ბრძანება N 18203
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18203
06 აგვისტო 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 25 დეკემბრის და 2024 წლის 8 იანვრის
საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 ივლისის (ოქმი №80) სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 9 ივლისის №22642/2/2024 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული ფ/პ „----------“ (ს/ნ ----------) №219469/21, №716/21 და №976/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 ნოემბრის №149-13 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ წლიურ საშემოსავლო გადასახადში განხორციელებულ დარიცხვებს. განმარტავს, რომ ფიზიკურ პირზე 2020 წლის 27 თებერვალს გაასესხა თანხა უძრავი ქონების უზრუნველყოფით. ქონების მეპატრონემ 2020 წლის 11 მარტს (ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 დღეში) გადაწყვიტა მიწის გაყიდვა. კანონმდებლობის არ ცოდნის გამო ქონების უკან გამოსყიდვის ნაცვლად, მათ საჯარო რეესტრში ქონების გამოსყიდვის ნაცვლად გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება მესამე პირზე. შემოწმების მიერ არ იქნა აღნიშნული გარემოება გათვალისწინებული და ქონების რეალიზაციით მიღებულ შემოსავალზე დაარიცხეს საშემოსავლო გადასახადი. რეალურად 2020 წელს საპროცენტო შემოსავალმა შეადგინა 712 ლარი. აღნიშნულ წელს სხვა შემოსავალი არ ჰქონია. ამასთან, 2021 წლის დეკემბერში ფიზიკურ პირზე გაასესხა თანხა უძრავი ქონების უზრუნველყოფით. პირმა ერთი თვის პროცენტი 250 აშშ დოლარი გადაუხადა წინასწარ და საპროცენტო შემოსავალმა შეადგინა 774 ლარი, ხოლო აქტის მიხედვით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 9452 ლარი, რაც საკმაოდ დიდი ცდომილებაა. 2022 წლის 21 ივნისს აღნიშნულ პირს უკან გადაუფორმა ქონება, ვინაიდან, მან დაუბრუნა ძირი თანხა და 5 თვის საპროცენტო სარგებელი. აქტში კი სესხით მიღებული შემოსავალი დაფიქსირებულია 21 805 ლარი. ასევე განმარტავს, რომ მისი ნათესავი ცხოვრობს საზღვარგარეთ და ყოველ ჩამოსვლაზე უტოვებს გარკვეულ თანხას მისთვის ქონების შესაძენად. ზოგჯერ ნათესავების თხოვნის საფუძველზე ხდებოდა მათი გასესხება ნათესავებზე ყოველგვარი საპროცენტო სარგებლის გარეშე, ხოლო უზრუნველყოფის მიზნით ხდებოდა აღნიშნული პირებისგან ქონების გადაფორმება.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფიზიკური პირის ქონების გადასახადში განხორციელებულ დარიცხვებს. განმარტავს, რომ თუ შემოწმების მიერ სწორად იქნება გაანგარიშებული წლიური საშემოსავლო გადასახადი, აღმოჩნდება, რომ მისი შემოსავალი წლების მიხედვით არ აღემატება 40 000 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე არ ექნება ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 მაისის №10987 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის მაისის საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 21 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 24 ნოემბრის №28919 ბრძანება და ამავე თარიღის №149-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 44 014 ლარი, მათ შორის, გადასახადი 23 897 ლარი, ჯარიმა 10 312 ლარი, საურავი 9 805 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 23 იანვრის №864 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 9 ივლისის №22642/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 იანვრის №964 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომ 27.02.2020 წელს გაასესხა 5 000 აშშ დოლარი (ლარში ეროვნული ბანკის კურსით) ფ/პ ----------, საპროცენტო განაკვეთი 5%, უძრავი ქონების უზრუნველყოფით; გამოსყიდვის უფლებით, რომელმაც 11.03.2020 წელს გადაწყვიტა მიწის გაყიდვა 29 000 აშშ დოლარად, ----------. კანონის სიღრმისეულად არცოდნის გამო, მან და ---------- საჯარო რეესტრში გამოსყიდვის ხელშეკრულების ნაცვლად, ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს მესამე პირზე, ----------. გამომძიებელმა და ასევე, აუდიტორმა არ გაითვალისწინა მის მიერ მიწოდებული აღნიშნული ინფორმაცია. ამასთან, 30.12.2021 წელს გააფორმა სესხი ----------, 5 000 აშშ დოლარი, 5%-იანი სარგებლით, უძრავი ქონების გამოსყიდვის პირობით. წინასწარ მისცა ერთი თვის პროცენტი 250 აშშ დოლარი. 21.06.2022 წელს ---------- უკან გადაუფორმა აღნიშნული უძრავი ქონება, გადასცა ძირი თანხა 5 000 აშშ დოლარი და 5 თვის საპროცენტო სარგებელი (1 250 აშშ დოლარი ეროვნული ბანკის კურსით 2,9340) 3 668 ლარი. აქტით კი დაერიცხა სესხით მიღებული შემოსავალი 21 805 ლარი, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება.
