გადაწყვეტილება №21187/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 01.03.2024
№ დოკუმენტი 21187/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№21187/2/2023

01 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 30.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21187/2/2023).

 

დავის საგანი:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნეული განკარგვადი თანხის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2023 წლის №002-161 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.10.2023 წლის №25159 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 714 676 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 400 394

დღგ - 259 047

საშემოსავლო გადასახადი - 141 347

ჯარიმა - 200 148

საურავი - 114 134

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 9.03.2023 წლის ჩათვლით კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 17.07.2023 წლის №17273 ბრძანება და 18.07.2023 წლის №002-161 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.10.2023 წლის №25159 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით (გამოწერილი/შეძენილი სასაქონლო ზედნადებების ანალიზი) დადგინდა, რომ 2020-2022 წლებში კომპანია ეწეოდა არმატურისა და შავი ლითონის ჯართის შეძენას და რეალიზაციას, დღეის მდგომარეობით კომპანიას არ გააჩნია ოფისი, საწყობი და მასალების შესანახი ობიექტი. გადასახადის გადამხდელის ახსნა-გამარტებით, 2021 წლის მაისის შემდგომ არ ახორციელებდა არმატურისა და ჯართის რეალიზაციას, აგრეთვე 2023 წლის მდგომარეობით არ გააჩნია სმფ-ების ნაშთი. გასს-ის მონაცემების შესწავლით დადგინდა, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდში კომპანიის მიერ გამოწერილია და შემდგომ გაუქმებულია შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებები, რომლის მიხედვით გადაზიდულია 522,76 ტონა შავი ლითონის ჯართი და 481,36 ტონა არმატურა. ამასთან, 2022 წლის 21 იანვარს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოწერილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №1266797 და გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებულია 20 ტონა შავი ლითონის ჯართის გადაზიდვაზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებში დაწყების ადგილის არასწორად მითითების გამო. აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებს გასს-ში მინიჭებული აქვს სტატუსი „გაუქმებული“.

გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემოწმებისთვის არ წარუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის შავი ლითონის ჯართის ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტები. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა გადამხდელის შემოსავალი. კერძოდ, სასაქონლო ზედნადებებით გადაზიდული არმატურისა და შავი ლითონის ჯართი ჩაითვალა კომპანიის მიერ შეძენის პერიოდში რეალიზებულად. სარეალიზაციო ფასი განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული ფასნამატით, რომელიც შედარდა სხვა შემოწმებების დროს გამოყენებულ აუდირებულ ფასნამატს. შედეგად, გამოვლენილი სხვაობით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, ვინაიდან საქონლის მიმღები მხარის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, სასაქონლო ზედნადებებით გადაზიდული არმატურისა და შავი ლითონის ჯართის კომპანიის მიერ შეძენის პერიოდში რეალიზებულად განხილვა, დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დაბეგვრა და სარეალიზაციო ფასად გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული ფასნამატის გამოყენება, რომელიც ედრებოდა სხვა შემოწმებების დროს გამოყენებულ აუდირებულ ფასნამატს მართლზომიერია. აგრეთვე, ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად გაანგარიშებული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ კომპანიამ 2021 წლის ივნისის თვიდან 2022 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში განახორციელა სხვადასხვა სახის ნარჩენი შავი ლითონის ჯართის ფიზიკური პირებისგან შეძენა და შემდგომ მისი რეალიზაცია. შავი ლითონის ჯართის არსებობა დასტურდება 2022 წლის 21 იანვრის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოწერილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, რომლის მიხედვით კომპანია დაჯარიმდა 20 ტონა შავი ლითონის ჯართის გადაზიდვაზე, გამოწერილი სასაქონლო ზედნადებში დაწყების ადგილის არასწორად მითითების გამო. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ 1004,12 ტონა შავი ლითონის ჯართის რეალიზაციის საერთო ღირებულება გადაზიდვების პერიოდისთვის არსებული საშუალო ფასით (840 ლარი) შეადგენს 843 460,8 ლარს, რომელიც საგადასახადო კოდექსით დღგ-ით არ იბეგრება.

