გადაწყვეტილება №25965/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.10.2025
№ დოკუმენტი 25965/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25965/2/2025

15 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“-ის 5.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25965/2/2025).

 

დავის საგანი:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 1 ივლისის №041-29 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 სექტემბრის №20180 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

1 276 864.14 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 671 844.80

დღგ - 256 184.43

საშემოსავლო გადასახადი - 415 660.37

ჯარიმა - 335 922.20

საურავი - 269 097.14

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ტანსაცმლითა და თეთრეულით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 1 მაისის №8254 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2022 წლის 15 მარტიდან 2025 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება.

შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციები და ელექტრონული დოკუმენტაცია (მიღებული და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და საბაჟო დეკლარაციები/დოკუმენტაცია) და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდში ჩინეთიდან იმპორტირებული აქვს 2 422 553 ლარის ღირებულების საქონელი (ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული). ასევე, ამავე პერიოდში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, საქონელი რეალიზებულია ---ს ბაზრობის ტერიტორიაზე და დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს 148 409 ლარს, რომელიც დეკლარირებული ბრუნვის 6%-ია. კომპანიას 2023 წლის აგვისტოდან აღარ უფიქსირდება საქონლის იმპორტი და აღარ აბარებს დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებს. ამასთან, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს სრულად არ წარუდგენია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაიყო რვა კატეგორიად და აღნიშნული კატეგორიების მიხედვით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ასევე, დათვლილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, რომლის მიხედვით განისაზღვრა დოკუმენტური რპთ, ხოლო იმ კატეგორიაზე, რომელზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური ფასნამატი, საგადასახადო ორგანომ გაავრცელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, განისაზღვრა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ჯამურად 3 839 918 ლარი (საცალო რეალიზაციას + დოკუმენტური რეალიზაცია). მიღებული შემოსავლები განაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ასევე, შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობა, სადაც გათვალისწინებულ იქნა შემოწმებით დადგენილი შემოსავლები 4 531 103 ლარის ოდენობით, რომელსაც ხარჯის ნაწილში გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების ოდენობა ჯამურად 2 868 462 ლარის ოდენობით (იმპორტირებული საქონლის ღირებულება და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები). ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებები და საქონლის ნაშთები ჩაითვალა ნულის ტოლად და განისაზღვრა ფულის ნაშთი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის ბრძანების №7720 მიხედვით, 2025 წლის 1 მაისს განხორციელდა გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა და დადგინდა, რომ კომპანიას სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია.

შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრული სხვაობა შემოსავლებსა და ხარჯებს შორის 1 622 641 ლარის ოდენობით, 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 1 ივლისის №14378 ბრძანება და №041-29 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 276 864.14 ლარი. აღნიშნული საგადასახდო მოთხოვნა 2025 წლის 29 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 15 სექტემბრის №20180 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაფიქსირებული და არქივის მიერ მიწოდებული საბაჟო დეკლარაციები თანხმლები დოკუმენტაციით (საქონლის შეძენის ინვოისები და გადახდის ქვითრები) და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება საბაჟოს მიერ აფასებული საქონელი. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ საქონლის თვითღირებულება საინვოისო ღირებულების მიხედვით იქნა დათვლილი. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის მოთხოვნას მისივე დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის განმარტების თანახმად, დოკუმენტური რეალიზაციის წილი დეკლარირებულ ბრუნვასთან მიმართებაში შეადგენს 6%-ს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქციისა და დამატებითი შემოსავლის დადგენა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ დადასტურდა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო აქტების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შემმოწმებელმა ფასნამატი გამოიყენა იმპორტის დროს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის აფასებულ ღირებულებებზე, რაც დაუშვებელია, ვინაიდან საქონლის თვითღირებულება არის მისი საინვოისო ღირებულება და არა აფასებული ღირებულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საბაჟო მიზნებისთვის, იმპორტის გადასახდელების განსაზღვრისთვის. შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები და დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დღგ. კერძოდ, აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები. მომჩივნისთვის დღემდე უცნობია რომელი კომპანიის ბრუნვები იქნა აღებული, რამდენად არის აღნიშნული საწარმოს საქმიანობა მომჩივნის იდენტური, ვისგან იძენს და რა ხარისხის საქონელს ყიდის აღნიშნული კომპანია და ა.შ. სამწუხაროდ, არც შემოწმების პროცესში და არც შემოსავლების სამსახურში დავის ეტაპზე, აღნიშნული ინფორმაცია გადასახადის გადამხდელისთვის არ მიუწოდებიათ, იმ მოტივით, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, რაც ბუნებრივია აბსურდია. მომჩივანი მიუთითებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე და აღნიშნავს, რომ გაუგებარია თუ რატომ აიღო შემმოწმებელმა სხვა კომპანიის ფასნამატი და არ გამოიყენა საცალო რეალიზაციაზე მომჩივნის დოკუმენტალური ფასნამატი. ასევე, არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, სადაც გაცილებით ნაკლები აუდირებული ფასნამატი იქნა გამოყენებული. მაგალითად, შპს „---“-ის საგადასახადო შემოწმებისას, რომელიც ვაჭრობს იდენტური საქონლით. შემოწმებით ამ უკანასკნელზე გავრცელდა ფასნამატი 26%. ისმის კითხვა, თუ ერთი და იგივე პერიოდში ერთი და იგივე საქონლით ვაჭრობისას ერთ გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 26%-იანი ფასნამატი, მაშინ რატომ ვრცელდება მეორე გადამხდელზე გაცილებით უფრო მაღალი ფასნამატი? არსებობს ასევე სხვა არაერთი გადაწყვეტილება, სადაც აუდირებული ფასნამატი შეადგენს 12%-ს.

