გადაწყვეტილება №24452/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24452/2/2024
27 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ---ის 16.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24452/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრის მართლზომიერება;
3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივნისის №007-131 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 ნოემბრის №24905 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
158 578,63 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 91 168
დღგ - 74 875
საშემოსავლო გადასახადი - 16 183
ქონების გადასახადი - 110
ჯარიმა - 45 360 საურავი - 22 050,63
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ჩინეთიდან და თურქეთიდან იმპორტირებული ჩანთებითა და ჩემოდნებით ვაჭრობა ---ს ბაზრობის ტერიტორიაზე. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 5 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 ივნისის №14044 ბრძანება და №007-131 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 14 აგვისტოს №18746 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც, 2024 წლის 11 ოქტომბრის №23846/2/2024 გადაწყვეტილებით გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 14 აგვისტოს №18746 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა განიხილა 2024 წლის 17 ივლისის №90773/1/2024 საჩივარი, რომელიც ამავე სამსახურის 2024 წლის 27 ნოემბრის №24905 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელმა სრულად წარუდგინა საგადასახადო ორგანოს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ მეწარმე ვერ ახდენს საქონლის სტანდარტების მიხედვით ჩამოწერას. ჩამოწერა ხორციელდება ყოველი თვის ჭრილში და ვერ დგინდება დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლის რეალური ფასნამატი და საქონლის ჭრილში სარეალიზაციო ფასი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, იმპორტირებული საქონლის ღირებულება შეადგენს 745 828 ლარს დღგ-ის გარეშე. 2024 წლის 13 მარტს ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა 406 794 ლარის ნაშთი საბაზრო ღირებულებით. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატი, რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ პუნქტზე, 80-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ არსებობს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველი. აქტში აღნიშნულია, რომ: „გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია სრულად.“ აქტში არაა მოყვანილი სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის რომელი ქვეპუნქტის („ა“ თუ „ბ“) საფუძველზე განსაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები არაპირდაპირი მეთოდით. წარდგენილია საბუღალტრო პროგრამა რომელიც სრულყოფილად ასახავს დასაბეგრ ოპერაციებს, გადამხდელს არ უფიქსირდება სამართალდარღვევა, არ არსებობს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის არც „ა“ და არც „ბ“ ქვეპუნქტის პირობები. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისი №22708 ბრძანების 3 ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე №10 დანართის „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ არეგულირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას, შესაბამისი საფუძვლების დადგენის და შესაბამისი მეთოდების გამოყენების პრინციპებს.
შემოწმების დროს არ არის გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №10 დანართი, ვინაიდან აღნიშნული დანართის მიხედვით აუდიტის დეპარტამენტს არ ქონდა უფლება გამოეყენებინა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ ფასნამატი განისაზღვრა/გავრცელდა მსგავსი აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატიდან გამომდინარე, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება რას დაეყრდნო შემმოწმებელი. შესაძლებელი იყო განსაზღვრულიყო „დოკუმენტური ფასნამატი“ (სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც იდენტიფიცირებადია პირის რეალიზაცია), არსებობს დოკუმენტური რეალიზაცია და შესაბამისად „დოკუმენტური ფასნამატი“ რაც დაფიქსირებულია საბუღალტრო პროგრამაში და თანხვედრაშია ინვენტარიზაციის მონაცემებთან. 2024 წლის 13 მარტს ჩატარდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია რომლის დროსაც დადგენილია ფასნამატი 26%, რომელიც არაა გათვალისწინებული, რაც ასევე თანხვედრაშია დოკუმენტურ ფასნამატთან. ასევე არაა გათვალისწინებული არც „დოკუმენტური ფასნამატი“, რომელიც შეადგენს 15%-დან 25%-მდე კატეგორიების მიხედვით, არც „მიმდინარე კონტროლის ფასნამატი“ (ინვენტარიზაციის ფასნამატი 26%) და გავრცელდა „მსგავსი აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატი“. უცნობია ვისი ფასნამატი იქნა გამოყენებული, რამდენად არის შესადარისი პირი, აქვს თუ არა მსგავსი საქმიანობა, მისი საქმიანობაც ჩანთებითა და ჩემოდნებით ვაჭრობაა თუ არა, მსგავსი ბრუნვა, გათვალისწინებულია თუ არა ტერიტორიული პრინციპი (---ს ბაზრობა), რომელი წლების ფასნამატია გათვალისწინებული არ ჩანს აქტში, აქტში ასევე არაა დაფიქსირებული „მსგავსი აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატი“ რამდენი პროცენტია, რომელიც გავრცელდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის გაანგარიშებაში არის ტექნიკური უზუსტობები. შემმოწმებლების მიერ დაკორექტირებულია მეწარმის მიერ წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ღირებულებები, რომლის შესახებაც შემოწმების აქტში არ არის აღნიშნული. გადამხდელი პერიოდულად ატარებდა ინვენტარიზაციებს და დანაკლისი ასახულია როგორ საბუღალტრო პროგრამაში, ასევე დეკლარაციებში, რომელიც შემოწმების მიერ გათვალისწინებული არაა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან აწარმოებს აღრიცხვას კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით, წარდგენილი აქვს სააღრიცხვო პროგრამა შემმოწმებლებისთვის, შესაბამისად არ არსებობს სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის არც „ა“ და არც „ბ“ ქვეპუნქტის პირობები, არაა გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისი № 22708 ბრძანების ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე №10 დანართის „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითება. ითხოვს, აღნიშნული მეთოდური მითითების გათვალისწინებას. არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ფასნამატი განისაზღვროს დოკუმენტური და მიმდინარე კონტროლის პროცედურებით დადგენილი ფასნამატით (ინვენტარიზაციის ფასნამატი), ნაცვლად მსგავსი აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატისა. ასევე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნას გადამხდელის მიერ წარდგენილ წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად: დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე, საკითხის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. წარმოდგენილი აღრიცხვა სრულად და თვალსაჩინოდ არ ასახავს საქმიანობის პროცესს.
