გადაწყვეტილება №18807/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.03.2023
№ დოკუმენტი 18807/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18807/2/2023

16.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 7.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18807/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებული თანხის ნაწილის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად ჩათვლა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;

2. იმპორტირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გამოწერილ ინვოისებში/შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული თანხების ნაწილის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად ჩათვლა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2022 წლის №002-187 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33519 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 130 900 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 75 281

დღგ - 1 854

საშემოსავლო გადასახადი - 71 658

ქონების გადასახადი - 1 769

ჯარიმა - 36 796

საურავი - 18 823

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საგზაო ბიტუმის შეძენა/რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 16.04.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 26.10.2022 წლის №27138 ბრძანება და 27.10.2022 წლის №002-187 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.12.2022 წლის №33519 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებული თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად ჩათვლა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

2019-2022 წლებში საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, კომპანიას უფიქსირდება 1 202 370 ლარის ოდენობით მყარი ბიტუმის შეძენა ფიზიკური პირებისგან, რომლებზე გადახდაც ფიქსირდება ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა შესყიდვის აქტები, საქონლის მომწოდებლის ხელმოწერის გარეშე. ზოგიერთ შემთხვევაში არ იყო მითითებული ფიზიკური პირების პირადი ნომრებიც.

შემოწმებისას აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირებთან და აღნიშნული ოპერაციის წერილობით დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი ხარჯი სრულად, ხოლო იმ ხარჯის, რომლის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი - 75% ჩაითვალა მომწოდებელზე გადახდილ ანაზღაურებად შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებისას გადამხდელის მიერ აღიარებული ფიზიკურ პირებზე გადახდილი ანაზღაურების 25% ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ საქმე ეხება 2019-2021 წლების საანგარიშგებო პერიოდს, სადაც აღიარა არასრულფასოვნად წარმოდგენილი შესყიდვის აქტები, რადგანაც თავისდოულად არ ხდებოდა შესყიდვების დოკუმენტურად აღრიცხვა, მისი მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში, რომ გათვლისწინდეს ამჟამად, დაგვიანებით წარმოდგენილი შესყიდვის აქტები, რადგან ყველა შესყიდულ საქონლზე თანხა რეალურად გადახდილი აქვს მომწოდებელზე და უფლებამოსილების ფარგლებში კანონმდებლობის შესაბამისად მოხდეს საშემოსავლო გადასახდის კორექტირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ ფიზიკურ პირებზე ბიტუმის შეძენაზე გადახდილი ანაზღაურების 25% ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ფიზიკურ პირებზე ბიტუმის შეძენაზე გადახდილი თანხების ნაწილის (ხარჯების არაპირდაპირი მეთოდის გათვალისწინებით) საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად ჩათვლა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.

 

2. იმპორტირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გამოწერილ ინვოისებში/შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული თანხების ნაწილის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად ჩათვლა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

 

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს უფიქსირდება სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი ---------- დან და ---------- დან. შესყიდვა ხორციელდება ფიზიკური პირების მიერ და შესყიდვის აქტი და ინვოისი გამოწერილია აღნიშნულ პირებზე. სატრანსპორტო საშუალებების განბაჟება კი ხორციელდება შპს „----------“ სახელზე, ხოლო სატარიფო ღირებულება განისაზღვრა ექსპერტიზის დასკვნით. გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების მიხედვით ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხით სატრანსპორტო საშუალებების ღირებულება ანაზღაურებულია ექსპერტიზის დასკვნის სატარიფო ღირებულების შესაბამისად.

საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 12 ნოემბრის №35390 ბრძანებით. შემოწმებისას აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში ინვოისში/შესყიდვის აქტში დაფიქსირებული ღირებულების 75% ჩაითვალა მომწოდებელზე გადახდილ ანაზღაურებად და გადამხდელის მიერ აღიარებული დამატებით გადახდილი ანაზღაურება ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ამ დავის საგანზე მომჩივანი არგუმენტებს არ წარმოადგენს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში პირს უფიქსირდება სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი ---------- დან და ---------- დან. შესყიდვა ხორციელდება ფიზიკური პირების მიერ და შესყიდვის აქტი და ინვოისი გამოწერილია აღნიშნულ პირებზე. სატრანსპორტო საშუალებების განბაჟება კი ხორციელდება შპს „----------“ სახელზე, ხოლო სატარიფო ღირებულება განისაზღვრა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების მიხედვით ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხით სატრანსპორტო საშუალებების ღირებულება ანაზღაურებულია ექსპერტიზის დასკვნის სატარიფო ღირებულების შესაბამისად.

საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 12 ნოემბრის №35390 ბრძანებით. შემოწმებისას აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში ინვოისში/შესყიდვის აქტში დაფიქსირებული ღირებულების 75% ჩაითვალა მომწოდებელზე გადახდილ ანაზღაურებად და გადამხდელის მიერ აღიარებული დამატებით გადახდილი ანაზღაურება ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ამ ნაწილში ვერ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რითაც საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა,ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ იმპორტირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გამოწერილ ინვოისებში/შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული თანხების ნაწილის (ხარჯების არაპირდაპირი მეთოდის გათვალისწინებით) საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სარგებლად ჩათვლა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართებულია.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.