გადაწყვეტილება №26303/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26303/2/2025
16 იანვარი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, შ25.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 11.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26303/2/2025).
დავის საგანი:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატის ოდენობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 სექტემბრის №024-65 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25803 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 959 259,38 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 116 336,11
დღგ - 748 224,11
საშემოსავლო გადასახადი - 366 204
ქონების გადასახადი - 1 908
ჯარიმა - 555 060,60
საურავი - 287 862,67
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული და ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის საცალო და საბითუმო რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 10 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაცია ხდებოდა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული პირველადი დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები, არარეზიდენტი მომწოდებლებისგან მიღებული საქონლისა და სატრანსპორტო მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტები) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად, შემოწმების პროცესში მიზანშეწონილად ჩაითვალა კომპანიაში ჩატარებულიყო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი აღწერის პროცედურა.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2025 წლის 21 მაისს ჩატარდა ზემოთ აღნიშნული პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა სმფ-ების ფაქტობრივი რაოდენობა (დაახლოებით 455 262 ლარის თვითღირებულების ნაშთი).
საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა სააღრიცხვო ინფორმაცია, რომლის ნაწილიც გონივრულ ვადებში არ იქნა წარმოდგენილი, ხოლო ნაწილი საერთოდ არ წარმოუდგენია (მაგ. ურთიერთშედარების აქტები დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ). აღნიშნულზე, მომჩივანს, 2025 წლის 25 აპრილის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.
2024 წლის საანგარიშო პერიოდზე მომჩივანმა საგადასახადო ორგანოს ასევე წარუდგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, თუმცა არასრული და არაზუსტი მონაცემებით, რაც, შემოწმების პროცესში გათვალისწინებული არ ყოფილა.
ამდენად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. დამუშავდა საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციების, შეძენების და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სმფ-ების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის 50 ჯგუფზე, გავრცელდა თითოეული ჯგუფის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, საშუალოდ 20%. შემოწმებით განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის და ინვენტარიზაციით დადგენილი საქონლის ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.
ასევე, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, მ.შ დოკუმენტურად დადასტურებული სმფ-ების შეძენის ხარჯი, გაცემული ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები. ასევე, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების დაზუსტების მიზნით, შემოწმების პროცესში გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მესამე პირებისგან, აღნიშნული ინფორმაცია ასევე გამოყენებულ იქნა ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში, ასევე გათვალისწინებულია 2021 წლის საანგარიშო პერიოდის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 სექტემბრის №20203 ბრძანება და №024-65 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.11.2025 წლის №25803 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 მე-5 და მე-9 ნაწილებზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101-ე და 154-ე მუხლებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქციისა და დამატებითი შემოსავლის დადგენა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმო საქონლის ჩამოწერას ახორციელებს ყოველდღიურად, ყველა რეალიზებული საქონლის მიხედვით და ამის თაობაზე ინფორმირებულიც იყო შემმოწმებელი და შესაბამისად დღის ჭრილში იდენტიფიცირდება რეალიზებული საქონელი, როგორც სახელობითად ასევე რაოდენობრივად, შესაბამისად საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას ახორციელებს სრული წესების დაცვით და შემმოწმებლის მითითება, რომ ვერ ხერხდება რეალიზებული საქონლის იდენტიფიცირება და თვითღირებულების დადგენა არ შეესაბამება სინამდვილეს. შესაბამისად წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამის მიხედვით წუთობრივად, ყოველ რეალიზაციაზე ხდება საქონლის ჩამოწერა, ანუ საცალოდ რეალიზებული საქონლის იდენტიფიცირება, ხდება უშუალოდ ყოველ რეალიზაციის დროს და არა ჯამურად, შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიერ სრულად არის დაცული სსკ-ის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები და არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების არანაირი საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საფუძველი.
