ბრძანება N 8040
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8040
10 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------ის“ (ს/ნ -------------)
(მის.: -------------------------------)
2024 წლის 14 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 მარტის სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ -------------) 2024 წლის 14 თებერვლის №87733/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №021-122 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება სატრანსპორტო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების განსაზღვრას და ითხოვს გამოვლენილი ზედმეტი საწვავის ოდენობით არ მოხდეს დამატებითი შემოსავლების გაანგარიშება, არამედ აღნიშნული საწვავი განხილულ იქნას ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად, ასევე, გაუქმდეს ჩათვლილი დღგ-ის თანხა. აღნიშნავს, რომ ზედმეტად მიღებული საწვავის ანაზღაურებაც კი არ ფიქსირდება კომპანიის ფულადი სახსრებით.
2. გადამხდელი არ ეთანხმება სხვადასხვა შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვას. განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში შემმოწმებლებს წარედგინა კომპანიის მიერ დადებული ხელშეკრულება უძრავი ქონებების სამომავლოდ გრძელვადიანი იჯარის ფორმით გადმოცემის შესახებ, რომლების რემონტი ხორციელდება და დასრულების შემდგომ მოხდება მათი გამოყენება კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობის მიზნით. აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში მისაღები ქონებების რემონტზე გახარჯულია აღნიშნული მასალები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14104 და 16 ნოემბრის №28268 ბრძანებების საფუძველზე შპს „---------ს“ (ს/ნ -------------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 20 ივნისის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33333 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №021-122 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 303 911 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 181 676 ლარი, ჯარიმა 90 724 ლარი და საურავი 31 511 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
.შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს ტენდერში მონაწილეობის გზით დადებული აქვს ხელშეკრულებები ---------თან, ქ. -----სთან და სს „-------თან“ (ს/ნ ------------) სამგზავრო სატრანსპორტო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით. აღნიშნული მომსახურებების გაწევის შედეგად კომპანის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 528 000 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების მიმდინარეობისას განხორციელდა ზემოთ ხსენებულ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების ანალიზი. კერძოდ, ხელშეკრულებებში მითითებული გასავლელი მანძილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისზღვრა საწვავის ის ოდენობა, რომელიც საჭირო იქნებოდა აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის. შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს მთელ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული სპეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით სულ შეძენელი 421 791 ლიტრი სხვადასხვა დასახელების (ბენზინი, დიზელი) საწვავიდან 60% არის გაუხარჯავი. შემოწმების მიერ ასევე გაანალიზდა შემოსავლის ის მოცულობა, რომლის მიღებაც შეეძლო საწარმოს ნაშთად დარჩენილი საწვავის მომსახურებაში გამოყენების შემდეგ.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლები დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას. შედეგად საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების საქონელი (სარეცხი მანქანა, აბაზანის ინვენტარი, სხვადასხვა დასახელების მილები, სამშენებლო მასალები, ელემენტები, გაზის გამათბობელი და სხვა) სულ 224 614 ლარის ოდენობით. ამასთან, აღნიშნულ საქონელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით სრულად აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა. გამომდინარე იქიდან, რომ საწარმოს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონებები ან/და სხვა სახის ძირითადი საშუალებები, არ იკვეთება აღნიშნული საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და რეალიზაციისს ფაქტი, შემოწმების მიერ აღნიშნული საქონილი განხილულ იქნა რეალიზებულად და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლები დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას, შედეგად საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
.შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ გაწეული დოკუმენტური ხარჯების, მიღებული დოკუმენტური შემოსავლების, წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების მიხედვით გაწეული მომსახურების ხარჯების და არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების მიხედვით განხორციელდა საწარმოში ფულის მოძრაობის ანალიზი. აღნიშნული ანალიზის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ დადგენლი ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საქმეში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
.შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა ხელშეკრულებებში მითითებული გასავლელი მანძილის შესაბამისად საწვავის ის ოდენობა, რომელიც საჭირო იქნებოდა სატრანსპორტო მომსახურების გაწევისთვის. შედეგად დადგინა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული სპეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, შეძენელი საწვავიდან 60% არის გაუხარჯავი. ასევე გაანგარიშდა შემოსავლის ის მოცულობა, რომლის მიღებაც შეეძლო საწარმოს ნაშთად დარჩენილი საწვავის მომსახურებაში გამოყენების შემდეგ.
.საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების საქონელი (სარეცხი მანქანა, აბაზანის ინვენტარი, სხვადასხვა დასახელების მილები, სამშენებლო მასალები, ელემენტები, გაზის გამათბობელი და სხვა). საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამგზავრო სატრანსპორტო გადაზიდვები.
.შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ გაწეული დოკუმენტური ხარჯების, მიღებული დოკუმენტური შემოსავლების, წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების მიხედვით გაწეული მომსახურების ხარჯების და არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების მიხედვით განხორციელდა საწარმოში ფულის მოძრაობის ანალიზი. აღნიშნული ანალიზის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც შემომწებით განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება:
1.სატრანსპორტო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების განსაზღვრას და ითხოვს გამოვლენილი ზედმეტი საწვავის ოდენობით არ მოხდეს დამატებითი შემოსავლების გაანგარიშება, არამედ აღნიშნული საწვავი განხილულ იქნას ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად, ასევე, გაუქმდეს ჩათვლილი დღგ-ის თანხა.
2. სხვადასხვა შეძენილი საქონლის რეალიზებულად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №14104 და №28268 ბრძანებების საფუძველზე მომჩივანს ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 20 ივნისის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №33333 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №021-122 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 303 911 ლარის ოდენობით.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა ხელშეკრულებებში მითითებული გასავლელი მანძილის შესაბამისად საწვავის ოდენობა, რომელიც საჭირო იქნებოდა სატრანსპორტო მომსახურების გაწევისთვის. შედეგად დადგინა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული სპეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, შეძენელი საწვავიდან 60% არის გაუხარჯავი. ასევე გაანგარიშდა შემოსავლის ის მოცულობა, რომლის მიღებაც შეეძლო საწარმოს ნაშთად დარჩენილი საწვავის მომსახურებაში გამოყენების შემდეგ.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლები დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას. შედეგად საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
ამასთან,საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს სხვადასხვა დასახელების საქონელი . საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამგზავრო სატრანსპორტო გადაზიდვები.შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ გაწეული დოკუმენტური ხარჯების, მიღებული დოკუმენტური შემოსავლების, წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების მიხედვით გაწეული მომსახურების ხარჯების და არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავლების მიხედვით განხორციელდა საწარმოში ფულის მოძრაობის ანალიზი. აღნიშნული ანალიზის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც შემომწებით განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 ,,ა“.2 „ა“ და „ბ“; 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1);