 

2. საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნეული განკარგვადი თანხის ოდენობა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანიას არ უფიქსირდება სასაწყობე ფართის ქონის ან იჯარით აღების ფაქტები, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ადგილობრივი მომწოდებლებიდან საქონლის შეძენას და რეალიზაციას ახდენდა დასაწყობების გარეშე. 2020-2022 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას შემოწმებამ იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული ფასნამატით, რომელიც შეადარეს სხვა შემოწმებების დროს გამოყენებულ აუდირებულ ფასნამატს. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა სულ 2 339 168 ლარი, ხოლო გაწეული ხარჯი განისაზღვრა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად მიღებული შემოსავლის 25%-იანი რენტაბელობით, აგრეთვე საბანკო ამონაწერის მიხედვით და გასს-ის მონაცემებით გადახდილი თანხები. შემოწმების მიერ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის გათვალისწინებით განისაზღვრა საწარმოში ნაშთად არსებული განკარგვადი თანხა. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და სალაროში არ ფიქსირდება მიწოდების შედეგად მიღებული/მისაღები თანხები, აღნიშნული ოპერაციით მიღებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად გაანგარიშებული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოითხოვს საჩივრის განხილვაზე დასწრებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება განკარგვადი თანხის გაანგარიშებას. განმარტავს, რომ კომპანიის მიერ 2020- 2022 წლებში რეალიზებული შავი ლითონის ჯართის საერთო ღირებულება შეადგენდა 813 460,8 ლარს, რომელიც კომპანიამ შეიძინა საშუალო 35 ლარის სხვაობით ერთეულ ტონაზე. აღნიშნული თანხიდან კომპანიას ფიზიკური პირებისგან შეძენილი შავი და ფერადი ლითონების და ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი 3%-ით უნდა დაებეგრა. კომპანიას ასევე უნდა დაებეგრა მიღებული შემოსავალი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საწარმოს არ გადაუხდია ფიზიკური პირებისგან შეძენილი შავი და ფერადი ლითონების და ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი - 3%, კომპანიის სრულ შემოსავლად უნდა განისაზღვროს 35 144,2 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. შემოწმებისას დადგენილია, რომ საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემოწმებისთვის არ წარუდგენია სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მათ შორის შავი ლითონის ჯართის ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტები.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა გადამხდელის შემოსავალი. კერძოდ, სასაქონლო ზედნადებებით გადაზიდული არმატურისა და შავი ლითონის ჯართი ჩაითვალა კომპანიის მიერ შეძენის პერიოდში რეალიზებულად. სარეალიზაციო ფასი განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული ფასნამატით, რომელიც შედარდა სხვა შემოწმებების დროს გამოყენებულ აუდირებულ ფასნამატს. შედეგად, გამოვლენილი სხვაობით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დღგით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, შემოსავლის გაანგარიშებისას შემოწმებამ იხელმძღვანელა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოყენებული ფასნამატით, რომელიც შედარდა სხვა შემოწმებების დროს გამოყენებულ აუდირებულ ფასნამატს. შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა სულ 2 339 168 ლარი, ხოლო გაწეული ხარჯი განისაზღვრა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად მიღებული შემოსავლის 25%-იანი რენტაბელობით, აგრეთვე საბანკო ამონაწერის მიხედვით და გასს-ის მონაცემებით გადახდილი თანხები.

შემოწმებისას დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის გათვალისწინებით განისაზღვრა საწარმოში ნაშთად არსებული განკარგვადი თანხა. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და სალაროში არ ფიქსირდება მიწოდების შედეგად მიღებული/მისაღები თანხები, აღნიშნული ოპერაციით მიღებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.

მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 11.10.2023 წლის №25159 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;

2. საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნეული განკარგვადი თანხის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 9.03.2023 წლის ჩათვლით კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 17.07.2023 წლის №17273 ბრძანება და 18.07.2023 წლის №002-161 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.10.2023 წლის №25159 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 1 ბ.