გადაწყვეტილება №27580/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.08.2026
№ დოკუმენტი 27580/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27580/2/2026

24 აგვისტო 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,10.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------" -ის 15.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27580/2/2026).

 

დავის საგანი:

1.საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შემოწმებისას დადგენილი ფასნამატით;

2.შემოწმების შედეგად დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2026 წლის №227-9 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.05.2026 წლის №11417 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 281 019.38 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 172 757

დღგ - 72 757

საშემოსავლო გადასახადი - 100 000

ჯარიმა - 86 845

საურავი - 21 417.38

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ყვავილებითა და სხვა მცენარეებით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 13.01.2023 წლიდან 1.02.2026 წლამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 19.02.2026 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 1.04.2026 წლის №7483 ბრძანება და №227-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 25.05.2026 წლის №11417 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შემოწმებისას დადგენილი ფასნამატით

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის, დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვა შეადგენს 849 528 ლარს (დღგ-ის გარეშე). შეძენილია 1 043 982 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) სარეალიზაციო საქონელი, კერძოდ, სხვადასხვა სახეობის ყვავილები, საიდანაც 770 093 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) შეადგენდა ვარდი, გერბერი 92 441 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), მიხაკი 87 444 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), ქრიზანთემა 55 873 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), ლისიანთუსი 10 090 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), ვინტკალა 13 543 ლარს (დღგის ჩათვლით), ხოლო 14 496 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) სხვა დანარჩენი სახეობები.

გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 2026 წლის 19 თებერვალის, მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის პროცედურის შედეგად დადგინდა, სმფ-ების ნაშთის ოდენობა (საბაზრო ღირებულებით 5 964 ლარი, დღგ-ის ჩათვლით). ამასთან, 2025 წლის 20 ივნისს და 2026 წლის 19 თებერვალს გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა მიმდინარე კონტროლის პროცედურები. ასევე, გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში (2023 წლის 9 ნოემბერს და 2025 წლის 25 ივლისს) დაჯარიმებულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების გამო.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავდა საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები, შეძენები და საგადასახადო მონიტორინგის მიერ მოწოდებული სმფ-ების ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის ჩატარებისა და საკონტროლო შესყიდვის პროცედურების შესახებ ინფორმაცია. შემოწმებამ ფასნამატის გაანგარიშების მიზნით შეისწავლა გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციები და მეთოდური მითითებების ფარგლებში განხორციელდა შეძენილი სმფ-ის ჯგუფებად დაყოფა, კერძოდ, ვარდზე, გერბერზე, ქრიზანთემაზე, მიხაკზე, ლისიანთუსზე და ვინტკალაზე გავრცელდა საკუთარი ჯგუფის ფასნამატები წლების მიხედვით (აღნიშნულ ნაწილში რპთ 779 474 ლარი), ხოლო სხვა დანარჩენ ჯგუფებზე გამოყენებულ იქნა ზემოხსენებული ჯგუფების წლიური საშუალო ფასნამატი (აღნიშნულ ნაწილში რპთ 11 132 ლარი). ასევე, გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა 2025 წლის 19 ივნისის საქონლის ჩამოწერის პროცედურა, რომლის მიხედვით ჩამოიწერა 99 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საბაზრო ღირებულების საქონელი. შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის და ინვენტარიზაციით დადგენილი საქონლის ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით გაანგარიშდა საცალოდ რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავლები, რაც შეადგენს 1 176 368 ლარს (დღგ-ის გარეშე), რომელსაც დაემატა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი 107 738 ლარი (დღგ-ის გარეშე). დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ყოველივე ზემოაღნიშნულის და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოწმებით დამატებით დადგენილი დღგ-ის ბრუნვა 434 578 ლარი (დღგ-ის გარეშე) დაიბეგრა დღგ-ით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტთან, აუდირებული ფასნამატის გამოყენებასთან, დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, მეთოდური მითითების შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით ფასნამატის გაანგარიშებისას, პირველ რიგში გამოიყენება დოკუმენტური ფასნამატი, შემდეგ მიმდინარე კონტროლის შედეგად დადგენილი ფასნამატი (ინვენტარიზაცია, საკონტროლო შესყიდვა და ა.შ.), ხოლო ზემოაღნიშნული მონაცემების არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება აუდირებული ფასნამატი. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დოკუმენტური რეალიზაცია, რომლის მიხედვით შესაძლებელი იყო ფასნამატის გაანგარიშება. ამასთან, გადამხდელის არგუმენტთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებებში დაფიქსირებული ფასნამატების გამოყენებასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებში მითითებული აუდირებული ფასნამატი გაანგარიშებულია იმ გადამხდელებზე, რომლებსაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები იმპორტის გზით შემოაქვთ და რეალიზაციას ახორციელებენ დიდი რაოდენობით, საბითუმოდ, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მომჩივანი ახორციელებს საქონლის ადგილობრივ შეძენას.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, შემოწმების მიერ შეძენილი სმფების ჯგუფებად დაყოფა, კერძოდ, ვარდზე, გერბერზე, ქრიზანთემაზე, მიხაკზე, ლისიანთუსზე და ვინტკალაზე საკუთარი ჯგუფის ფასნამატების გავრცელება, ხოლო სხვა დანარჩენ ჯგუფებზე ზემოხსენებული ჯგუფების წლიური საშუალო ფასნამატის გამოყენება, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელის მიმართ უნდა გამოყენებულიყო აუდირებული დოკუმენტური ფასნამატი ან მხოლოდ საქონლის ერთი ჯგუფის (კერძოდ, ვარდების ჯგუფის) მიხედვით გამოანგარიშებული დოკუმენტური ფასნამატი არაორდინალური ფასების/ფასნამატებისა და ურთიერთდამოკიდებულ პირებთან ოპერაციების მონაწილეობის გარეშე ან/და ერთ ჯგუფში (კერძოდ, მიხაკების ჯგუფში) ფასნამატი გამოანგარიშებული უნდა ყოფილიყო სახეების მიხედვით დოკუმენტური და მიმდინარე კონტროლის პროცედურებით დაფიქსირებული ფასების გათვალისწინებით არაორდინალური ფასების/ფასნამატებისა და ურთიერთდამოკიდებულ პირებთან ოპერაციების მონაწილეობის გარეშე.

