გადაწყვეტილება №21657/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.04.2024
№ დოკუმენტი 21657/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№21657/2/2023

18 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------18.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21657/2/2023).

 

დავის საგანი:

საბაჟო საწყობის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 3.10.2023 წლის №EL225932 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 3.10.2023 წლის №EL225935 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. საბაჟო დეპარტამენტის 3.10.2023 წლის №EL225936 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

4. საბაჟო დეპარტამენტის 3.10.2023 წლის №EL225938 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

5. საბაჟო დეპარტამენტის 3.10.2023 წლის №EL225941 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

6. შემოსავლების სამსახურის 27.11.2023 წლის №29030 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 10 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ----ის სამმართველოს მომართვის საფუძველზე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 4.11.2022 წლის №27842 ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 2022 წლის 7 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში განახორციელა მომჩივნის კუთვნილი საბაჟო საწყობის მიერ (----; ---) სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი

შემოწმების შედეგად საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ გამოვლინდა შპს დაიკას მიერ საბაჟო საწყობის სანებართვო პირობებს დარღვევა, კერძოდ:

1. მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილ დეტალურ სიტუაციურ გეგმასა (ნახაზი) და ტექნოლოგიურ სქემაზე დატანილი მონაცემები არ ემთხვეოდა რეალურად არსებულს – ვიდეო სამეთვალყურეო კამერები არ იყო განლაგებული ნახაზის შესაბამისად;

2. არ იყო დაცული საქონლის შენახვისთვის სათანადო პირობები – შენობაში ჩამოდიოდა წყალი და ზიანდებოდა საქონელი;

3. საბაჟო საწყობში არ აღმოჩნდა საქონლის საბაჟო დეკლარაციებით (№--- 21.12.2021; №--- 11.11.2021; №--- 11.11.2021; №--- 15.10.2021; №--- 16.12.2021; №--- 3.11.2021) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაწილი (აღნიშნულთან დაკავშირებით ---ის გაფორმების განყოფილების მიერ შედგენილია შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და გამოცემულია საგადასახადო მოთხოვნები);

4. საბაჟო საწყობში საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე ინახებოდა შპს ----ს (ს/ნ ----) კუთვნილი საქართველოს საქონელი – დაფქვილი კირქვა და პოლიპროპილენის ტომრები (სასაქონლო ზედნადებები: ელ---, ელ---, ელ---, ელ---, ელ---, ელ---, ელ---, ელ---), ასევე №--- (8.05.2018) საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული საქონლის ნაწილი (მ/მ თეთრეული, ტანსაცმელი და სხვა);

5. საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ვიდეოჩამწერი საშუალება განთავსებული იყო იმგვარად, რომ ვიდეოჩამწერი საშუალების მიერ ვერ ფიქსირდებოდა ნებართვის მფლობელის მიერ ყველა სათავსისთვის მინიჭებული ნომერი.

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ დაირღვა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობები და გამოვლენილი ფაქტებზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 3.10.2023 წელს შედგენილ იქნა №---, №---, №----, №---და №----საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 2 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.11.2023 წლის №29030 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, 126-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 127-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „ზ“, „კ“, „რ“ და „ქ“ ქვეპუნქტებზე, საბაჟო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე და 176-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტებს. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს (მოქმედება ან უმოქმედობა), რომელთა ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

დადგენილია ასევე, რომ შპს --- (ს/ნ ---) დირექტორის – ----ის (პ/ნ -----) მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე სანებართვო პირობების დარღვევით უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, მათ შორის, ზემოაღნიშნული საქონლის უკანონო განკარგვაზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს. საქონლის უკანონო განკარგვის ფაქტი დადასტურდა აღნიშნულ საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.04.2023 წლის განაჩენითაც (საქმე №1/360-23; გამოძიება №----), რომლითაც დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ----ეს შორის 11.04.2023 წელს დადებული საპროცესო შეთანხმება. მითითებული განაჩენის მიხედვით, შპს ---ას (ს/ნ ----) დირექტორმა – ---ემ (პ/ნ -----) აღიარა დანაშაულის ჩადენა და სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადავოდ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის ბრძანება არის არაკანონიერი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კომპანიას სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების საფუძველზე დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა.

