გადაწყვეტილება №25817/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25817/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 8.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25817/2/2025).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით;
2. არარეზიდენტ კომპანიებზე ავანსად გადარიცხული თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის №006-197 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.08.2025 წლის №18476 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 288 474.88 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 174 895.32
დღგ - 61 689.95
საშემოსავლო გადასახადი - 113 205.37
ჯარიმა - 87 447.5
საურავი - 26 132.06
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა წვრილი ტექნიკის და ჭურჭლის იმპორტი და რეალიზაცია. საწარმო რეგისტრირებულია 2022 წლის პირველ აპრილს, დღგ-ის გადამხდელად - 2022 წლის 25 ივლისს. 2025 წლის 3 მაისს საწარმომ გაიუქმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.04.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 27.06.2025 წლის №14025 ბრძანება და №006-197 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.08.2025 წლის №18476 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ერთი საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელიც გაუქმებულია 2024 წლის 2 აპრილს.
2022 წლის ივლისიდან 2023 წლის ნოემბრის ჩათვლით დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 873 725 ლარს, აღნიშნული პერიოდის შემდგომ გადამხდელს არ აქვს წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 მაისის N10776 საფუძველზე ჩატარდა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა. დადგინდა, რომ საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა. გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს არასრულად წარუდგინა დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია (მხოლოდ საბანკო ამონაწერების ნაწილი), რაზეც მომჩივანს 2025 წლის 24 ივნისის №189240 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. საგადასახადო ორგანომ კომპანიის საბანკო ამონაწერები გამოთხოვა სასამართლოს მეშვეობით.
ვინაიდან, საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა არ გააჩნდა, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული რეალიზაციის მხოლოდ 0.34%-ს შეადგენდა. შედეგად, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაიყო ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფის რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი (საშუალოდ 36.5%). საქონლის თითოეული ჯგუფის წილი განისაზღვრა მისი შეძენის წილის პროპორციულად მთლიანი პერიოდის შეძენაში. კომპანიას საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების შესაბამისად დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნა, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 7 აგვისტოს, 12:45 სთ-ზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, გადასახადის გადამხდელის არგუმენტებსა და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე და აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენა მხოლოდ საბაჟო მიზნებისათვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისათვის. შემოწმებისას არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო და დღგ-ის გადასახადები, კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები.
უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული კომპანიის საქმიანობა იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია. სამწუხაროდ შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე აღნიშნული ინფორმაცია მისთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია.
ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არარის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ასევე, გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე მისი დოკუმენტური ფასნამატი. ასევე, ზოგადად არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული, მაგალითად შპს „-----“ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით, შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლის ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასანამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასანამატი? არსებობს ასევე სხვა არაერთი გადაწყვეტილება სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%-ს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად: საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. როგორც ზემოთ აღნიშნა, არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთი დადგენა. ასევე არასწორი ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ „გროსვა“ და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა არ გააჩნდა, შედეგად მისი საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფის რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატები (საშუალოდ 36.5%).
სადავო საკითხზე წარმოდგენილია, აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2025 წლის №----21-14 წერილი, სადაც მითითებულია შემდეგი:
1. შემოწმებისას არ ყოფილა დათვლილი იმპორტით მიღებული საქონლის აფასებული ღირებულება. გამოყენებულია საინვოისო ღირებულებები. მაგალითად საბაჟო დეკლარაცია A---- – კერამიკის სასალათე ჯამი 2320 ერთეული აფასებული ღირებულება - 19 503 ლარი, აფასების კოეფიციენტი - 1,41, შემოწმებისას გაანგარიშებულ იქნა საინვოისო ღირებულებით 13 832 ლარი. ასევე დეკლარაცია A ----- კერამიკული ჭურჭელი 8 620 ერთეული, აფასებული ღირებულება 36 292 ლარი, აფასების კოეფიციენტი 1,07, საინვოისო ღირებულებამდე არის დაყვანილი შემოწმების მიერ - 33 918 ლარი. და. ა.შ ყველა იმპორტის დეკლარაცია შემოწმებისას საინვოისო ღირებულების არის გაანგარიშებული და აღნიშნულ საინვოისო ღირებულებაზე გავრცელებული აუდირებული ფასნამატი.
2. გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს წვრილი ტექნიკის და ჭურჭლის იმპორტი/რეალიზაცია. საწარმო რეგისტრირებულია 1.04.2022 წელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 25 ივლისს. საწარმომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმება განახორციელა წერილობითი განაცხადის საფუძველზე 2025 წლის 03 მაისს. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით გადამხდელს უფიქსირდება 1 საკონტროლო სალარო აპარატი, რომელიც გაუქმებულია 2024 წლის 2 აპრილს. საწარმოს 2022 წლის ივლისის თვიდან 2023 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვები უფიქსირდება 873 725 ლარის ოდენობით, აღნიშნული პერიოდის შემდგომ გადამხდელს არ აქვს წარდგენილი დეკლარაციები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 მაისის N10776 საფუძველზე ჩატარდა ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიხედვით საწარმოს არ გააჩნია სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი. გადამხდელის მიერ არასრულად იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერების მხოლოდ ნაწილი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2025 წლის 24 ივნისის N21-14/35326 წერილის საფუძველზე 2025 წლის 24 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №189240 და შპს „-----“-ს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.
