გადაწყვეტილება №20697/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20697/2/2023
01 .11. 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------------ი (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---- ---- ტრანზის 29.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №20697/2/2023, 20698/2/2023).
დავის საგანი:
1. შემოსავლებისა და გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე;
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.04.2023 წლის №19099/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №085-17 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №188190 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19717 ბრძანება;
4. შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19713 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 249 886.21 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 152 341
საშემოსავლო გადასახადი - 151 199
ქონების გადასახადი - 1 142
ჯარიმა - 76 094
საურავი - 21 051.21
ჯარიმა - 400
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სატვირთო გადაზიდვები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №33743 ბრძანება და ამავე თარიღის №085-17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.08.2023 წლის №19717 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, მომჩივანს, 2022 წლის 21 დეკემბრის №188190 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.02.2023 წლის №3855 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 26.04.2023 წლის №19099/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, რომლის 10.08.2023 წლის №19713 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19713 და 10.08.2023 წლის №19717 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შემოსავლებისა და გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებსა და გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაანგარიშდა საწარმოში ნაღდი ფულის მოძრაობა. შემოწმებით დადგენილი შემოსავლებიდან და ასევე გაწეული მომსახურებიდან მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლებისა და საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობა (განკარგვადი თანხა) ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან.
შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ საწარმო საერთაშორისო გადაზიდვების დროს საწვავის შესყიდვას ახორციელებდა, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, თუმცა ამ უკანასკნელზე ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი.
შემოწმების შედეგად საქართველოს ფარგლებს გარეთ შეძენილი საწვავის ხარჯი გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებების მიერ გავლილი კილომეტრაჟისა და წვის ნორმის შესაბამისად, რასაც დააკლდა ადგილობრივ ბაზარზე შესყიდული საწვავის ოდენობა, ხოლო სხვაობა ჩაითვალა საქართველოს ფარგლებს გარეთ შესყიდულად. წვის ნორმის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18.04.2011 წლის №230-ე ბრძანებით განსაზღვრული გადახრა (25%). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61- ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების შედეგებზე აქტის შედგენისას და აღნიშნული აქტის საფუძველზე გადასახადების დარიცხვის თაობაზე შესაბამისი ბრძანების გამოცემისას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, ასევე ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მოთხოვნები, რამდენადაც საგადასახადო შემოწმების შედეგებზე აქტის შედგენისას და აღნიშნული აქტის საფუძველზე გადასახადების დარიცხვის თაობაზე შესაბამისი ბრძანების გამოცემისას პრაქტიკულად არ განხორციელებულა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სიღრმისეული და საფუძვლიანი შესწავლა, გამოკვლევა და შეფასება.
შემოწმების შედეგებზე კომპანიას არ მიუღია საგადასახადო შემოწმების აქტის წინასწარი შედეგები, შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტს არ მოუთხოვია და მომჩივანს არ წარუდგენია პოზიცია, რის გამოც პრაქტიკულად არ მომხდარა აქტზე მისი მოსაზრებების შეჯერება შემმოწმებელთა მიერ აქტში დაფიქსირებულ გარემოებებთან, არ მომხდარა მასთან ერთად განხილვა-შეფასება. ყოველივე ზემოაღნიშნულთა გამო შემოწმების შედეგებზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა მისი არგუმენტებისა და მოსაზრებების, ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის შედეგადაც შემმოწმებლების მხრიდან საწარმოს საფინანსო-სამეურნეო ოპერაციებს პრაქტიკულად მიეცა მხოლოდ ცალმხრივი და შესაბამისად არასწორი შეფასება-კვალიფიკაცია, ისე რომ მასში არ არის გათვალისწინებული ისეთი არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, როგორსაც კომპანიის შემთხვევაში წარმოადგენს საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად დაწესებული რეგულაციები/ნებართვები.
აღნიშნულიდან გამომდინარე შემმოწმებელთა მიერ არაკანონზომიერად და არამართლზომიერად განხორციელდა დამატებითი გადასახადების და შესაბამისი სანქციების დარიცხვა, რის გამოც აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №085 – 17 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები მიაჩნია უსაფუძვლოდ, არამართლზომიერად.
