ბრძანება №25994/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.12.2025
№ დოკუმენტი 25994/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25994/2/2025

22 დეკემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 8.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25994/2/2025).

 

დავის საგანი:

1. შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;

2. არარეზიდენტ ქვეკონტრაქტორებზე გაწეული საექსპედიტორო ხარჯების დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2025 წლის №006-237 საგადასახდო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.09.2025 წლის №20711 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 208 433,53 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 114 983,21

ჯარიმა - 57 492,5

საურავი - 35 957,82

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა საექსპედიტორო მომსახურების გაწევა, რაც მოიცავს ------- მომსახურებას, საქონლის ტრანსპორტირებას სახმელეთო გზით, იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ოპერაციაში მოქცეული ტვირთების საექსპედიტორო მომსახურებას.

აუდიტის დეპარტამენტის 24.06.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 13.01.2022 წლიდან 1.03.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2025 წლის №006-237 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.09.2025 წლის №20711 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ემსახურება მხოლოდ ერთ დამკვეთს - სს ------- (ს/ნ -------). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 6 თებერვლის №1873 ბრძანების საფუძველზე კომპანიაში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და დადგინდა ფულის ფაქტობრივი ნაშთი 0 ლარი (2025 წლის 17 თებერვალი 15:22 სთ). კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა „ინფო ბუღალტერში“. ბუღალტრულად დაფიქსირებული სალაროს ნაშთი 2025 წლის 17 თებერვალს შეადგენს 52 242 ლარს. სალაროს ბარათის შესწავლისას გამოვლინდა, რომ კომპანიას ბუღალტრული ნაშთი 2025 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით იყო 77 242,79, ხოლო 25 000 ლარი კომპანიის დირექტორმა შეიტანა კომპანიის ანგარიშზე მიმდინარე კონტროლის პროცედურის დასრულების შემდგომ (22 500 ლარი 19:11 სთ-ზე, ხოლო 2 500 ლარი 22:47 სთ-ზე). გადასახადების ადმინისტრირების სისტემის, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის შედეგების და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული პროგრამის ასლის მონაცემების ანალიზის საფუძველზე, განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს, ამასთან არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მიერ სალაროს ნაშთის გამოყენების მიზნობრიობის შესახებ მონაცემები.

შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილების, 101-ე მუხლის და 154-ე მუხლის გათვალისწინებით, გამოვლენილი ფულის ნაშთი 77 242 ლარის ოდენობით ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე ------- (პ/ნ -------) გაცემულ ხელფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველ ნაწილზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

პირველ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, კომპანიაში ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად დადგენილი ფულის ფაქტობრივი ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. აღნიშნული პროცედურის ჩატარების შემდეგ კი დირექტორის მიერ კომპანიის ანგარიშზე შეტანილია 25 000 ლარი (განხორციელებულია 2 ტრანზაქცია 22 500 ლარი 19:11 სთ-ზე, ხოლო 2 500 ლარი 22:47 სთ-ზე). შემოსავლებს სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის შედეგებისა და გადასახადების გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული პროგრამის ასლის მონაცემების ანალიზის საფუძველზე, შემოწმების მიერ განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს. ამასთან, არ არსებობს გადამხდელის მიერ სალაროს ნაშთის გამოყენებების მიზნობრიობის შესახებ მონაცემები. შედეგად, შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთი 77 242 ლარის ოდენობით ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა ურთიერთწინააღმდეგობრივია და ექვემდებარება გაუქმებას, ვინაიდან შემმოწმებელი თვითონვე ადასტურებს, რომ ფულის დანაკლისად დადგენილი 25 000 ლარი საწარმოს საბანკო ანგარიშზე აქვს შეტანილი კომპანიის დირექტორს, სწორედ აღნიშნული თანხების წარმომავლობის შესწავლის მიზნით შემმოწმებლის მიერ გაზრდილი იქნა შესამოწმებელი პერიოდი, შესწავლის შედეგად კი დადგინდა, რომ სადავო თანხა 25 000 ლარი წარმოადგენს სწორედ კომპანიის იმ პერიოდში არსებულ ფულის ნაშთს, რომელიც სალაროში ფიზიკურად ვერ იქნებოდა, ვინაიდან კომპანიას ფიზიკურად არ ჰქონდა ოფისი და შესაბამისად ფულის შესანახი სეიფი, რის შესახებ ინფორმირებული იყო შემმოწმებელი.

