გადაწყვეტილება №21269/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21269/2/2023
20 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------" -ს 7.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21269/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით;
2. ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
3. უცხოელ მომწოდებლებზე საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხული თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად მიჩნევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2023 წლის №007-58 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2.10.2023 წლის №24188 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 672 911 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 399 952
დღგ - 162 212
მოგების გადასახადი - 59 031
საშემოსავლო გადასახადი - 178 709
ჯარიმა - 200 056
საურავი - 72 903
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სხვადასხვა სახის სამშენებლო-სარემონტო საღებავების, ლაქების, გამხსნელების და ანალოგიური პროდუქციის, ასევე წებო-ცემენტის წარმოება, რაზედაც საწარმოს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტირებული აქვს სხვადასხვა სახის ნედლეული და დამხმარე მასალები და მიღებული პროდუქცია რეალიზებული აქვს ადგილობრივ ბაზარზე.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 7.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 21.03.2023 წლის №5565 ბრძანება და №007-58 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2.10.2023 წლის №24188 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და დადგენილი ფასნამატით ფაქტების აღწერა შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა მხოლოდ საბანკო ამონაწერი. შესაბამისად არ წარუდგენია ბუღალტრული პროგრამა, რეალიზებული პროდუქციის სახეობების და თვითღირებულების ამსახველი რაიმე სახის დოკუმენტაცია/მასალები, წარმოების პროცესის ამსახველი დოკუმენტაცია/მასალები (კალკულაცია). აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტებით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, დასაბეგრი ბრუნვა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და რეალიზებულ სასაქონლო მარაგებზე გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს აუდირებული ფასნამატი, რამაც შეადგინა საშუალოდ 18.66%, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების კორექტირება (გაზრდა). გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრული აღრიცხვა არ არის ნაწარმოები დადგენილი წესის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა, წარმოების პროცესის ამსახველი კალკულაცია, ასევე რეალიზებული პროდუქციის სახეობებისა და თვითღირებულების ამსახველი რაიმე სახის დოკუმენტაცია/მასალები. ვინაიდან წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტებით შეუძლებელი გახდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და რეალიზებულ სასაქონლო მარაგებზე გავრცელებული იქნა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს აუდირებული ფასნამატი, რამაც შეადგინა საშუალოდ 18.66%. აღნიშნულმა გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების გაზრდა. შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი.
მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით არასწორია, კერძოდ, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს ფასნამატით.
საგადასახადო ორგანომ ისე გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი, რომ არ დაასაბუთა, გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის, საბანკო ამონაწერსა და საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში დაცული ინფორმაცია რატომ არ იძლეოდა დაბეგვრის ობიექტის (მიწოდებული) რეალიზებული საქონლის საერთო ღირებულების დადგენის შესაძლებლობას.
ამდენად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არამართებულია.
ნებისმიერ მეთოდს, რომელიც ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების დასადგენად გამოიყენება კვლევის მეცნიერულად დამუშავებული და აღიარებული წესები გააჩნია. მაგალითად, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დასადგენად შემუშავებულია 3 მეთოდი: 1. შედარების, 2. შემოსავლების და 3. დანახარჯების მეთოდი.
თითოეული ამ მეთოდით დადგენილი ფასი არსებითად (მცირეოდენი განსხვავებით) ემთხვევა ერთმანეთს. შესაბამისად, მიღებულია, რომ რომელიმე ერთი ამ მეთოდოლოგიით დადგენილი უძრავი ქონების ფასს სანდოობის მაღალი ხარისხი აქვს. ამავე მეთოდოლოგიებით დგინდება ქონების საბაზრო ფასი, როცა საგადასახადო ორგანო, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, გარიგებაში დაფიქსირებული ფასის ნაცვლად, დასაბეგრი ოპერაციის თანხას საბაზრო ფასით განსაზღვრავს.
გაუგებარია, რომელია ის საწარმო, რომლის ფასნამატიც იქნა გამოყენებული და რატომ არის უფრო სარწმუნო ვიდრე თავად ამ საწარმოს საბანკო ამონაწერში და საკონტროლო-სალარო აპარატში არსებული ინფორმაციები.
სასტუმრო "-------" და სასტუმრო "-------" არა თუ ანალოგიურ იდენტურ საქმიანობას ეწევიან, თუმცა ერთის ფინანსური მონაცემების მეორეზე გადატანა და ამის მიხედვით, რომელიმე მათგანის საგადასახადო ვალდებულების დადგენა ობიექტური და სანდო სურათის მომცემი ვერ იქნება.
