ბრძანება N 15959

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.07.2025
№ დოკუმენტი 15959
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15959

15 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----------ის“ (ს/ნ ---------------)

(მის.: -----------------------------------)

2025 წლის 13 ივნისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 ივლისის სხდომზე (ოქმი №52) განიხილა შპს „-----------ის“ (ს/ნ ---------------) 2025 წლის 13 ივნისის №92008/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 მაისის №085-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხების განაწილებულ დივიდენდად განხილვას. აცხადებს, რომ შემოწმების პროცესში აუდიტორებისთვის არ არის წარდგენილი მივლინებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რასაც თან ურთავს საჩივარს. ამასთან, მომწოდებლებზე გადახდილი ავანსები შეადგენს 153 339 ლარს, ნაცვლად 130 735 ლარისა, შესაბამისად, 22 604 ლარით უნდა შემცირდეს სალაროს ნაშთი. მომწოდებლებზე ავანსად გადარიცხული თანხების ოდენობას ადასტურებს ის გარემოება, რომ 2025 წელს მომწოდებლებიდან მიღებულია შესაბამისი ღირებულების საქონელი. შედეგად, ითხოვს შემოწმების მიერ დამატებით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 თებერვლის №2712 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----------ის“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 7 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 13 მაისის №9386 ბრძანება და 14 მაისის №085-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 74 382 ლარი, მათ შორის გადასახადი 47 677 ლარი, ჯარიმა 23 838 ლარი და საურავი 2 866 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა სამშენებლო მასალების იმპორტი (-----ი) და საბითუმო რეალიზაცია (დოკუმენტური). იჯარით აქვს აღებული ორი საწყობი (1. ქ. ---ი, ----ის - ჩიხი №-ე, -- კვ.მ. სასაწყობე ფართი ს/კ ------ ---------საგან, ხოლო ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენს 700 ლარს. 2. ქ. -----ი, --------ის ქუჩა №---, --- კვ.მ. სასაწყობე ფართი ს/კ ----------- ------------საგან, ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენს 500 ლარს). სასაქონლომატერიალური ფასეულობების შეძენას აწარმოებს იმპორტის რეჟიმში, ადგილობრივ ბაზარზე შეძენას აწარმოებს სასაქონლო ზედნადებებით. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალიზაციას აწარმოებს საბითუმოდ. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტაცია განთავსებულია გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე (rs.ge). გადამხდელმა წარმოდგინა ახსნა-განმარტება, საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული პროგრამიდან ბრუნვითი უწყისები და ყველა გატარების რეესტრი (excel). გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/ზედნადებების მიხედვით, დეკლარირებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 2 406 402 ლარი. იმპორტირებული საქონლის ღირებულებას წარმოადგენს 1 618 255 ლარი (სამშენებლო ბლოკი, აგური, დამუშავებული ქვა, კერამიკული ფილა, ბოჭკოვანი მინა, ტრავერტინის ქვა, მინაბამბა და სხვა), ხოლო ადგილობრივმა შეძენებმა - 84 989 ლარი.

შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამიდან ამონაწერები, წარმოდგენილი ახსნა-განმარტებითა და 2025 წლის დოკუმენტაციით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს უფიქსირდება 330 735 ლარის სალაროს ნაშთი. ასევე დებიტორული დავალიანება 290 000 ლარის ოდენობით, რაც მესამე პირებთან გადამოწმებულ იქნა. ასევე გადამხდელის განცხადებით კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია. ბიუჯეტში გადახდილი აქვს სალდირებულად 470 000 ლარი, სახელფასო განაცემები წარმოადგენს (მ/შ მომსახურება) 72 000 ლარს. სალაროს ნაშთის შესწავლით დგინდება, რომ 130 735 ლარი გადახდილია საავანსოდ მომწოდებელთან, რაზედაც წარმოდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო გადამხდელის თხოვნით ნარჩენი 200 000 ლარი, ჩათვლილ იქნა განაწილებულ დივიდენდად 2024 წლის დეკემბრის თვეში (წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 და 130-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამიდან ამონაწერები, წარმოდგენილი ახსნა-განმარტებითა და 2025 წლის დოკუმენტაციით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს უფიქსირდება 330 735 ლარის სალაროს ნაშთი. ასევე, დებიტორული დავალიანება 290 000 ლარის ოდენობით, რაც მესამე პირებთან გადამოწმებულ იქნა. სალაროს ნაშთის შესწავლით დგინდება, რომ 130 735 ლარი გადახდილია საავანსოდ მომწოდებელთან, რაზედაც წარმოდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები. ასევე გათვალისწინებულ იქნა ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ასევე ხელფასის და მომსახურების ანაზღაურების სახით გაცემული თანხები. ხოლო გადამხდელის თხოვნით დარჩენილი თანხა 200 000 ლარი, ჩათვლილ იქნა განაწილებულ დივიდენდად, რის საფუძველზეც გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ შემოწმების პროცესში აუდიტორებისთვის არ ჰქონდა წარდგენილი მივლინების დოკუმენტაცია, სსიპ - საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2025 წლის 11 ივნისის №----- ცნობით შემოწმების მთელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს დირექტორი მივლინებით ცხრაჯერ იყო ------ში. მივლინების პერიოდში დირექტორი სარგებლობდა მხოლოდ საავიაციო ტრანსპორტით, ხოლო საჩივარზე წარმოდგენილი დოკუმენტებით (ცნობა, მივლინების ბრძანებები) დასტურდება, რომ ----------ძის მიერ მივლინებების დროს გაწეული ხარჯები შეადგენს სულ 19 117.68 ლარს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საჩივარზე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია რისი გათვალისწინებითაც სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამასთან, გადამხდელის არგუმენტთან, კერძოდ, მომწოდებლებზე ავანსად გადახდილი თანხების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ საავანსოდ მომწოდებელთან გადახდილია 130 735 ლარი, რაზედაც წარმოდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე მოთხოვნილი ავანსები, 22 604 ლარი, ფულის ნაშთის გაანგარიშებაში არ იღებს მონაწილეობას, ვინაიდან, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით, აღნიშნული ავანსების გადახდა შესაძლებელი იქნებოდა შესაბამის პერიოდში მიღებული შემოსავლებიდან.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილიმტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან, კერძოდ, მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხების განაწილებულ დივიდენდად განხილვას.ითხოვს შემოწმების მიერ დამატებით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №2712 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №9386 ბრძანება და №085-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 74 382 ლარი, მათ შორის გადასახადი 47 677 ლარი, ჯარიმა 23 838 ლარი და საურავი 2 866 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ შესწავლილ იქნა საწარმოს მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამიდან ამონაწერები, წარმოდგენილი ახსნა-განმარტებითა და 2025 წლის დოკუმენტაციით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს უფიქსირდება 330 735 ლარის სალაროს ნაშთი. ასევე დებიტორული დავალიანება 290 000 ლარის ოდენობით, რაც მესამე პირებთან გადამოწმებულ იქნა. ასევე გადამხდელის განცხადებით კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია. ბიუჯეტში გადახდილი აქვს სალდირებულად 470 000 ლარი, სახელფასო განაცემები წარმოადგენს (მ/შ მომსახურება) 72 000 ლარს. სალაროს ნაშთის შესწავლით დგინდება, რომ 130 735 ლარი გადახდილია საავანსოდ მომწოდებელთან, რაზედაც წარმოდგენილ იქნა შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო გადამხდელის თხოვნით ნარჩენი 200 000 ლარი, ჩათვლილ იქნა განაწილებულ დივიდენდად 2024 წლის დეკემბრის თვეში (წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 და 130-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილიმტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 97(1 „ა“); 981(1); 130(1); 154(1 „ზ“2 „ა“ და „ბ“);