ბრძანება N 21632

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.10.2025
№ დოკუმენტი 21632
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21632

08 ოქტომბერი 2025

ბრძანება

შპს „------- - ის“ (ს/ნ "--------" )

(მის."--------" )

2025 წლის 4 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 18 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №78) განიხილა შპს „--------- - ის“ (ს/ნ "--------") 2025 წლის 4 აგვისტოს №97333/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 ივლისის №007-156 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება შემმოწმებლის მიერ შესამოწმებელ პერიოდში სრულად შესყიდულ და რეალიზებულ სმფ-ს შორის სხვაობის გაყიდულად მიჩნევას და დღგ-ს დარიცხვას. მიიჩნევს, რომ შემმოწმებლის მიდგომით მოხდა სამეურნეო პროცესში ბუნებრივი დანაკარგის არსებობის სრული უგულებელყოფა და მიუთითებს, რომ ბენზინზე ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ნორმა საავტომობილო გადაზიდვისას შეადგენს 0,12 %-ს, ხოლო მიწისზედა რეზერვუარში შენახვის ნორმა -0,35 %-ს. ასევე, მომჩივანი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის სტაციონარულ ობიექტზე გაცემულ შვიდნიშნა კოდს, იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, გაუვიდა ვადა, კომპანია კვლავ გეგმავდა ახალი კოდის აღებას და ფუნქციონირების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას. შესაბამისად, კომპანიას 13 აპრილის მდგომარეობით ნაშთად დატოვებული ჰქონდა სმფ-ების ის ოდენობა, რაც უზრუნველყოფდა კომპანიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას. ამასთან, გადამხდელი აღნიშნავს, რომ კომპანიამ თავად გამოავლინა დანაკლისი და დაბეგრა საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

2. არ ეთანხმება შემოწმების შედეგად გამოანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

● პირველ საკითხში დარიცხვა გამორიცხავს ბუნებრივი დანაკარგის არსებობას, გავლენას ახდენს რეალიზაციის და შესაბამისად, კომპანიაში შესული თანხის (საკასო შემოსავლის) ოდენობაზე;

● გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიის დამფუძნებელს 1 მაისის მდგომარეობით უფიქსირდება შენატანი საწარმოს კაპიტალში (130 583.99 ლარის ოდენობით), რომლის დაფარვაც პირველ რიგში უნდა მოხდეს კომპანიაში დარჩენილი თავისუფალი ფულადი სახსრების საშუალებით (მანამდე, ვიდრე მოხდება დივიდენდის განაწილება ან ხელფასის გაცემა);

●მართალია, 1 მაისის მდგომარებით კომპანიას უფიქსირდება კრედიტორული დავალიანება 69 904.10 ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვა კომპანიამ უზრუნველყო ივნისის თვეშივე (სწორედ ნაშთად რიცხული საწვავის რეალიზაციიდან მიღებული თანხით). შესაბამისად, კრედიტორული დავალიანების ნაშთით უნდა შემცირდეს შემმოწმებლის მიერ გაანგარიშების შედეგად დარჩენილი განკარგვადი თანხა, მინიმუმ, უნდა შეიცვალოს განაცემის კვალიფიკაცია პარტნიორის სესხად, დაიბეგროს 15 %-ით (მოგების გადასახადით), რისი გათვალისწინებაც (ჩათვლაც) მოხდება კრედიტორული დავალიანების დაფარვის თარიღის შესაბამისად წარდგენილ მოგების გადასახადის დეკლარაციში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 ივნისის №11714 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------- ის“ (ს/ნ "--------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი აპრილიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 8 ივლისის №15402 ბრძანება და ამავე თარიღის №007-156 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 207 216 ლარი, მათ შორის გადასახადი 135 287 ლარი, ჯარიმა 67 644 ლარი და საურავი 4 285 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

 შპს „--------“-ს (ს/ნ "--------") საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ნავთობპროდუქტების ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და ადილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. გადამხდელი შეძენა-რეალიზაციას ახდენს სრულად დოკუმენტურად, გაწერილი/მიღებული სპეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. შპს „---------“ (ს/ნ "--------") აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტრულ პროგრამა INFO-ს საშუალებით, საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის საწყის ნაშთად უფიქსირდება 133 930 ლიტრი (287 709.2 ლარის) საწვავი, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილი აქვს ჯამში 3 772 630 ლიტრი (8 101 068 ლარის) საწვავი, რეალიზებული აქვს 3 780 730 ლიტრი (საბაზრო ფასით 9 694 523) საწვავი, დარჩენილი ნაშთი პროგრამულად და შეძენა/რეალიზაციის დოკუმენტებით უფიქსირდება 125 830 ლიტრი (279 495.11 ლარის თვითღირებულებით) საწვავი. გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 1%-ს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სიტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, საწარმოს ბოლო სტაციონალური ობიექტი გაუქმებული აქვს 2025 წლის 13 აპრილს, 2025 წლის 12 აპრილის შემდეგ აღარ უფიქსირდება სპეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არც მიღებული და არც გაწერილი. შესაბამისად ვინაიდან, 2025 წლის 13 აპრილის შემდეგ გადამხდელს აღარ უფიქსირდება მოქმედი სტაციონალური ობიექტი შემოწმების მიერ 279 495.11 ლარის თვითღირებულების სმფ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალა სრულად რეალიზებულად, 18%-ანი დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო უდოკუმენტოდ რეალიზებული სმფ გაყიდულად ჩაითვალა გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების პროპორციულად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების შესაბამისად გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275- ე მუხლის თანახმად.

● ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიღებული/მისაღები შემოსავლები, რაც ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის შესახებ მეთოდური მითითების დანართი N9-ის (სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითება) შესაბამისად, ჩაითვალა საკასო შემოსავლად. გაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი თანხა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაანგარიშების შედეგად დარჩენილ განკარგვად თანხასა და სალაროში არსებულ ფაქტობრივ ნაშთს შორის სხვაობა (პერიოდის ბოლოს სალაროში ფულის ნაშთი ნულის ტოლია) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს მიერ შეძენილ და რეალიზებულ საწვავს შორის სხვაობის ნაშთი პროგრამულად და შეძენა/რეალიზაციის დოკუმენტებით ფიქსირდება 125 830 ლიტრი (279 495.11 ლარის თვითღირებულებით). გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 1%-ს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სიტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, საწარმოს ბოლო სტაციონალური ობიექტი გაუქმებული აქვს 2025 წლის 13 აპრილს, 2025 წლის 12 აპრილის შემდეგ აღარ უფიქსირდება სპეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არც მიღებული და არც გაწერილი. შესაბამისად, ვინაიდან 2025 წლის 13 აპრილის შემდეგ გადამხდელს აღარ უფიქსირდება მოქმედი სტაციონალური ობიექტი შემოწმების მიერ 279 495.11 ლარის თვითღირებულების სმფ ჩაითვალა სრულად რეალიზებულად და გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი, სმფ გაყიდულად ჩაითვალა გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების პროპორციულად. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი. ასევე, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიღებული/მისაღები შემოსავლები, რაც ჩაითვალა საკასო შემოსავლად. გაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი თანხა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაანგარიშების შედეგად დარჩენილ განკარგვად თანხასა და სალაროში არსებულ ფაქტობრივ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად:

● დანაკარგის ნორმებთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ აღნიშნული ნორმები გათვალისწინებულია და ჯამში დანაკარგი შეადგენს 8218 კგ-ს. მიუხედავად იმისა, რომ ბუღალტრულად დანაკარგი მცირედი სხვაობით მეტია ნაჩვენები დასაშვებ ნორმაზე, შემოწმება არაარსებითი სხვაობის გამო დაეყრდნო ბუღალტრულ მონაცემებს.

● დამფუძნებლის 130 583.99 ლარიან შენატანთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ დირექტორის ახსნა-განმარტების თანახმად, დამფუძნებელს შესამოწმებელ პერიოდში, აგრეთვე საწყის ნაშთად არ უფიქსირდება, არასოდეს არ ჰქონია დამფუძნებლის მიერ შეტანილი საკუთარი კაპიტალი. კაპიტალის შეტანა არც პროგრამულად არ ფიქსირდება. პროგრამულად გატარებულია მხოლოდ მოკლევადიანი სესხი (მოთხოვნის მიუხედავად შესაბამისი ხელშეკრულება არ იქნა წარმოდგენილი შემოწმებისთვის). ბუღალტრული პროგრამის მიხედვით საწყისი ნაშთი არის 132 084 ლარი, შესამოწმებელ პერიოდში დამატებით აღებული სესხია 2 855 019 ლარი, გადახდილია 2 856 519 ლარი, დარჩენილი სესხის თანხა პერიოდის ბოლოს არის 130 584 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ არ იქნა შემოწმებისთვის შესაბამისი სესხის ხელშეკრულება წარმოდგენილი, განკარგვადი თანხის გაანგარიშებაში შეტანილია, როგორც საწყისი და საბოლოო ნაშთები, ასევე, პერიოდის განმავლობაში აღებული და გადახდილი თანხა. შესაბამისად, პერიოდის ბოლოს არსებული 130 584 ლარი გამოკლებულია განკარგვადი თანხას.

● პერიოდის ბოლოს არსებულ კრედიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ საწარმოს პერიოდის ბოლოს კრედიტორული დავალიანება უფიქსირდება ორ მომწოდებელთან, კერძოდ, შპს „------ - თან“ 4 168 ლარი და შპს „------- - თან“ 65 737 ლარი, რაზედაც ორივე მომწოდებლისგან წარმოდგენილია ახსნა-განმარტება, რომლითაც ადასტურებენ აღნიშნული დავალიანების არსებობას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ - ის“ (ს/ნ "--------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება შემმოწმებლის მიერ შესამოწმებელ პერიოდში სრულად შესყიდულ და რეალიზებულ სმფ-ს შორის სხვაობის გაყიდულად მიჩნევას და დღგ-ს დარიცხვას.

2.არ ეთანხმება შემოწმების შედეგად გამოანგარიშებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცის და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ნავთობპროდუქტების ადგილობრივ ბაზარზე შეძენა და ადილობრივ ბაზარზე რეალიზაცია. გადამხდელი შეძენა-რეალიზაციას ახდენს სრულად დოკუმენტურად, გაწერილი/მიღებული სპეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 1%-ს გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სიტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, საწარმოს ბოლო სტაციონალური ობიექტი გაუქმებული აქვს 2025 წლის 13 აპრილს, 2025 წლის 12 აპრილის შემდეგ აღარ უფიქსირდება სპეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არც მიღებული და არც გაწერილი. შესაბამისად ვინაიდან, 2025 წლის 13 აპრილის შემდეგ გადამხდელს აღარ უფიქსირდება მოქმედი სტაციონალური ობიექტი შემოწმების მიერ 279 495.11 ლარის თვითღირებულების სმფ, სსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალა სრულად რეალიზებულად, 18%-ანი დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო უდოკუმენტოდ რეალიზებული სმფ გაყიდულად ჩაითვალა გადამხდელის დეკლარირებული მონაცემების პროპორციულად. სსკ-ის 49-ე, 73-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების შესაბამისად გაანგარიშდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

გაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი თანხა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაანგარიშების შედეგად დარჩენილ განკარგვად თანხასა და სალაროში არსებულ ფაქტობრივ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,154,163,164.