ბრძანება N 12512

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.06.2023
№ დოკუმენტი 12512
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12512

05.06.2023

შპს „-------“ (ს/ნ ----------)

(მის.: -------------)

2023 წლის 7 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ --------) 2023 წლის 7 აპრილის №61138/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 მარტის №081-33 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას. არ ეთანხმება შემოწმების შეფასებას, რომ თითქოსდა წარდგენილი ბუღალტრული პროგრამითა და სააღრიცხვო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საცალო ჩანაწერებს ახორციელებს ყოველი თვის ბოლოს. აცხადებს, რომ საწარმოს ერთადერთი ხარვეზია ის, რომ არ გააჩნია სპეციალიზირებული პროგრამა, რომელსაც საქონლის მოძრაობის აღრიცხვისთვის იყენებენ მსხვილი სავაჭრო ობიექტები. აღრიცხვის სისწორეზე მეტყველებს თავად შედეგიც, 14.5 მილიონიან ბრუნვაში სხვაობა გამოვლინდა მხოლოდ 129 200 ლარი, რაც საერთო ბრუნვის 0,9%-ია. ასევე არ ეთანხმება სალაროს ნაშთის ხელფასად აღიარების დროს მის აგროსვას. აცხადებს, რომ შემოწმებამ არ გამოიკვლია საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცობას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 სექტემბრის №24232 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 6 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 13 მარტის №4688 ბრძანება და ამავე თარიღის №081-33 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 103 695 ლარი, მათ შორის, გადასახადი 63 914 ლარი, ჯარიმა 28 181 ლარი, საურავი 11 600 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

 შპს „-------“ საქმიანობის სახეს წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმით საბითუმო და საცალო ვაჭრობა (სიგარეტი, თუთუნი, თამბაქო და ა.შ). კომპანია საქმიანობას ეწევა იჯარით აღებულ ფართში, რომელიც მდებარეობს ქ. --------. ------- ქუჩა N--. გადამხდელის მიერ საქონლის რეალიზაცია ხორციელდება საკონტროლო-სალარო აპარატისა და ბანკის მეშვეობით. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები და საბუღალტრო პროგრამა, სადაც საქონლის მოძრაობა (შეძენა, რეალიზაცია და ჩამოწერა) და სხვა მონაცემები ასახულია ნაწილობრივ (თვეების ჭრილში ჯამური თანხებით) სასაქონლო ზედნადებების და ნაწილობრივ სალარო აპარატზე დაფიქსირებული შემოსავლების მიხედვით, თვეების ჭრილში ჯამური თანხებით. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ: არ ხდება გაყიდული პროდუქციის რაოდენობრივი და სახეობრივი აღრიცხვა. წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვით საცალოდ რეალიზებული საქონელი ჩამოწერილია ჯამურად თვის ბოლოს, დოკუმენტური რეალიზაციისგან განსხვავებული ფასნამატით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 49-ე და 73-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზე განხორციელდა პერიოდების და საქონლის სახეობების მიხედვით პროდუქციის ჯგუფებად ჩაშლა და დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი. ბუღალტრულ პროგრამაში შესამოწმებელ პერიოდში გაწერილ ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის ღირებულება შეუდარდა შესაბამისი საქონლის შეძენის ღირებულებას გადამხდელის მიერ დაფიქსირებული მონაცემებით, პერიოდების მიხედვით. მიღებული დოკუმენტური ფასნამატი გავრცელებული იქნა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე პერიოდების მიხედვით.