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში ფულის ნაშთი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავალი, ხარჯში კი - ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდები, ხოლო დარჩენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. როგორც აღნიშნა, არასწორად იქნა გაანგარიშებული საწარმოს ფასნამატი, რამაც განაპირობა არასწორი/ვირტუალური ფულის ნაშთის დადგენა. ასევე, არასწორია ვირტუალური ფულის ნაშთის ე.წ. „აგროსვა“ და არარსებული ფულის 20%-ის ნაცვლად 25%-ით დაბეგვრა. მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 სექტემბრის №20180 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 9.10.2025 წლის №88617-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ კომპანიის საქმიანობაა ტანსაცმლით და თეთრეულით ვაჭრობა. შემოწმების პროცესში დამუშავებულია ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები, გადასახადის ადმინისტრირების სისტემაში წარდგენილი დეკლარაციები და ელექტრონული დოკუმენტაცია (მიღებული და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები და საბაჟო დეკლარაციები/დოკუმენტაცია). ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს 2022-2023 წლის საანგარიშო პერიოდში ჩინეთიდან იმპორტირებული აქვს 2 422 553 ლარის 5 ღირებულების საქონელი (ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, თეთრეული). ამავე პერიოდში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით საქონელი რეალიზებულია ---ს ტერიტორიაზე და დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს 148 409 ლარს, რომელიც დეკლარირებულ ბრუნვის 6%-ია. კომპანიას 2023 წლის აგვისტოდან აღარ უფიქსირდება საქონლის იმპორტი და აღარ აბარებს დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებს.

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს სრულად არ წარუდგენია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნები, ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაიყო 8 კატეგორიად და აღნიშნული კატეგორიების მიხედვით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ასევე, დათვლილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა დოკუმენტური რპთ, ხოლო კატეგორიაზე, რომელზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური ფასნამატი, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატით, რომლებიც გავრცელდა შესაბამის კატეგორიებზე და საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლის თანახმად განისაზღვრა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ჯამურად 3 839 918 ლარი (საცალო რეალიზაციას + დოკუმენტური რეალიზაცია). მიღებული შემოსავლები განაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

