ბრძანება N 8990
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8990
25.04.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------’’- ის (ს/ნ ----------) ყოფილი დირექტორის
ფ/პ ---------- (პ/ნ ----------)
(მის.: ----------, ----------)
2022 წლის 19 დეკემბრის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 მარტის სხდომაზე (ოქმი №34) განიხილა შპს „----------’’-ის (ს/ნ ----------) ყოფილი დირექტორის ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) №77370/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 17 დეკემბრის №007-492 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2022 წლის 13 სექტემბრის №007-239 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლებას აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 17 დეკემბრის N007-492 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 სექტემბრის N007-239 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადის გაშვების მიჩნევას საპატიოდ მომჩივნის სასარგებლოდ. მიუთითებს, რომ 2016 წლიდან 2022 წლის მაისამდე ---------- ეკავა შპს ---------- დირექტორის პოზიცია, შესაბამისად ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება შეეხება სწორედ მისი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდს. განმარტავს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების თაობაზე ---------- შეიტყო 2022 წლის 15 დეკემბერს. აცხადებს, რომ შემოწმების მიმდინარეობის და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტების გამოცემის პერიოდში, ---------- ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფებოდა საზღვარგარეთ და შესაბამისად არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების შესახებ, შესაბამისად ვერც გამოიყენებდა გასაჩივრების უფლებას. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მომჩივანს არ გაგზავნია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 14 ივნისის №19022 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------’’-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 15 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2021 წლის 17 დეკემბრის №39039 ბრძანება და ამავე თარიღის №007-492 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში და განხილვის შედეგებზე გამოიცა 2022 წლის 27 ივნისის №16403 ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივნისის №16403 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2022 წლის 31 აგვისტოს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები შემცირდა სულ 107 438 ლარით, მათ შორის გადასახადი 71 625 ლარით, ჯარიმა 35 813 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 13 სექტემბრის №007-239 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლზე, რომლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
2. დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს.
3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის დაწყების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით შპს ,,----------’’ (ს/ნ ----------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 12 იანვარს. რეგისტრაციის დღიდან 2022 წლის 2 ივნისამდე საწარმოს დირექტორი იყო ფ/პ ---------- (პ/ნ ----------), ხოლო 2022 წლის 2 ივნისიდან საწარმოს დირექტორი გახდა ფ/პ ---------- (პ/ნ ----------).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს ახლად აღმოჩენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების საფუძველი, შესაბამისად წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 17 დეკემბრის №007-492 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 17 დეკემბრის №007-492 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივრები შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივნისის №16403 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილვას თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 17 დეკემბრის №007-492 საგადასახადო მოთხოვნაზე უკვე არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „----------’’-ის (ს/ნ ----------) ყოფილი დირექტორის ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) 2022 წლის 19 დეკემბრის №77370/1/2022 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 17 დეკემბრის №007-492 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 სექტემბრის №007-239 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების თაობაზე ---------- შეიტყო 2022 წლის 15 დეკემბერს. აცხადებს, რომ შემოწმების მიმდინარეობის და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტების გამოცემის პერიოდში, ---------- ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფებოდა საზღვარგარეთ და შესაბამისად არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების შესახებ, შესაბამისად ვერც გამოიყენებდა გასაჩივრების უფლებას. ითხოვს კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადის გაშვების მიჩნევას საპატიოდ და გასაჩივრების ვადის აღდგენას. საჩივარში სადავო საკითხებთან დაკავშირებით არგუმენტები არ არის წარმოდგენილი.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს ,,----------’’-ის (ს/ნ ----------) ყოფილ დირექტორს ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) საჩივარი წარმოდგენილი აქვს საწარმოს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან. ამასთან, გადამხდელი 2022 წლის 31 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნას, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 13 სექტემბრის №23624 ბრძანებას და ამავე თარიღის №007-239 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2022 წლის 15 სექტემბერს.
შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2022 წლის 19 დეკემბერს.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „---------’’-ის (ს/ნ ---------) ყოფილი დირექტორის ფ/პ ----------(პ/ნ ----------) 2022 წლის 19 დეკემბრის საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 სექტემბრის №007-239 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------’’-ის (ს/ნ ----------) ყოფილი დირექტორის ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) საჩივარი დავის განახლების მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „----------’’-ის (ს/ნ ---------- ყოფილი დირექტორის ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 17 დეკემბრის №007-492 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2022 წლის 13 სექტემბრის №007-239 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შპს-ს ყოფილი დირექტორი ითხოვს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლებას აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, ასევე აუდიტის დეპარტამენტის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადის გაშვების მიჩნევას საპატიოდ მომჩივნის სასარგებლოდ.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში და განხილვის შედეგებზე გამოიცა ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
შემოსავლების სამსახურის ზემოაღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირებული იქნა დარიცხული გადასახადი და ჯარიმის თანხა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შპს-ს ყოფილი დირექტორის მიერ წარმოდგენილი საჩივარი, კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44; 264 (2); 299(7); 301 (ე; ზ); 304