გადაწყვეტილება №20576/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20576/2/2023
06 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ 15.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20576/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;
2. დამფუძნებლის (დირექტორის) მიერ საწარმოდან მიღებული თანხების ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №081-276 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №17861 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 364 472 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 206 234
დღგ - 103 797
საშემოსავლო გადასახადი - 102 437
ჯარიმა - 120 615
საურავი - 37 623
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ივლისის №18050 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №32324 ბრძანება და 22 დეკემბრის №081-276 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 14 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 24 ივლისის №17861 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა
ფაქტების აღწერა
კომპანიის მიერ, საკუთრებაში არსებულ 1 800 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, საკუთარი სახსრებით, აშენებულია მრავალბინიანი, 17 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი (საცხოვრებელი ბინა 285, ავტოფარეხი 27, კომერციული ფართი 4). დღეის მდგომარეობით აღნიშნულ კორპუსში სარეალიზაციოდ დარჩენილია 19 ბინა და 24 ავტოფარეხი. კომერციული ფართები კი იჯარით არის გაცემული. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ რეალიზებულია მშენებარე ბინები ფიზიკურ პირებზე და გაფორმებულია უძრავი ნივთის ნასყიდობის/წინარე ხელშეკრულებები. ნასყიდობის ხელშეკრულებით რეალიზებული ბინები საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მყიდველების სახელზე ხელშეკრულების გაფორმების თარიღით. ანაზღაურება განხორციელებულია სრულად უნაღდო ანგარიშსწორებით. ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ფასების მიხედვით ბინის 1 კვადრატული მეტრის გაცხადებული ფასი მინიმალური ოდენობით ფიქსირდება 262 დოლარი და მაქსიმალური - 550 დოლარი. შემოწმების პროცესში დღგ-ის გაანგარიშება განხორციელდა 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი და მე-8 ნაწილების და 2021 წლიდან მოქმედი 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბაზების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ დეკლარირებული მონაცემებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 4 260 113 ლარს. შემოწმებით, შესწავლილი საქმის მასალების მიხედვით, დადგენილი დასაბეგრი ოპერაციების ჯამური ოდენობა კი 4 836 761 ლარია. დეკლარირებულ და ფაქტობრივ მონაცემებს შორის სხვაობით (576 648 ლარი) გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რამაც გამოიწვია დღგ-ის დარიცხვა და შესაბამისი ჯარიმის დაკისრება.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, მე-2, 161-ე, 159-ე, 163-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე, რომლის შესწავლით დადგინდა, რომ ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი გადამხდელის მიერ სრულად არ იყო ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შემმოწმებელი მიწოდებულ ინფორმაციაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არ არის გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საბაზრო ფასი, შემოწმებით უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასი განისაზღვრა დოკუმენტურად დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასებით.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებლის მიერ შედგენილ დღგ-ის გაანგარიშების ცხრილში შემმოწმებელი დაუსაბუთებლად, იმ მოტივით რომ ბაზარზე ფიქსირდება საცხოვრებელი ფართების რეალიზაცია 500 აშშ დოლარიდან 550 აშშ დოლარამდე, ზრდის გადამხდელის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფასებს (ხელშეკრულებები ურთიერთდამოუკიდებელ პირებს შორის) და დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას მიუხედავად იმისა, რომ მისივე განმარტებით, გადამხდელთან ნაღდი ანგარიშსწორებით ოპერაციები არ აღირიცხება და ყველა რეალიზებული ბინის ღირებულება ანაზღაურებულია უნაღდო ანგარიშსწორებით, ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხით.
