ბრძანება N 6099

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 31.03.2025
№ დოკუმენტი 6099
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6099

31 მარტი 2025

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

(მის.: „--------“ )

2025 წლის 4 მარტის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 მარტის სხდომაზე (ოქმი №23) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ „--------“) 2025 წლის 4 მარტის №94428/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №006-590 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

მომჩივანი აცხადებს, რომ ფულის მოძრაობის გაანგარიშების ცხრილების მიხედვით, გარკვეულ საანგარიშო პერიოდებში (თვეებში) მიღებულ თანხაში ჩართული იყო როგორც ავანსები, ასევე, კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებები, რომელთან დაკავშირებითაც მიღებულია აღნიშნული ავანსები დღგ-ის გარეშე, 279 661 ლარი. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას აუდიტის დეპარტამენტს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები დაახლოებით 69 000 ლარით უნდა შეემცირებინა, თუმცა შემმოწმებელმა შეამცირა გადასახადის ნაწილში მხოლოდ 27 313 ლარი, რაც არამართლზომიერია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს მისი მონაწილეობით ნაღდი ფულის ნაშთის ცხრილების დეტალურ გავლას და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი სანქციების კორექტირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 3 სექტემბრის №19740 ბრძანების საფუძველზე შპს „------- -ს “ (ს/ნ „--------“) 2024 წლის 6 აგვისტოს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„1. შპს „---------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს ავანსის მიღებულ შემოსავალში გათვალისწინების მართლზომიერებისა და ხარჯის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 3 სექტემბრის №19740 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2024 წლის 25 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 40 970 ლარი, მათ შორის გადასახადი 27 313 ლარი, ხოლო ჯარიმა 13 657 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას აუდიტის დეპარტამენტს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები დაახლოებით 69 000 ლარით უნდა შეემცირებინა, თუმცა შემმოწმებელმა შეამცირა გადასახადის ნაწილში მხოლოდ 27 313 ლარი, რაც არამართლზომიერია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ექსელის ცხრილში ფორმულების კორექტირების შედეგად გაირკვა, რომ საგადასახადო შემოწმების ეტაპზე გადამხდელის შემოსავალში თანხები აღებული იყო დღგ-ის გარეშე, ხოლო გადაანგარიშების ეტაპზე აღნიშნული დაკორექტირდა და შემოსავალში თანხების აღება მოხდა დღგ-ის ჩათვლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლიდან ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ღირებულების ამოღების შემდეგ დარიცხვის თანხა (გადასახადის ნაწილში) შემცირდა 27 313 ლარით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს თავდაპირველი გაანგარიშების მიხედვით განახორციელოს აღსრულების ფარგლებში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს თავდაპირველი გაანგარიშების მიხედვით განახორციელოს აღსრულების ფარგლებში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს მისი მონაწილეობით ნაღდი ფულის ნაშთის ცხრილების დეტალურ გავლას და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადისა და შესაბამისი სანქციების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შემოწმებამ მოიკვლია გადამხდელის დებიტორული და კრედიტორული დავალიანება, ამასთან, ხარჯებში გაითვალისწინა შეძენილი საქონელი და მომსახურებები, სესხის პროცენტი, ლიზინგი, ბანკის საკომისიო, გაცემული ხელფასები და სხვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის გამოვლენილი სხვაობა,დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ თანხად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

2. კომპანიის ანგარიშიდან ფულადი თანხის გატანა,დაკვალიფიცირდა კომპანიის იმჟამინდელი დირექტორის მიმართ უპროცენტო სესხის სახით განაცემად და დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, ხოლო უკან დაბრუნებულ თანხაზე განხორციელდა ჩათვლის მიღება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდების შესაბამისად დაკორექტირდა მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხები და შემცირდა გადამხდელის გადასახადის თანხა.ასევე, სესხზე გაანგარიშებული სარგებლის თანხა ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 3 სექტემბრის №19740 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2024 წლის 25 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 40 970 ლარი, მათ შორის გადასახადი 27 313 ლარი, ხოლო ჯარიმა 13 657 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს თავდაპირველი გაანგარიშების მიხედვით განახორციელოს აღსრულების ფარგლებში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5,9),101,154.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი: მუხლი 96,97.