საჩივარი შემოსავლების სამსახურის მიერ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მაგრამ ასაჩივრებს გადაწყვეტილებას და უთითებს, რომ აუცილებელია გამოყენებული იქნას შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელო ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვა №0256.
კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ადგილობრივი და საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურების გაწევა, საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურების გაწევის დროს აუცილებელია შემდეგი ხარჯების გაწევა სასწორის ხარჯი, დაზღვევის ხარჯი, ავტოპარკის ხარჯი, ტრანზიტის ხარჯი, გზითსარგებლობის ხარჯი, დეკლარირების ხარჯი, ასევე უცხოეთში შეძენილი საწვავი. შემოწმების მიმდინარეობისას აუდიტორისთვის და ასევე შემოსავლების სამსახურისთვის, განხილვისას წარდგენილია აღნიშნული დოკუმენტების ნაწილი, რადგან ხარჯის გაწევა ხდება უცხოეთში და მისი სრულად დოკუმენტურად დადასტურება ვერ მოხდა, მაგრამ ზემოაღნიშნული ხარჯის გაწევის გარეშე ავტომობილით საზღვრის კვეთა შეუძლებელია, აღნიშნულის დადასტურება შემოსავლების სამსახურს შეუძლია შესაბამისი ინფორმაციების გამოთხოვის შედეგად (მაგ: ავტომობილების პარკში რიგის საკითხს აკონტროლებს შემოსავლების სამსახური და ა.შ), შესაბამისად ვინაიდან წარდგენილია კონკრეტული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების ნაწილი, ხოლო ხარჯების იმ ნაწილზე რომელიც დოკუმენტით ვერ დასტურდება, (მაგრამ ხარჯის გაწევის გარეშე ავტომობილით საზღვრის კვეთა და შესაბამისად გადაზიდვის მომსახურების შესრულება (შემოსავლის მიღება) შეუძლებელია) გამოყენებულ უნდა იქნას სიტუაციური სახელმძღვანელო №0256, რომლის შესაბამისად უნდა გაანგარიშდეს გაწეული ხარჯის ოდენობა და გათვალისწინებული უნდა იქნას ხარჯებში.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 105-ე და 73-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მოგება უნდა განისაზღვროს მის მიერვე იმავე საანგარიშო წელს იდენტური/მსგავსი საქონლის/მომსახურების შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასის გათვალისწინებით.
შემოწმების შედეგად ნაღდი ფულის ნაშთის გაანგარიშებისას აუდიტორის მიერ არ არის გათვალისწინებული შემდეგი ხარჯები:
1. სასწორის ხარჯი - სატრანსპორტო საშუალებით საზღვრის კვეთისას (თურქეთში შესვლა/გამოსვლა) აუცილებელია სატრანსპორტო საშუალების აწონვა, რასაც კომპანია უხდის თურქულ მხარეს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, აღნიშნული ხარჯის გაწევა სავალდებულოა რაც არ გაითვალისწინა აუდიტორმა, აღნიშნულის დასადასტურებლად საჩივარს ახლავს შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (რამდენიმე გადახდის ქვითარი). შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით (№0256) აღნიშნული ჩეკების საფუძველზე ავტომობილების საზღვრების კვეთის რაოდენობის შესაბამისად უნდა გაანგარიშდეს შესაბამისი ხარჯი. გაანგარიშებით აღნიშნული ხარჯი შეადგენს 14 265 ლარს, საჩივარს ახლავს შესაბამისი გაანგარიშების ცხრილი.