შემოწმებისას შედგენილი ცხრილიდან მიხედვით 2023, 2024 და 2025 წლებში ჯამურად დგინდება შემდეგი მონაცემები:

 

დასახელება ფასნამატი ხვ. წ. რპთ-ში ზედნ. ხვ.წ.

ვარდი 22 % 73.65 % 11.94 %

გერბერი 31 % 8.96 % 1.35 %

მიხაკი 290 % 8.42 % 1.85 %

 

ქრიზანთემა 21 % 5.34 % 3.63 %

წინწკალა 25 % 1.3 % 7.29 %

ლისიანტუსი 31 % 0.95 % 0.99 %

დანარჩენი 71 % 1.37 % 8.46 %

სულ: 46% 100 % 8.26 %

 

მითითებული მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ:

ა) დოკუმენტური რეალიზაციის ხვედრითი წილი რპთ-ში საშუალოდ მხოლოდ 8,26%-ია. დოკუმენტური რეალიზაციის ხვ. წილი ყველაზე მაღალი არის ვარდზე (თითქმის 12%); ბ) მთლიანად რეალიზებულ პროდუქციაში თვითღირებულების მიხედვით ყველაზე მაღალი ხვ. წილი უჭირავს ვარდს - 73,65%. შემოწმებისას საშუალო ფასნამატის გაანგარიშებისას ფასნამატის დადგენაში მონაწილეობა აქვს მიღებული არაორდინარულ (საშუალოსაგან რადიკალურად გადახრილ) ფასნამატებს. მაგალითად: ვარდის საშუალო ფასნამატის გაანგარიშებაში მონაწილეობას იღებს ისეთი ფასნამატები, როგორიცაა 101%, 112%, 294%; მიხაკის საშუალო ფასნამატმა, საერთოდ, შეადგინა 290%. ამ ფასნამატის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიიღო ისეთმა ფასნამატებმა, როგორიცაა 355%, 733%, 770%, 959%. ამის გარდა, ყველა ჯგუფში დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებაში მონაწილეობა აქვს მიღებული ურთიერთდამოკიდებულ პირთან („--------“ (პ/ნ „--------“)) განხორციელებულ დოკუმენტურ რეალიზაციებს, რომელთა ხვედრითი წილი 2023-2025 წწ. დოკუმენტურ რეალიზაციაში (102 000 ლარი დღგ-ის ჩათვლით) არის 13,6%. ამის გარდა, საშუალო ფასნამატის გაანგარიშებაში მონაწილეობა აქვს მიღებული კიდევ ორ მეწარმესთან („--------“(„--------“) და „--------“ (პ/ნ „--------“)) განხორციელებულ ოპერაციებს, რომელთა ხვ. წილმა დოკუმენტურ რეალიზაციაში 57% შეადგინა.

