მხარის მხრიდან. ამასთან, წარმომადგენლის მიერ საბჭოზე გაკეთდა შეთავაზებაც - საჭირო თუ გახდება ქრონოლოგიურად ყველა საბანკო გადარიცხვების წარდგენაზე; წარდგენილი იყო სესხის კონტრაქტები და სესხის დაფარვის გრაფიკები ფიზიკურ პირებთან. საბჭოზევე გასაუბრების შემდეგ არანაირი შეფასება არაა ბრძანებაში, თუ რატომაა უარყოფილი ეს დოკუმენტები ან რა არგუმენტებზე დაფუძნებით გაკეთდა რომ ყველა თანხა კომპენსაციაა? როცა საბაზრო ფასი ამას ადასტურებს არანაირი დავალება ასეთი მტკიცებების შესახებ. საჯარო რეესტრის მონაცემთა საჯარო ბაზა გარიგებების მოიჯარეების თუ მათი დამფუძნებლების და ასე შემდეგ ცნობებია.
ზემოაღნიშნულით და საჩივარზე დართული მტკიცებულებებით საბჭო დარწმუნდება, რომ თავდაპირველად მოქალაქე ------------- მიერ ამხანაგობიდან (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „-------------“ - ვრცლად შესაძლებელია ნახვა საჯარო რეესტრის ღია მოდულიდან) გამოტანილი და მის მიერ 105 000 აშშ დოლარად ნაყიდი ქონება (რომელიც რეესტრში ნაწილი კომერციულ ფართადაა აღრიცხული და ნაწილი დამხმარე (შემდეგ მიუერთა კომერციულ ფართს) ფართად, საცხოვრებლად/ავტოფარეხებად თუ ავტოსადგომებად) 2 წლის შემდეგ, როცა გასხვისდა ეს ქონებები ვერ იქნებოდა ამდენივე საბაზრო ღირებულების, რადგანაც სულ მინიმუმ ბანკში იყო დაგირავებული სხვა ქონებებთან ერთად სესხის უზრუნველსაყოფად ანუ ნორმალურ ფასში საერთოდ ვინ იყიდიდა იურიდიული ნაკლის მქონე ქონებას - ეს არაა სათანადოდ შესწავლილი.
აქტივების მიწოდებისას 2 წლიანი შეღავათის გამოყენება საშემოსავლო გადასახადში და ამასთანავე 100 000 ლარიანი ლიმიტის ფარგლებში განხორციელებული გარიგება კომერციულ ფართზე საერთოდ არ წარმოშობს საგადასახადო ვალდებულებას. ამასთანავე, დღგ-ის ვალდებულების განსაზღვრაში აუდიტის მიერ დაშვებული იქნა ორი დიდი შეცდომა პირველი, სესხის თანხა იქნა დამატებული კომპენსაციის თანხაში და მეორე ავტოფარეხების, როგორც განსხვავებული ქონებრივი მდგენელი და მისი მიწოდება დღგ-ის მიზნებიდან გამომდინარე არითმეტიკულად შეჯამდა კომერციულ ფართთან და ერთად იქნა დაბეგრილი.
საგულისხმოა, რომ არც 2017 წელს შეძენისას შეფასებულა ეს ოპერაცია დღგ-ით დასაბეგრად და ცხადია ანგარიშ-ფაქტურაც არ იქნა გამოწერილი გამყიდველისგან, ამიტომაც დღგ-ში საგადასახადო ტვირთი ჩათვლების გარეშეა. ცხადია არანაირი დღგ-ის ჩათვლა არ არსებობს და ხანდაზმულობის შემდეგ აღარც იარსებებს, რადგან 2019 წელი გასულია და ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის თეორიული შანსიც არ არსებობს.
დღეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით იმ ქონების მიწოდება რაც არ დაბეგრილა დღგ-ით მისი შემდგომი მიწოდებაც დღგ-ით არ უნდ დაიბეგროს. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ 2021 წლიდან ანუ ახალი ცვლილებებით უფრო მკაფიო გახდა ნორმა და ასეთი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი, რომ რომც იყოს დასაბეგრი პირი ------------- - იმის გათვალისწინებით რომ მას საერთოდ არ ჩაუთვლია დღგ მისაწოდებელ ფართზე, ამ გარემოებითაც მის მიერ განხორციელებული ქონების მიწოდება ვერ ჩაითვლებოდა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული შესაბამის პერიოდში მოქმედი „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე. ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ დღგ-ით დასაბეგრი თანხის განსაზღვრა 2019 წელს მომხდარ ოპერაციაზე უნდა განხორციელდეს ე.წ. ავტოფარეხების (ავტოფარეხის მიწოდების მიზანი არ არის კომერცია, იჯარა და მისთანები და მისი მიწოდება მოხმარდა ბანკის სესხის გასტუმრებას, რითაც სხვა საცხოვრებელი ქონების გამოხსნა მოხდა და საცხოვრისის გადარჩენა და დახსნა ფინანსური შეტევისაგან) გასხვისებისთვის მიღებული კომპენსაციის თანხის გამოკლებით ანუ ამ საკლებით დარჩენილი თანხა ნაკლები იქნებოდა 100 000 ლარზე და ამდენად, დღგ-ის რეგისტრირება ვალდებულებას აღარ წარმოადგენდა და არც პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა სადავო შემოწმების აქტით. აუდიტორის მიერ ხსენებულ ნორმათა გაუთვალისწინებლად არის დაწერილი სადავო აქტი, რომელსაც წინ უძღვის ოპერაციების (სესხი+ქონების (კომერციული და საცხოვრებელი)) და ჩარიცხული თანხების გაურკვეველი შეჯამება.
მომჩივანი ითხოვს მისი ან მისი წარმომადგენლის დასწრებით მოხდეს სამართლიანი განხილვა და დეტალების სრულყოფილი შესწავლა. მისი მოთხოვნაა გაუქმდეს სრულად სადავო საგადასახადო მოთხოვნა, როგორც საგადასახადო კანონმდებლობასთან შეუსაბამო მოქმედებების ერთობლიობით გამოცემული ადმინისტრაციული აქტი.
მისი ალტერნატიული მოთხოვნა კი მდგომარეობს შემდეგში, საბჭოს მიერ თუ მაინც არასწორად იქნა მიჩნეული მის მიერ ამ საჩივარში დასახელებული ქონებების, კერძოდ კი ავტოფარეხების მიკუთვნება საცხოვრებელ ქონებებთან და შემდეგ კი ამ დაშვებით მათი მიწოდებების დაბეგვრის მიზნით ნორმების უსწოროდ განმარტა (ცხადია იმ სასესხო თანხის აბსურდული დამატების გაუქმების პირობებში) ამ იურიდიული შეცდომის ან/და უცოდინრობის გამო, მაინც მოხდება დღგ-ის დაკისრება, ითხოვს გათავისუფლდეს საგადასახადო სანქციისაგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, რამდენადაც დღგ-ის აღიარების და გადახდის შემთხვევაში ბიუჯეტი, მისგან როგორც ქონების მეიჯარისგან დღგ-ის ისეთ თანხებს მიიღებს, რომელიც საბოლოო მომხმარებლის ტვირთს წარმოადგენს.
გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირს სწამს, რომ მისი ქმედება კანონიერია, არ არის მართლსაწინააღმდეგო. ამასთან პირი მოქმედებს ე.წ. საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საპატიებელი შეცდომის დროს პირი ფიქრობს რომ არ არსებობს ისეთი ნორმა, რომელიც მის ქმედებას კრძალავს. მაშასადამე, მას არ გააჩნია სამართალდარღვევის ჩადენის შეგნება (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება 13.10.2022 წლის საქმეზე №ბს-513(2კ-22), რადგანაც საკანონმდებლო აქტით ვერ მოიძია ზუსტი განმარტება ამ ცნების და მიაჩნია, რომ მისი შემთხვევა მისადაგებულია განმარტების ამ არეალთან).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების თანახმად:
1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
7. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის მიხედვით:
1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
8. უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, ----------- არაურთიერდამოკიდებული პირისგან 105 000 აშშ დოლარად ნაყიდი და ბანკში ჩადებული ქონების გასხვისება 188 000 ლარად მოახდინა არაურთიერთდამოკიდებულ ფიზიკურ პირებზე. ქონების გაყიდვისას ბანკებთან პრობლემების მოგვარების მიზნით ამავე ფიზიკური პირებისაგან (მყიდველებისგან) 2019 წელს აიღო სესხი 177 131 აშშ დოლარი, სესხის გადაცემისას მოხდა შეთანხება სასესხო პირობებზე. ნასესხები ფულადი რესურსით განხორციელდა ბანკის სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონების დახსნა. ამდენად, ადგილი ჰქონდა შემდეგ ოპერაციებს:
1. ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა 188 000 ლარი (94 000 ლარი კომერციული ფართის გაყიდვიდან და 94 000 ლარი ე.წ. საცხოვრებელი ფართის (ავტოსადგომი, დამხმარე მცირე ფართი და ავტოფარეხები) და 2. სესხის 177 131 აშშ დოლარის აღება ფიზიკური პირებისგან -------------, ------------- და -------------. აღნიშნული პირები მზად არიან დაადასტურონ ფაქტი, რომ გარიგებაში მითითებული თანხის გარდა სხვა თანხა ასესხეს ფიზიკურ პირს ------------- და აღნიშნული თანხა არ არის გარიგების კომპენსაციის ნაწილი. აღსანიშნია, რომ 2 წლის შემდეგ, როცა გასხვისდა ეს ქონებები ვერ იქნებოდა იმდენივე საბაზრო ღირებულების, რადგანაც სულ მინიმუმ ბანკში იყო დაგირავებული სხვა ქონებებთან ერთად სესხის უზრუნველსაყოფად. ამასთან, დღგ-ის ვალდებულების განსაზღვრაში აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაშვებულია ორი დიდი შეცდომა პირველი, სესხის თანხა იქნა დამატებული კომპენსაციის თანხაში და მეორე ავტოფარეხები, როგორც განსხვავებული ქონებრივი მდგენელი და მისი მიწოდება დღგ-ის მიზნებიდან გამომდინარე არითმეტიკულად შეჯამდა კომერციულ ფართთან და ერთად იქნა დაბეგრილი. საგულისხმოა, რომ არც 2017 წელს შეძენისას შეფასებულა ეს ოპერაცია დღგ-ით დასაბეგრად და ცხადია ანგარიშ-ფაქტურაც არ იქნა გამოწერილი გამყიდველისგან, ამიტომაც დღგ-ში საგადასახადო ტვირთი ჩათვლების გარეშეა. ცხადია არანაირი დღგ-ის ჩათვლა არ არსებობს და ხანდაზმულობის შემდეგ აღარც იარსებებს.