ასევე გამოთხოვილ იქნა საბანკო ამონაწერები სასამართლოს შუამდგომლობით. საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა არ გააჩნია, არ არის დაცული საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის მოთხოვნები (ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის სწორად და სრულად აღრიცხვა) და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა; ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: დამუშავებულ იქნა გადასახადების ადმინისტრირების ერთიან საინფორმაციო სისტემაში არსებული შესყიდვები, საწარმოს დოკუმენტური რეალიზაციები არაარსებითია (დეკლარირებული რეალიზაციის 0,34 %), შედეგად, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაყოფილ იქნა ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფის რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატები (საშუალოდ 36,5%). საქონლის თითოეული ჯგუფის წილი განსაზღვრულ იქნა მისი შეძენის წილის პროპორციულად მთლიანი პერიოდის შეძენაში.
3. გაურკვეველია გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში, რადგან ფულის ნაშთზე დარიცხვა არ განხორციელებულა.
4. გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, სრულად არ აქვს გამოგზავნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რის გამოც შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე ინფორმაციის წარმოუდგენლობაზე 400 ლარის ოდენობით. ამასთან, შემოწმება არაერთხელ შეეცადა კომუნიკაციას გადამხდელის წარმომადგენელთან, დარიცხვასთან დაკავშირებული თანხები და თემები გასაცნობად გაგზავნილი იყო ბაზებში არსებულ საწარმოს ოფიციალურ მეილზე სანამ საგადასახადო შემოწმების აქტი გაეგზავნებოდა გადამხდელს, გადამხდელის მხრიდან არ მომხადარა არანაირი კომუნიკაცია.
უსაფუძვლოა მომჩივნის არგუმენტები აუდირებული შპს ----ის ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, აღნიშნული კომპანიის შესყიდული საქონლის ძირითად წილს შეადგენდა „საშინაო ფეხსაცმელი“ და „რეზინის ფეხსაცმელი“, ხოლო მომჩივნის საქმიანობაა წვრილი ტექნიკის და ჭურჭლის იმპორტი და რეალიზაცია, შესაბამისად, მომჩივნის მიერ დასახელებული კომპანიის ფასნამატი ვერ იქნება შესაბამისობაში მომჩივნის ფასნამატებთან და სადავო შემთხვევაში ვერ გამოდგება შესადარისად. ამასთან, მოპასუხე ორგანოს ინფორმაციით, აუდირებული ფასნამატები გავრცელებულია საქონლის საინვოისო ღირებულებებზე და არა იმპორტის დროს აფასებულ ღირებულებებზე, ასევე, არაპირდაპირი მეთოდით მიღებული შემოსავლების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა არ მომხდარა, ვინაიდან გაწეული ხარჯების/გადახდების გათვალისწინებით ნაღდი ფულის ნაშთი არ გამოვლინდა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანი საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის სრულად დადგენა, მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატით დღგ-ში განსაზღვრის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. არარეზიდენტ კომპანიებზე ავანსად გადარიცხული თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს არარეზიდენტ კომპანიებზე გადარიცხული ჰქონდა თანხები, თუმცა საქონელი არ იყო მიღებული სრულად 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებში (აქედან ---თან მხოლოდ თანხის გადარიცხვაა განხორციელებული, მაგრამ საქონელი არ არის მიღებული). ავანსად გადარიცხული თანხების ჯამი შეადგენდა - 452 821 ლარს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „დებიტორული დავალიანების შესახებ“ (დანართი №11) მეთოდური მითითების შესაბამისად, ავანსად გადარიცხული თანხა (452 821/0,8=566026 ლარი) შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება ავანსად გადარიცხული თანხების დაბეგვრას, ვინაიდან არ აქვს ავანსი, ყველა გადარიცხულ თანხებზე აქვს მიღებული საქონელი. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა.
დავების განხილვის
საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოს არარეზიდენტ კომპანიებზე გადარიცხული ჰქონდა თანხები, თუმცა საქონელი არ იყო მიღებული სრულად. ავანსად გადარიცხული თანხები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივნის განმარტებით, არ აქვს ავანსი, ყველა გადარიცხულ თანხებზე მიღებული აქვს საქონელი. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა.
აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2025 წლის №89046-21-14 წერილიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს არარეზიდენტ კომპანიებზე თანხებია გადარიცხული მაგრამ საქონელი არ არის მიღებული სრულად 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებში (აქედან ---თან მხოლოდ თანხის გადარიცხვაა განხორციელებული, მაგრამ საქონელი არ არის მიღებული) - ჯამში ავანსად გადარიცხული თანხების ჯამი შეადგენს - 452 821 ლარს. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართის N11-ის და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით აღნიშნული ავანსად გადარიცხული თანხა (452 821/0,8=566 026 ლარი) შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე და მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს რაიმე კონკრეტულ არგუმენტს ან შესაბამის მტკიცებულებას, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტის გათვალისწინების, შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანს საქონლის შესაძენად არარეზიდენტებისათვის გადარიცხული ჰქონდა თანხები, რომლის სანაცვლოდ საქონლის მიღება ან თანხის დაბრუნება არ დასტურდება, მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება არარეზიდენტ კომპანიებზე ავანსად გადარიცხული თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის შესახებ და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით; არარეზიდენტ კომპანიებზე ავანსად გადარიცხული თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს წვრილი ტექნიკის და ჭურჭლის იმპორტი/რეალიზაცია. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოს არარეზიდენტ კომპანიებზე გადარიცხული ჰქონდა თანხები, თუმცა საქონელი არ იყო მიღებული სრულად. ავანსად გადარიცხული თანხები შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154; 163;164;