სამართალდარღვევის ოქმების საფუძვლად მითითებულია შემოწმების აქტი ---2022. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ზემოაღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არის უკანონო, ბათილად უნდა იქნას ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოწმების აქტი ---2022 მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იქნა გასაჩივრებული და მიმდინარეობს დავა აქტის კანონიერების დადგენასთან დაკავშირებით და სარჩელი მიღებულია წარმოებაში შესაბამისად ზემოაღნიშნული საფუძვლით დარიცხვა არის უკანონო.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეოკამერები ობიექტზე განთავსებულია იმგვარად, რომ სრულად ხდება კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და ყოველწლიური შემოწმების მიუხედავად არასდროს არანაირი შენიშვნა არ დაფიქსირებულა. ზემოაღნიშნული კამერების საშუალებით კონტროლდება საბაჟო საწყობში შესასვლელ გასასვლელები და ტვირთის დათვალიერების ადგილი.

გარდა ამისა, ორგანიზაცია დაჯარიმებულ იქნა შენობაში წყლის ჩამოსვლის გამო, რაც მიაჩნია, რომ არასწორია, რადგანაც სამართალდარღვევა ითვალისწინებს იმ პირობების დაცვას, რომ საწყობში არსებული ტვირთი არ დაზიანებულა, არც დაბინძურებულა და შესაბამისად არასდროს დაფიქსირებულა ტვირთის მეპატრონეთა მიერ რაიმე სახის პრეტენზია. შესაბამისად ამ ნაწილშიც ჯარიმის დაკისრება არის უკანონო.

იმის გამო, რომ საბაჟო საწყობში აღმოჩენილ იქნა ე.წ დანაკლისი რომელზეც კომპანია, მითითებული პოზიციიდან გამომდინარე, პასუხისმგებელი არ უნდა ყოფილიყო, რადგანაც კომპანიაში მიტანილი საქონლის დასაწყობება განხორციელდა ტვირთის მეპატრონეთა თანდასწრებით, აღნიშნული საქონელი მოთავსებული იყო მუყაოს ყუთებში, რომელიც დალუქული იყო სპეციალური დასაწებებელი ლუქებით და მისი გახსნა გამოიწვევდა მისი სასაქონლო სახის დარღვევას, შესაბამისად კომპანიის მიერ განხორციელდა ყუთების გადათვლა და ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე ვერ მოხდებოდა ყუთების დაშლა, შესაბამისად დანაკლისი და საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე არ მომხდარა, რაც როგორც აღინიშნა არის დავის საგანი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გასაჩივრებულია შემოწმების აქტი და სასამართლოს სარჩელი მიღებული აქვს წარმოებაში.

რაც შეეხება შპს ----ის მიერ დასაწყობებულ ტვირთს კომპანიის მიერ აღნიშნული ორგანიზაცია რამდენიმეჯერ იქნა გაფრთხილებული ტვირთის გატანაზე, რაც საბოლოოდ შესრულდა მის მიერ, ხოლო მის გადაყრას, განკარგვას ან განადგურებას კომპანია ვერ განახორციელებდა, რადგანაც ზემოაღნიშნული ტვირთი არ წარმოადგენდა კომპანიის საკუთრებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

საბაჟო კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, საბაჟო ორგანოს თანხმობით, თუ ეს უარყოფითად არ იმოქმედებს საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებაზე, შესაძლებელია საბაჟო საწყობში შენახულ იქნეს საქართველოს საქონელი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონელი არ მიიჩნევა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულად.

საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახამდ, საბაჟო საწყობის საქმიანობისან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა – იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „ზ“, „კ“, „რ“ და „ქ“ ქვეპუნქტების თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:

ა) დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები;

ზ) დაიცვას საბაჟო საწყობში შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, გამორიცხოს დაბინძურების ყველა პოტენციური წყაროს არსებობა, სურსათის, ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ან სხვა სპეციფიკური საქონლის შენახვის შემთხვევაში – უზრუნველყოს აღნიშნული საქონლის სხვა პროდუქტებისაგან განცალკევებულ ადგილზე შენახვა და შენახვისათვის საჭირო სათანადო პირობების დაცვა;