მსგავსი საქმიანობის აუდირებულ კომპანიებში, infohub.rs.ge-ზე განთავსებული გადაწყვეტილებების მიხედვით, ყვავილებზე ფიქსირდება 10-17%-იანი დოკუმენტური ფასნამატები, ხოლო ვარდზე 12%-იანი აუდირებული დოკუმენტური ფასნამატი. კერძოდ: აუდიტის დეპარტამენტის 06.09.2023 წლის №21759 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმებით 880 000 ლარზე მეტი დოკუმენტური რეალიზაციის მიხედვით დოკუმენტური ფასნამატი ყვავილების ჯგუფების მიხედვით დადგინდა 10-17%-ის ინტერვალში. შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №11151 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ვარდის რეალიზაციის ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, ხოლო აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2024 წ. დასკვნის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, ფასნამატის განსაზღვრისას, გამოყენებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაცია, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 12% .

მიხაკის ჯგუფში, სადაც შეძენის დოკუმენტების მიხედვით შედის სამი სახეობის ყვავილი („მიხაკი“, „ტურეცკი მიხაკი“ და „ველური მიხაკი“), დოკუმენტური რეალიზაცია საერთოდ არ არსებობს „ველურ მიხაკზე“, ხოლო „ტურეცკი მიხაკი“ მხოლოდ 171 ცალია გაყიდული დოკუმენტურად. ამ პირობებში გათვალისწინებული არ არის, რომ ველურ მიხაკზე ფასნამატი მიმდინარე კონტროლის პროცედურების მიხედვით შეადგენდა 20%-ს (0,18 : 0,15 =1,2) და რომ ველური მიხაკი მიღებული იყო 48 470 ერთეული. შესაბამისად, 20%-იანი ფასნამატის მქონე საქონელზე გავრცელებულია 290%-იანი ფასნამატი. ამის გარდა, დოკუმენტებში მითითებული მონაცემები რეალობას არ შეესაბამება. სახეობა „მიხაკის“ შეძენის ფასი ხან არის 0,07 – 0,1 ლარის ფარგლებში, ხან კიდევ 0,25-0,41 ლარის ფარგლებში. სახეობა „ველური მიხაკის“ შეძენის ფასი ხან არის 1,61 ლარი, ხან 4,75 ლარი, ხან 0,15-0,17 ლარის ფარგლებში. აშკარაა, რომ შეძენარეალიზაციის ზედნადებებში ორივე შემთხვევაში შეიძლება საქონლის დასახელებად მითითებულია „მიხაკი“, მაგრამ შეძენილი და რეალიზებულია სხვადასხვა მიხაკი. ამავე დროს, როგორც აღინიშნა, მიხაკის საშუალო ფას-ნამატმა გაანგარიშებით შეადგინა 290%, რომლის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიიღო ისეთმა ფასნამატებმა, როგორიცაა 355%, 733%, 770%, 959%.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი აუდირებული დოკუმენტური ფასნამატის არსებობის პირობებში, მეთოდური მითითებით დადგენილი რიგითობის გათვალისწინებით, გამოყენებულ უნდა იქნეს მსგავსი საქმიანობის მქონე პირების აუდირებული დოკუმენტური ფასნამატი.

თუ საბჭოს მიერ მიზანშეწონილად ჩაითვლება საკუთარი დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება, მეთოდური მითითების მოთხოვნების გათვალისწინებით, გამოანგარიშებულ უნდა იქნეს ყველაზე იდენტიფიცირებადი, საერთო რაოდენობაში ყველაზე მეტი ხვ. წილის (73.65%) და ყველაზე მეტი (11.94%) დოკუმენტური რეალიზაციის მქონე საქონლის - ვარდის ფასნამატი და გავრცელდეს დანარჩენ სახეობებზე. ამასთან, თვით ვარდის ფასნამატი გამოანგარიშებულ უნდა იქნეს არაორდინალური ფასების/ფასნამატებისა და ურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული ოპერაციების მონაწილეობის გარეშე.