სამშენებლო ბაზარზე ფიქსირდება საცხოვრებელი ფართების ფასები არა მარტო 500 აშშ დოლარიდან 550 აშშ დოლარამდე, არამედ არსებითად ნაკლებ თანხებშიც, რაზეც რატომღაც შემმოწმებელი არანაირ მინიშნებას არ აკეთებს. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ შემმოწმებელი საკუთარი აქტის ანალიზურ ნაწილში მიუთითებს, რომ გადამხდელის მიერ აშენებულ სახლში განთავსებულია 27 ერთეული ავტოფარეხი, საიდანაც რეალიზებულია მხოლოდ სამი, ნაშთად ირიცხება 24 ერთეული ავტოფარეხი და რომ აღნიშნული ავტოფარეხები არ იყიდება იმ მიზეზით, რომ იტბორება. ე.ი არის მოცემულობა, რომ სახლის სარდაფი იტბორება და მთლიანობაში აღნიშნული უარყოფითად მოქმედებდა და მოქმედებს საცხოვრებელი ფართების სარეალიზაციო ფასებზე.
მხედველობაშია ასევე მისაღები ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გარიგებები, რომელზეც შემმოწმებელმა შეცვალა ფასები, დადებულია ურთიერთდამოუკიდებელ პირებს შორის და შემმოწმებელს, საგადასახადო კოდექსის 18-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებიდან გამომდინარე, არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის გამოყენებულ გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასის გაზრდის.
საინტერესოა ასევე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შემმოწმებელი ზრდის ურთიერთდამოუკიდებელ პირებს შორის გაცხადებულ გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის გამოყენებულ გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივ ფასს, ხოლო სამართლებრივ საფუძვლად კი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის იმ მუხლებს, რომლითაც რეგულირდება არა დასაბეგრი ოპერაციის თანხების ცვლილება არამედ დასაბეგრი ოპერაციის განსაზღვრის დრო (საგადასახადო კოდექსის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის 161-ე მუხლის პირველი ნაწილი და ამავე მუხლის მე-8 ნაწილი; საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ პუნქტი).
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 601 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ დავების განხილვის საბჭო ვალდებულია ბათილად ცნოს მოცემული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. შესაბამისად, მომჩივნის მოთხოვნა არის სამართლებრივად დასაბუთებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
– მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლი მე-8 ნაწილის მიხედვით, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლით გაირკვა, რომ ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი გადასახადის გადამხდელს სრულად არ ჰქონდა ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ამასთან, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არ არის გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საბაზრო ფასი, შემოწმებით უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასი განისაზღვრა დოკუმენტურად დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასებით. გადასახადის გადამხდელი აპელირებს შემოწმების აქტის ჩანაწერზე და აღნიშნავს, რომ თუ სრულად იყო დეკლარირებული, რატომ განხორციელდა დარიცხვა.
აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ შემოწმების აქტში ფიქსირდება ტექნიკური ხარვეზი „სრულად არ იყო ასახულის“ ნაცვლად, წერია „სრულად იყო ასახული“.
ამასთან, კომპანიის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ გაანგარიშებისას ადგილი აქვს არითმეტიკულ შეცდომას, ტექნიკურ უზუსტობას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
2. დამფუძნებლის (დირექტორის) მიერ საწარმოდან მიღებული თანხების ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა
