გადაწყვეტილება №19464/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.09.2023
№ დოკუმენტი 19464/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი, საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19464/2/2023

27 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------ (პ/ნ -----)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ს 20.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19464/2/2023).

 

დავის საგანი:

1. სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა;

2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC19033 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 30.11.2022 წლის №007-38301 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინება;

3. შემოსავლების სამსახურის 31.03.2023 წლის №6633 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1 000 ლარი.

 

პროცედურული გარემოებები

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევის გამო, მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC19033 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, ვალის მართვის დეპარტამენტის 30.11.2022 წლის №007- 38301 შეტყობინებით მის ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

აღნიშნული აქტების გაუქმების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 31.03.2023 წლის №6633 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა

ფაქტების აღწერა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით, მომჩივნის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ------) ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 29.08.2019 წელს და დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების/დეკლარირების ბოლო ვადად განისაზღვრა 28.10.2019 წელი, რომელიც საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით გაგრძელდა 30 კალენდარული დღით და ბოლო ვადად განისაზღვრა 28.11.2019 წელი.

მომჩივნის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანა ან/და საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, რაზეც 29.11.2022 წლის №ELC19033 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

მომჩივნის მიერ 22.03.2023 წლის №49832/21-11 განცხადებით დამატებით წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ------ პოლიციის დეპარტამენტის -----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის I განყოფილების 2023 წლის 21 მარტის №MIA 0 23 00802424 წერილი, რომლის შინაარსის მიხედვით, „2019 წლის 27 ნოემბერს -----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ------ის კუთვნილი „-----”-ის ფირმის „-----” მოდელის ავტომანქანის თაღლითურად მითვისების ფაქტზე, სს 012271119001 საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიებით დადგენილ იქნა შემდეგი: 2019 წლის 10 ნოემბერს -------ს მოქალაქემ, რომლის სახელი და გვარი ამ ეტაპზე დაუდგენელია, შეძენის მიზნით, თბილისი წითელი ხიდის 21-ე კილომეტრზე მდებარე ავტოსატრანსპორტო საშუალების ბაზრობის ტერიტორიიდან წაიყვანა მოქალაქე ------ის კუთვნილი „------”-ის ფირმის „------” მოდელის ავტომანქანა (ვინ კოდი: -----), ტრანზიტული ნომრით: ------, იმავე დღეს გადაიხადა თანხის ნაწილი, ხოლო ნაწილი უნდა გადაეხადა მოგვიანებით, რა დროსაც ზეპირსიტყვიერი მოლაპარაკების თანახმად უნდა მოეხდინა ავტომანქანის განბაჟებაც. აღნიშნულის შემდეგ მან გათიშა ტელეფონის და ვეღარ ხერხდება მისი და ასევე ავტომანქანის მოძიება“. წერილში ასევე მითითებულია, რომ „აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ავტომანქანისა და პიროვნების მოსაძებნად“.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისა და დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად მომჩივნის დაჯარიმება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

22.11.2019 წელს ------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციაში დაიწყო გამოძიება მომჩივანის კუთვნილი ავტომობილის თაღლითურად მითვისების ფაქტზე. ამავე წლის 10 ნოემბერს ------ს მოქალაქემ წაიყვანა თაღლითური გზით როდესაც უნდა განებაჟებინა მანქანა. პიროვნება გაქრა და დაეკისრა 1 000 ლარიანი ჯარიმა, რომელიც პოლიციაში გაასაჩივრა და დაიწყო გამოძიება და დღემდე მიმდინარეობს. ეს ჯარიმა გააუქმეს მაგრამ 2022 წლის 29 ნოემბერს ეს ოქმი ხელახლა იქნა შედგენილი ამ საქმეზე. მიმდინარეობს გამოძიება ამ საქმეზე და ითხოვს გაუქმდეს ჯარიმა და მოეხსნას გირავნობა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.

საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7-მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით, ხოლო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარული დღით.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ (დანართი №8) ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 - ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.

მომჩივნის განმარტებით, 10.11.2019 წელს ------ს მოქალაქემ ავტომობილი წაიყვანა თაღლითური გზით, როდესაც უნდა განებაჟებინა მანქანა. პიროვნება გაქრა და დაეკისრა 1 000 ლარიანი ჯარიმა, რომელიც პოლიციაში გაასაჩივრა და დაიწყო გამოძიება, რომელიც დღემდე მიმდინარეობს. ითხოვს გაუქმდეს ჯარიმა და მოეხსნას გირავნობა.

საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება განხორციელდა 29.08.2019 წელს და დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების/დეკლარირების ბოლო ვადად განისაზღვრა 28.10.2019 წელი, რომელიც საქართველოს მთავრობის 30.03.2010 წლის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით გაგრძელდა 30 კალენდარული დღით და ბოლო ვადად განისაზღვრა 28.11.2019 წელი.

საბჭოს აღნიშნავს, რომ ვინაიდან სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანომდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში მომჩივანი/სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის არგუმენტი უსაფუძვლოა, არ არსებობს მისი გათვალიწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს 30.11.2022 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა არაღიარებული საგადასახადო დავალიანება 1 000 ლარი, ზედმეტობა 190,40 ლარი. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნის მთელ ქონებაზე ვალის მართვის დეპარტამენტის 30.11.2022 წლის №007-38301 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტზე, 239-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილზე. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამ ნაწილში არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მოითხოვს წარმოშობილი საგადასახადო გირავნობა იპოთეკის გაუქმებას.

 

დავების განხილვის სამსახურის რეკომენდაცია

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გამოიყენოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.

დადგენილია, რომ 30.11.2022 წლის მდგომარეობით, მომჩივანს ერიცხებოდა არაღიარებული საგადასახადო დავალიანება 1 000 ლარი და ზედმეტობა 190,40 ლარი.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში სადავო აქტის გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა;

2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევის გამო, მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №ELC19033 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, ვალის მართვის დეპარტამენტის 30.11.2022 წლის №007- 38301 შეტყობინებით მის ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. აღნიშნული აქტების გაუქმების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 31.03.2023 წლის №6633 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის არგუმენტი უსაფუძვლოა, არ არსებობს მისი გათვალიწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238"ა", 239(2).

საქართველოს საბაჟო კოდექსი: 163(1)(4), 165.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N 257 ბრძანება.