თუ საბჭოს მიერ მიზანშეწონილად არ ჩაითვლება ვარდის ფასნამატის სხვა სახეობებზე გავრცელება, მიხაკების ჯგუფში ფასნამატი გამოანგარიშებულ უნდა იქნეს სახეობების მიხედვით დოკუმენტურად და მიმდინარე კონტროლით დადგენილი ფასების გათვალისწინებით. ჯგუფზე საშუალო ფასნამატი უნდა დადგინდეს სახეობების მიხედვით დადგენილი ფასნამატების საშუალო მაჩვენებლით. ამასთან, ფასნამატები გამოანგარიშებულ უნდა იქნეს არაორდინალური ფასების/ფასნამატებისა და ურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული ოპერაციების მონაწილეობის გარეშე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი 10) „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფასნამატის დადგენაში მონაწილეობას არ იღებს არაორდინალურად მაღალი ან/და დაბალი ფასნამატის მქონე ოპერაციები.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არის დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოწმებისას ფასნამატის გაანგარიშების მიზნით საგადასახადო ორგანომ შეისწავლა გადამხდელის დოკუმენტური რეალიზაციები და მეთოდური მითითებების ფარგლებში განხორციელდა შეძენილი სმფის ჯგუფებად დაყოფა, კერძოდ, ვარდზე, გერბერზე, ქრიზანთემაზე, მიხაკზე, ლისიანთუსზე და ვინტკალაზე გავრცელდა საკუთარი ჯგუფის ფასნამატები წლების მიხედვით (აღნიშნულ ნაწილში რპთ 779 474 ლარი), ხოლო სხვა დანარჩენ ჯგუფებზე გამოყენებულ იქნა ზემოხსენებული ჯგუფების წლიური საშუალო ფასნამატი (აღნიშნულ ნაწილში რპთ 11 132 ლარი). ასევე, გაანგარიშებაში გათვალისწინებულ იქნა 2025 წლის 19 ივნისის საქონლის ჩამოწერის პროცედურა, რომლის მიხედვით ჩამოიწერა 99 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საბაზრო ღირებულების საქონელი. შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის და ინვენტარიზაციით დადგენილი საქონლის ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით გაანგარიშდა საცალოდ რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავლები, რაც შეადგენს 1 176 368 ლარს (დღგ-ის გარეშე), რომელსაც დაემატა დოკუმენტურად დადასტურებული შემოსავალი 107 738 ლარი (დღგ-ის გარეშე). დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. ყოველივე ზემოაღნიშნულის და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოწმებით დამატებით დადგენილი დღგ-ის ბრუნვა 434 578 ლარი (დღგ-ის გარეშე) დაიბეგრა დღგ-ით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება შემოწმებისას დადგენილი ფასნამატის ოდენობას. შემოწმებისას საშუალო ფასნამატის გაანგარიშებისას ფასნამატის დადგენაში მონაწილეობა აქვს მიღებული არაორდინარულ (საშუალოსაგან რადიკალურად გადახრილ) ფასნამატებს. მიხაკის ჯგუფში, სადაც შეძენის დოკუმენტების მიხედვით შედის 3 სახეობის ყვავილი („მიხაკი“, „ტურეცკი მიხაკი“ და „ველური მიხაკი“), დოკუმენტური რეალიზაცია საერთოდ არ არსებობს „ველურ მიხაკზე“, ხოლო „ტურეცკი მიხაკი“ მხოლოდ 171 ცალია გაყიდული დოკუმენტურად. ამ პირობებში გათვალისწინებული არ არის, რომ ველურ მიხაკზე ფასნამატი მიმდინარე კონტროლის პროცედურების მიხედვით, შეადგენდა 20%-ს (0,18 : 0,15 =1,2) და რომ ველური მიხაკი მიღებული იყო 48 470 ერთეული. შესაბამისად, 20%-იანი ფასნამატის მქონე საქონელზე გავრცელებულია 290%-იანი ფასნამატი. ამის გარდა, დოკუმენტებში მითითებული მონაცემები რეალობას არ შეესაბამება. სახეობა „მიხაკის“ შეძენის ფასი ხან არის 0,07 – 0,1 ლარის ფარგლებში, ხან კიდევ 0,25-0,41 ლარის ფარგლებში. სახეობა „ველური მიხაკის“ შეძენის ფასი ხან არის 1,61 ლარი, ხან 4,75 ლარი, ხან 0,15- 0,17 ლარის ფარგლებში. აშკარაა, რომ შეძენა-რეალიზაციის ზედნადებებში ორივე შემთხვევაში შეიძლება საქონლის დასახელებად მითითებულია „მიხაკი“, მაგრამ შეძენილი და რეალიზებულია სხვადასხვა მიხაკი. ამავე დროს, როგორც აღინიშნა, მიხაკის საშუალო ფასნამატმა გაანგარიშებით შეადგინა 290%, რომლის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიიღო ისეთმა ფასნამატებმა, როგორიცაა 355%, 733%, 770%, 959%. მიაჩნია, რომ აუდირებული დოკუმენტური ფასნამატის არსებობის პირობებში, მეთოდური მითითებით დადგენილი რიგითობის გათვალისწინებით, გამოყენებულ უნდა იქნეს მსგავსი საქმიანობის მქონე პირების აუდირებული დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ფასნამატის ოდენობის დადგენისას მიხაკის (არაორდინალური) ფასნამატის ამოღება.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მსგავსი აუდირებული კომპანიები წარმოადგენენ საქონლის (ყვავილები) იმპორტიორებს, რომლებიც ბითუმად დიდი რაოდენობის რეალიზაციებს ახორცილებენ, ხოლო მომჩივანი არ წარმოადგენს იმპორტიორს და საქონლის შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე, ამასთან, მიხაკზე თავად გადასახადის გადამხდელმა დაადასტურა, რომ შეძენა-რეალიზაცია სწორია, რომლის მიხედვითაც მოხდა მიხაკის ჯგუფზე ფასნამატის დადგენა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადავო საქმეზე წარმოდგენილ მასალებზე, მხარეთა არგუმენტებზე, ფაქტობრივ/სამართლებრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ ზემოთ დასახელებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით, შემოწმებისას დადგენილი ფასნამატების ოდენობის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ამ მიზნით, უნდა დაევალოს ფასნამატების ოდენობა განსაზღვროს არაორდინალურად მაღალი ფასნამატის მქონე ყვავილის (მიხაკი) მონაწილეობის გარეშე და მიხაკის ჯგუფზე გავრცელდეს სხვა დანარჩენი ყვავილების საშუალო ფასნამატი, ამასთან, ანალოგიურად მოხდეს სხვა დანარჩენ ჯგუფებზე გამოყენებული წლიური საშუალო ფასნამატის (მიხაკის ფასნამატის მონაწილეობის გარეშე) კორექტირება და გავრცელება, აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

