გადაწყვეტილება №24484/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.02.2025
№ დოკუმენტი 24484/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24484/2/2024

14 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 20.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24484/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.11.2024 წლის №041-60 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.12.2024 წლის №26577 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 665 935,01 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 411 372

დღგ - 158 590

საშემოსავლო გადასახადი - 252 782

ჯარიმა - 205 686

საურავი - 48 877,01

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობაა იმპორტირებული საქონლით (ძირითადად ტანსაცმლით) ვაჭრობა ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე. კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 9.11.2021 წელი და ამავე თარიღიდან არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული.

აუდიტის დეპარტამენტის 18.10.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 9.11.2021 წლიდან 1.06.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით.

გადასახადის გადამხდელის განმარტებით, სმფ-ის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შედგენს 0 ლარს. საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული საშუალო შეწონილი ფასნამატი საქონლის კატეგორიების მიხედვით, რამაც გაზარდა დღგით დასაბეგრი ბრუნვები დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერსა და ასევე შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონულ ბაზებში არსებული მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგენს 0 ლარს. შესამოწმებელი პერიოდის შემოსავლებს შეუპირისპირდა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ასევე ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები და გაანგარიშდა განკარგავდი თანხა, რომელიც ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე, გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.11.2024 წლის №041-60 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.12.2024 წლის №26577 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2024 წლის 12 დეკემბერს 13:45 სთ-ზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49- ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 101- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, მართლზომიერია შემოწმების მიერ, საცალო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული საშუალო შეწონილი ფასნამატის გავრცელება საქონლის კატეგორიების მიხედვით. ასევე, შემოწმების მიერ დადგენილი განკარგვადი თანხის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა კანონშესაბამისია.

იმპორტირებული საქონლისთვის გადახდილი თანხის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ფულადი სახსრების ნაშთის (განკარგვადი თანხის) გაანგარიშებისას სრულად იქნა გათვალისწინებული იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არასწორად არის გამოთვლილი ფასნამატის პროცენტი (არ არის გათვალისწინებული/შედარებითი მეთოდით რეალიზებული პროდუქციის სასაქონლო ზედნადებები); არასწორად არის გამოთვლილი ფასნამატის პროცენტი (არ არის გათვალისწინებული ქრონომეტრაჟი); იმპორტირებულ საქონელზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ჩეკები, გადახდის ქვითრები და სხვა) წარმოდგენილია.

უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მიერ წარდგენილი არგუმენტაციისა და დოკუმენტაციის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შესამოწმებელ პერიოდში ---------- შემოაქვს საქონელი - ტანსაცმელი. პროდუქციაზე ფასნამატი განსაზღვრულია საბითუმო და საცალო პოზიციაზე 5-10% ოდენობით. იმპორტით შემოტანილი პროდუქციის, მაგ: ერთი წყვილი ფეხსაცმელის, თვითღირებულება არის 23 ლარი ხოლო რეალიზებული ფასი არის 25 ლარი, რაც ატვირთულ სასაქონლო ზედნადებებშიც ჩანს, საქონლის რეალიზაცია ხდება ბითუმად, შესაბამისად, რეალიზებული საქონლის ფასნამატი საბაზრო პირობებიდან გამომდინარე დაბალია საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე, ასევე ზემოთაღნიშნული ფასნამატი გამოწვეულია არსებული კონკურენციით.

წარდგენილი აქვს იმპორტირებულ საქონელზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ჩეკები, გადახდის ქვითრები და სხვა). შესაბამისად, უცხოელ მომწოდებელზე სრულად არის თანხა გადახდილი. დებიტორულ/კრედიტორული დავალიანება არ ერიცხება. აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინება, გამოიწვევს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღირცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სმფ-ის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შედგენს 0 ლარს. შესამოწმებელი პერიოდის შემოსავლების და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გათვალისწინებით გამოვლენილია განკარგავდი თანხა.

მომჩივანს მიაჩნია, რომ არასწორად არის გამოთვლილი ფასნამატის პროცენტი (არ არის გათვალისწინებული სასაქონლო ზედნადებები და ქრონომეტრაჟის შედეგები), იმპორტირებულ საქონელზე წარდგენილია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ჩეკები, გადახდის ქვითრები და სხვა). საქონლის რეალიზაცია ხდება ბითუმად, შესაბამისად, რეალიზებული საქონლის ფასნამატი საბაზრო პირობებიდან გამომდინარე დაბალია რაც ასევე გამოწვეულია არსებული კონკურენციითაც.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2025 წლის №---------- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიას მცირე რაოდენობით აქვს დოკუმენტური რეალიზაცია და ვერ ხერხდება ფასნამატის განსაზღვრა. გადამხდელს არ წარმოუდგენია ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, შესაბამისად გამოიყენებულია მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიების აუდირებული ფასნამატი.

საბჭო აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა დაიგეგმა მომჩივნის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია დავის განხილვის გადადებაზე.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრისთვის არაპირდაპირი მეთოდის და მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიების აუდირებული ფასნამატის გამოყენება მართებულია. ამასთან, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის, აღნიშნული თანხის სახელფასო განაცემად ჩათვლა ასევე მართებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახდო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღირცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სმფ-ის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შედგენს 0 ლარს. შესამოწმებელი პერიოდის შემოსავლების და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გათვალისწინებით გამოვლენილია განკარგავდი თანხა. მომჩივანს მიაჩნია, რომ არასწორად არის გამოთვლილი ფასნამატის პროცენტი (არ არის გათვალისწინებული სასაქონლო ზედნადებები და ქრონომეტრაჟის შედეგები), იმპორტირებულ საქონელზე წარდგენილია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ჩეკები, გადახდის ქვითრები და სხვა). საქონლის რეალიზაცია ხდება ბითუმად, შესაბამისად, რეალიზებული საქონლის ფასნამატი საბაზრო პირობებიდან გამომდინარე დაბალია რაც ასევე გამოწვეულია არსებული კონკურენციითაც. სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2025 წლის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიას მცირე რაოდენობით აქვს დოკუმენტური რეალიზაცია და ვერ ხერხდება ფასნამატის განსაზღვრა. გადამხდელს არ წარმოუდგენია ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, შესაბამისად გამოიყენებულია მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიების აუდირებული ფასნამატი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275.