შემოწმების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შემოსავლებთან. შემოწმებით დადგენილმა საშუალო ფასნამატმა 2020 და 2021 წლებში შეადგინა - 2 % და 2022 წელს 3%, გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშუალო ფასნამატი 2020 წელს შეადგენს -1 %- ს, 2021 წელს - 0.006%-ს, 2022 წელს -3%-ს. ჯამში დეკლარირებულ დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმების მიერ დაანგარიშებულ დასაბეგრ ბრუნვას შორის გამოვლინდა სხვაობა 129 246 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 161-ე, 2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 შემოწმებით განხორციელდა ნაღდი ფულადი საშუალებების მოძრაობის შესწავლა, გაანგარიშებულ შემოსავალებს შეუპირისპირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხა, გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ ბუღალტრულ პროგრამაში დაფიქსირებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ნაშთები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,-------“ 2022 წლის აგვისტოს თვის ბოლოს უნდა უფიქსირდებოდეს სალაროს ნაშთი 162 641 (გროსი 203 302) ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების შესაბამისად, შემოწმებით დადგენილი სალაროს ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე, ---------- ხელფასის სახით განაცემად და შესაბამისად, გაიზარდა 2022 წლის აგვისტოს თვის (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვე), საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, 101-ე, 154-ე მუხლების საფუძველზე გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელის მიერ საქონლის რეალიზაცია ხორციელდება საკონტროლო-სალარო აპარატისა და ბანკის მეშვეობით. წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებისა და საბუღალტრო პროგრამის მიხედვით ირკვევა, რომ საქონლის მოძრაობა (შეძენა, რეალიზაცია და ჩამოწერა) და სხვა მონაცემები ასახულია ნაწილობრივ (თვეების ჭრილში ჯამური თანხებით) სასაქონლო ზედნადებების და ნაწილობრივ სალარო აპარატზე დაფიქსირებული შემოსავლების მიხედვით, თვეების ჭრილში ჯამური თანხებით. ასევე დადგენილია, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას სათანადო წესით, კერძოდ, არ ხდება გაყიდული პროდუქციის რაოდენობრივი და სახეობრივი აღრიცხვა. წარმოდგენილი ბუღალტრული მონაცემებით, საცალოდ რეალიზებული საქონელი ჩამოწერილია ჯამურად თვის ბოლოს, დოკუმენტური რეალიზაციისგან განსხვავებული ფასნამატით.

შემოწმებით შესწავლილ იქნა გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზე განხორციელდა პერიოდების და საქონლის სახეობების მიხედვით პროდუქციის ჯგუფებად ჩაშლა და დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც გავრცელებული იქნა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე პერიოდების მიხედვით. შედეგად, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის გამოვლინდა სხვაობა. ამასთან, განხორციელდა ნაღდი ფულის მოძრაობის შესწავლა, გაანგარიშებული შემოსავლებისა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების, ბიუჯეტში გადახდილი თანხის შეპირისპირებით, ასევე, დებიტორული და კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით გაანგარიშდა ფულის ნაშთი, რომელიც 2022 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდში ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, გადასახადის გადამხდელის დავის წარმოების პროცესში არ წარმოუდგენია იმგვარი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას. ასევე არ ეთანხმება სალაროს ნაშთის ხელფასად აღიარების დროს მის აგროსვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ: არ ხდება გაყიდული პროდუქციის რაოდენობრივი და სახეობრივი აღრიცხვა. წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვით საცალოდ რეალიზებული საქონელი ჩამოწერილია ჯამურად თვის ბოლოს, დოკუმენტური რეალიზაციისგან განსხვავებული ფასნამატით. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზე განხორციელდა პერიოდების და საქონლის სახეობების მიხედვით პროდუქციის ჯგუფებად ჩაშლა და დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი. ბუღალტრულ პროგრამაში შესამოწმებელ პერიოდში გაწერილ ზედნადებებში დაფიქსირებული საქონლის ღირებულება შეუდარდა შესაბამისი საქონლის შეძენის ღირებულებას გადამხდელის მიერ დაფიქსირებული მონაცემებით, პერიოდების მიხედვით. მიღებული დოკუმენტური ფასნამატი გავრცელებული იქნა საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე პერიოდების მიხედვით. შემოწმების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შემოსავლებთან.

შემოწმებით დადგენილი სალაროს ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და შესაბამისად, გაიზარდა 2022 წლის აგვისტოს თვის (შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვე), საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49(1), 61(3), 73, 101(1), 154(1), 136(3), 159(1), 163, 164(1), 168(1).

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160, 161(1), 171(1).