2. შემოწმების შედეგად დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტაციის მიხედვით (განმარტება სალაროს ნაშთის შესახებ, ასევე, შედარების აქტები დებიტორულ დავალიანებებზე) შესწავლილ იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა და დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ფულადი სახსრების ნაშთი 400 000 ლარის ოდენობით. შესამოწმებელ პერიოდში ნაღდი ფულის ნაშთის ცვლილებაზე (ზრდა/შემცირება) გავლენის მოხდენის მიზნებისთვის დამატებით დოკუმენტაცია/ინფორმაცია საწარმოს უფლებამოსილ პირს არ წარუდგენია. შემოწმების შედეგად დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი 400 000 ლარი, (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლისა და აღნიშნულ საკითხზე არსებული შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების შესაბამისად, განხილულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის თანხა სახელფასო განაცემად არასწორად დაკვალიფიცირდა. გადაანგარიშების შედეგად მიღებული სხვაობის თანხის ხარჯვა უნდა დაკვალიფიცირდეს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად. ამის გარდა, სხვაობის თანხის სახელფასო განაცემად დაკვალიფიცირების შემთხვევაშიც სხვაობის თანხა უნდა მიჩნეულიყო დასარიცხ თანხად (ანუ აგროსვას არ უნდა დაქვემდებარებოდა, ვინაიდან კომპანია ვერ დაარიცხავდა იმ სახელფასო თანხას, რომელიც რეალურად არ გააჩნდა).