ასევე, შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობა, რომლის დროსაც გათვალისწინებულ იქნა შემოწმებით დადგენილი შემოსავლები 4 531 103 (3 839 918/1,18) ლარის ოდენობით, რომელსაც ხარჯის ნაწილში გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების ოდენობა ჯამურად 2 868 462 ლარის ოდენობით (იმპორტირებული საქონლის ღირებულება და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები). ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დებიტორულკრედიტორული დავალინებების და საქონლის ნაშთები ჩაითვალა ნულის ტოლად და შესაბამისად განისაზღვრა ფულის ნაშთი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 28 აპრილის №7720 ბრძანების მიხედვით, 2025 წლის 1 მაისს განხორციელდა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრული სხვაობა შემოსავლებს და ხარჯებს შორის - 1 622 641 ლარი, 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, შემოწმების პროცესში დეტალურად იქნა შესწავლილი შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციები, კერძოდ, წარდგენილი დეკლარაციები, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი წლების მიხედვით შემდეგია: 2022 წელს დეკლარირებული ფასნამატი 7%- ია, ხოლო 2023 წელს უფიქსირდება თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად რეალიზაცია, საშუალოდ დეკლარირებული ფასნამატია 2022-2023 წლებში 6%. დოკუმენტური რეალიზაცია დეკლარირებული ბრუნვის 6%-ია და საშუალო შეწონილი დოკუმენტური ფასნამატი 5%-ია. ამასთან, შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა ბაზაში დაფიქსირებული (ბაზაში სრულად არ ინახებოდა დეკლარაციებზე თანმხლები ინვოისები) და არქივის მიერ მიწოდებული საბაჟო დეკლარაციები თანხმლები დოკუმენტაციით (საქონლის შეძენის ინვოისები და გადახდის ქვითრები), ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით (საბაჟო ოპერაციების ცხრილი) და აუდიტის დეპარტამენტის ხელთ არსებული ინვოისების შესწავლით არ ფიქსირდებოდა საბაჟოს მიერ აფასებული საქონელი. შესაბამისად, შემოწმების პროცესში საქონლის თვითღირებულება საინვოისო ღირებულების მიხედვითაა დათვლილი, რომელზეც შემდგომ გავრცელდა ფასნამატი და დაანგარიშდა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი. რაც შეეხება გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციას, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ აღებულ იქნა სხვა მსგავსი საწარმოს მიერ მიღებული ბრუნვები, აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული იქნა ---ს ტერიტორიაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების აუდირებული ფასნამატი, რომელიც საშუალოდ 59%-ია (მერყეობს 47%-დან 68%-მდე) და ამ ფასნამატის მიხედვით დაანგარიშდა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი.

ამასთან, შპს „---“-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფეხსაცმელებით (საშინაო, რეზინის, სპორტული), ჩანთებით და ქუდებით ბითუმად ვაჭრობა. იმპორტს ახორციელებს ჩინეთიდან და ირანიდან. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და საბუღალტრო პროგრამა ფინა. შემოწმების შედეგად გამოყენებულ იქნა მსგავსი ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი პირების საბითუმო აუდირებული ფასნამატი 26%. ხოლო, შპს „---ის“ საქმიანობაა ტანსაცმლით და თეთრეულით ვაჭრობა. კერძოდ, ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და თეთრეული. ვინაიდან ეს ორი კომპანია ვაჭრობას ახორციელებს ერთმანეთისგან განსხვავებული საქონლით და ახორციელებს სხვადასხვა ტიპის რეალიზაციას (საცალო და საბითუმო), ორივე საწარმოზე გავრცელდა განსხვავებული ინდივიდუალური აუდირებული ფასნამატები. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, როგორც ელექტრონული ფოსტის, ასევე სატელეფონო ზარების მეშვეობით, არ წარუდგენია ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, არც ახსნა-განმარტებები და პოზიცია. შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დაეყრდნო ელექტრონული ბაზის მონაცემებს. ამასთან, საბჭო მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დასაბეგრი შემოსავალი, სადაც სადავო შემთხვევაში ჩართული იქნა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით. აღნიშნული წარმოადგენს ფიზიკური პირის მიერ მიღებულ შემოსავალს. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება საშემოსავლო გადასახადის და ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების მიზნებისთვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის დარიცხვამდე აყვანილი თანხიდან განხორციელდა მართლზომიერად.

აღსანიშნავია, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. ამასთან, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციებისა და ელექტრონული დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2022- 2023 წლების საანგარიშო პერიოდში ჩინეთიდან იმპორტირებული აქვს 2 422 553 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო ამავე პერიოდში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, საქონელი რეალიზებულია ბაზრობის ტერიტორიაზე და დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს 148 409 ლარს, რომელიც დეკლარირებული ბრუნვის 6%-ია. კომპანიას 2023 წლის აგვისტოდან აღარ უფიქსირდება საქონლის იმპორტი და აღარ აბარებს დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებს, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაიყო რვა კატეგორიად და აღნიშნული კატეგორიების მიხედვით განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ასევე, დათვლილ იქნა დოკუმენტური ფასნამატი, რომლის მიხედვით განისაზღვრა დოკუმენტური რპთ, ხოლო იმ კატეგორიაზე, რომელზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური ფასნამატი შემოწმებამ გაავრცელა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი. შესაბამისად, მიღებული შემოსავლები განაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად და დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, გადამხდელის ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად, დებიტორულ-კრედიტორული დავალანებები და საქონლის ნაშთები ჩაითვალა ნულის ტოლად და განისაზღვრა ფულის ნაშთი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენიტის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სალარო და ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნია. შედეგად, შემოწმების მიერ განსაზღვრული სხვაობა შემოსავლებსა და ხარჯებს შორის, 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4,5,9);101(1);154(1).