ფაქტების აღწერა კომპანიის დაფინანსების წყარო მთელი საქმიანობის განმავლობაში იყო დამფუძნებლის შენატანები. გადასახადის გადამხდელს საბანკო სესხით არ უსარგებლია. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში კაპიტალის შენატანის ნაშთი ანგარიშზე 5150 ფიქსირდება - 967 795 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელმა ჯამურად კომპანიაში შეიტანა (------- ბანკის ამონაწერი) 1460 ანგარიშზე - 55 000 ლარი. კაპიტალის შემცირება ბუღალტრული გატარებით არის 114 000 ლარი. შესაბამისად, 853 395 ლარი რჩება კომპანიის ვალდებულებად დამფუძნებლის წინაშე. დამფუძნებლის მიერ პერიოდულად პროკრედიტ ბანკის ლარისა და დოლარის ანგარიშებიდან მიღებულია თანხები სულ 1 318 146 ლარი. შემოწმების მიერ განხორციელებული ანალიზის მიხედვით, დამფუძნებლის მიერ მიღებული თანხებით განულდა კომპანიის ვალდებულება დამფუძნებლის წინაშე, როგორც კაპიტალშენატანი (ანგარიში 5150) და სხვაობა თანხობრივად 409 751 ლარი (853395+55000-1318146), საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, 2022 წლის აპრილის თვეში განხილულ იქნა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, დამფუძნებლის მიერ პერიოდულად კომპანიის პროკრედიტ ბანკის ლარისა და დოლარის ანგარიშებიდან მიღებულია თანხები სულ 1 318 146 ლარი. შემოწმების მიერ განხორციელებული ანალიზის მიხედვით დამფუძნებლის მიერ მიღებული თანხებით განულდა კომპანიის ვალდებულება დამფუძნებლის წინაშე (კაპიტალშენატანი) და სხვაობა, თანხობრივად 409 751 ლარი განხილულ იქნა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას ყველა მასალა აღებულია შემოსავლების სამსახურისა და საჯარო რეესტრის ელექტრონული ბაზებიდან, შესწავლილია გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები და ელექტრონული საბუღალტრო პროგრამა.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის დაფინანსების წყარო მთელი საქმიანობის განმავლობაში იყო დამფუძნებლის შენატანები, საწარმოს საბანკო სესხით არ უსარგებლია. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში კაპიტალში შენატანის ნაშთი ანგარიშზე 5150 ფიქსირდება - 967 795 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებელმა ჯამურად კომპანიაში შეიტანა (------- ბანკის ამონაწერი) 1460 ანგარიშზე – 55 000 ლარი. კაპიტალის შემცირება ბუღალტრული გატარებით არის 114 000 ლარი. შესაბამისად, 853 395 ლარი რჩება კომპანიის ვალდებულებად დამფუძნებლის წინაშე. დამფუძნებლის - -----ის მიერ პერიოდულად პროკრედიტ ბანკის ლარისა და დოლარის ანგარიშებიდან მიღებულია თანხები, სულ 1 358 146 ლარი. შემოწმების ანალიზით, დამფუძნებლის მიერ მიღებული თანხებით განულდა კომპანიის ვალდებულება დამფუძნებლის წინაშე, როგორც კაპიტალში შენატანი (ანგარი 5150) და სხვაობა თანხობრივად (853 395+55 000-1 318 146) 409 751 ლარი 2022 წლის აპრილის თვეში განხილულ იქნა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (------) განაცემად.
1. ------ წარმოადგენს კომპანიის დირექტორს და ის საწარმოს ერთპიროვნული მმართველი პარტნიორი არაა (საზოგადოების დამფუძნებლები არიან -----, წილი კაპიტალში 60% და -------, წილი კაპიტალში 40%) და ის სხვა სამეურნეო ოპერაციებთან ერთად აწარმოებს საბანკო ოპერაციებს. შესაბამისად, უნდა გაიმიჯნოს დამფუძნებლის შენატანისა და სამეურნეო ოპერაციების წარმოებისთვის გაწეული ხარჯები და ამ უკანასკნელს მიენიჭოს შესაბამისი კვალიფიკაცია.
2. საწარმოს მიერ განხორციელებულია თანხების გადახდა სმფ-ისა და მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით, რომლებიც არ ჩანს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე (კერძოდ, ფიზიკური პირებიდან შეძენილი უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთები შენობა-ნაგებობებით და არარეზიდენტ იურიდიულ პირებზე საზღვარგარეთ, კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკაში გადახდილი თანხები სამშენებლო მასალების შესაძენად). აღნიშნული თანხების ნაწილი არ ყოფილა გათვალისწინებული საგადასახადო შემოწმებისას სალაროს ნაშთისა და დამფუძნებელზე ხელფასად გაცემული თანხის განსაზღვრისას.
3. საწარმოს მიერ რეგისტრაციის მთელი პერიოდის განმავლობაში აშენებულია ერთი საცხოვრებელი სახლი, 17 სართული, რომლის ყველა ფართი რეალიზებული არ არის, საერთოდ არ არის გაყიდული კომერციული ფართები (სამი დიდი და ორი პატარა), სარეალიზაციოა 19 ბინა და 24 ავტოფარეხი. რეგისტრაციიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდში შეძენილია სულ 5 ერთეული მიწის ნაკვეთი საერთო ღირებულებით 2 709 735 (654 131+2 055 604) ლარი. კომპანიაში 1.05.2022 წლისთვის შემოწმებით განსაზღვრული ნაშთის არსებობა არის ნაშთის განსაზღვრისას უზუსტობების შედეგი და არა ფაქტობრივი გარემოება.
