ბრძანება N 4180
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4180
27 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -----)
(მის.: ------)
2024 წლის 26 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა შპს „---------“-ის (ს/ნ -----------) №87226/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №007-425 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემმოწმებელს დროულად ვერ მიაწოდა ბუღალტრული აღრიცხვა, რომელსაც ყოველდღიურად აწარმოებს საწარმო. ითხოვს გადაანგარიშებას იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომელსაც უმოკლედ ვადაში მიაწვდის შემმოწმებელს. ამასთან, აცხადებს, რომ შემოწმებისას არ არის გათვალისწინებული დღგ-ისგან გათავისუფლებული ბრუნვები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივლისის №17873, 17 ნოემბრის №28916 და 2023 წლის 24 თებერვლის №3548 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 28 დეკემბრის №33462 ბრძანება და ამავე თარიღის №007-425 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 287 291 ლარი, მათ შორის, გადასახადი 166 871 ლარი, ჯარიმა 83 436 ლარი, საურავი 36 984 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ქიმიით ვაჭრობა ქ. -------- ბაზრობის ტერიტორიაზე. პირს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, ვერ ხდება შეძენილი და რეალიზებული სმფ-ების მოძრაობის ანალიზი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ნოემბრის N29119 ბრძანების საფუძველზე, გადამხდელის კუთვნილ ობიექტში განხორციელდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად, სმფ-ების ნაშთის ღირებულება განისაზღვრა 600 033 ლარით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საწარმომ სრულყოფილად არ ითანამშრომლა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტთან (ფორმა N21 არ იქნა სრულყოფილად შევსებული). ინვენტარიზაციის ფასნამატმა შეადგინა 28%. საწარმომ ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოადგინა სრულად, რის შედეგადაც შემოწმების მხრიდან ორჯერ გამოწერილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. სალაროს ინვენტარიზაცია არ არის ჩატარებული. გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი ცნობა დებიტორ-კრედიტორების შესახებ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 73-ე მუხლებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავებულ იქნა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დოკუმენტური რეალიზაციები და შეძენები, მათ შორის იმპორტის გზით. შესწავლილ იქნა მიღებული და გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე საბაჟო დეკლარაციები და ინვოისები. შედეგად, რეალიზებული პროდუქცია სახეობრივად დაიყო 28 კატეგორიად, დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რელიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, შეძენილი საქონლის ღირებულება დაკავშირებულ იქნა იმავე საქონლის უახლოესი პერიოდის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასთან და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გამოთვლილ იქნა ფასნამატი. მთლიან რეალიზებულ საქონლის თვითღირებულებას გამოაკლდა დოკუმენტურად რელიზებული საქონლის თვითღირებულება, შედეგად მიღებულ საცალოდ რეალიზებულ საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა ინვენტარიზაციის ფასნამატი (საშუალო - 28.75 %). ჯამურად, დოკუმენტური და საცალო რეალიზაციით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების თანახმად, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საარქივო სამმართველოს მიერ მოწოდებულ მასალებში ფიქსირდება საქონლის შეძენის ინვოისები, თუმცა იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტის მომწოდებლისათვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სრულყოფილად წარმოდგენილი. გადასახადის გადამხდელი არ იყო ჩართული შემოწმების პროცესში, შესაბამისად, არ წარმოუდგენია წერილობითი ახსნა-განმარტება შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისათვის სრულყოფილად გადახდის შესახებ. წარმოდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერი, სადაც ნაწილობრივ ჩანს 1 096 681 ლარის ღირებულების საქონლის შეძენა. შესაბამისად, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ დანართი N8-ის თანახმად, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისათვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, გაანგარიშებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა. შემოწმებით დათვლილი შემოსავალი შემცირებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებით, ბიუჯეტში გადახდილი თანხებით და ასევე სხვა გადახდებით. ამავდროულად, პირის მიერ წარმოდგენილი არ არის დებიტორული-კრედიტორული დავალიანების ნაშთების შესახებ ინფორმაცია. შემოწმების მიერ განხორციელდა ძირითად მომწოდებლებთან დაკავშირება და დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კრედიტორული დავალიანების ოდენობა, რაც გათვალისწინებულ იქნა ფულის მოძრაობაშიც. შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი, რისი არსებობაც საწარმოში არ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ქიმიით ვაჭრობა. პირს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, ვერ ხდება შეძენილი და რეალიზებული სმფ-ების მოძრაობის ანალიზი. ინვენტარიზაციით განისაზღვრა