გადაწყვეტილება №24226/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.01.2025
№ დოკუმენტი 24226/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24226/2/2024

17 იანვარი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 31.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24226/2/2024).

 

დავის საგანი:

1. შესყიდული საქონელის რეალიზებულად განხილვა;

2. ფულადი ნაშთის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2024 წლის №021-57 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 8.10.2024 წლის №21974 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

226 890,78 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 136 809

დღგ - 31 523

საშემოსავლო გადასახადი - 105 286

ჯარიმა - 68 373 საურავი - 21 708,78

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სატენდერო მომსახურებების შესრულება. აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.08.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2024 წლის №021-57 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 8.10.2024 წლის №21974 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შესყიდული საქონელის რეალიზებულად განხილვა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება საქონლის შესყიდვა, რომლის ტრანსპორტირების დასრულების ადგილი არ ემთხვევა მის მიერ შესრულებული პროექტების ადგილმდებარეობას. გადასახადის გადამხდელის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, აღნიშნული შესყიდვები უკავშირდება წინა საგადასახადო პერიოდების შესრულებებს, თუმცა რაიმე სახის დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. შედეგად შესყიდული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად 15%-იანი ფასნამატით და დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, აღნიშნული ოპერაციის განხორციელების საფუძველზე მიღებული/მისაღები შემოსავლები ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩანიშნული იყო 2024 წლის 19 სექტემბერს 17:15 საათზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა დავაზე და წარმოადგინა განცხადება საჩივრის განხილვის გადადების მოთხოვნით, რის საფუძველზეც საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 2024 წლის 26 სექტემბერს 13:20 საათზე, თუმცა მომჩივანი კვლავ არ გამოცხადდა დავაზე და ამასთან, არ ყოფილა წარმოდგენილი განცხადება საჩივრის განხილვის გადადების მოთხოვნით.

შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს 136-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 164-ე, 168-ე, 101-ე, 154-ე და 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით:

- კომპანიას ფიზიკური პირებზე გადახდილი აქვს მომსახურების ანაზღაურების თანხები, რომელიც არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან;

- შემოწმებით, გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების და ხარჯების გათვალისწინებით გამოვლინდა ფულადი ნაშთი, რომელიც განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად;

- შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შესყიდული აქვს საქონელი, რომლის ტრანსპორტირების დასრულების ადგილი არ ემთხვევა მის მიერ შესრულებული პროექტების ადგილმდებარეობას.

შესყიდული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად 15%-იანი ფასნამატით, ხოლო აღნიშნული ოპერაციიდან მიღებული/მისაღები შემოსავლები

- დირექტორის ხელფასად.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმებით დარიცხული თანხების უსწორობასთან დაკავშირებით მოგვიანებით წარმოადგენს დაზუსტებულ პოზიციას, თუმცა საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა საჩივარში მითითებული პოზიციის შესაბამისი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი, ამასთან, საჩივრის ზეპირ განხილვაზე მომჩივანი არ გამოცხადდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის საქმიანობაა სამშენებლო-სარემონტო მომსახურების გაწევა. შესამოწმებელ პერიოდში სამუშაოების დიდი ნაწილი განხორციელებული აქვს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გზით. განხორციელებულ სამუშაოებზე დამკვეთთან დგება მიღება-ჩაბარების აქტი და იწერება ანგარიშფაქტურა. ყველა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა ასახულია დეკლარაციაში და დაბეგრილია დღგ-ით. შესაბამისად გაურკვეველია თუ რამ გამოიწვია გადასახადების დამატებით დარიცხვა. საჩივრის განხილვამდე ეცდება უფრო დეტალურად წარმოადგინოს პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება საქონლის შესყიდვა, რომლის ტრანსპორტირების დასრულების ადგილი არ ემთხვევა მის მიერ შესრულებული პროექტების ადგილმდებარეობას. გადასახადის გადამხდელის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, აღნიშნული შესყიდვები უკავშირდება წინა საგადასახადო პერიოდების შესრულებებს, თუმცა რაიმე სახის დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივნის მიერ სასაქონლო ზედნადებებით ტრანსპორტირებული იყო საქონელი ისეთ ობიექტზე, რომელიც დასრულებული იყო წინა შესამოწმებელ პერიოდში. მომჩივანმა ვერ განმარტა რა მიზნობრიობით იყო საქონელი ტრანსპორტირებული აღნიშნულ მისამართზე და აღნიშნულის გათვალისწინებით ჩაითვალა რეალიზებულად, ხოლო მიღებული თანხა გაცემულ ხელფასად.

საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილია მომჩივნის მიერ საქონლის ტრანსპორტირება, რა დროსაც ტრანსპორტირების დასრულების ადგილი არ ემთხვევა მის მიერ შესრულებული პროექტების ადგილმდებარეობას.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანმა საგადასახადო ორგანოს ვერ განუმარტა საქონლის მისამართზე ტრანსპორტირების მიზნობრიობა და არც საგადასახადო დავის ეტაპზე არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო მიიჩნევს, რომ საქონელი რეალიზებულად ჩაითვალა მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

 

2. ფულადი ნაშთის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების ეტაპზე ჩატარდა ანალიზი გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის, ასევე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ. გვერდის მონაცემების მიხედვით. აღნიშნულის საფუძველზე დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1) კომპანიას 2021 წლის აგვისტოდან მიღებული აქვს წინა საგადასახადო პერიოდში გაწეული მომსახურების ანაზღაურება;

2) მესამე პირებისგან წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგინდა კომპანიის კრედიტორული დავალიანებები;

3) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით და საბანკო ამონაწერებით დადგინდა მიმდინარე პერიოდის შესრულებული ოპერაციების სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურებები;

4) სხვადასხვა პერიოდში მიღებული აქვს საბანკო სესხები და წარმოდგენილი ამონაწერებით არ დასტურდება 110 276 ლარის სესხის დაფარვა.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილი ფულადი ნაშთი შემოწმების მიერ ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ანალიზის შედეგად დგინდება, რომ კომპანიის შემოსავალი მნიშვნელოვნად არ აღემატება გაწეული ხარჯების ოდენობას. ითხოვს მიეცეს საშუალება თანხის გაანგარიშების ნაწილი დამატებით გაიაროს შემმოწმებელთა ჯგუფთან. საჩივრის განხილვამდე ეცდება უფრო დეტალურად წარმოადგინოს პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დააზუსტოს საჩივარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ. გვერდის მონაცემების მიხედვით, დადგინდა ფულადი ნაშთი, რაც ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. შესყიდული საქონელის რეალიზებულად განხილვა;

2. ფულადი ნაშთის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოწმების მიერ ფიზიკურ პირებზე მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხები დაექვემდებრა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.

შემოწმების ეტაპზე განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის, ასევე, პირველადი საგადასახადო დოკუმენტებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მონაცემების საფუძველზე დადგენილი ფულადი ნაშთი შემოწმების მიერ ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად.

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება საქონლის შესყიდვა, რომლის ტრანსპორტირების დასრულების ადგილი არ ემთხვევა მის მიერ შესრულებული პროექტების ადგილმდებარეობას. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 75-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, კერძოდ, შესყიდული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად 15%-იანი ფასნამატით და დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. ამასთან, აღნიშნული ოპერაციიდან მიღებული/მისაღები შემოსავლები ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 154; 101.