გადაწყვეტილება №19507/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.06.2023
№ დოკუმენტი 19507/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19507/2/2023

22.06.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 25.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19507/2/2023).

 

დავის საგანი:

1. სალაროს უძრავი ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №001-239 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 აპრილის №8026 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 107 651 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 41 898

მოგების გადასახადი - 23 114

საშემოსავლო გადასახადი - 18 784

ჯარიმა - 41 898

საურავი - 23 855

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა საკვები პროდუქტების იმპორტი (რუსეთი, ახალი ზელანდია, ინდოეთი, აზერბაიჯანი, ირანი) და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. ასევე, ექსპორტი სომხეთში.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მარტის №6866 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №32061 ბრძანება და №001-239 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 107 651 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 18 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 12 აპრილის №8026 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სალაროს უძრავი ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში ნაღდი ფულის ანგარიშზე 2019 წლის მაისიდან უფიქსირდება უძრავი ნაშთი. ამ პერიოდში მომჩივანს საბანკო დაწესებულებიდან აღებული აქვს სესხი. მიუხედავად ვალდებულებების არსებობისა, აღნიშნული ნაშთი ნაღდი ფულის ანგარიშზე უძრავი რჩება. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, სალაროში არსებული ფულის უძრავი ნაშთი ჩათვალა გაცემულ სესხად. მეთოდური მითითების მიხედვით, თვის განმავლობაში დათვლილ მინიმალურ ნაშთს გამოაკლდა ამავე თვეში მიღებული საკასო შემოსავლის 10% და გაწეული საკასო ხარჯის 10%, ხოლო დარჩენილი თანხა თვეების მიხედვით განხილულ იქნა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით საგადასახადო კოდექსის 98² მუხლის მე-3 ნაწილის „ზ" ქვეპუნქტის შესაბამისად. 2019 წლის მაისიდან 2022 წლის იანვრის ჩათვლით საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების მიხედვით.

ამასთან, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ასევე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების შესაბამისად, 20%-იანი განაკვეთით გაანგარიშდა სესხზე დარიცხული პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად და მომჩივანს საშემოსავლო გადასახადში განესაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 73-ე, 97-ე, 982 , 101-ე, 154-ე, 43- ე მუხლებზე და „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველ პუნქტზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში ნაღდი ფულის ანგარიშზე 2019 წლის მაისიდან უფიქსირდება უძრავი ნაშთი, ამ პერიოდში გადამხდელის საბანკო დაწესებულებიდან აღებული აქვს სესხი. მიუხედავად ვალდებულებების არსებობისა, აღნიშნული ნაშთი ნაღდი ფულის ანგარიშზე უძრავი რჩება. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების საფუძველზე გაანგარიშებული სალაროში არსებული ფულის უძრავის ნაშთის ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა და სესხზე პროცენტის სახით მიღებული სარგებლის გაანგარიშება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხოლო აღნიშნული თანხების მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საბუღალტრო აღრიცხვა წარმოებულია ბუღალტრულ პროგრამა „ინფო“-ში. საქონლის 99% არის დოკუმენტური რეალიზაცია. არ ეთანხმება ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებას, ვინაიდან კომპანიას აქვს სააღრიცხვო პროგრამა. საბუღალტრო პროგრამაში სრულად იდენტიფიცირდება: დებიტორი, კრედიტორი, ფულის მოძრაობა, დასაბეგრი ობიექტი, მისგან მიღებული შემოსავალი, ამ შემოსავლის მისაღებად ჩამოწერილი ნედლეული, რასაც შემოწმების პროცესში აუდიტორი ადასტურებს და აღნიშნავს აღრიცხვის სრულფასოვნებაზე.

რაც შეეხება სალაროს უძრავ ნაშთს, აუდიტორი აღნიშნულს განიხილავს დირექტორზე გაცემულ სესხად, თუმცა შემოწმების პერიოდში 2022 წლის 17 მარტის №6663 ბრძანებით ჩატარებულ სალაროს ინვენტარიზაციის შედეგებზე არც კი აღნიშნავს საგადასახადო შემოწმების აქტში. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები უთითებენ, რომ საწარმოს აქვს ოფისი, სადაც განთავსებულია ფულის საცავი (სეიფი), რომელშიც კომპანიას განთავსებული აქვს ბუღალტრულ ჩანაწერებში არსებული ფულის ნაშთი, ხოლო იმ მომენტისთვის ვერ მოხდა აღნიშნული საცავის ინვენტარიზაცია, ვინაიდან შენახულ ნაღდ ფულზე პასუხისმგებელი პირი, დირექტორი - ---------- არ იმყოფებოდა საქართველოში. აღნიშნული დასტურდება საჩივარზე თანდართული საზღვრის კვეთის დოკუმენტით. რაც შეეხება საცავში ნაღდი ფულის არსებობას, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ესაჭიროებათ და ეს იმ ფაქტობრივი გარემოებებითაც დასტურდება, რომ საწარმოს შემდგომ პერიოდში აღნიშნული ფულის გახარჯვა უდასტურდება, რასაც თანდართული ბუღალტრული ჩანაწერებით ადასტურებენ: სასესხო ვალდებულების ჩახურვა, ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის გონივრულ ვადაში დაბრუნება და მომწოდებლის დავალიანების დაფარვა. დეტალურად იდენტიფიცირდება ნაღდი ფულის სალაროში არსებობა და შემდგომში მისი გახარჯვა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი ხარჯებით, რაც კომპანიის საქმიანობის რეალურობას წარმოადგენს.

ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საწარმო დაარსებულია 2016 წლის 26 იანვარს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2016 წლის 27 იანვრიდან და სრულფასოვანი დატვირთვით ფუნქციონირებს დღემდე. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საწარმოს მიმართ არცერთხელ არ ყოფილა სამართალდარღვევა გამოვლენილი, მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს დირექტორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და საქართველოს კანონმდებლობაში სრულფასოვნად შეიძლება ვერ ერკვეოდეს.

გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად იხდის დაკისრებულ საგადასახადო ვალდებულებებს, ხოლო სადავო დარიცხვა გამოწვეულია შინაარსის ფორმის დაკვალიფიცირებით, რაც მოცემულ შემთხვევაში არასამართლიანია. ვინაიდან ადასტურებენ სალაროში თანხის რეალურად არსებობას შემოწმების პერიოდზე, დარიცხული გადასახადები არასამართლიანია.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები და განხორციელდეს პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების კორექტირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საწარმოს ბუღალტრულ პროგრამაში ნაღდი ფულის ანგარიშზე 2019 წლის მაისიდან უფიქსირდება უძრავი ნაშთი. ამ პერიოდში კომპანიას საბანკო დაწესებულებიდან აღებული აქვს სესხი. მიუხედავად ვალდებულებების არსებობისა, აღნიშნული ნაშთი ნაღდი ფულის ანგარიშზე უძრავი რჩება. შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების შესაბამისად გაანგარიშებული სალაროში არსებული ფულის უძრავის ნაშთი განხილულ იქნა ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და გაანგარიშდა სესხზე პროცენტის სახით მიღებული სარგებელი. შესაბამისად, საწარმოს მართლზომიერად დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადი.

კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ თანხა მიიღეს მომწოდებელი ორგანიზაციის თანამშრომელებმა. შესაბამისად, აღნიშნულ პირებს დაუფიქისრდებათ საზღვრის კვეთა. თუმცა, მომჩივანი ვერ წარმოადგენს თანხის გატანის დამადასტურებელ დოკუმენტს.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, საჩივარზე თანდართული დოკუმენტები არ იძლევა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები არ არის განსაზღვრული არაპირდაპირი მეთოდით და დარიცხვის საფუძველზე წარმოადგენს მხოლოდ სალაროს ნაშთის სესხად განხილვა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №001-239 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 107 651 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 41 898 ლარი, ჯარიმა - 41 898 ლარი და საურავი - 23 855 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს მხედველობაში იქნას მიღებული საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. სალაროს უძრავი ნაშთის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს ბუღალტრულ პროგრამაში ნაღდი ფულის ანგარიშზე 2019 წლის მაისიდან უფიქსირდება უძრავი ნაშთი. ამ პერიოდში კომპანიას საბანკო დაწესებულებიდან აღებული აქვს სესხი. მიუხედავად ვალდებულებების არსებობისა, აღნიშნული ნაშთი ნაღდი ფულის ანგარიშზე უძრავი რჩება. შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების შესაბამისად გაანგარიშებული სალაროში არსებული ფულის უძრავის ნაშთი განხილულ იქნა ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად და გაანგარიშდა სესხზე პროცენტის სახით მიღებული სარგებელი. შესაბამისად, საწარმოს მართლზომიერად დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადი. კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ თანხა მიიღეს მომწოდებელი ორგანიზაციის თანამშრომელებმა. შესაბამისად, აღნიშნულ პირებს დაუფიქისრდებათ საზღვრის კვეთა. თუმცა, მომჩივანი ვერ წარმოადგენს თანხის გატანის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, საჩივარზე თანდართული დოკუმენტები არ იძლევა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველს. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები არ არის განსაზღვრული არაპირდაპირი მეთოდით და დარიცხვის საფუძველზე წარმოადგენს მხოლოდ სალაროს ნაშთის სესხად განხილვა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. ასევე გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 97(1 „ბ“); 982(3 „ზ“); 101(1); 154(1„ა“); 275.