საჩივარს ახლავს ნოტარიულად დამოწმებული ---------- ახსნა-განმარტება, რომ ამ გარიგების შემდეგ ---------- 11.03.2020 წელს ---------- მიიღო სესხის ძირი თანხა 5 000 აშშ დოლარი და ერთი თვის პროცენტი 250 აშშ დოლარი. ხოლო ---------- ---------- 11.03.2020 წელს მიიღო მიწის გაყიდვიდან 29 000 აშშ დოლარი. ამ თანხიდან სესხის ძირი თანხა 5 000 აშშ დოლარი და ერთი თვის სესხის პროცენტი 250 აშშ დოლარი გადასცა ----------.
საბჭო ასევე მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების პროცესში გადამხდელი თანამშრომლობდა და გარდა ერთი შემთხვევისა პროცენტის მიღების ფაქტს არ ეთანხმებოდა, შემოწმება ჩატარდა საგამოძიებო სამსახურიდან მიწოდებული დაკითხვის ოქმებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვერ გვერდზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო რაც შეეხება მიწის რეალიზაციის ფაქტს აღნიშნულს გადამხდელი შემოწმების პროცესში დაეთანხმა, რაზეც არსებობს შესაბამისი ახსნაგანმარტება გადამხდელის მხრიდან და დაკითხვის ოქმი საგამოძიებო სამსახურიდან. რაც შეეხება, მომჩივნის მიერ ნახსენებ შემთხვევებს, იგი თავიდან უარყოფდა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას, განმარტავდა, რომ თანხას გასცემდა ნათესავებზე და შემოსავალი პროცენტის სახით არ გააჩნდა. საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული მასალების გაცნობის შემდეგ, სადაც ---------- დაკითხვის ოქმში მიუთითებს რა ოდენობის თანხა გადაუხადა პროცენტის სახით მომჩივანს, მომჩივანმაც აღიარა ამ შემთხვევაში მიღებული შემოსავალი. ხოლო ---------- განხორციელებული ოპერაციის შემთხვევაში დაკითხულია ----------, რომელიც მიუთითებს, რომ 28 000 აშშ დოლარი გადაუხადა ----------, სხვა პირს არ ახსენებს და არ ირკვევა მიღებული სესხის დაბრუნება იყო თუ ქონების რეალიზაციისთვის გადახდილი თანხა. აღსანიშნია, რომ შემოწმების პროცესში მომჩივანმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, სადაც მითითებულია, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში ს/კ ---------- (---------- შემთხვევა) მოხდა მის მიერ პროცენტის სახით შემოსავლის მიღება და ს/კ ---------- (---------- შემთხვევა) არსებული მიწა და ქონება შეიძინა და პირადი საჭიროებიდან გამომდინარე მალევე გაყიდა.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა და დამატებულია (არგუმენტაცია/მტკიცებულება) დავის მეორე ეტაპზე, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საბჭო აღნიშნავს, რომ საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას პირველ სადავო საკითხზე წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით მომჩივანს მიაჩნია, რომ თუ სწორად იქნება გაანგარიშებული მისი შემოსავლები აღმოჩნდება, რომ არ აღემატება 40 000 ლარს. შესაბამისად, ამ ნაწილშიც დარიცხული გადასახადიც ექვემდებარება კორექტირებას.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და პირველი დავის საგნიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. საგამოძიებო სამსახურის და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ ---------- ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელი სესხის სანაცვლოდ ახდენდა უზრუნველყოფის საგანზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას, სესხის დაფარვის შემთხვევაში უზრუნველყოფის საგანი უბრუნდებოდა ქონების მფლობელს (სესხის ამღებს), ან სხვა პირს. დაკითხვის ოქმებიდან ირკვევა, რომ ფიქსირდება ისეთი შემთხვევა, როდესაც სესხის ამღები პოულობს მესამე პირს, რომელზეც ხდება ქონების გასხვისება/რეალიზაცია და შემდეგ ანგარიშსწორება სესხის ამღებსა და სესხის გამცემ ---------- შორის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, ფ/პ ---------- ვალდებული იყო საპროცენტო შემოსავალი აესახა ერთობლივ შემოსავალში და დაებეგრა შესაბამისი გადასახადებით. მის მიერ აღნიშნული საგადასახადო ვალდებულება შესრულებული არ არის. 2020 წლის მარტში ფიქსირდება ასევე 2020 წლის თებერვალში შეძენილი უძრავი ქონების, კერძოდ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნამეტით რეალიზაციის ფაქტი, საგადასახადო შემოწმებით მოხდა უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში ასახვა. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.
