გადაწყვეტილება №20355/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.09.2023
№ დოკუმენტი 20355/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20355/2/2023

27 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 22.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20355/2/2023).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;

2. საქონლის რეალიზაციასა და სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით განსაზღვრულ ხარჯს შორის სხვაობის თანხის ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №006-581 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14334 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 388 711 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 199 548

დღგ - 23 679

საშემოსავლო გადასახადი - 175 869

ჯარიმა - 101 112

საურავი - 88 051

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სურსათითა და სხვადასხვა პროდუქტებით სარესტორნო ქსელების მომარაგება.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 20.12.2022 წლის №32092 ბრძანება და 21.12.2022 წლის №006-581 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის 14334 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის წარდგენილი ინფორმაციის, დეკლარირებული მონაცემებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმების შედეგად დადგენილ ბრუნვას შორის, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს გამოწერილი აქვს საგადასახადო ანაგარიშ-ფაქტურები, რომლებშიც დასაბეგრი საქონელი, რომელიც არ წარმოადგენს ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს (შაქარი; ბრინჯი; ზეთი და ა.შ.) შეყვანილი აქვს ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული საქონლის ბრუნვაში. შედეგად შემცირებული აქვს 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების და საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, კერძოდ, 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 310 054 ლარით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 171-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმოს მიერ ხდებოდა სარეალიზაციო საქონლის დაყოფა დასაბეგრ და არადასაბეგრ კატეგორიებად და შესაბამისად იბეგრებოდა რეალიზაცია დღგ-ით, რაც ფიქსირდება წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში, ასევე გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოწმების აქტშიც მითითებულია, რომ გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა პოზიციის წარდგენა. არ ეთანხმება აღნიშნულ საკითხში დარიცხვას, რადგან საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული ინფორმაცია, შეიცავს უზუსტობებს და არასწორ შეფასებას.

კერძოდ, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დამატებით დღგ-ით დაიბეგრა ის საქონელი, რომელიც არ წარმოადგენს ადგილობრივი წარმოების დასაბეგრ პროდუქტს (შაქარი, ბრინჯი, ზეთი და ა.შ). თუმცა აღსანიშნავია, შემოწმების მიერ დღგ-ით დაიბეგრა ყველი, თაფლი, ბოსტნეული, ხორცი და ა. შ. სხვადასხვა საქონელი, რაც გათავისუფლებულია დღგ-ისაგან. კერძოდ, 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 167-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტების (მიმდინარე რედაქციის საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილი) შესაბამისად, დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია:

უ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე);

ფ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული სეს ესნ-ის 0201, 0203 11–0203 19, 0204 10 000 00–0204 23 000 00, 0204 50 110 00–0204 50 390 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე სეს ესნ-ის 0802 22 000 00 კოდით გათვალისწინებული საქონლის (ნაჭუჭგაცლილი თხილი) მიწოდება.

ზემოაღნიშნული პოზიციის დასადასტურებლად წარმოადგენს აუდიტორის მიერ მოწოდებულ დამატებით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშების ცხრილს და აღნიშნავს, რომ ცხრილიდან ნათლად ჩანს, რომ შემოწმების შედეგად დღგ-ით დაბეგრილი იქნა ისეთი საქონელი რაც გათავისუფლებულია დღგისაგან. შესაბამისად ითხოვს არასწორად დარიცხული დღგ-ის თანხის შემცირებას.

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში

– მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი. მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:

ა) დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

ბ) დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. 1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 167-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტების (1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილი) შესაბამისად:

უ) დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია: საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე);

ფ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული სეს ესნ-ის 0201, 0203 11–0203 19, 0204 10 000 00–0204 23 000 00, 0204 50 110 00–0204 50 390 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე სეს ესნ-ის 0802 22 000 00 კოდით გათვალისწინებული საქონლის (ნაჭუჭგაცლილი თხილი) მიწოდება.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოწმებისას დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს გამოწერილი აქვს საგადასახადო ანაგარიშ-ფაქტურები, რომლებშიც დასაბეგრი საქონელი, რომელიც არ წარმოადგენს ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს (შაქარი; ბრინჯი; ზეთი და ა.შ.) შეყვანილი აქვს ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული საქონლის ბრუნვაში, რის შედეგადაც შემცირებულია 18%- ით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების და საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, კერძოდ, 18%- ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 310 054 ლარით. საწარმოს დაერიცხა დღგ.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დღგ-ით დაიბეგრა ისეთი საქონელი, რაც საგადასახადო კოდექსის თანახმად, გათავისუფლებულია დღგ-ით დაბეგვრისაგან (ადგილობრივი წარმოშობის: ყველი, თაფლი, ბოსტნეული, ხორცი და ა. შ.), რაც საჭიროებს შესაბამის კორექტირებას. მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების შედეგად დაბეგრილია ის საქონელი, რომელიც არ არის გათავისუფლებული დღგ-ით დაბეგვრისაგან. მხარეები ვერ შეთანხმდნენ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