ამდენად ითხოვს, დღგ-ით დასაბეგრი თანხის განსაზღვრა 2019 წელს მომხდარ ოპერაციაზე განხორციელდეს ე.წ. ავტოფარეხების (ავტოფარეხის მიწოდების მიზანი არ არის კომერცია, იჯარა და მისთანები. მისი მიწოდება მოხმარდა ბანკის სესხის გასტუმრებას) გასხვისებისთვის მიღებული კომპენსაციის თანხის გამოკლებით ანუ ამ საკლებით დარჩენილი თანხა ნაკლები იქნებოდა 100 000 ლარზე და ამდენად, დღგ-ის რეგისტრირება ვალდებულებას აღარ წარმოადგენდა და არც პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა სადავო შემოწმების აქტით. თუ მაინც არასწორად იქნა მიჩნეული მის მიერ ამ საჩივარში დასახელებული ქონებების, კერძოდ კი ავტოფარეხების მიკუთვნება საცხოვრებელ ქონებებთან და შემდეგ კი ამ დაშვებით მათი მიწოდებების დაბეგვრის მიზნით ნორმების უსწოროდ განმარტა ამ იურიდიული შეცდომის ან/და უცოდინრობის გამო, მაინც მოხდება დღგ-ის დაკისრება, ითხოვს გათავისუფლდეს საგადასახადო სანქციისაგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საჩივარს ახლავს სესხის გადახდის გრაფიკი, რომელიც დათარიღებულია 29.12.2022 წლით და რომლის მიხედვით, 2019 წელს ი/მ -------------გაცემული სესხის (171 131 აშშ დოლარი) დაფარვა დაიწყო 28.01.2023 წელს და სესხის ვადად განისაზღვრა 5 წელი. წარდგენილი საბანკო ამონაწერისა და საგადახდო დავალების მიხედვით, ------------- 2023 წლის 8 თებერვალს და 10 მარტს ------------- საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 6 000 და 8 000 ლარი. ასევე, წარმოდგენილია უძრავი ნივთის ნასყიდობის და იპოთეკის ხელშეკრულებები.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით წარდგენილი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, 26.03.2019 წელს კუთვნილი უძრავი ქონება ------------- 188 000 ლარად გაყიდა სამ პირზე: -------------,------------- და -------------. საგადასახადო შემოწმების პროცესში გადამხდელისგან მოთხოვნილია საბანკო ამონაწერები, რომელთა ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ზემოაღნიშნულ ფიზიკურ პირებს მეწარმის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული აქვთ 227 321,15 აშშ დოლარი და 53 380 ლარი (სულ 663 100 ლარი). აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ განხორციელდა გასაუბრება აღნიშნულ პირებთან, რომლებმაც განაცხადეს რომ თანხები ნამდვილად მათ მიერ არის ჩარიცხული, თუმცა ოდენობა უნდა დააზუსტონ, რადგან თანხის ნაწილი თავად ჰქონდათ დანაზოგი, ხოლო ნაწილი ისესხეს. აღნიშნულის შემდგომ სამივე პირი ------------- ერთად წარმოადგენს ახსნა-განმარტებას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულ თანხაზე მეტი თანხა წარმოადგენს სესხს, რომელიც მათ გადასცეს -------------.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით საბჭო იზარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ მეწარმის საბანკო ანგარიშზე მყიდველი ფიზიკური პირების მიერ ჩარიცხული თანხების უძრავი ქონების სარეალიზაციო ღირებულებად განხილვა განხორციელდა მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან, საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.
ამდენად, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სადავოდ არ გამხდარა შემოსავლების სამსახურში დავის წარმოებისას.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები და დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სპეციალური სამშენებლო სამუშაოები.
მომჩივანმა 20.03.2017 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა 193.37 მ 2 კომერციული ფართი და 139.56 მ 2 ავტოსადგომი.2018 წლის მარტში გადამხდელმა აღნიშნული კომერციული ფართი და იმავე მისამართზე საკუთრებაში არსებული დამხმარე ფართი 19.66 მ 2 გააერთიანა, შესაბამისად, კომერციული ფართი გახდა 213.03 მ 2 .გაერთიანებული ფართი გადამხდელს იჯარით ჰქონდა გაცემული შპს-ზე. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, 26.03.2019 წელს კუთვნილი უძრავი ქონება მომჩივანმა გაყიდა.გადამხდელს არ შეუსრულებია აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.მომჩივანს განესაზღვრა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი 26.03.2019 წელი, ხოლო საბანკო ანგარიშებზე მყიდველების მიერ ჩარიცხული თანხები დაკვალიფიცირდა უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასად და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.ასევე დაეკისრა გათვალისწინებული ჯარიმა.ამასთან, უძრავი ქონების შეძენის ღირებულების გათვალისწინებით აღნიშნული თანხა დაექვემდებარა დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით.
გამოცემული აქტები 5.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.05.2023 წლის №10163 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;157(7);160(ა);161(1ა);73(4,9ბ);79(ა);80(1);9(1);101(3ბ);102(1ბ):269(7);