ბრძანება N 12646
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12646
06.06.2023
შპს „---------“ (ს/ნ --------)
(მის.: ------------)
2023 წლის 11 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 მაისის სხდომაზე (ოქმი №54) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ --------) 2023 წლის 11 თებერვლის №79038/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის №024-78 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული თავისუფალი ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ თანხები გაცემულია მცირე მეწარმეებზე შესრულებული სარემონტო-სამუშაოების ასანაზღაურებლად. აღნიშნავს, რომ საწარმომ მოგვიანებით მოაწესრიგა ხელშეკრულებები და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია და მზადყოფნას გამოთქვამს საჭიროების შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. ასევე, მომჩივანი აცხადებს, რომ ჩუღურეთის რაიონის გამგეობასთან აქვს სასამართლო დავა, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების თანხების განსაზღვრისას.
2. გადასახადის გადამხდელი ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ ვალდებულებებს, მაგრამ პანდემიის გათვალისწინებით ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, ითხოვს ჯარიმასაურავის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 ივლისის №20024 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 6 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 14 დეკემბრის №31466 ბრძანება და ამავე თარიღის №024–78 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 169 525 ლარი, მათ შორის გადასახადი 101 237 ლარი, ჯარიმა 50 723 ლარი და საურავი 17 565 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა ტენდერში მონაწილეობის მიღების გზით ფიზიკური პირების საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. გამარჯვებულია 10 ტენდერში. ქვეკონტრაქტორად დაქირავებული ჰყავს ურთიერთდამოკიდებული კომპანია - შპს „--------“ (ს/ნ --------), რომელიც ნაწილობრივ უსრულებს სამუშაოებს, მაგრამ სხვა შესასრულებელი ტენდერების შემთხვევაში არ ჰყავს ქვეკონტრაქტორი და ამასთან, არ გასცემს ხელფასებს. 2022 წლის 27 ივლისს შედგენილია ოქმი სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომლითაც გადასახადის გადამხდელს სალარო არ გააჩნია და ნაშთი შეადგენს 0- ს. ვინაიდან შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა სრულყოფილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია ფინანსური აღრიცხვის შესახებ, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად. კერძოდ, ერთმანეთს შეუდარდა შემოწმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია, გადამხდელის მიერ გადმოგზავნილი საბანკო ამონაწერები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა სალაროში ნაღდის ფულის ნაშთი. შემოწმებამ შემოსავალში გაითვალისწინა ტენდერებიდან მიღებული თანხები, ხოლო ხარჯის ნაწილში გაითვალისწინა შეძენილი მომსახურება და მასალები, საკომისიო, ბიუჯეტში გადახდილი თანხები. შედეგად, მიღებული თავისუფალი ფულადი ნაშთი (290 795 ლარი) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გამარჯვებული ჰქონდა 10 ტენდერში და აქედან ორი ტენდერი არ შეუსრულებია. შემოწმებით დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული სატენდერო დოკუმენტაცია და საბანკო ამონაწერები. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტზე არ ჰქონდა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და დაბეგრილი იყო მხოლოდ შესრულებული სამუშაოების ნაწილი. შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 161-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა ფინანსური აღრიცხვის შესახებ სრულყოფილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია. ამასთან, 2022 წლის 27 ივლისს შედგენილია ოქმი სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომლითაც გადასახადის გადამხდელს სალარო არ გააჩნია და ნაშთი შეადგენს 0-ს.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტი, რომლითაც მიუთითა, რომ ჩუღურეთის რაიონის გამგეობასთან აქვს სასამართლო დავა საქალაქო სასამართლოში და აღნიშნული უნდა იქნას გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების განსაზღვრისას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, გადამხდელის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისთვის გაწეული მომსახურების ხარჯი საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გათვალისწინებულია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საწარმოს სალაროს ნაშთის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა და შემოწმებით გამოვლენილი თავისუფალი ფულადი ნაშთის, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. ასევე, დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული თავისუფალი ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. გადასახადის გადამხდელი ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ ვალდებულებებს, მაგრამ პანდემიის გათვალისწინებით ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, ითხოვს ჯარიმასაურავის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობაა ტენდერში მონაწილეობის მიღების გზით ფიზიკური პირების საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. 2022 წლის 27 ივლისს შედგენილია ოქმი სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ, რომლითაც გადასახადის გადამხდელს სალარო არ გააჩნია და ნაშთი შეადგენს 0- ს. ვინაიდან შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა სრულყოფილი დოკუმენტაცია და ინფორმაცია ფინანსური აღრიცხვის შესახებ, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა სალაროში ნაღდის ფულის ნაშთი. შემოწმებამ შემოსავალში გაითვალისწინა ტენდერებიდან მიღებული თანხები, ხოლო ხარჯის ნაწილში გაითვალისწინა შეძენილი მომსახურება და მასალები, საკომისიო, ბიუჯეტში გადახდილი თანხები. შედეგად, მიღებული თავისუფალი ფულადი ნაშთი (290 795 ლარი) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
2. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გამარჯვებული ჰქონდა 10 ტენდერში და აქედან ორი ტენდერი არ შეუსრულებია. შემოწმებით დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული სატენდერო დოკუმენტაცია და საბანკო ამონაწერები. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტზე არ ჰქონდა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და დაბეგრილი იყო მხოლოდ შესრულებული სამუშაოების ნაწილი. გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4), 61(3), 73, 101(1), 154(1), 136(3), 270, 272(1), 275(2), 269(7).