2. ---------- წარმოდგენილი არ აქვს ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) დეკლარაციები. შემოწმებით მის მიერ მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა 2020 წელს შეადგინა 67065 ლარი, რის საფუძველზეც 2021 წელს წარმოექმნა 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო ამავე მუხლის მე3 ნაწილის თანახმად კი, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი და პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა მომჩივნის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივარში მითითებულ არუმენტებს/მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ---------- განხორციელებულ ოპერაციასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები (ნოტარიულად დამოწმებული ---------- ახსნა-განმარტება) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი:
გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;
გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მითითებულ არგუმენტზე, რომ იმ შემთხვევაში თუ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ სწორად იქნება განსაზღვრული მისი წლიური საშემოსავლო გადასახადი, აღმოჩნდება, რომ მისი შემოსავალი წლების მიხედვით არ აღემატება 40 000 ლარს და აღნიშნულიდან გამომდინარე, არ წარმოეშვება ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს ფიზიკური პირის ქონების გადასახადით დაბეგვრის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ---------- განხორციელებულ ოპერაციასთან მიმართებით:
ა) გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები,ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები (ნოტარიულად დამოწმებული ---------- ახსნა-განმარტება) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს ფიზიკური პირის ქონების გადასახადით დაბეგვრის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ წლიურ საშემოსავლო გადასახადში განხორციელებულ დარიცხვებს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ფიზიკური პირის ქონების გადასახადში განხორციელებულ დარიცხვებს.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საგამოძიებო სამსახურის და გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ მომჩივანი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადამხდელი სესხის სანაცვლოდ ახდენდა უზრუნველყოფის საგანზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას, სესხის დაფარვის შემთხვევაში უზრუნველყოფის საგანი უბრუნდებოდა ქონების მფლობელს (სესხის ამღებს), ან სხვა პირს. დაკითხვის ოქმებიდან ირკვევა, რომ ფიქსირდება ისეთი შემთხვევა, როდესაც სესხის ამღები პოულობს მესამე პირს, რომელზეც ხდება ქონების გასხვისება/რეალიზაცია და შემდეგ ანგარიშსწორება სესხის ამღებსა და სესხის გამცემ მომჩივანს შორის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, მომჩივანი ვალდებული იყო საპროცენტო შემოსავალი აესახა ერთობლივ შემოსავალში და დაებეგრა შესაბამისი გადასახადებით. მის მიერ აღნიშნული საგადასახადო ვალდებულება შესრულებული არ არის. 2020 წლის მარტში ფიქსირდება ასევე 2020 წლის თებერვალში შეძენილი უძრავი ქონების, კერძოდ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნამეტით რეალიზაციის ფაქტი, საგადასახადო შემოწმებით მოხდა უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში ასახვა. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.
2. მომჩივანს წარმოდგენილი არ აქვს ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) დეკლარაციები. შემოწმებით მის მიერ მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა 2020 წელს შეადგინა 67065 ლარი, რის საფუძველზეც 2021 წელს წარმოექმნა 2020 წლის ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულება. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში მითითებულ არგუმენტზე, რომ იმ შემთხვევაში თუ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ სწორად იქნება განსაზღვრული მისი წლიური საშემოსავლო გადასახადი, აღმოჩნდება, რომ მისი შემოსავალი წლების მიხედვით არ აღემატება 40 000 ლარს და აღნიშნულიდან გამომდინარე, არ წარმოეშვება ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა მომჩივნის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივარში მითითებულ არუმენტებს/მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ფ/პ-თან განხორციელებულ ოპერაციასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი, დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მ.შ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებები (ნოტარიულად დამოწმებული ფ/პ-ის ახსნა-განმარტება) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს ფიზიკური პირის ქონების გადასახადით დაბეგვრის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 205; 275.