გადაწყვეტილება №23377/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23377/2/2024
13 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 25.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23377/2/2024).
დავის საგანი:
საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.04.2024 წლის №006-161 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13351 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 12 992,13 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 7 387
დღგ - 5 053
მოგების გადასახადი - 213
საშემოსავლო გადასახადი - 1 847
ქონების გადასახადი - 274
ჯარიმა - 3 467
საურავი - 2 138,13
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა მეორადი ავეჯის იმპორტი, რესტავრაცია და შემდგომი რეალიზაცია. საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში მდებარე -------, ------- (მაღაზია, საწყობი). გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 14.09.2021 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 4.11.2021 წელს.
აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 14.09.2021 წლიდან 1.11.2023 წლამდე პერიოდი, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით 8.02.2024 წლის ჩათვლით. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს რეგისტრირებული აქვს ერთი საკონტროლო-სალარო აპარატი, გატანილი აქვს 50 ცალი ჩგდ (დიაპაზონი №-------დან - №-------მდე), რომელიც არ არის გახარჯული. სარეალიზაციოდ განკუთვნილი მეორადი ავეჯი იმპორტირებული აქვს ------- და -------, საბაჟო ღირებულებით 78 565 ლარის ოდენობით (41 049 ლარის რპთ, შემოწმებით დადგენილი). ასევე ფიქსირდება ადგილობრივ ბაზარზე შეძენა 6 080 ლარის (5 680 + 400) ოდენობით. ერთ შემთხვევაში, 2021 წლის ნოემბერში იმპორტირებული აქვს ავეჯთან ერთად ჰიდრავლიკური ჩაქუჩი, რაც დაფიქსირდა კონტეინერის გახსნის და დათვალიერების შედეგად.
გადასახადის გადამხდელს ნაწარმოები აქვს ბუღალტრული აღრიცხვა ექსელის ცხრილებში. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით არ აქვს ნაწარმოები იმპორტირებული საქონლის თანხობრივი აღრიცხვა (სიტყვიერი განმარტებით არ აქვს იმპორტირებული საქონლის ინვოისი და ვერ შეძლო თვითღირებულების განსაზღვრა). საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, იმპორტირებული საქონლის თვითღირებულების დადგენა. დოკუმენტური რეალიზაცია არ განუხორციელებია. დღგ-ში დეკლარირებული 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 64 528 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი 92 601 ლარს დღგ-ის გარეშე (109 269 ლარს დღგის ჩათვლით). სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული აქვს მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატის საშუალებით მიღებული შემოსავალი. საწარმოს უფიქსირდება შენატანები სხვადასხვა ფიზიკური პირების მიერ საბანკო ანგარიშებზე, რაც არ აქვს დეკლარირებული და დაბეგრილი დღგ-ით. ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის რეალიზაციის შედეგად ფასნამატი შეადგენს 15,8-17,5%-ს.
საწარმოში 8.02.2024 წლის მდგომარეობით ჩატარებულია სმფ-ების ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა სმფ-ების ნაშთი საბაზრო ღირებულებით 29 820 ლარის ოდენობით, რაც შემოწმებით დადგენილის იდენტურია. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 171-ე მუხლის საფუძველზე შემოწმებით კომპანიას დაერიცხა დღგ და დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.04.2024 წლის №006-161 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13351 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე და 43-ე მუხლებზე.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს ნაწარმოები აქვს ბუღალტრული აღრიცხვა ექსელის ცხრილებში. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით არ აქვს ნაწარმოები იმპორტირებული საქონლის თანხობრივი აღრიცხვა. საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, იმპორტირებული საქონლის თვითღირებულების დადგენა. საწარმოს დოკუმენტური რეალიზაცია არ განუხორციელებია. დღგ-ში დეკლარირებული 18%- იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 64 528 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი ბრუნვა კი 92 601 ლარს დღგ-ის გარეშე. სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ მონაცემებს შორის გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გადამხდელს დეკლარირებული აქვს მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატის საშუალებით მიღებული შემოსავალი. საწარმოს ასევე უფიქსირდება შენატანები სხვადასხვა ფიზიკური პირების მიერ საბანკო ანგარიშებზე, რაც არ აქვს დეკლარირებული და დაბეგრილი დღგ-ით. ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის რეალიზაციის შედეგად ფასნამატი შეადგენს 15,8%-17,5%-ს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ვინაიდან გამოვლინდა სხვაობა შემოწმებით განსაზღვრულ და გადასახადის გადამხდელი მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის, შემოწმებით მართლზომიერად მოხდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა რაიმე არგუმენტი/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას დამატებით დაერიცხა 12 992,13 ლარი, რასაც არ ეთანხმება, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაბეგრილია ფიზიკური პირებისგან სესხად მიღებული თანხები, მაგალითისთვის დირექტორის შვილის ------- მიერ ჩარიცხული თანხაც, რომელიც შემდგომში დაუბრუნა. ითხოვს მოხდეს დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული აქვს მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატის საშუალებით მიღებული შემოსავალი. საბანკო ანგარიშებზე უფიქსირდება შენატანები სხვადასხვა ფიზიკური პირების მიერ, რაც არ აქვს დეკლარირებული. ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის რეალიზაციის შედეგად ფასნამატი შეადგენს 15,8-17,5%-ს.