4. რამდენადაც საწარმოს მიერ 2022 წლის 1 მაისის შემდგომ გაზრდილია საბრუნავი საშუალებების მოცულობა და შეძენილია დამატებით მიწის ნაკვეთები და სამშენებლო მასალები ახალი ობიექტების მშენებლობის დასაწყებად, სალაროს ნაშთის დაზუსტების შემდგომ დარჩენილი თანხა განხილული იქნას როგორც ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული სესხი.
საწარმოს მიერ რეგისტრაციის დღიდან დღემდე ბიუჯეტში გადახდილია 1 905 726 ლარი. მათ შორის, 293 260 ლარი საგადასახადო შემოწმების ვადიდან შემდგომ პერიოდში.
კომპანიის მიერ საგადასახადო შემოწმების შემდგომ, 2022 წლის 30 დეკემბერს, შეძენილია ახალი მიწის ნაკვეთი ახალი სამშენებლო ობიექტისთვის, რაშიც გადახდილია 271 030 ლარი.
ერთის მხრივ, გასაგებია შემმოწმებლის პოზიცია და სურვილები, მაგრამ მეორეს მხრივ, მოცემულ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მომჩივანს აქვს ისეთი მტკიცებულებები და ნორმატიული მასალა, რომელიც ქმნის მისი პოზიციის სისწორის განცდას და შესაბამისად, ითხოვს მისი სამართლებრივად დასაბუთებული პოზიციის გაზიარებას.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები და შემმოწმებლისა და გადასახადის გადამხდელის სპეციალისტების მიერ დეტალურად იქნას შესწავლილი ზემოთხსენებული საკითხები, რათა მოხდეს რეალური გადასახადის დადგენა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ დამფუძნებლის მიერ პერიოდულად კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან მიღებულია თანხები. დამფუძნებლის მიერ მიღებული თანხებით განულდა საწარმოს ვალდებულება დამფუძნებლის წინაშე (კაპიტალშენატანი) და სხვაობა განხილულ იქნა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზისას ყველა მასალა აღებულია შემოსავლების სამსახურისა და საჯარო რეესტრის ელექტრონული ბაზებიდან, შესწავლილია მომჩივნის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები და ელექტრონული საბუღალტრო პროგრამა.
ამასთან, საწარმოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ გაანგარიშებისას ადგილი აქვს არითმეტიკულ შეცდომას, ტექნიკურ უზუსტობას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №081-276 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 364 472 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 206 234 ლარი, ჯარიმა - 120 615 ლარი და საურავი - 37 623 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია მთელი პერიოდის განმავლობაში, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, ადეკლარირებდა და სისტემატურად იხდიდა კუთვნილ გადასახადებს. ერთი საცხოვრებელი სახლის აშენებიდან გაანგარიშებული და ბიუჯეტში გადახდილია 1 905 726 ლარი. სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, ითხოვს, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, განთავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №17861 ბრძანება;
3. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;
2. დამფუძნებლის (დირექტორის) მიერ საწარმოდან მიღებული თანხების ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა;
3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტობრივი გარემოებები
ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლით გაირკვა, რომ ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი გადასახადის გადამხდელს სრულად არ ჰქონდა ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ამასთან, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არ არის გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საბაზრო ფასი, შემოწმებით უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასი განისაზღვრა დოკუმენტურად დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასებით. დამფუძნებლის მიერ პერიოდულად კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან მიღებულია თანხები. დამფუძნებლის მიერ მიღებული თანხებით განულდა საწარმოს ვალდებულება დამფუძნებლის წინაშე (კაპიტალშენატანი) და სხვაობა განხილულ იქნა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
შემოწმების შედეგების საფუზელძე გამოცემული ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №17861 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები; მე-3 სადავო საკითხთან მიმართებაში საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“ ); 163(1,2); 269(7).