გადაწყვეტილება №25867/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.11.2025
№ დოკუმენტი 25867/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25867/2/2025

26 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --ს 17.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25867/2/2025).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით;

2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი განკარგვადი თანხის, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 ივლისის №043-6 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.08.2025 წლის №19175 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 136 791,98 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 575 132,59

დღგ - 201 161,27

საშემოსავლო გადასახადი - 373 971,32

ჯარიმა - 287 566,30

საურავი - 274 093,09

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია --- ბაზრობის ტერიტორიაზე, ახდენს შერეული საქონლის იმპორტს ----დან, ----დან, ---დან, ---დან. კომპანია დაფუძნებულია 2021 წლის 20 ოქტომბერს.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2025 წლის 8 ივლისის №15400 ბრძანება და ამავე თარიღის №043-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.08.2025 წლის №19175 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან, არ წარადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, რის გამოც დაჯარიმდა. გადამხდელს საქმიანობა უფიქსირდება მხოლოდ 2022 წელს. არ გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივნისის №11812 ბრძანების საფუძველზე საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ პროცედურები ვერ განხორციელდა, ვინაიდან ვერ მოიძებნა ობიექტი, ვერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია. ბოლო საგადასახადო დეკლარაცია (ნულოვანი) წარდგენილია 2023 წლის მარტის თვეში. 2023 წლის მარტის თვის მოგების დეკლარაციაში სმფ-ს ნაშთები დაფიქსირებული არ არის.

ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან, არ არის წარდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია, არ გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია და არ არის წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვა, მისი საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. იმპორტირებული საქონელი დაიყო ჯგუფებად, ჩაითვალა რეალიზებულად და თვითღირებულებაზე (2 742 155 ლარი) გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე პირებთან დადგენილი აუდირებული ფასნამატები, კერძოდ: ავტომობილის ნაწილები 38%, ელ. სკუტერი 30%, ესთეტიკა 47.55%, საყოფაცხოვრებო ჭურჭელი 40%, ტრენაჟორები 60%, მამაკაცის ტანსაცმელი 54.34%, ქალის ტანსაცმელი 47.06%, მამაკაცის ფეხსაცმელი 65.66%, ქალის ფეხსაცმელი 67.84%.

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით, სულ დღგით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 911 717 ლარს, ხოლო შემოწმების შედეგად განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 4 045 946 ლარს.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 21 აგვისტოს, თუმცა 21 აგვისტოს ჩანიშნულ სხდომასთან დაკავშირებით გადამხდელმა წარმოადგინა განცხადება სხდომის გადადებასთან დაკავშირებით. ხელმეორედ საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 27 აგვისტოს, გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, მიუხედავად ამისა გადამხდელი არ გამოცხადდა სხდომაზე და არც ჩანიშნული საქმის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით წარმოუდგენია განცხადება.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელს არ წარმოუდგენია მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენა მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისათვის.

შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო და დღგ-ის გადასახადები, კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. მომჩივნისთვის დღემდე არის უცნობი რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და აშშ. სამწუხაროდ შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია მომჩივნისთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია.

მომჩივანი მიუთითებს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე. მისთვის გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე მისი დოკუმენტალური ფასნამატი. ასევე აღნიშნავს, რომ ზოგადად არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული, მაგალითად შპს ,,----„ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით, შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასანამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასანამატი? არსებობს ასევე სხვა არაერთი გადაწყვეტილება სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

სადავო საკითხზე წარმოდგენილი აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2025 წლის №---21-14 და 14.11.2025 წლის №---21-14 წერილები, სადაც გადასახადის გადამხდელის არგუმენტებთან დაკავშირებით მითითებულია შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, გადამხდელი მიუთითებს, რომ ფასნამატი გავრცელდა აფასებულ ღირებულებებზე, აღნიშნული პოზიცია არასწორია, ვინაიდან ფასნამატი გავრცელდა საქონლის თვითღირებულებაზე, რომელიც განისაზღვრა საბაჟო ინვოისების მიხედვით და არა აფასებების მიხედვით. ასევე გადამხდელი მიუთითებს, რომ რატომ არ იქნა გამოყენებული დოკუმენტური ფასნამატი. უცნობია, რომელ დოკუმენტურ ფასნამატზე მიუთითებს გადასახადის გადამხდელი, როდესაც გადამხდელს საერთოდ არ გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია. რაც შეეხება აუდირებულ ფასნამატს აღებულია მსგავსი საქმიანობის მქონე და იგივე ტერიტორიაზე მყოფ პირებთან დადგენილი აუდირებული ფასნამატები. შემოწმების პროცესში გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. 2024 წლის ივლისის შემდეგ არ აქტიურობდა rs.ge-ს გვერდზე. შემოწმების დანიშვნის შემდგომ პერიოდში rs.geს ავტორიზებულ გადამხდელის გვერდზე, 8.06.2025 წელს გაეცნო შემოწმების დანიშვნის ბრძანებას და საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გაგზავნილ შეტყობინებას, რის შედეგადაც არ წარმოუდგენია ინფორმაციები/დოკუმენტაციები. გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან. დაჯარიმდა ინფორმაციის წარუდგენლობისთვის.

გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე სხვა კომპანიასთან დაკავშირებით, ამავე წერილებში განმარტებულია, რომ შპს„-----“-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფეხსაცმელებით (საშინაო, რეზინის, სპორტული), ჩანთებით და ქუდებით ბითუმად ვაჭრობა. იმპორტს ახორციელებს --დან და --დან. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და საბუღალტრო პროგრამა ფინა. შემოწმების შედეგად გამოყენებულ იქნა მსგავსი ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი პირების საბითუმო აუდირებული ფასნამატი 26%. მომჩივანი და შპს „----“ ვაჭრობას ახორციელებენ ერთმანეთისგან განსხვავებული საქონლით. კერძოდ, შპს "-" ვაჭრობს შერეული საქონლით, კერძოდ ავტომობილების ნაწილები, ელ. სკუტერი, ესთეტიკა, საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, ტრენაჟორები, მამაკაცის და ქალის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხოლო შპს „---“ ფეხსაცმლით (საშინაო, რეზინის, სპორტული). შპს „---“-ის საქმიანობა შემოწმებით განხილულ იქნა საბითუმო ვაჭრობად და გავრცელდა საბითუმო ფასნამატი, ხოლო შპს "---"-ს საქონელზე გამოყენებულია საცალო ფასნამატები, ვინაიდან შემოწმებით ვერ დადგინდა საბითუმო ვაჭრობა. ზემოთ მოყვანილი არგუმენტების საფუძველზე, ეს ორი პირი ახორციელებს სხვადასხვა ტიპის რეალიზაციას (საცალო და საბითუმო) და განსხვავებული საქონლით ვაჭრობას. შესაბამისად, ორივე კომპანიაზე განხორციელდა განსხვავებული ინდივიდუალური შესაბამისი აუდირებული ფასნამატის გავრცელება.

ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელს მონაწილეობა არ მიუღია საჩივრის განხილვაში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი განკარგვადი თანხის, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

შემოწმებით განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად. რაც შეეხება ხარჯებს, შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტური ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, იმპორტის და სხვა ხარჯები. შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს სალაროში უნდა გააჩნდეს 1 495 885 ლარი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 მაისის №10788 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ პროცედურა, რომლის შედეგების მიხედვითაც გადამხდელს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განკარგვადი თანხა 1 869 857 ლარის (აგროსილი) დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთი დადგენა. ასევე არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ ,,გროსვა" და არარსებული ფულის 20% ნაცვლად 25% დაბეგვრა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი,საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით;

2. არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი განკარგვადი თანხის, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა №15400 ბრძანება და №043-6 საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება,რომ გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, არ არის წარმოდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია, შესაბამისად, დაჯარიმდა ინფორმაციის წარუდგენლობისთვის. გადამხდელს საქმიანობა უფიქსირდება მხოლოდ 2022 წელს, ხოლო 2023-2025 წლებში პირს საქმიანობა აღარ უფიქსირდება. გადამხდელს არ გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივნისის №11812 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის ჩატარების შესახებ პროცედურები, რომლის შედეგების მიხედვითაც ვერ მოიძებნა მომჩივანის ობიექტი, ვერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა და ფასების ფიქსაცია. შემოწმების შედეგად დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, საბაჟო დეკლარაციები. ბოლო დეკლარაციები (ნულოვანი) გადამხდელს წარმოდგენილი აქვს 2023 წლის მარტის თვეში. 2023 წლის მარტის თვის მოგების დეკლარაციაში სმფ-ს ნაშთები დაფიქსირებული არ არის. ვინაიდან გადამხდელი არ თანამშრომლობდა, წარმოდგენილი არ არის ინფორმაციები, არ გააჩნია დოკუმენტური რეალიზაცია და არ არის წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. გადამხდელს იმპორტირებული აქვს საქონელი 2022 წელს, მას შემდეგ იმპორტი არ ფიქსირდება. გადამხდელის მიერ იმპორტირებული საქონელი დაიყო ჯგუფებად და თვითღირებულებაზე 2 742 155 ლარზე გავრცელდა მსგავსი საქმიანობის მქონე პირებთან დადგენილი აუდირებული ფასნამატები და ჩაითვალა რეალიზებულად, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით, სულ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 911 717 ლარს, ხოლო შემოწმების შედეგად განსაზღვრული დღგით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 4 045 946 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით დადგენილი დასაბეგრი შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად.

შემოწმებით განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი ჩაითვალა მიღებულად. რაც შეეხება ხარჯებს, შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტური ხარჯები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, იმპორტის ხარჯები, საბაჟო გეზის ხარჯები და სხვა ხარჯები. შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს სალაროში უნდა გააჩნდეს 1 495 885 ლარი.

ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №10788 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ პროცედურა, რომლის შედეგების მიხედვითაც გადამხდელს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განკარგვადი თანხა 1 869 857 ლარის (აგროსილი) ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად 2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში, ვინაიდან გადამხდელი ეკონომიკურ საქმიანობას 2023-2025 წლებში აღარ ახორციელებს.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

საგადასახადო შემოწმების აქტი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში,რომლის №19175 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“); 158(1); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1);