ბრძანება N 24960

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.10.2026
№ დოკუმენტი 24960
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24960

30 ოქტომბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------” (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 7, 25 სექტემბრის და 7 ოქტომბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 და 15 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმები №92 და №93) განიხილა შპს „-------” (ს/ნ -------) №104461/1/2026, №104798/1/2026 და №104940/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 ივნისის №005-128 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

2. საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 26 თებერვლის №4474 და 7 მაისის №9937 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------” (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი ივლისიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 17 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 19 ივნისის №13541 ბრძანება და ამავე თარიღის №005-128 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა 524 707 ლარი:

მათ შორის:

გადასახადი - 320 283 ლარი

დღგ - 131 462

საშემოსავლო გადასახადი - 188 821

ჯარიმა- 162 211

საურავი 42 213

 

საკითხი N1.

 

აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

● შპს „-------" (-------)-ის საგადასახადო რეგისტრაციის თარიღია 2022 წლის 18 მარტი, დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2022 წლის პირველ თებერვალს. მისი საქმიანობის სახეს წარმოადგენს სარესტორნო და საკვები მომსახურება. გადამხდელის განმარტებით, საქმიანობას ახორციელებდა რესტორან "-------"-ში, მისამართზე: -------. ამჟამად შეწყვეტილი აქვს საქმიანობა. გადამხდელს საგადასახადო ორგანოსთვის არ მოუწოდებია გამოთხოვილი დოკუმენტაცია (საბუღალტრო პროგრამა, საბანკო ამონაწერები, მენიუ, კალკულაციები). შემოწმების პროცესში გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობისა და ადგილმდებარეობის შემთხვევაში დადგენილი აუდირებული ფასნამატი კატეგორიების მიხედვით (საშუალო შეწონილი ფასნამატია 160 %). გადამხდელის დადეკლარირებული ბრუნვაა 932 059 (დღგ-ის გარეშე), ხოლო შემოწმების მიერ დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა - 1 971 358 ლარით. შემოწმების მიერ განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში თითოეული საანგარიშო თვის დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ოპერაციების შესაბამისი თანხები. შედეგად, გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმების პროცესში განსაზღვრულ დასაბეგრ ბრუნვას შორის. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

● შემოწმების მიერ მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი მიღებულ შემოსავალსა და გაწეულ ხარჯზე დაყრდნობით. ხარჯში გათვალისწინებულ იქნა შესყიდულ საქონელსა და მიღებულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები, გაცემული ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები. დარჩენილმა ნაშთმა შეადგინა 755 286 ლარი, რომელიც დაკვალიფიცირდა გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების შედეგებს, კერძოდ, რესტორნის საქმიანობის შემოწმების შედეგად დადგენილ 160%-იან ფასნამატს. აცხადებს, რომ აქტში არ არის მითითებული, რა კონკრეტული წყაროდან იქნა მიღებული ინფორმაცია 160%-იანი ფასნამატის შესახებ, რომელ კომპანიასთან ან კომპანიებთან არსებული ფასების/შესყიდვის დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდა აღნიშნული მაჩვენებლის განსაზღვრა, კონკრეტულად რომელი საქონლის, პროდუქტისა თუ სასმელის მიხედვით განხორციელდა ფასნამატის გაანგარიშება. ასევე, მომჩვანი მიიჩნევს, რომ გაუგებარია, რა საფუძვლით გავრცელდა ერთიანი 160%-იანი ფასნამატი როგორც საკვებ პროდუქტებზე, ისე სასმელებზე, მაშინ როდესაც აღნიშნული კატეგორიის საქონელს შესაძლოა ჰქონდეს განსხვავებული შესყიდვის ფასი, რეალიზაციის ფასი, ხარჯების სტრუქტურა, საბაზრო პირობები და შესაბამისი სავაჭრო მარჟა.

გადამხდელს აღნიშნავს, რომ სხვადასხვა სახის საქონელზე ერთიანი ფასნამატის ავტომატურად გავრცელება, შესაბამისი ინდივიდუალური გაანგარიშებისა და დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ვერ უზრუნველყოფს რეალური ფასნამატის ობიექტურად დადგენას. ითხოვს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის გათვალისწინებით განსაზღვრული და დარიცხული გადასახადების გაუქმებას.

 

შემოსავლების სამსახური:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად. კერძოდ, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობისა და ადგილმდებარეობის შემთხვევაში დადგენილი აუდირებული ფასნამატი კატეგორიების მიხედვით.

ამასთან, შემოწმების მიერ მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი მიღებულ შემოსავალსა და გაწეულ ხარჯზე დაყრდნობით. ხარჯში გათვალისწინებულ იქნა შესყიდულ საქონელსა და მიღებულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები, გაცემული ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები. დარჩენილმა ნაშთმა შეადგინა 755 286 ლარი, რომელიც დაკვალიფიცირდა გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელს საგადასახადო ორგანოსთვის არ მოუწოდებია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილი დოკუმენტაცია (საბუღალტრო პროგრამა, საბანკო ამონაწერები, მენიუ, კალკულაციები), შემოწმების პროცესში გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობისა და ადგილმდებარეობის შემთხვევაში დადგენილი აუდირებული ფასნამატი კატეგორიების მიხედვით (საშუალო შეწონილი ფასნამატია 160 %, კერძოდ, კერძებზე გამოყენებული ფასნამატია 143%, ალკოჰოლური სასმელებზე - 145%, არაალკოჰოლურ სასმელებზე - 239%). შესაბამისად, სხვადასხვა სახის საქონელზე ერთიანი ფასნამატი არ გავრცელებულა. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების დასრულებამდე ინფორმაცია ჰქონდა აღნიშნული ფასნამატებისა და გაანგარიშების მეთოდის შესახებ. მიიჩნევს, რომ შემოწმების პროცესში გამოყენებული ფასნამატები შეესაბამება რეალურ საბაზრო პირობებს და გათვალისწინებულია, როგორც რესტორნის ("-------") ტერიტორიული მდებარეობა, ისე მისი ფუნქციონირების სპეციფიკა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საკითხი N2.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას. მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე და აცხადებს, რომ მათ მიერ დაშვებული შეცდომა გამოწვეულია არცოდნით.

 

შემოსავლების სამსახური:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------” (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

2. საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობისა და ადგილმდებარეობის შემთხვევაში დადგენილი აუდირებული ფასნამატი კატეგორიების მიხედვით.

ამასთან, შემოწმების მიერ მომზადდა ფულადი სახსრების მოძრაობის ამსახველი ცხრილი მიღებულ შემოსავალსა და გაწეულ ხარჯზე დაყრდნობით. ხარჯში გათვალისწინებულ იქნა შესყიდულ საქონელსა და მიღებულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები, გაცემული ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები. დარჩენილი ნაშთი დაკვალიფიცირდა გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 163; 164; 269(7)