კ) საბაჟო საწყობის, აგრეთვე მის ტერიტორიაზე არსებული სათავსის (სათავსში განთავსებული სათავსების გარდა) შესასვლელი და გასასვლელი აღჭურვილი ჰქონდეს გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით. გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით უწყვეტად უნდა ფიქსირდებოდეს (უნდა იძლეოდეს ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას დღე-ღამის განმავლობაში) ნებართვის მფლობელის მიერ სათავსისათვის მინიჭებული ნომერი, სათავსის შესასვლელი ან/და გასასვლელი, იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი საბაჟო საწყობის შემთხვევაში, გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირდებოდეს: საბაჟო საწყობის შესასვლელში ან/და გასასვლელში გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილი და საბაჟო კონტროლის ზონაში შემავალი და გამავალი – ნავთობპროდუქტების გამტარი მილსადენ(ებ)ის დამცავი (ჩამკეტი და გამშვები) მოწყობილობები; რ) გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;

ქ) უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

2022 წლის 7 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელებული მომჩივნის კუთვნილი საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის შედეგად დადგენილია, რომ გამოვლინდა შპს ----ს მიერ საბაჟო საწყობის მიერ (-----; GEA26) სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის შედეგად გამოვლინდა დარღვევა, კერძოდ:

1. მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილ დეტალურ სიტუაციურ გეგმასა (ნახაზი) და ტექნოლოგიურ სქემაზე დატანილი მონაცემები არ ემთხვეოდა რეალურად არსებულს – ვიდეო სამეთვალყურეო კამერები არ იყო განლაგებული ნახაზის შესაბამისად;

2. არ იყო დაცული საქონლის შენახვისთვის სათანადო პირობები – შენობაში ჩამოდიოდა წყალი და ზიანდებოდა საქონელი;

3. საბაჟო საწყობში არ აღმოჩნდა საქონლის საბაჟო დეკლარაციებით (№---- 21.12.2021, №---- 11.11.2021, №---- 11.11.2021, №---- 15.10.2021, №---- 16.12.2021, №---- 3.11.2021) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ნაწილი (აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის გაფორმების განყოფილების მიერ შედგენილია შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და გამოცემულია საგადასახადო მოთხოვნები);

4. საბაჟო საწყობში საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე ინახებოდა შპს -----ს (ს/ნ ----) კუთვნილი საქართველოს საქონელი – დაფქვილი კირქვა და პოლიპროპილენის ტომრები (სასაქონლო ზედნადებები: ელ----, ელ----, ელ----, ელ----, ელ----, ელ---, ელ----, ელ----), ასევე №---- (8.05.2018) საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული საქონლის ნაწილი (მ/მ თეთრეული, ტანსაცმელი და სხვა);

5. საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ვიდეოჩამწერი საშუალება განთავსებული იყო იმგვარად, რომ ვიდეოჩამწერი საშუალების მიერ ვერ ფიქსირდებოდა ნებართვის მფლობელის მიერ ყველა სათავსისთვის მინიჭებული ნომერი.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №----- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს ----ს (ს/ნ -----) დირექტორის – ---ის (პ/ნ ----) მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე სანებართვო პირობების დარღვევით უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, მათ შორის, ზემოაღნიშნული საქონლის უკანონო განკარგვაზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს. საქონლის უკანონო განკარგვის ფაქტი დადასტურდა აღნიშნულ საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.04.2023 წლის განაჩენითაც (საქმე №1/360-23; გამოძიება №---), რომლითაც დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ----ეს შორის 11.04.2023 წელს დადებული საპროცესო შეთანხმება. მითითებული განაჩენის მიხედვით, შპს „----“ (ს/ნ ----) დირექტორმა – ----ემ (პ/ნ ------) აღიარა დანაშაულის ჩადენა და სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადავოდ.

საბჭო მიუთითებს საქმის მასალებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მომჩივნის კუთვნილი საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის შედეგად დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ დაირღვა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობები. ამდენად, სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბაჟო საწყობის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს მომართვის საფუძველზე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 4.11.2022 წლის №27842 ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 2022 წლის 7 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში განახორციელა მომჩივნის კუთვნილი საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი.შემოწმების შედეგად საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ გამოვლინდა შპს დაიკას მიერ საბაჟო საწყობის სანებართვო პირობებს დარღვევა,სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ დაირღვა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობები და გამოვლენილი ფაქტებზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 3.10.2023 წელს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 2 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.11.2023 წლის №29030 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის მასალებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მომჩივნის კუთვნილი საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის შედეგად დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ დაირღვა საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობები. ამდენად, სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 176 (1).