2. დაზღვევის ხარჯი - სატრანსპორტო საშუალებით საზღვრის კვეთის (თურქეთში შესვლა/გამოსვლა) შემთხვევაში აუცილებელია სატრანსპორტო საშუალების დაზღვევა რასაც კომპანია უხდის საზღვრის კვეთისას თურქულ მხარეს, აღნიშნული ხარჯის გაწევის გარეშე სატრანსპორტო საშუალება ვერ გადაკვეთს საზღვარს, შესაბამისად აღნიშნული ხარჯის გაწევა სავალდებულოა (დადგენილია თურქეთის სახელმწიფოს მიერ, ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ვებ გვერდზე www.groupama.com.tr), რაც არ გაითვალისწინა აუდიტორმა. აღნიშნულის დასადასტურებლად საჩივარს ახლავს შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (დაზღვევის რამდენიმე დოკუმენტი გადახდის დოკუმენტთან ერთად). შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით (№0256) აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე უნდა გაანგარიშდეს შესაბამისი ხარჯი. გაანგარიშებით აღნიშნული ხარჯი შეადგენს 45 936 ლარს, საჩივარს ახლავს შესაბამისი გაანგარიშების ცხრილი.
3. ავტოპარკის ხარჯი - საერთაშორისო გადაზიდვის დროს საზღვრის კვეთამდე აუცილებელია სატრანსპორტო საშუალება შევიდეს ავტოპარკში, სადაც ხდება შესაბამისი ღირებულების გადახდა, ხოლო ავტოპარკში შეუსვლელად სატრანსპორტო საშუალება ვერ ჩადგება შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილ საზღვრის კვეთის რიგში და ვერ გადაკვეთს საზღვარს, აღნიშნული ხარჯის გაწევა სავალდებულოა, რაც არ გაითვალისწინა აუდიტორმა. აღნიშნულის დასადასტურებლად საჩივარს ახლავს შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (ავტოპარკის საფასურის გადახდის ქვითრები) შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით (№0256) აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე გაანგარიშდეს შესაბამისი ხარჯი. გაანგარიშებით აღნიშნული ხარჯი შეადგენს 16 671 ლარს, საჩივარს ახლავს შესაბამისი გაანგარიშების ცხრილი.
4. ტრანზიტის ხარჯი - საერთაშორისო გადაზიდვის დროს სხვადასხვა ქვეყანაში კომპანია იხდის საზღვრის კვეთის გამო (ტრანზიტი) თანხას, საჩივარს ახლავს აღნიშნული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (რამდენიმე გადახდის ქვითარი) შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით (№0256) აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე უნდა გაანგარიშდეს შესაბამისი ხარჯი. გაანგარიშებით აღნიშნული ხარჯი შეადგენს 7 600 ლარს, საჩივარს ახლავს შესაბამისი გაანგარიშების ცხრილი.
5. გზით სარგებლობის ხარჯი - საერთაშორისო გადაზიდვის დროს სხვადასხვა ქვეყანაში იხდის გზითსარგებლობისთვის თანხას საჩივარს ახლავს აღნიშნული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (რამდენიმე გადახდის ქვითარი) შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით (№0256) აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე გაანგარიშდეს შესაბამისი ხარჯი. გაანგარიშებით აღნიშნული ხარჯი შეადგენს 10 608 ლარს, საჩივარს ახლავს შესაბამისი გაანგარიშების ცხრილი.
6. დეკლარირების ხარჯი - საერთაშორისო გადაზიდვის დროს (თურქეთის შემთხვევა) საბაჟო პროცედურების განხორციელებისთვის უწევს ბროკერებისთვის თანხის გადახდა, აღნიშნული თანხა ერთი დეკლარაციის შემთხვევაში შეადგენს დაახლოებით 100 ლარს, საჩივარს ახლავს აღნიშნული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები (რამდენიმე გადახდის ქვითარი) შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით (0256) აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე გაანგარიშდეს შესაბამისი ხარჯი. გაანგარიშებით აღნიშნული ხარჯი შეადგენს 31 700 ლარს, საჩივარს ახლავს შესაბამისი გაანგარიშების ცხრილი.