გაუგებარია, რომელი მეთოდოლოგიით განსაზღვრა საგადასახადო ორგანომ მის მიერ მითითებული ანონიმი საწარმოს ანალოგიურობა. რა ნიშნით შეარჩია მან სწორედ ეს და არა სხვა საწარმო. გასაჩივრებული აქტები დაუსაბუთებელია, რაც მათი გაუქმების საფუძველია.
2. ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდზე განხორციელდა გადამხდელის ფულადი ნაკადების ანალიზი, რის შედეგადაც განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა სალაროში. კერძოდ, შემოწმების შედეგად დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების მიხედვით განისაზღვრა მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, რომელსაც გამოაკლდა შეძენილი სასაქონლო მარაგების ღირებულება, გამოაკლდა სხვა ხარჯი, გადახდილი ხელფასები და სხვა მომსახურების თანხები, გადახდილი გადასახადები და ბანკის სესხზე გადახდილი პროცენტები, ხოლო ნაშთად დარჩენილი თანხა, რამაც შეადგინა 714 839 ლარი, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე შეეფარდა საგადასახადო კოდექსი 275-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია, ხოლო წყაროსთან დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის არასწორად წარდგენისათვის დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში ნაღდი ფულის ოდენობის განსაზღვრისას შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა შეძენილი სასაქონლო მარაგების ღირებულება, გადახდილი ხელფასები, სხვა მომსახურების თანხები, გადახდილი გადასახადები, ბანკის სესხზე გადახდილი პროცენტები და სხვა გაწეული ხარჯი, ხოლო ნაშთად დარჩენილი თანხა, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა კუთვნილი გადასახადით.
შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დღგ-ში არსებული უსწორობა თავისთავად გამორიცხავს საშემოსავლო გადასახადში დარიცხვის მართლზომიერებას.
საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდი მოიცავს პანდემიის პერიოდს, როცა ხელფასებიც ვერ გაიცემოდა დასაქმებულებზე. ამავე პერიოდში გადასახადის გადამხდელი საქართველოს ბანკისაგან აღებულ სესხსაც ვერ იხდიდა, რამაც ბანკის მიერ მისი უძრავი ქონების დასაკუთრება გამოიწვია, ხოლო სხვა ქონება იძულებით აუქციონზე გაიყიდა მომსახურე აუდიტორული ფირმის დავალიანების დასაფარად, მიუთითებს დამადასტურებელ დანართზე.
ასეთ ვითარებაში, საწარმო დირექტორს უხდიდა არაკუთვნილ ხელფასს, რაც აშკარად მოკლებულია გონივრულ საფუძველს და არ შეიძლება გადასახადის დარიცხვის საფუძველი გახდეს.
3. უცხოელ მომწოდებლებზე საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხული თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად მიჩნევა
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში განხორციელდა გადამხდელის მიერ იმპორტირებული და უცხოელ მომწოდებლებზე საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხული თანხების ანალიზი. დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სულ იმპორტირებული აქვს 731 047 ლარის ღირებულების სასაქონლომატერიალური მარაგები, ხოლო საბანკო ამონაწერების მიხედვით უცხოელ მომწოდებლებზე სულ გადარიცხულია 396 533 ლარის ექვივალენტი აშშ დოლარი, ვინაიდან გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის ვერ იქნა წარდგენილი აღრიცხვის ამსახველი ვერანაირი მასალა/დოკუმენტაცია, (ბუღალტრული პროგრამა, ცნობები დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ, შედარების აქტები და სხვა) შემოწმების მიერ სხვაობის თანხა 334 514 ლარი საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის მიხედვით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა მოგების გადასახადით, მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 981 მუხლის პირველი ნაწილით, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, მე8-ე მუხლის მე-12 ნაწილით და მიუთითა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სულ იმპორტირებული აქვს 731 047 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ხოლო უცხოელ მომწოდებლებზე გადარიცხულია 396 533 ლარის ექვივალენტი აშშ დოლარი, ვინაიდან გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის ვერ იქნა წარმოდგენილი სხვაობის თანხის აღრიცხვის ამსახველი ვერანაირი მასალა/დოკუმენტაცია, (ბუღალტრული პროგრამა, ცნობები დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ ცნობები, შედარების აქტები და სხვა) შემოწმების მიერ სხვაობის თანხა 334 514 ლარი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეში გაცემულ სესხად და დაიბეგრა კუთვნილი გადასახადით.
მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ იმპორტირებული აქვს 731 047 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ხოლო უცხოელ მომწოდებლებზე გადარიცხულია 396 533 ლარის ექვივალენტი აშშ დოლარი, ლოგიკურად მხოლოდ ის დასკვნა გამომდინარეობს, რომ მითითებულ თანხებს შორის სხვაობა წარმოადგენს მომწოდებელთა მიმართ დავალიანებას და არა პირიქით, რომ ეს თანხა სესხად გაიცა საწარმოს დირექტორზე.
საქმის გარემოებებს არ ცვლის შემოსავლების სამსახურის მოსაზრება, თითქოს მომწოდებელთა მიმართ არსებული დავალიანება უნდა დასტურდებოდეს დავალიანების ცნობით ან შედარების აქტით და სხვა, რადგან ჯერ ერთი, დავალიანების ფაქტი თავისთავად, ლოგიკური აუცილებლობით გამომდინარეობს შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი იმ ფაქტიდან, რომ მოწოდებულ საქონელში გადასახდელ და გადახდილ თანხებს შორის დადებითი სხვაობა 334 514 ლარის ოდენობით. გარდა ამისა კანონი არ განსაზღვრავს მტკიცებით განსაკუთრებულ საშუალებას, რომლითაც მომწოდებლის მიმართ დავალიანების ფაქტი უნდა დასტურდებოდეს, კერძოდ, ასეთ მტკიცებულებად მიჩნეული არ არის მაგალითად, ცნობა დავალიანების შესახებ.
დაუსაბუთებელია ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მითითება, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა ეხება არამართლზომიერ, არამედ ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებებს.
გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს მითითებას, თუ რომელი კონკრეტული სამეურნეო ოპერაციის/ოპერაციების მიმართ დაადგინა საგადასახადო ორგანომ ფორმისა და შინაარს შეუსაბამობა და შესაბამისად რაში მდგომარეობს მოცემული საქმის გარემოებებისადმი საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენების ლოგიკა.
იგივე შეიძლება ითქვას საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებაზე, გაუგებარია, რომელი თანხა რომელი პირის ინტერესებისათვის იქნა გამოყენებული. საქმის გარემოებებით არ დასტურდება საწარმოს დირექტორის ინტერესებში კომპანიის კუთვნილი სახსრების გამოყენების ფაქტი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის საგადასახადო შემოწმების აქტში და შემოსავლების სამსახურის 2.10.2023 წლის №24188 ბრძანებაში დაფიქსირებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების და დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია/მტკიცებულებების, შესწავლა/გამოკვლევა არ მომხდარა, ვინაიდან, მომჩივანმა მხოლოდ დავის განხილვის ამ ეტაპზე წარმოადგინა არგუმენტები და მტკიცებულებები, ამრიგად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია მომჩივნის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე და მტკიცებულებებზე, რომლის თანახმად, განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს არგუმენტები და დასკვნები დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2.10.2023 წლის №24188 ბრძანება;
3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი მიიჩნევს ,რომ გასაჩივრებული აქტები დაუსაბუთებელია.
2.გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში დარიცხვის მართლზომიერებას.
3.მომჩივანი არ ეთანხმება სსკ-ის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და რეალიზებულ სასაქონლო მარაგებზე გავრცელდა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს აუდირებული ფასნამატი, რამაც შეადგინა საშუალოდ 18.66%, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების კორექტირება .გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
2.შემოწმების შედეგად დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების მიხედვით განისაზღვრა მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, რომელსაც გამოაკლდა შეძენილი სასაქონლო მარაგების ღირებულება, გამოაკლდა სხვა ხარჯი, გადახდილი ხელფასები და სხვა მომსახურების თანხები, გადახდილი გადასახადები და ბანკის სესხზე გადახდილი პროცენტები, ხოლო ნაშთად დარჩენილი თანხა,შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე შეეფარდა სანქცია, ხოლო წყაროსთან დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის არასწორად წარდგენისათვის დაეკისრა ჯარიმა.
3.საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სულ იმპორტირებული აქვს 731 047 ლარის ღირებულების სასაქონლომატერიალური მარაგები, ხოლო საბანკო ამონაწერების მიხედვით უცხოელ მომწოდებლებზე სულ გადარიცხულია 396 533 ლარის ექვივალენტი აშშ დოლარი, შემოწმების მიერ სხვაობის თანხა საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის მიხედვით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დაიბეგრა მოგების გადასახადით, მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
302(6).