ბრძანება N 19419

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 31.08.2026
№ დოკუმენტი 19419
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19419

31 აგვისტო 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ----- (ს/ნ -----) (მის.: ----- )

2026 წლის 3 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 აგვისტოს გამართულ სხდომაზე (ოქმი N 72) განიხილა ი/მ ----- ------ (ს/ნ ----- ) N 103841/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 4 ივნისის N 081-103 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი აცახდებს, რომ მის მიერ წარდგენილი იქნა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მაგრამ შემოწმებამ დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 ივნისის N 11957 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 მაისის N 081 - 98 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 29 მაისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ ----- (ს/ნ ----- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 ივნისის N 11957 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 15 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები არ შემცრიდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 4 ივნისის N 081 - 103 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების მიხედვით არსებული ინფორმაციის საფუძველზე, დღგ-ის ბრუნვა განისაზღვრა 222 076 ლარით, საიდანაც დეკლარირებული ჰქონდა მხოლოდ 60 899 ლარი. გადასახადის გადამხდელს დღგ დაერიცხა სულ 17 564 ლარი და ჯარიმა 9 722 ლარი. ამასთან, გათვალისწინებულია, რომ შემოწმების დროს დღგ-ის ჩასათვლელი თანხა, მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე შეადგენდა 11 449 ლარს. გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 23 აპრილისა და 2025 წლის პირველი მარტის პერიოდებში მიღებული აქვს სულ 247 951,7 ლარის პროდუქცია და ამავე პერიოდში დეკლარირებული ბრუნვაა 60 899 ლარი. დასკვნის მომზადების პროცესში გადასახადის გადამხდელთან განხორციელდა კომუნიკაცია შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით დამატებით წარმოედგინა ახსნა - განმარტება შეძენა/რეალიზაციებთან დაკავშირებით და დაეზუსტებინა დეკლარაციები, რადგან დეკლარირებული ბრუნვა, შემოწმებით დადგენილი ბრუნვით და სავარაუდო ნაშთების გათვალისწინებით ფასნამატი ძალიან დაბალია (არარეალურია). გადასახადის გადამხდელმა ითხოვა პერიოდი, რათა შეესწავლა სამეწარმეო საქმიანობის შემოსავლები. შემდეგ წარმოდგენილი ინფორმაციით კი გადასახადის გადამხდელმა განმარტა, რომ შემოწმებით დადგენილ ბრუნვებს ვერ გაზრდიდა და შედეგი იგივე იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ არ გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი დოკუმენტი დღგ-ის ჩათვლებთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე, 176-ე და 178-ე მუხლების საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა შემოწმებამ არ მისცა დღგ-ის ჩათვლის უფლება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII კარის დებულებების მიხედვით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ----- (ს/ნ ----- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII კარის დებულებების მიხედვით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი ითხოვს დღგ-ის თანხის ჩათვლებში გათვალისწინებას და საურავის პატიებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოს დაევალა დღგ-ის ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამატებით შესწავლა. შემდგომი შესწავლის შედეგად დარიცხული თანხა არ შემცირებულა და გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება:

დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის XII კარის დებულებების მიხედვით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3); 174(1); 175(ა;გ);.