სადავო თანხა 25 000 ლარი კომპანიას აქვს დეკლარირებული და შესაბამისად გადახდილი აქვს აღნიშნული თანხის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი, შესაბამისად სახეზეა ორმაგი დაბეგვრის ფაქტი და აღნიშულ ნაწილში დარიცხული თანხები ექვემდებარება სრულად გაუქმებას. ასევე დარჩენილი ფულის ნაშთი 52 243 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს დირექტორზე გაცემულ პროცენტიან სესხად, ვინაიდან კომპანიას აღნიშნული თანხები არა აქვს ფინანსურად ჩამოწერილი და კომპანიის დირექტორი აპირებს სესხად აღებული თანხების უმოკლეს ვადაში დაბრუნებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 6 თებერვლის №1873 ბრძანების საფუძველზე კომპანიაში ჩატარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და დადგინდა ფულის ფაქტობრივი ნაშთი 0 ლარი (2025 წლის 17 თებერვალი 15:22 სთ). შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიას ბუღალტრული ნაშთი 2025 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით იყო 77 242,79, ხოლო 25 000 ლარი კომპანიის დირექტორმა შეიტანა კომპანიის ანგარიშზე მიმდინარე კონტროლის პროცედურის დასრულების შემდგომ (22 500 ლარი 19:11 სთ-ზე, ხოლო 2 500 ლარი 22:47 სთ-ზე). განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს სალაროში უნდა უფიქსირდებოდეს, ამასთან არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მიერ სალაროს ნაშთის გამოყენების მიზნობრიობის შესახებ მონაცემები.

მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით 25 000 ლარი არ წარმოადგენს მომსახურების თანხას, ეს თანხა შემოწმების შემდეგ გატანილია და დაბეგრილია. თანხა ნაღდი ფორმით არ ინახებოდა, რაც განემარტათ კიდეც.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ შემოწმებით განსაზღვრული ფულის ნაშთი (77 242 ლარის ოდენობით) უნდა შემცირდეს 17.02.2025 წელს კომპანიის დირექტორის მიერ კომპანიის საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხით (22 500 ლარი და 2 500 ლარი). აღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გამოვლენილი ფულის ნაშთის გაანგარიშება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამოვლენილი, დარჩენილი ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართებულია, ვინაიდან განკარგვადი თანხების შესახებ საგადასახადო ორგანოსთვის ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარდგენილი არ არის. ამასთან, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.

 

2. არარეზიდენტ ქვეკონტრაქტორებზე გაწეული საექსპედიტორო ხარჯების დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიას არ ყავს დაქირავებული თანამშრომლები ან/და ავტომობილები, საშუამავლო მომსახურების ფარგლებში მომსახურებებს იძენს სხვადასხვა რეზიდენტი და არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორებისაგან. არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების მომსახურების ხარჯი საბუღალტრო პროგრამით 1 219 539 ლარია (------- - 95% ------- რეზიდენტი, ------- ------- რეზიდენტი - 5%). მომსახურების გაწევის ადგილი ძირითადად არის ------- და -------. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ტრანსპორტირების მომსახურებას -------, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისას, ძირითადად უწევს საქართველოს რეზიდენტი კომპანია (შპს ------- (ს/ნ -------)), საექსპედიტორო მომსახურებას კი ------- რეზიდენტი გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი ------- (პ/ნ -------) და ------- რეზიდენტი -------. ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში საერთაშორისო გადაზიდვას უწევს მხოლოდ ფიზიკური პირი ------- (პ/ნ -------).