7. უცხოეთში შეძენილი საწვავის ხარჯი - როგორც ზემოთ აღნიშნა კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს ადგილობრივი და საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურების გაწევა, მომსახურების გაწევისთვის სპეც ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე კომპანიას შეძენილი აქვს საწვავი ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ საერთაშორისო გადაზიდვისას კომპანიის მიერ ხდება საწვავის შეძენა უცხოეთში, აღნიშნულის შესაბამისად აუდიტორისთვის გაგზავნილი იქნა შესაბამისი კილომეტრების და მიმართულების მითითებით გაანგარიშების ცხრილი და შესაბამისი საწვავის ხარჯის გაანგარიშება, მაგრამ აუდიტორის მიერ საერთაშორისო გადაზიდვაზე საწვავის ხარჯი გათვალისწინებულია მხოლოდ 239 304 ლარი, როცა ამავე პერიოდში საერთაშორისო გადაზიდვის საშუალებით კომპანიას მიღებული აქვს 1 803 166 ლარის შემოსავალი, ასევე შემოწმების აქტში აღნიშნულია რომ გათვალისწინებულია ფინანსთა მინისტრის 18.04.2011 წლის №230-ე ბრძანება, რაც არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან გაანგარიშების დროს აღნიშნული ბრძანების გათვალისწინების გარეშე საწვავის ხარჯი არის 449 813 ლარი, ხოლო ფინანსთა მინისტრის ბრძანების გათვალიწინების შემთხვევაში საწვავის ხარჯი გაცილებით მეტი იქნებოდა, ასევე აღსანიშნავია, რომ აუდიტის დეპარტამენტის სხვა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირების შემოწმებებისას უცხოეთში შეძენილი საწვავის ხარჯის პროპორცია მიღებულ შემოსავალთან, მის შემთხვევაში აუდიტორის მიერ მიღებული გაანგარიშებით ეს პროპორცია შეადგენს 13%, რაც არარეალურია, რადგან ამ საქმიანობის ძირითად ხარჯს წარმოადგენს საწვავის ხარჯი, მომჩივნის მიერ შესაბამისი ინვოისების მიხედვით გაანგარიშებულია საერთაშორისო გადაზიდვის მიმართულებები და შესაბამისი გავლილი მანძილი და გაანგარიშდა საწვავის ხარჯი (გაანგარიშება წარდგენილია დანართის სახით), აგრეთვე აუდიტორის მიერ საწვავის წვის ხარჯი გათვალისწინებულია 100 კმ-ზე 40 ლიტრის ოდენობით, სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად კომპანიას აქვს მისაბმელები და სატრანსპორტო მომსახურების გაწევა ხდება მისაბმელებთან ერთად, რაც დასტურდება საზღვრის კვეთისას და მისი გადამოწმება აუდიტორის მიერ შესაძლებელია, ასევე გზის გავლისას უწევს რამდენიმე რთული რელიეფის მქონე უღელტეხილის გავლა. მომჩივნის მიერ საშუალო წვის ხარჯად აღებული იყო 100 კმ-ზე 43 ლიტრი, გაცილებით მეტის მიუხედავად და აუდიტორის მიერ 42 ლიტრის გათვალისწინების შემთხვევაშიც კი საწვავის ხარჯის ნაწილში სხვაობა აღარ იქნება, ასევე შესაძლებელია აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმებული ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისგან ინფორმაციის მოძიება საწვავის წვასთან დაკავშირებით, შესაბამისად საწვავის ხარჯის ოდენობა უნდა გადაანგარიშდეს.