კერძოდ აღნიშნულ აღრიცხვაში საქონლის ჩამოწერა ხორციელდება ყოველი თვის ჭრილში, შესაბამისად ფასნამატის დადგენა ხდება თვის ჭრილში და არა საქონლის ჭრილში, რაც მნიშვნელოვანია საგადასახადო შემოწმებისას. უცნობი იყო კონკრეტულად რომელი საქონელი რა ფასნამატით იყიდებოდა შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. მსგავსი აუდირებული ფასნამატის გამოყენება მოხდა მას შემდგომ, რაც შესწავლილ იქნა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატი. აღნიშნული შეადგენს 20%-ს, რომელიც ჩაითვალა საბითუმო რეალიზაციად სარეალიზაციო რაოდენობებიდან გამომდინარე. დოკუმენტური რეალიზაციის რპთ გამოყოფილ იქნა სრულად დადგენილი რპთ-დან. დანარჩენი საქონელი დაკვალიფიცირდა როგორც საცალოდ რეალიზებული. ფაქტობრივი აღწერის პროცესში გადამხდელი 2024 წლის 13 მარტს დაჯარიმებულია ფასმაჩვენებლების გამოუკვრელობაზე. შესაბამისად სმფ-ების აღწერის ფასნამატის გამოყენება არარეალური გახდა.
ყოველივეს გათვალისწინებით მოძიებულ იქნა მსგავსი აუდირებული (იდენტურ ტერიტორიაზე მოვაჭრე, მსგავსი ბრუნვის მქონე, მსგავსი საქონლის მქონე) კომპანიებისა და მეწარმეების ფასნამატი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდით და გამოყენებული ფასნამატით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
2. ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრის მართლზომიერება ფაქტების აღწერა
შემოწმების შედეგად გაიზარდა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი. დაკორექტირდა 2021-2022 წლების წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 79-ე მუხლის „ა“ პუნქტზე, 80-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება ერთობლივი შემოსავლის გაზრდას, ვინაიდან საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა 2021 და 2022 წლების სასაქონლო მატერიალური მარაგების კორექტირება შესამოწმებელ პერიოდში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა გარდა პირველ დავის საგანში გაკეთებული განმარტებისა, აღნიშნა რომ ფაქტობრივი აღწერის გათვალისწინებით დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული სმფ-ს ნაშთი, შესაბამისად მარაგების გაანგარიშება მოხდა აღნიშნულისა და საწყისი ნაშთის გათვალისწინებით. მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განხორციელებულ დარიცხვას, მაგრამ არ წარმოადგენს იმგვარ არგუმენტებს/დოკუმენტებს, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება ფაქტების აღწერა
გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება, კერძოდ, მსუბუქი ავტომობილი. დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება დადგინდა მსგავსი ავტომობილების საბაზრო ფასების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა ქონების გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-8 ნაწილზე, 205-ე მუხლის მე-12 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აღნიშნულ სადავო საკითხზე საჩივარში მომჩივნის არგუმენტები არ არის გამოყოფილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქონების გადასახადის გადამხდელია, ფიზიკური პირი, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და ვინაიდან შემოწმებით დადგენილია, რომ მომჩივანს გააჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებული ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი (მსუბუქი ავტომობილი) და დადგენილია დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება, მიაჩნია, რომ ქონების გადასახადი განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად. მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს აღნიშნულთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრის მართლზომიერება;
3. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც დადგინდა 406 794 ლარის ნაშთი საბაზრო ღირებულებით. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა მსგავსი აუდირებული პირის სარეალიზაციო ფასნამატი, შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
შემოწმებით გაიზარდა საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი. დაკორექტირდა 2021-2022 წლების წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონება, კერძოდ, მსუბუქი ავტომობილი. დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება დადგინდა მსგავსი ავტომობილების საბაზრო ფასების გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა ქონების გადასახადი.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5); 80; 201; 202; 205.