2. საქონლის რეალიზაციასა და სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით განსაზღვრულ ხარჯს შორის სხვაობის თანხის საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზისას შემოწმება დაეყრდნო დეკლარირებული მონაცემების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, ასევე გადამხდელის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებს. შემოწმების დროს გადამხდელის მიერ წარდგენილი იყო ასევე შესყიდვის აქტების რეესტრები. მოხდა შესყიდვის აქტების რეესტრში მითითებულ ფიზიკურ პირებთან დაკავშირება და ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა, საიდანაც დადგინდა, რომ აღნიშნულ ფიზიკურ პირებს შპს „----------“ არ მიუწოდებიათ შესყიდვის აქტში მითითებული რაოდენობის საქონელი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე და 136-ე მუხლების გათვალისწინებით, ვინაიდან გადამხდელს არ ჰქონდა სრულყოფილად წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, იმ ნაწილში, სადაც არ დგინდებოდა დოკუმენტური ხარჯის გაწევა, საგადასახადო ორგანომ გამოიყენა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო. შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმო სხვადასხვა კვების ობიექტს და რესტორანს ამარაგებს ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქციით. აღსანიშნავია, რომ თითოეული კვების ობიექტი და რესტორანი ითხოვდა განსაკუთრებით მაღალხარისხიან ახალ და გადარჩეულ პროდუქციას, რის გამოც ფასნამატი მერყეობდა 8-იდან მაქსიმუმ 15%-მდე. შემოწმების აქტის მიხედვით, გაანგარიშებული იქნა ფულის მოძრაობა, მათ შორის ვინაიდან შემოწმების მიმდინარეობისას სრულყოფილად არ ყოფილა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები) გამოყენებული იქნა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო.

მომჩივანი არ ეთანხმება აღნიშნულ ნაწილში დარიცხვებს შემდეგი გარემოებების გამო:

1) ფულის მოძრაობის გაანგარიშების ცხრილი, რომლის საფუძველზე განხორციელდა დარიცხვა, არ არის სრულყოფილი არ მოიცავს სრულ ინფორმაციას კომპანიის ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ, კერძოდ, არ არის გათვალისწინებული: დებიტორების და კრედიტორების შესახებ ინფორმაცია, ბანკიდან განხორციელებული ისეთი გადახდები, რომელზეც არ არის მიღებული ანგარიშ-ფაქტურები, სესხისთვის გადახდილი თანხები.

2) №0256 მენუალის გამოყენების დროს გაანგარიშებაში, აქტში დაშვებულია შეცდომა და ხარჯებში არ არის გათვალისწინებული შემოსავლების 75%. შესაბამისად ითხოვს ისეთ საქონელზე, რომელზეც არ არის წარმოდგენილი შესყიდვის აქტები ხარჯები გათვალისწინებული იქნეს №0256 მენუალის შესაბამისად, შემოსავლის 75%, ხოლო გამოვლენილი სხვაობის თანხა დაიბეგროს მოგების გადასახადით „სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში სხვაობის დაბეგვრის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად (მეთოდური მითითება განსაზღვრავს მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრის საკითხებს). აღნიშნულ ნაწილში ასევე ითხოვს, გათვალისწინებული იქნას „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად სალაროში არსებული თანხები, რადგან საწარმო შესყიდვებს ძირითადად ახორციელებდა სალაროდან, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასევე შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, მაშინ როდესაც საწარმოს აღარ უფიქსირდება შემოსავლები ბანკში, სალაროდან შეტანილია თანხები ბანკის სესხების და სხვა ვალდებულების დასაფარად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დარიცხულ თანხებს და ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას/შემცირებას.

2.08.2023 წელს წარმოდგენილ დაზუსტებული საჩივრით მომჩივანი განმარტავს, რომ თითოეული კვების ობიექტი და რესტორანი ითხოვდა განსაკუთრებით მაღალხარისხიან ახალ და გადარჩეულ პროდუქციას, რის გამოც ფასნამატი მერყეობდა 8-იდან მაქსიმუმ 15%-მდე, ხოლო დოკუმენტურ შეძენებზე ფასნამატი მერყეობს 20%-მდე. არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ ფასნამატს. ასევე, არ ეთანხმება აღნიშნულ ნაწილში განხორციელებულ დარიცხვებს შემდეგი გარემოებების გამო:

1) წარმოდგენილი ფულის მოძრაობის გაანგარიშების ცხრილი, (იხ. დანართი 8) რომლის საფუძველზე განხორციელდა ფულის ნაშთის გაანგარიშება და დარიცხვა არ არის სრულყოფილი, არ მოიცავს სრულ ინფორმაციას კომპანიის ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ, კერძოდ არ არის გათვალისწინებული დებიტორების და კრედიტორების შესახებ ინფორმაცია, ასევე არ არის გათვალისწინებული ბანკიდან განხორციელებული გადახდების სრულად, მაგალითად არ არის გათვალისწინებული საპენსიო ფონდში გადარიცხული თანხები. ასევე გაანგარიშების თანხა განსხვავდება აქტში დაფიქსირებული მონაცემებისგან, ასევე საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების დროს არ არის გათვალისწინებული საგადასახადო კოდექსის 309 მუხლის 112-ე ნაწილის შესაბამისად გათვალისწინებული შეღავათები.

2) შემოწმების აქტის მიხედვით №0256 მენუალის გამოყენებით ხარჯში გათვალისწინებული იქნა 75%, რომლის მიხედვითაც გაანგარიშებული იქნა ფულის ნაშთი. ითხოვს ისეთ საქონელზე, რომელზეც არ არის წარმოდგენილი შესყიდვის აქტები ხარჯებში გათვალისწინებული იქნეს კომპანიის მიერ დაფიქსირებული თავისივე დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო გამოვლენილი სხვაობის თანხა დაიბეგროს მოგების გადასახადით „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად (მეთოდური მითითება განსაზღვრავს მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრის საკითხებს). აღსანიშნავია, რომ შესამოწმებელი პერიოდი მოიცავდა 1.01.2019-იდან 1.07.2022 წლამდე პერიოდს. აღნიშნულ პერიოდის შემდეგ საწარმოს შემოსავლები აღარ უფიქსირდება, თუმცა გააჩნდა საბანკო სესხი, რომელზეც გადახდილია თანხები და სესხი სრულად არის დაფარული, ჯამში 224228 ლარი. (რაც დასტურდება ბანკის ამონაწერით დანართი N9) ფულის მოძრაობის დროს აღნიშნული თანხები არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად, რადგან საწარმო შესყიდვებს ძირითადად ახორციელებდა სალაროდან და საქვეანგარიშო პირების მეშვეობით, ასევე შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ, მაშინ როდესაც საწარმოს აღარ უფიქსირდება შემოსავლები, სალაროდან საქვეანგარიშო პირების მიერ დაბრუნებულია თანხები ბანკის სესხების დასაფარად, რაც ადასტურებს სალაროში თანხების არსებობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დარიცხულ თანხებს და ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას/შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

დადგენილია, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე და 136-ე მუხლების გათვალისწინებით, ვინაიდან გადამხდელს არ ჰქონდა სრულყოფილად წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, იმ ნაწილში, სადაც არ დგინდებოდა დოკუმენტური ხარჯის გაწევა, გამოყენებულია N0256 სიტუაციური სახელმძღვანელო. გამოვლენილი შემოსავლები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემოწმებისას გამოყენებული ფასნამატი არარეალურია, მოითხოვეს დოკუმენტური ფასნამატის ან მსგავსი (აუდირებული) კომპანიის ფასნამატის გავრცელება, ასევე, მოითხოვეს საჩივარში დასახელებული მეთოდური მითითებების (მენუალები) გათვალისწინებით შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება. მიაჩნიათ, რომ საჩივარში დასახელებული არგუმენტების და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა არ მომხდარა, ხოლო საგადასახადო ორგანოს არგუმენტები და დასკვნები სუბიექტური და დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმებს.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14334 ბრძანება;

3. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;

2. საქონლის რეალიზაციასა და სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით განსაზღვრულ ხარჯს შორის სხვაობის თანხის ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და შემოწმების შედეგად დადგენილ ბრუნვას შორის.

შემოწმების შედეგად დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, კერძოდ, 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა.საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

შემოწმებით განისაზღვრა გადამხდელის ფულადი ნაკადების მოძრაობა. შემოწმების მიერ მოხდა შესყიდვის აქტების რეესტრში მითითებულ ფიზიკურ პირებთან დაკავშირება და ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა, საიდანაც დადგინდა, რომ აღნიშნულ ფიზიკურ პირებს მომჩივანისთვის არ მიუწოდებიათ შესყიდვის აქტში მითითებული რაოდენობის საქონელი. შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლები ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და აღნიშნული დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;161(1ა);171(1);159(1ა);168(1);73(5);61(3);101(1);154(1ა);

 

N0256 სიტუაციური სახელმძღვანელო