8. 2019 წლის დასაწყისისთვის დირექტორის მიმართ არსებული დავალიანების ნაშთი 199 359 ლარის ოდენობით, რომელიც დირექტორის მიერ გატანილია შესამოწმებელ პერიოდში, აღნიშნულის დასადასტურებლად აუდიტორთან გაგზავნილი იქნა საწარმოს რეგისტრაციის თარიღიდან (2014 წელი) 2018 წლის ბოლომდე განხორციელებული ოპერაციების გაანგარიშების ცხრილი, რაც გავლილია აუდიტორის მიერ (აუდიტორს მიღებული აქვს 135 298 ლარი, აღნიშნულ თანხაში არ აქვს გათვალისწინებული სასწორის, დაზღვევის, ავტოპარკის, ტრანზიტის, გზითსარგებლობის და დეკლარირების ხარჯი (აღნიშნულ ნაწილშიც ხარჯების გაანგარიშებისთვის გამოყენებული უნდა იქნას სიტუაციური სახელმძღვანელო (№0256)). მაგრამ აღნიშნულის მიუხედავად დავალიანების შესაბამისად არ შეამცირა დასაბეგრი თანხა, შესაბამისად ფულის ნაშთის გაანგარიშებისას გასათვალისწინებელია 199 359 ლარი (წარდგენილია შესაბამისი გაანგარიშება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მომჩივნის განმარტებით, ხარჯის გაწევა ხდება უცხოეთში და მისი სრულად დოკუმენტურად დადასტურება ვერ მოხდა, მაგრამ ზემოაღნიშნული ხარჯის გაწევის გარეშე ავტომობილით საზღვრის კვეთა შეუძლებელია, აღნიშნულის დადასტურება შემოსავლების სამსახურს შეუძლია შესაბამისი ინფორმაციების გამოთხოვის შედეგად (მაგ: ავტომობილების პარკში რიგის საკითხს აკონტროლებს შემოსავლების სამსახური და ა.შ). შესაბამისად, ვინაიდან წარდგენილია კონკრეტული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების ნაწილი, ხოლო ხარჯების იმ ნაწილზე რომელიც დოკუმენტით ვერ დასტურდება, (მაგრამ ხარჯის გაწევის გარეშე ავტომობილით საზღვრის კვეთა და შესაბამისად გადაზიდვის მომსახურების შესრულება (შემოსავლის მიღება) შეუძლებელია) გამოყენებულ უნდა იქნას შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელო №0256, რომლის შესაბამისად, უნდა გაანგარიშდეს გაწეული ხარჯის ოდენობა და გათვალისწინებული უნდა იქნას ხარჯებში.
შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმო საერთაშორისო გადაზიდვების დროს საწვავის შესყიდვას ახორციელებდა, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხოლო ამ უკანასკნელზე გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარმოუდგენია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოწმების მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ შეძენილი საწვავის ხარჯი გაანგარიშებული იქნა შესამოწმებელ პერიოდში შპს-ს სატრანსპორტო საშუალებების მიერ გავლილი კილომეტრაჟისა და წვის ნორმის შესაბამისად, რასაც დააკლდა ადგილობრივ ბაზარზე შესყიდული საწვავის ოდენობა, ხოლო სხვაობა ჩაითვალა საქართველოს ფარგლებს გარეთ შესყიდულად. წვის ნორმის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18.04.2011 წლის №230-ე ბრძანებით განსაზღვრული გადახრა (25%).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალსა და ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №085-17 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 249 486 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 152 341 ლარი, ჯარიმა 76 094 ლარი და საურავი 21 051 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე პერიოდში საწარმოს ბიუჯეტში გადახდილი აქვს 410 000 ლარი, დაბრუნებული აქვს მხოლოდ 16 080 ლარი, გაცემული აქვს 506 872 ლარი ხელფასის სახით და 203 500 ლარი დივიდენდი, კომპანიის მიზანი არაა გადასახადებისგან თავის არიდება, თანხის დარიცხვა ძირითადად გამოწვეულია ხარჯის დოკუმენტების არასრულად არსებობის გამო, რაც გამოწვეულია უცხოეთში გაწეული ხარჯების შესაბამისი დოკუმენტების არ შენახვის გამო, აღნიშნული გამოწვეულია შეცდომით და არცოდნით, აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს დაკისრებული სანქციების შემცირებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევა ჩადენილია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.04.2023 წლის №19099/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები
ფაქტების აღწერა
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 მაისის №12094 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. გადასახადის გადამხდელთან გაგზავნილი 2022 წლის 29 ნოემბრის №21- 14/108711 წერილით მოთხოვნილ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც პირს ელექტრონულად ჩაბარდა 2022 წლის 30 ნოემბერს. მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის გამო საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2022 წლის 21 დეკემბრის №188190 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა 400 ლარით.
აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.02.2023 წლის №3855 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 26.04.2023 წლის №19099/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან, არ იკვეთებოდა, შემმოწმებლის მიერ შერჩეულ წლებზე მოთხოვნილ, თუ რა სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებულ რა ინფორმაციას ფლობდა მომჩივანი, რომლის წარდგენაც არ მოხდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 თებერვლის №3855 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და 279-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი აუდიტის დეპარტამენტისათვის 2022 წლის 29 ნოემბრის №21-14/108711 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, 2022 წლის 21 დეკემბრის №188190 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რაც შემოწმებისთვის ოქმის შედგენის მომენტისთვის გადამხდელის მიერ არ იყო წარდგენილი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2022 წლის 22 დეკემბერს ელექტრონულ პორტალზე მიიღო აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 21 დეკემბერს შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი №188190. ოქმში აღნიშნულია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №21-14/108714 წერილით (რომელიც ელექტრონული პორტალის საშუალებით ჩაიბარა 30 ნოემბერს) მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის გამო კომპანია დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლით - 400 ლარის ოდენობით.
ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 აგვისტოს №19713 გადაწყვეტილებას, რომელზე დასწრების და არგუმენტაციის დამატებით წარდგენის საშუალება შემოსავლების სამსახურის მიერ არც ამჯერად არ მიეცა, მის დაუსწრებლად იქნა განხილული და გადაწყვეტილება მიღებული, ისეთ ოქმზე, რომელიც შედგენილია არაკანონიერად, ყოველგვარი დასაბუთების და არგუმენტაციის გარეშე.
კომპანიის საგადასახადო შემოწმება დაწყებულია 2022 წლის მაისის თვეში, შემოწმების ყველა ეტაპზე მისი მხრიდან ყოველთვის ხორციელდებოდა სრულფასოვანი კომუნიკაცია (სატელეფონო ზარით, სმს შეტყობინებების, ელექტრონული მიმოწერის სახით).
2022 წლის 9 ივნისს განცხადებით მიმართა (განცხადება გაგზავნილია ელექტრონულ ფოსტაზე) შემმოწმებლებს შემოწმების ადგილზე (ქ. ბათუმში) ჩატარების თაობაზე დოკუმენტების სიმრავლის გამო, ამის მიუხედავად შემმოწმებლებს მათთან კომუნიკაცია აღარ განუხორციელებიათ ნოემბრის თვემდე.
2022 წლის 29 ნოემბერს მიიღო შეტყობინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, 5 სამუშაო დღის ვადაში სრული სააღრიცხვო დოკუმენტაციის ასლების წარდგენის შესახებ.
წერილში მითითებული შემოწმებისთვის აუცილებელი სხვადასხვა სახის ინფორმაციები მის მიერ ელექტრონულ ფოსტაზე მიწოდებულია შემმოწმებლებისთვის 2022 წლის 28 ნოემბერს (ანუ 1 დღით ადრე, ვიდრე მიიღებდა შეტყობინებას აუდიტის დეპარტამენტიდან, ვინაიდან შემოწმების დაწყებიდანვე კომპანია ამუშავებდა ყველა შესაძლო ინფორმაციას შემოწმებისთვის და იცოდა ამ ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობის შესახებ), კერძოდ:
განმარტება საქმიანობის შესახებ, ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ, კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ, შემოსავლების, ხარჯების, საწვავის მოხმარების შესახებ, ქონების გადასახადის გაანგარიშების ცხრილები, დებიტორული/კრედიტორული დავალიანების ნაშთების შესახებ.
აღნიშნული ინფორმაციების მიწოდების შემდეგაც მათი მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდებოდა ყველა ეტაპზე ახალი მოძიებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება ელექტრონულ ფოსტაზე (საჩივარზე დანართის სახით წარდგენილია ე.წ. სქრინშოტები, რითიც დასტურდება ინფორმაციის მიწოდება აუდიტორისთვის), მაგრამ მიუხედავად ამისა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე 2022 წლის 21 დეკემბერს მიიღო სამართალდარღვევის ოქმი, რომ თითქოს და კომპანიის მხრიდან არ იქნა მიწოდებული 2022 წლის 29 ნოემბრის წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია.