სმფ-ების ნაშთის ღირებულება. საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შესწავლილ იქნა მიღებული და გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშფაქტურები, ასევე საბაჟო დეკლარაციები და ინვოისები. შედეგად, რეალიზებული პროდუქცია სახეობრივად დაიყო 28 კატეგორიად, დადგენილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რელიზებული საქონლის თვითღირებულება. მთლიან რეალიზებულ საქონლის თვითღირებულებას გამოაკლდა დოკუმენტურად რელიზებული საქონლის თვითღირებულება, შედეგად მიღებულ საცალოდ რეალიზებულ საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა ინვენტარიზაციის ფასნამატი (საშუალო - 28.75 %), რის საფუძველზეც გაიზარდა დღგით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, საარქივო სამმართველოს მიერ მოწოდებულ მასალებში ფიქსირდება საქონლის შეძენის ინვოისები, თუმცა იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს შემოწმებისთვის სრულყოფილად წარდგენილი შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტის მომწოდებლისათვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. გადასახადის გადამხდელი არ იყო ჩართული შემოწმების პროცესში, შესაბამისად, არ წარუდგენია წერილობითი ახსნაგანმარტება შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისათვის სრულყოფილად გადახდის შესახებ. წარდგენილია მხოლოდ საბანკო ამონაწერი, სადაც ნაწილობრივ ჩანს საქონლის შეძენა. იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისათვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად. გაანგარიშებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა, შემოწმებით დათვლილი შემოსავალი შემცირებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებით, ბიუჯეტში გადახდილი თანხებით და ასევე სხვა გადახდებით. ამავდროულად, პირის მიერ წარდგენილი არ არის დებიტორულიკრედიტორული დავალიანების ნაშთების შესახებ ინფორმაცია. შემოწმების მიერ განხორციელდა ძირითად მომწოდებლებთან დაკავშირება და დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კრედიტორული დავალიანების ოდენობა, რაც გათვალისწინებულ იქნა ფულის მოძრაობაშიც. შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების დაწყებისთანავე მოხდა გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება. საწარმოს მხრიდან გამოითქვა მზაობა ინფორმაცია/დოკუმენტაციის შემოწმებისთვის მიწოდებაზე, მაგრამ მითითებულ ვადაში არ იქნა სრულყოფილად მიწოდებული. საწარმო ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარუდგენლობისთვის შემოწმების მხრიდან დაჯარიმებულია ორჯერ. გადამხდელს დაჯარიმების შემდეგაც არაერთხელ მიეცა ვადა ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარსადგენად, რაც მის მიერ არ შესრულდა. ასევე, არ განუცხადებია, რაიმე საპატიო მიზეზის შესახებ, რომლის გამოც ვერ შეასრულებდა მითითებულ მოთხოვნას. პირმა განაცხადა რომ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და შემოწმებას მიაწოდა სხვა საწარმოს ბუღალტრული პროგრამა. საწარმოს, შემოწმების მიმდინარეობის პროცესში, არ აქვს წარდგენილი შემოწმების მხრიდან მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. არც დირექტორი და არც მისი წარმომადგენელი შემოწმების პროცესში არ თანამშრომლობდნენ. საგადასახადო ორგანოში არაერთგზის დაბარებისა გამოცხადდა მხოლოდ ერთხელ. ამასთანავე, საჩივარს არ ერთვის რაიმე სახის ახალი მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმების შედეგებს. რაც შეეხება, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულ ბრუნვებს, შემოწმების მხრიდან გამიჯნულია 18%-იანი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისგან. შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია ყველა შესაძლო ხარჯი, მათ შორის არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ქიმიით ვაჭრობა. პირს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადამხდელის კუთვნილ ობიექტში განხორციელდა სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის შედეგად, სმფ-ების ნაშთის ღირებულება განისაზღვრა 600 033 ლარით. ინვენტარიზაციის ფასნამატმა შეადგინა 28%. საწარმომ ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოადგინა სრულად, რის შედეგადაც შემოწმების მხრიდან ორჯერ გამოწერილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. სალაროს ინვენტარიზაცია არ არის ჩატარებული. გადასახადის გადამხდელს არ აქვს წარმოდგენილი ცნობა დებიტორ-კრედიტორების შესახებ.
მთლიან რეალიზებულ საქონლის თვითღირებულებას გამოაკლდა დოკუმენტურად რელიზებული საქონლის თვითღირებულება, შედეგად მიღებულ საცალოდ რეალიზებულ საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა ინვენტარიზაციის ფასნამატი (საშუალო - 28.75 %). ჯამურად, დოკუმენტური და საცალო რეალიზაციით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
2.საარქივო სამმართველოს მიერ მოწოდებულ მასალებში ფიქსირდება საქონლის შეძენის ინვოისები, თუმცა იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტის მომწოდებლისათვის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სრულყოფილად წარმოდგენილი. შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი, რისი არსებობაც საწარმოში არ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. , საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5,9);159(1);163(1,2);164(1);101;154