გადაწყვეტილება №21091/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21091/2/2023
28 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ 405060785)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 17.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21091/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის №006-542 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.09.2023 წლის №23605 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 466 366 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 275 018
დღგ - 128 211
საშემოსავლო გადასახადი - 146 807
ჯარიმა - 136 707
საურავი - 54 641
სადავო საკითხები:
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.10.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისის“ მიხედვით, ფიქსირდება 893 419 ლარის თვითღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. შემოწმების მიმდინარეობისას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების, როგორც სრული, ასევე, შერჩევითი ინვენტარიზაცია, ასევე ჩატარებულ იქნა საკონტროლო შესყიდვის პროცედურები.
ინვენტარიზაციების შედეგად აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ან/და დანაკლისი არ გამოვლენილა. მიმდინარე კონტროლის პროცედურებში დაფიქსირებული საბაზრო სარეალიზაციო ფასები არ შეესაბამება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. ვერ ხდება დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელს არ აქვს დოკუმენტური რეალიზაცია, საქონლის ჩამოწერა განხორციელებულია ჯამურად წლის ბოლოს. გადამხდელს არ აქვს შესრულებული საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, დასაბეგრი ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ:
შესყიდული სასაქონლო-მატერიალური მარაგების, რეალიზაციების და საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, ინვენტარიზაციებისას დაფიქსირებული საბაზრო სარეალიზაციო ფასების საფუძველზე, დაკორექტირდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა პერიოდების მიხედვით. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების, კერძოდ „დანართი №7“-ის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს, საწარმოს მიერ დირექტორებზე გაცემულ ხელფასად, რომელიც საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა 6.12.2022 წლის №30801 ბრძანება და №006-542 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.09.2023 წლის №23605 ბრძანებით საჩივარი (დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის გაანგარიშება, როგორც სრული, ასევე შერჩევითი ინვენტარიზაციების შედეგად დადგენილი ფასების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 26.09.2023 წლის №23605 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის გაანგარიშება, როგორც სრული, ასევე შერჩევითი ინვენტარიზაციების შედეგად დადგენილი ფასების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება, როგორც ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ნაწილს, ასევე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლების მართლზომიერების დასაბუთებას.
არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას საგადასახადო შემოწმების აქტიდან ვერ დაადგინა და გაუგებარია, რა ფასნამატი იქნა გამოყენებული გაანგარიშებისას. გაზრდილი ფასნამატი ზოგჯერ ჯერადობით (განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში თითქმის 5-ჯერ) აღემატება აღიარებულ რეალიზაციას. მსგავსი სხვაობა საკონტროლო შესყიდვითაც კი არ გამოვლენილა. ამასთან აღსანიშნავია, რომ საკონტროლო შესყიდვისას შეთავაზების ფასად ყოველგვარი ე.წ. შევაჭრების გარეშე იქნა საქონელი შეძენილი. ყველასათვის ცნობილია, რომ ბაზრობა არ არის ელიტარული სავაჭრო მაღაზია, სადაც საქონლის ასორტიმენტი, კატეგორია (ხარისხი) და მომხმარებელთან ურთიერთობა არსებითად განსხვავდება ბაზრობაზე შეთავაზებული საქონლის კატეგორიისგან, მომხმარებლის ხასიათისა, გადახდისუნარიანობის დონის და ქცევის მოტივაციისგან.
შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას არა საკონტროლო შესყიდვით დადგენილი 64% და 72%-ის ფასნამატით ისარგებლა, არამედ მოძველებული (უმეტეს შემთხვევაში მოდიდან გამოსული) საქონლის ინვენტარიზაციისას დაფიქსირებული ე. წ. გაუგებარი შეთავაზების ფასით, შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ ამ მეთოდით დამატებითი საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არამართლზომიერია. შესაბამისად ვთლით, რომ არამართლზომიერად არის გამოყენებული საგადასახადო ვალდებულების დადგენის არაპირდაპირი მეთოდი და ამ ფარგლებში დარიცხული დამატებითი გადასახადები (დამატებული ღირებულებისა და საშემოსავლო გადასახადი). ინვენტარიზაციის შედეგებმა აჩვენა, რომ რეალურად მარაგები აღრიცხულია სწორად, მხოლოდ ჩამოწერა ხდება პერიოდული მარაგების მეთოდით (რომელიც ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტით აღიარებული და დაშვებულია) და რომელიც მონაწილეობს წლიური ფინანსური შედეგის გამოყვანის დროს. შესაბამისად, ჩამოწერილი ჯამური თვითღირებულება სწორია და არაიდენტიფიცირებული ნაშთები არ არსებობს, რადგან ადგილი აქვს საცალო გზით ბაზრობაზე პირადი მოხმარების ნივთების რეალიზაციას, ამასთანავე, გადამხდელის მხრიდან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევის ფაქტი არ არის გამოვლენილი, ხოლო ასეთი რეალიზაცია არ ითვალისწინებს სხვა რაიმე პირველადი დოკუმენტის შექმნის აუცილებლობას და დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია რეალურად წარმოადგენს დასაბეგრ ობიექტს, რომლის იდენტიფიკაცია სრულიად შესაძლებელია სალაროს ჩეკებისა და სალარო აპარატებში დაცული ინფორმაციის საფუძველზე. შესაბამისად, ყველა აღწერილი გარემოებები ადასტურებენ, რომ დასაბეგრი ოპერაცია (რეალიზაცია) დოკუმენტირებულია.
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო ვალდებულების დასადგენად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლების მართლზომიერების განხილვას და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რა დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით. კერძოდ, შესყიდული სასაქონლო-მატერიალური მარაგების, რეალიზაციების და საწყისი და საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების გათვალისწინებით, ინვენტარიზაციებისას დაფიქსირებული საბაზრო სარეალიზაციო ფასების საფუძველზე, დაკორექტირდა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა პერიოდების მიხედვით. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების მიხედვით, კერძოდ „დანართი №7“-ის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა შესაბამისი პერიოდის ბოლოს, საწარმოს მიერ დირექტორებზე გაცემულ ხელფასად.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის 26.09.2023 წლის №23605 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის გაანგარიშება, როგორც სრული, ასევე შერჩევითი ინვენტარიზაციების შედეგად დადგენილი ფასების გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 26.09.2023 წლის №23605 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.09.2023 წლის №23605 ბრძანებით საჩივარი (დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნის ნაწილში) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის 26.09.2023 წლის №23605 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 160; 161