შემოწმების პროცესში წარმოდგენილია ------- და ------- რეზიდენტობის ცნობები შესაბამისი საგადასახადო წლების მიხედვით. საქართველოს ------- და ------- გაფორმებული აქვს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება. შპს ------- (სნ -------) არარეზიდენტ ქვეკონტრაქტორებს მომსახურებას უნაზღაურებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არ გააჩნია (სავალუტო დეკლარაცია და ა.შ.). გადამხდელმა წარმოადგინა მინდობილობები სატვირთო მანქანების მძღოლებზე, ვისაც მისივე ახსნა-განმარტებით, ატანს ნაღდ ფულს ------- (პ/ნ -------) და ------- ანგარიშსწორებისათვის. გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი დოკუმენტაციის, კერძოდ ინვოისების შესწავლის შედეგად ირკვევა, მხოლოდ დოკუმენტების მომზადების ხარჯი ერთ მანქანაზე საშუალოდ 825 აშშ დოლარია. შესწავლილ იქნა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების აუდირებული მონაცემები, შედეგად საექსპედიტორო კომპანიების არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების საექსპედიტორო მომსახურებების (დოკუმენტების მომზადების, დეკლარაციის შევსების და ა.შ) ხარჯები არ აქვთ გაწეული. ამასთან, საბაჟო დეკლარაციების შესწავლისას გამოვლინდა, რომ დამკვეთი კომპანია სს ------- (ს/ნ -------) ------- იმპორტს ახორციელებს FCA პირობით (1. სატვირთოზე დატვირთვა; 2. ექსპორტი-განბაჟება; 3. ტრანსპორტირება საექსპორტო პორტამდე), რაც გულისხმობს, რომ ექსპორტის და განბაჟების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება ექსპორტიორს/ გამყიდველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ------- რეზიდენტი პირის ------- (პ/ნ -------) და ------- გაწეული საექსპედიტორო ხარჯები დაკვალიფიცირდა კომპანიის სალაროზე პასუხისმგებელ პირზე - კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, ხოლო ტრანსპორტირების ხარჯები გათვალისწინებულ იქნა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებზე, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ტრანსპორტირების მომსახურებას -------, იმპორტის სასაქონლო ოპერაციისას, ძირითადად უწევს საქართველოს რეზიდენტი კომპანია, საექსპედიტორო მომსახურებას კი ------- რეზიდენტი გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი ------- და ------- რეზიდენტი -------. გადასახადის გადამხდელი არარეზიდენტ ქვეკონტრაქტორებს მომსახურებას უნაზღაურებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არ გააჩნია (სავალუტო დეკლარაცია და ა.შ.). გადასახადის გადამხდელმა წარადგინა მინდობილობები სატვირთო მანქანების მძღოლებზე, ვისაც მისივე ახსნაგანმარტებით, ატანს ნაღდ ფულს ------- და ------- ანგარიშსწორებისათვის. შესწავლილ იქნა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების აუდირებული მონაცემები, შედეგად საექსპედიტორო კომპანიების არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების საექსპედიტორო მომსახურებების (დოკუმენტების მომზადების, დეკლარაციის შევსების და ა.შ) ხარჯები არ აქვთ გაწეული. ამასთან, საბაჟო დეკლარაციების შესწავლისას გამოვლინდა, რომ დამკვეთი კომპანია სს ------- (ს/ნ -------) ------- იმპორტს ახორციელებს FCA პირობით, რაც გულისხმობს, რომ ექსპორტის და განბაჟების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება ექსპორტიორს/გამყიდველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ------- რეზიდენტი პირის ------- და ------- გაწეული საექსპედიტორო ხარჯები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც შეეხება, ტრანსპორტირების ხარჯებს, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის განმარტებაზე, რომლის თანახმად, არ ეთანხმება არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გადახდილი საექსპედიტორო მომსახურების თანხების დირექტორის ხელფასად მიჩნევას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა არის ურთიერთწინააღმდეგობრივი, კერძოდ, შემმოწმებელი ერთი მხრივ ადასტურებს შემოწმების პერიოდში წარმოდგენილ მინდობილობების ნამდვილობას, რომლითაც დასტურდება, რომ კონკრეტულ მძღოლებს აქვთ უფლება მიიღონ ------- სასარგებლოდ მინდობილობაში მითითებული თანხები, ხოლო მეორეს მხრივ კი ითვალისწინებს მინდობილობაში მითითებული თანხების მხოლოდ ნაწილს. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შემმოწმებლის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც, ვინაიდან თვლის, რომ საექსპედიტორო მომსახურება ვერ დასტურდება, მას უფლება არ ჰქონდა თანხები განეხილა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და შეეძლო დაებეგრა მხოლოდ 15%-იანი განაკვეთით მოგების გადასახადით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე თანხების გადახდა, აღნიშნული ჩაითვალოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და შესაბამისად განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღნიშნულ ნაწილშიც დარიცხვა არის ურთიერთწინააღმდეგობრივი, კერძოდ შემმოწმებელი ერთი მხრივ ადასტურებს შემოწმების პერიოდში წარმოდგენილ მინდობილობების ნამდვილობას, რომლითაც დასტურდება, რომ კონკრეტულ მძღოლებს აქვთ უფლება მიიღონ ------- (პ/ნ -------) სასარგებლოდ მინდობილობაში მითითებული თანხები, ხოლო მეორეს მხრივ კი ითვალისწინებს მინდობილობაში მითითებული თანხების მხოლოდ ნაწილს, ანუ შემმოწმებელთა ლოგიკით გამოდის, რომ მინდობილობაში მითითებული თანხები, რომლის წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ინვოისები, საწარმოს აქვს გადახდილი ნაწილობრივ და დანარჩენი ნაწილი კი აქვს მითვისებული, რაც ბუნებრივია ეწინააღმდეგება არა მხოლოდ სამართლებრივ არამედ ლოგიკურ საფუძველს.

სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს არის მოკლებული შემოწმების აქტში გაკეთებული ჩანაწერი, რომ ვინაიდან საბაჟო დეკლარაციების შესწავლისას გამოვლინდა, რომ დამკვეთ კომპანია სს ------- (ს/ნ -------) ------- იმპორტს ახორციელებს FCA პირობით (1. სატვირთოზე დატვირთვა; 2. ექსპორტი-განბაჟება; 3. ტრანსპორტირება საექსპორტო პორტამდე), რაც გულისხმობს, რომ ექსპორტის და განბაჟების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება ექსპორტიორს/გამყიდველს, შესაბამისად ------- რეზიდენტი პირის ------- (პ/ნ -------) და ------- გაწეული საექსპედიტორო ხარჯები უნდა დაკვალიფიცირდეს კომპანიის სალაროზე პასუხისმგებელ პირზე - კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემმოწმებლის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც კი სადავო დარიცხვა ექვემდებარება შემცირებას, ვინაიდან თუ შემმოწმებელი თვლის, რომ საექსპედიტორო მომსახურება გადამხდელის მიერ დოკუმენტურად ვერ დასტურდება, მაშინ ------- რეზიდენტი პირზე ------- (პ/ნ -------) და ------- გაცემული თანხები შემმოწმებელს უნდა დაეკვალიფიცირებინა საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძოდ: ... გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება: ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებლის ლოგიკის გაზიარების შემთხვევაშიც კი მას არ ჰქონდა უფლება განეხილა სადავო თანხები, როგორც დირექტორზე გაცემული ხელფასი და უნდა დაებეგრა მხოლოდ მოგების გადასახადით - 15% განაკვეთით.

მიუხედავად იმპორტის დეკლარაციაში დაფიქსირებული FCA პირობისა, მომწოდებლის კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ კომპანიას დამატებითი ანაზღაურების გარეშე უნდა გაეწია საექსპედიტორო მომსახურება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ დაუკვეთდა კომპანიას სატრანსპორტო მომსახურებას, როგორც აქტში არის აღნიშნული, ჰყავდა მხოლოდ ერთი დამკვეთი, შესაბამისად კომერციული თვალსაზრისით უარს ვერ ეტყოდა მათ მოთხოვნაზე, მათივე განმარტებით მათ ჰქონდათ მოლაპარაკებები სხვა კონკურენტულ საქართველოს რეზიდენტ პირებთან და თუ არ დათანხმდა მათ მოთხოვნებს, ისინი უპრობლემოდ მონახავდნენ შემცვლელებს, სწორედ ამიტომ ახორციელებდა ------- რეზიდენტი პირის ------- მეშვეობით საექსპედიტორო მომსახურებას.