ისმის ლოგიკური კითხვა სხვა რა სახის ინფორმაცია შეეძლო წარედგინა გადასახადის გადამხდელს, ან სხვანაირად როგორ უნდა ეწარმოებინა ბუღალტრული აღრიცხვა, ან სხვანაირად როგორ უნდა დაემტკიცებინა რომ მისი ფასნამატი იყო რეალური? ან ზოგადად სხვა რა სახის ინფორმაცია უნდა წარედგინა იმისთვის რომ დაემტკიცებინა თავისი სიმართლე? ბუნებრივია აღნიშნული კითხვები არის რიტორიკული, ვინაიდან მათზე პასუხი არ არსებობს და ცალსახად აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელმა პროგრამულად, სწორი აღრიცხვის წარმოების პირობებში შესძლო მის მიერ საცალოდ რეალიზებული საქონელის ფასნამატის დადასტურება/გაშიფრა.
ბუნებრივია შემმოწმებელი თავს არიდებს სამეურნეო საქმიანობის/ოპერაციების აღრიცხვაზე საუბარს, ვინაიდან თუ იტყვის რომ აღრიცხვა გადასახადის გადამხდელს აქვს სწორად ნაწარმოები და შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მიმდინარეობაზე, დაწყებაზე და დასრულებაზე კონტროლის განხორციელება, მაშინ ბუნებრივია არ არსებობს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
შემმოწმებელმა ფაქტობრივად გადამხდელს უთხრა, რომ მას არ შეუძლია დოკუმენტის გამოწერის გარეშე საცალოდ ვაჭრობა, რაც ბუნებრივია აბსურდია, ეწინააღმდეგება საგადასახადო კანონმდებლობას, კერძოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. რაც როგორც აღნიშნა სრულად დაცულია და ფასნამატის დოკუმენტალური დადასტურება გადასახადის გადამხდელმა უდავოდ შესძლო და ბუნებაში არ არსებობს იმაზე სწორი აღრიცხვა, ვიდრე გადასახადის გადამხდელს აქვს ნაწარმოები.
აღნიშნულ საკითხზე არსებობს ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში პრაქტიკა, შპს „-------“-ის ს/ნ ------- საჩივარზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 8.09.2022 წლის გადაწყვეტილება №17176/2/2022.
ასევე აღსანიშნავია, რომ შემოწმებით არასწორად იქნა განსაზღვრული საწარმოს დოკუმენტალური ფასნამატი და საცალოდ რეალიზებულ ყველა საქონელზე არასწორად აქვს გაანგარიშებული ინდივიდუალური ფასნამატი. საჩივარს თან ერთვის ცხრილი, რომლითაც დასტურდება, რომ საწარმოს დოკუმენტალური ფასნამატი არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე შემოწმებით არის დადგენილი. მაგალითად გაზის გამათბობლის ჯგუფში შემავალი საქონლის ფასნამატი შემოწმებით არის დადგენილი 8%, სინამდვილეში აღნიშნულ ჯგუფში შემავალი საქონლის დოკუმენტალური ფასნამატი არის - 4%. ბლენდერის შემთხვევაში ფასნამატი არის 28%, შემოწმებით კი არის 46%, ბლინების ღუმელის ფასნამატი არის 9%, შემოწმებით არის 38% ასევე დოკუმენტალური ფასნამატი საგრძნობლად განსხვავდება ინვენტარიზაციის ფასნამატისგან, რომლის ცხრილი ასევე აქვთ გაკეთებული შემმოწმებელს, მაგრამ სამწუხაროდ ინვენტარიზაციის ფასნამატი საქონლის გაანგარიშებაში საერთოდ არ მონაწილეობს.
დამატებით წარმოადგენს ფასნამატის ცხრილს, რომელიც ასევე გაგზავნილია შემმოწმებელთან. კერძოდ, ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით კონკრეტულად 3 საქონელზე. კერძოდ, ბლენდერი, ბლინების ღუმელი, გაზის გამათბობელი. ყვითლად და წითლად არის მონიშნული მომჩივნის მიერ დაკორექტირებული საქონელი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა – იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე - 9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში, ასევე ზეპირ განხილვაზე მომჩივანმა განაცხადა, რომ დავების განმხილველმა საბჭომ საჩივრის ზეპირი განხილვისას დაავალა, რომ შემმოწმებელთან ერთობლივად გაევლო გაანგარიშება, სამწუხაროდ შემმოწმებელი არ დაუკავშირდა, მიუხედავად იმისა, რომ გაუგზავნეს გაანგარიშება, ასევე მიუთითეს საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი.