შემოწმების აქტის თანახმად, „გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი, ხარჯში გათვალისწინებულ იქნა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები, მათ შორის ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ხელფასები, მომწოდებლებისთვის გადახდილი თანხები.შემოწმების მიერ მიღებული [სხვაობის] თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორზე („--------“ (პ/ნ „--------“) გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა ძირითადი გადასახადი და ჯარიმა.“ შემოწმებამ მიიჩნია, რომ დირექტორზე თანხა გაცემულია „დაქირავებით მუშაობის შედეგად“. სამეურნეო ოპერაციას კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს მისი შინაარსის ანუ ფაქტობრივად (რეალურად) განხორციელებული ოპერაციის მიხედვით. არაფერი (მაგ. ხელშეკრულება) მიუთითებს იმაზე, რომ დირექტორზე მოხდა 2 წლის განმავლობაში ხელფასად ან სხვა სახით ხელზე მისაღები „სხვაობის“ თანხის გაცემა. გამომდინარე იქიდან, რომ თანხა არ არის სახეზე და, დიდი ალბათობით, გახარჯულია, მაგრამ გახარჯვის კავშირი ეკონომიკურ საქმიანობასთან არ დგინდება, „სხვაობა“ უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც „გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის,“ რაც საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია. თუნდაც დგინდებოდეს „--------“-ს მიერ თანხის მიღება ან მის ინტერესებში თანხის გამოყენება, ვინაიდან იგი 100%-იანი წილის მფლობელია, სახეზე იქნებოდა მოგების განაწილება, რაც ასევე სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია. ამის გარდა, სხვაობის თანხის სახელფასო განაცემად დაკვალიფიცირების შემთხვევაშიც სხვაობის თანხა უნდა მიჩნეულიყო დასარიცხ თანხად (ანუ აგროსვას არ უნდა დაქვემდებარებოდა, ვინაიდან კომპანია ვერ დაარიცხავდა იმ სახელფასო თანხას, რომელიც რეალურად არ გააჩნდა).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმებისას დადგინდა, რომ არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავლის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტაციის მიხედვით (განმარტება სალაროს ნაშთის შესახებ, ასევე, შედარების აქტები დებიტორულ დავალიანებებზე) შესწავლილ იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა და დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ფულადი სახსრების ნაშთი 400 000 ლარის ოდენობით. შესამოწმებელ პერიოდში ნაღდი ფულის ნაშთის ცვლილებაზე (ზრდა/შემცირება) გავლენის მოხდენის მიზნებისთვის დამატებით დოკუმენტაცია/ინფორმაცია საწარმოს უფლებამოსილ პირს არ წარუდგენია. შემოწმების შედეგად დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი 400 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), განხილულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

ვინაიდან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად დადგინდა ფულადი სახსრების ნაშთი, რომლის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გახარჯვა ან ფაქტობრივად არსებობა არ დასტურდება, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფულის ნაშთის შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.

ამასთან, პირველი დავის საგნის ნაწილში საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.05.2026 წლის №11417 ბრძანება;

3. პირველი დავის საგნის ნაწილში, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შემოწმებისას დადგენილი ფასნამატების და შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4.მე-2 დავის საგნის ნაწილში, საბჭოს მიერ პირველი დავის საგნის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი მიიჩნევს,რომ ფასნამატები გამოანგარიშებულ უნდა იქნეს არაორდინალური ფასების/ფასნამატებისა და ურთიერთდამოკიდებულ პირებთან განხორციელებული ოპერაციების მონაწილეობის გარეშე.

2.მომჩივანი მიიჩნევს,რომ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის თანხა სახელფასო განაცემად არასწორად დაკვალიფიცირდა

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის და ინვენტარიზაციით დადგენილი საქონლის ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით გაანგარიშდა საცალოდ რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავლები.დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად.შემოწმებით დამატებით დადგენილი დღგ-ის ბრუნვა 434 578 ლარი დაიბეგრა დღგ-ით. შედეგად,გადამხდელს, სსკ-ის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და დაეკისრასსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2.შესწავლილ იქნა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა და დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ფულადი სახსრების ნაშთი 400 000 ლარის ოდენობით. შესამოწმებელ პერიოდში ნაღდი ფულის ნაშთის ცვლილებაზე გავლენის მოხდენის მიზნებისთვის დამატებით დოკუმენტაცია/ინფორმაცია საწარმოს უფლებამოსილ პირს არ წარუდგენია. შემოწმების შედეგად დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი 400 000 ლარი, სსკ-ის 101-ე მუხლისა და აღნიშნულ საკითხზე არსებული შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების შესაბამისად, განხილულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა სსკ-ის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადავო საქმეზე წარმოდგენილ მასალებზე, მხარეთა არგუმენტებზე, ფაქტობრივ/სამართლებრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ ზემოთ დასახელებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით, შემოწმებისას დადგენილი ფასნამატების ოდენობის განსაზღვრის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ამ მიზნით, უნდა დაევალოს ფასნამატების ოდენობა განსაზღვროს არაორდინალურად მაღალი ფასნამატის მქონე ყვავილისმონაწილეობის გარეშე და მიხაკის ჯგუფზე გავრცელდეს სხვა დანარჩენი ყვავილების საშუალო ფასნამატი, ამასთან, ანალოგიურად მოხდეს სხვა დანარჩენ ჯგუფებზე გამოყენებული წლიური საშუალო ფასნამატის კორექტირება და გავრცელება, აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),101,154,163,164.