ბრძანება N 32029

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.12.2023
№ დოკუმენტი 32029
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 32029

19 .12. 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ,,-----ის“ (ს/ნ --------------)

(მის.: -----------------------------)

2023 წლის 9 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №124) განიხილა შპს ,,-----ის“ (ს/ნ --------------) №84829/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის №006-498 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

1. გადასახადი გადამხდელი ითხოვს შემოწმების მიერ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების სრულად გათვალისწინებას, ასევე, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრას. ამასთან, აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა სრულად გათვალისწინებული საბანკო ანგარიშებზე დამფუძნებლის შენატანები და დებიტორული დავალიანებები.

2. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6566 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,-----ის“ (ს/ნ --------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 10 ოქტომბრის №25037 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-498 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 84 642 ლარი, მათ შორის გადასახადი 47 604 ლარი, ჯარიმა 26 892 ლარი და საურავი 10 146 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

. შემოწმების პროცესში შპს ,,-----მა“ (ს/ნ --------------) წარმოადგინა საბანკო ამონაწერები, რომლის ანალიზით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე (დანიშნულებაში მითითებულია პროდუქციის შესაძენად, მომსახურება და ა.შ), რომელზეც არ არსებობს დოკუმენტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე, 982 მუხლების გათვალისწინებით, აღნიშნული თანხები განხილულ იქნა, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხება კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მიხედვით.

. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ აქვს აღრიცხული ფულის მოძრაობა. შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავალსა და გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის შესპირისპირებით (შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, მათ შორის შესყიდვის აქტები) გამოვლენილი სხვაობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან. პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საბანკო ანგარიშების მიხედვით საწარმოს გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე (დანიშნულებაში მითითებულია პროდუქციის შესაძენად, მომსახურება და ა.შ), რომელზეც არ არსებობს დოკუმენტი. აღნიშნული გადარიცხული თანხები შემოწმების მიერ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების საფუძვლით დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, შემოწმების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში, დადგენილ შემოსავალსა და გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის შესპირისპირებით (შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, მათ შორის შესყიდვის აქტები) გამოვლენილი სხვაობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

გადამხდელის პოზიციასთან, დამფუძნებლის შენატანებისა და ასევე დებიტორული დავალიანების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმების მიერ დამფუძნებლის შენატანები გათვალისწინებულია, კერძოდ, საბანკო ამონაწერში სადაც ფიქსირდებოდა დანიშნულებაში დამფუძნებლის მიერ თანხის შეტანა ან გატანა გათვალისწინებულია სრულად. რაც შეეხება დებიტორულ დავალიანებას, გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა ცხრილი დებიტორების შესახებ (დირექტორის ხელმოწერით), სადაც ფიქსირდება მხოლოდ ერთი კომპანიის (შპს ,,------“ დ/დ 7493 ლარი) მიმართ არსებული დებიტორული დავალიანება, რომელიც ასევე გათვალისწინებულ იქნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელის საქმიანობა არის ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი სასურსათო საქონლის და ხილ-ბოსტნეულის საცალო რეალიზაცია ე.წ. ,,დელივერის“ სერვისის გამოყენებით (,,გლოვოს“, ,,ვოლტის“ და ,,ბოლტის“ აპლიკაციების გამოყენებით). საქონლის შეძენა ხორციელდება ძირითადად შესყიდვის აქტებით და სასაქონლო ზედნადებებით. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი იქნა ინფორმაცია პროგრამა ,,აპექსის“ სახით, სადაც ასახულია, როგორც საქონლის რეალიზაციის, ასევე შეძენის ინფორმაცია, თუმცა, 2022 წელს პროგრამაში განხორციელებული განახლების შედეგად, წინა პერიოდის შეძენები სრულად არ იქნა ინტეგრირებული პროგრამაში და ინფორმაციის ნაწილი დაიკარგა. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი იქნა შესაბამისი შესყიდვის აქტები (ნაწილი ცხრილის სახით) და ითხოვს მათ სრულად გათვალისწინებას. ამასთან, ვინაიდან საწარმოს მიერ განხორციელებული რეალიზაციის ოპერაციები სრულად არის აღრიცხული,გადამხდელი ითხოვს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების გაანგარიშებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც დგინდება, რომ შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ფულის მოძრაობა, რომლის შედეგად გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა განკარგვადი თანხა, რომელიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შესყიდვის აქტები რამდენიმე ეტაპად, რომლებიც შემოწმების მიერ გადამოწმებულ და გათვალისწინებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობაში, ჯამური ღირებულებით 967 661 ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნულის გარდა საწარმოს კიდევ უფიქსირდებოდა შესყიდვის აქტები მცირე ღირებულებით, რომლებიც შემოწმების მიერ არ იქნა ფულის მოძრაობაში გათვალისწინებული, რადგან ხშირ შემთხვევაში არ ფიქსირდებოდა მეორე მხარის ხელმოწერა ან ვერ იდენტიფიცირდებოდა, თუ ვისგან იყო ს.მ.ფ შეძენილი (არ ფიქსირდებოდა გამყიდველის სახელი და გვარი ან პირადი ნომერი).

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები (გაუთვალისწინებელი შესყიდვის აქტების ნაწილში) განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ,,-----ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები (გაუთვალისწინებელი შესყიდვის აქტების ნაწილში) განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადი გადამხდელი ითხოვს:

1.შემოწმების მიერ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების სრულად გათვალისწინებას, ასევე, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრას.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №6566 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №25037 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №006-498 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 84 642 ლარი, მათ შორის გადასახადი 47 604 ლარი, ჯარიმა 26 892 ლარი და საურავი 10 146 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე , რომელზეც არ არსებობს დოკუმენტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე, 982 მუხლების გათვალისწინებით, აღნიშნული თანხები განხილულ იქნა, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხება კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მიხედვით.

ასევე,შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ აქვს აღრიცხული ფულის მოძრაობა. შემოწმების შედეგად დადგენილ შემოსავალსა და გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯის შესპირისპირებით გამოვლენილი სხვაობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან. პირს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები (გაუთვალისწინებელი შესყიდვის აქტების ნაწილში) განსაზღვროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ხოლო,მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5,,ა“,9 „ბ“ ,,ა“); 982 (1 ,,ა“); 101(1); 154(1 ,,ა“,2 „ა“ „ბ“); 269(7);