აღნიშნული მიზეზი არის აბსურდული და არ შეესაბამება სიმართლეს, რასაც მის მიერ საჩივარში მოყვანილი ფაქტებიც ადასტურებს, დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ ინფორმაციას აგრეთვე დაადასტურებს შემმოწმებელი აუდიტორიც, ხოლო ოქმის შედგენის მიზეზი მისთვის სამწუხაროდ უცნობია.
ასევე უცნობია რატომ იქნა შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი 2022 წლის 21 დეკემბერს თუ 29 ნოემბრის წერილში (რომელიც ჩაბარებული აქვს 30 ნოემბერს) მითითებული 5 დღიანი ვადა დაარღვია და არ მიაწოდა დროულად მოთხოვნილი ინფორმაციები.
შემოსავლების სამსახური გადაწყვეტილებაში მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, 2022 წლის 21 დეკემბრის №188190 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რაც შემოწმებისთვის ოქმის შედგენის მომენტისთვის გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო წარდგენილი, აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან 21 დეკემბრის მერე გაგზავნილია შემოწმების მიმდინარეობისას აუდიტორის მიერ გამოგზავნილი კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისი გაანგარიშებები/განმარტებები და არა დოკუმენტები, მის ხელთ არსებული დოკუმენტები მანამდე იქნა სრულად მიწოდებული, ხოლო დოკუმენტების არ არსებობის გამო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, როგორც მისთვის ცნობილია არ ხდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 21 დეკემბერს შედგენილი №188190 სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19713 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბჭოს 26.04.2023 წლის №19099/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან, არ იკვეთებოდა, შემმოწმებლის მიერ შერჩეულ წლებზე მოთხოვნილ, თუ რა სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებულ რა ინფორმაციას ფლობდა მომჩივანი, რომლის წარდგენაც არ მოხდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 თებერვლის №3855 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, 2022 წლის 21 დეკემბრის №188190 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რაც ოქმის შედგენის მომენტისთვის გადასახადის გადამხდელის მიერ არ იყო წარდგენილი.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელმა გადაანგარიშების ეტაპზე (შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19717 ბრძანების აღსრულება) წარადგინა ის დოკუმენტაცია, რომელიც მოთხოვნილი იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 სექტემბრის დასკვნიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოსავლების სამსახურის 10.08.2023 წლის №19717 ბრძანების აღსრულების მიზნით დამატებით წარდგენილ იქნა შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:
1. საწვავის ხარჯთან დაკავშირებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, საწვავის წვის ნორმასთან დაკავშირებით;
2. სატრანსპორტო საშუალებების შეკეთების ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები (ინვოისები);
3. საერთაშორისო გადაზიდვებზე (საზღვრის კვეთისას) აუცილებელი ხარჯების გაანგარიშების ცხრილი და აღნიშნულ ხარჯებზე არსებული ჩეკები (არასრულად). ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლებისა და გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას, დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №19099/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებსა და გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაანგარიშდა საწარმოში ნაღდი ფულის მოძრაობა. შემოწმებით დადგენილი შემოსავლებიდან და ასევე გაწეული მომსახურებიდან მიღებული/მისაღები ფულადი შემოსავლებისა და საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობა (განკარგვადი თანხა) ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან.
ამასთან,მომჩივანი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. გადასახადის გადამხდელთან გაგზავნილი წერილით მოთხოვნილ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც პირს ელექტრონულად ჩაბარდა.მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობის გამო საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა. აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №3855 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.საბჭოს №19099/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, რომლის №19713 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.შემოსავლების სამსახურის წლის №19713 და №19717 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალსა და ხარჯის შეპირისპირებით გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან,ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევა ჩადენილია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70; 73(9 „ბ“); 101( 1); 154(1 „ა“); 269(7); 279( 1);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18.04.2011 წლის №230-ე ბრძანება;