საბჭოს სხდომაზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურის დავების საბჭომ გადამხდელს დაავალა წარმოედგინა გაანგარიშება, რომლის მიხედვითაც დაამტკიცებდა საჩივარში დაფიქსირებულ ფასნამატს, რომელიც განსხვავებული იყო აუდიტორის მიერ გაანგარიშებული ფასნამატისგან. გადამხდელმა გამოაგზავნა გაანგარიშება, არასრულად, მხოლოდ 3 კატეგორიაზე, აღნიშნული ცხრილი შეისწავლა და დაადგინა, რომ გაანგარიშებაში პოზიციები დაკავშირებული იყო არასწორად, კერძოდ შეძენა რეალიზაცია დაკავშირებული იყო არა დასახელებების მიხედვით, არამედ მაქსიმალურად მაღალი თვითღირებულების საქონელი დაკავშირებული იყო მაქსიმალურად დაბალ რეალიზაციასთან, რამაც გამოიწვია სხვაობა აუდიტორის გაანგარიშებულ და გადამხდელის გაანგარიშებულ ფასნამატებს შორის. ვინაიდან არანაირი საფუძველი არ არსებობდა აუდიტორის ცხრილში ცვლილების შესატანად, აუდიტორის მხრიდან არ მოხდა აღნიშნული ცხრილის გათვალისწინება.
გადამხდელი ასევე ასაჩივრებს საწყისი ნაშთის რაოდენობასაც. საჩივარში უთითებს, რომ შემმოწმებელს საწყის ნაშთად აქვს აღებული 2 148 789 ლარი, ხოლო საწარმოს პროგრამულად აქვს დაფიქსირებული - 1 810 855 ლარი, ანუ შემმოწმებელმა ხანდაზმულ პერიოდზე შეცვალა კომპანიის საქონლის ნაშთი, რაც ბუნებრივია არასწორია და შემმოწმებელთა ლოგიკით ზოგადად აზრი ეკარგება ხანდაზმულობას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადამხდელის მიერ არასრულად წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, ასევე მოგების დეკლარაციაში მითითებული მონაცემების მიხედვით და ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში საწყისი ნაშთის რაოდენობა ემთხვევა ერთმანეთს და შემოწმების პროცესში აღებული იქნა სწორედ ზემოთხსენებული ნაშთი. ასევე აღნიშნული წყაროების საფუძველზე იქნა აღებული კაპიტალის საწყისი ნაშთის რაოდენობაც, რაზეც პრეტენზია არ გამოუთქვამს გადამხდელს.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება რამდენიმე სამართალდარღვევა (ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე და ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში სალარო აპარატის გამოუყენებლობა), მომჩივანი დაჯარიმებულია საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაციის წარუდგენლობის ფაქტზე და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულება, რითაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტების და შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის, დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია. ამასთან, ვინაიდან მომჩივანს არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი შემოსავალი არ ჰქონდა აღრიცხული/დეკლარირებული და არც ფაქტიურად გააჩნდა, საბჭოს მიაჩნია, რომ მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის შესახებ.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და ფასნამატის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. დამუშავდა საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციების, შეძენების და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სმფ-ების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია. შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის 50 ჯგუფზე, გავრცელდა თითოეული ჯგუფის დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი, საშუალოდ 20%. შემოწმებით განსაზღვრული ჯგუფური ფასნამატის და ინვენტარიზაციით დადგენილი საქონლის ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად.
ასევე, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოწმებით დადგენილ შემოსავლებს გამოაკლდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, მ.შ დოკუმენტურად დადასტურებული სმფ-ების შეძენის ხარჯი, გაცემული ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი და სხვა განაცემის შინაარსით გადახდილი თანხები. ასევე, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების დაზუსტების მიზნით, შემოწმების პროცესში გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მესამე პირებისგან, აღნიშნული ინფორმაცია ასევე გამოყენებულ იქნა ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში, ასევე გათვალისწინებულია 2021 წლის საანგარიშო პერიოდის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხა. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოში არსებული ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 163