------- რეზიდენტ პირზე ------- გადახდილი საექსპედიციო ღირებულების ნაწილი 20% იყო კომერციული ექსპედიციის წილი (დანართი), რომელიც გადაუხადეს -------, როგორც ე.წ „საშუამავლო მომსახურებაში“, ვინაიდან სწორედ აღნიშნული პირის წყალობით და მეშვეობით, ერთადერთი დამკვეთი საქართველოში ექსკლუზიურად ახორციელებს შპს ------- მრავალწლიან თანამშრომლობას. რომ არ ყოფილიყო -------, რომელიც არის ------- მოქალაქე და შპს ------- დამკვეთის დედა კომპანია ასევე არის ------- რეგისტრირებული კომპანია ვერ შეძლებდა ასეთ დიდ კორპორაციასთან თანამშრომლობას ------- შუამავლობის გარეშე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანია ეწევა საექსპედიტორო საქმიანობას, არ ყავს დაქირავებული თანამშრომლები ან/და ავტომობილები, საშუამავლო მომსახურების ფარგლებში მომსახურებებს იძენს სხვადასხვა რეზიდენტი და არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორებისაგან. არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების მომსახურების ხარჯი საბუღალტრო პროგრამით 1 219 539 ლარია (------- - 95% ------- რეზიდენტი, ------- ------- რეზიდენტი - 5%). მომსახურების გაწევის ადგილი ძირითადად არის ------- და -------. ------- იმპორტის სასაქონლო ოპერაციისას, კომპანიას ტრანსპორტირების მომსახურებას ძირითადად უწევს საქართველოს რეზიდენტი კომპანია (შპს ------- (ს/ნ -------)), საექსპედიტორო მომსახურებას კი ------- რეზიდენტი გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი ------- (პ/ნ -------) და ------- რეზიდენტი -------. ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის შემთხვევაში საერთაშორისო გადაზიდვას უწევს მხოლოდ ფიზიკური პირი ------- (პ/ნ -------). არარეზიდენტ ქვეკონტრაქტორებს მომსახურებას უნაზღაურებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არ გააჩნია. ინვოისების შესწავლის შედეგად ირკვევა, მხოლოდ დოკუმენტების მომზადების ხარჯი ერთ მანქანაზე საშუალოდ 825 აშშ დოლარია. ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების აუდირებული მონაცემების მიხედვით, კომპანიებს საექსპედიტორო კომპანიების არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების საექსპედიტორო მომსახურებების ხარჯები არ აქვთ გაწეული. დამკვეთი კომპანია, სს ------- (ს/ნ -------) ------- იმპორტს ახორციელებს FCA პირობით, რაც გულისხმობს, რომ ექსპორტის და განბაჟების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება ექსპორტიორს/ გამყიდველს.

შემოსავლების სამსახურის 23.09.2025 წლის №20711 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე თანხების გადახდა, აღნიშნული ჩაითვალოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად და შესაბამისად განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭო მიუთითებს შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, რომლის მიხედვით კომპანიას არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორებისთვის მომსახურებას ნაღდი ანგარიშსწორებით ანაზღაურების დოკუმენტაცია არ გააჩნია. ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების აუდირებული მონაცემების შესწავლის შედეგად საექსპედიტორო კომპანიებს არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების საექსპედიტორო მომსახურებების ხარჯები არ აქვთ გაწეული. დამკვეთი კომპანია სს ------- (ს/ნ -------) ------- იმპორტს ახორციელებს FCA პირობით, რაც გულისხმობს, რომ ექსპორტის და განბაჟების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება ექსპორტიორს/ გამყიდველს.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო დარიცხვის გაუქმებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტები შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება, საჩივარი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 57 492,5 ლარი, აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2025 წლის №006- 237 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 35 957,82 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.09.2025 წლის №20711 ბრძანება;

3. პირველი დავის საგნის ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გამოვლენილი ფულის ნაშთის გაანგარიშება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;

2. არარეზიდენტ ქვეკონტრაქტორებზე გაწეული საექსპედიტორო ხარჯების დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

პირველ საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, კომპანიაში ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად დადგენილი ფულის ფაქტობრივი ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. აღნიშნული პროცედურის ჩატარების შემდეგ კი დირექტორის მიერ კომპანიის ანგარიშზე შეტანილია თანხა. შემოწმებით გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ტრანსპორტირების მომსახურებას ძირითადად უწევს საქართველოს რეზიდენტი კომპანია, საექსპედიტორო მომსახურებას კი არარეზიდენტი გადასახადის გადამხდელი ფიზიკურები. გადასახადის გადამხდელი არარეზიდენტ ქვეკონტრაქტორებს მომსახურებას უნაზღაურებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არ გააჩნია. შესწავლილ იქნა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების აუდირებული მონაცემები, შედეგად საექსპედიტორო კომპანიების არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორების საექსპედიტორო მომსახურებების ხარჯები არ აქვთ გაწეული. ამასთან, საბაჟო დეკლარაციების შესწავლისას გამოვლინდა, რომ დამკვეთი კომპანია იმპორტს ახორციელებს FCA პირობით, რაც გულისხმობს, რომ ექსპორტის და განბაჟების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება ექსპორტიორს/გამყიდველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არარეზიდენტი პირებზე გაწეული საექსპედიტორო ხარჯები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც შეეხება, ტრანსპორტირების ხარჯებს, შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა.

 

გადაწყვეტილება

პირველი დავის საგნის ნაწილში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გამოვლენილი ფულის ნაშთის გაანგარიშება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 269(7)