მომჩივნის განმარტებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაბეგრილია ფიზიკური პირებისგან სესხად მიღებული თანხები, რომელიც შემდგომში დაუბრუნა. ითხოვს მოხდეს დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2024 წლის №64078-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ შემოწმების მიმდინარეობისას, ბანკის ამონაწერების დამუშავების პროცესში გამოვლინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში 2021-2023 წლებში, ფიზიკური პირების მიერ ჩარიცხულია თანხები სს თიბისი ბანკში და სს საქართველოს ბანკში ჯამში 28 730 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შესახებ შემოწმების მიმდინარეობისას ეცნობა როგორც საწარმოს დირექტორს -------, ასევე საწარმოს წარმომადგენელს (გოდერძი არქანიას) სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად. 2024 წლის 28 თებერვალს გაეგზავნა ელ. ფოსტა ელექტრონულად მეილზე (-------) ფიზიკური პირების მიერ ჩარიცხული თანხების მიზნობრიობის განმარტების წარმოდგენასთან დაკავშირებით. შემოწმებისათვის არ ყოფილა წარმოდგენილი შემოწმების პროცესში სესხის ხელშეკრულება. გადამხდელის მიერ ექსელის ფორმატში წარმოდგენილ ბრუნვით უწყისებში, გატარებების ჟურნალში, აღრიცხული არის მიღებული სესხის შესახებ ინფორმაცია სს თიბისი ბანკიდან და სს საქართველოს ბანკიდან. ფიზიკური პირებიდან მიღებული სესხის შესახებ მონაცემები გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ჩანაწერებში არ არის აღრიცხული.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება შემოსავლის მიღება და მომჩივნის მიერ საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას, ასევე დავის განხილვის ეტაპზე არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ აღნიშნული თანხები არ წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შედეგად მიღებულ შემოსავლებს, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩართვა.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს ნაწარმოები აქვს ბუღალტრული აღრიცხვა ექსელის ცხრილებში. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით არ აქვს ნაწარმოები იმპორტირებული საქონლის თანხობრივი აღრიცხვა. საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, იმპორტირებული საქონლის თვითღირებულების დადგენა. გამოვლინდა სხვაობა შემოწმებით განსაზღვრულ და გადასახადის გადამხდელი მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გადამხდელს დეკლარირებული აქვს მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატის საშუალებით მიღებული შემოსავალი. საწარმოს ასევე უფიქსირდება შენატანები სხვადასხვა ფიზიკური პირების მიერ საბანკო ანგარიშებზე, რაც არ აქვს დეკლარირებული და დაბეგრილი დღგ-ით.
შემოწმებით კომპანიას დაერიცხა დღგ და დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე ფიქსირდება შემოსავლის მიღება და მომჩივნის მიერ საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას, ასევე დავის განხილვის ეტაპზე არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ აღნიშნული თანხები არ წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შედეგად მიღებულ შემოსავლებს, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 159;