გადაწყვეტილება №19951/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 11.07.2023
№ დოკუმენტი 19951/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№19951/2/2023

11.07.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: -------- (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------- 12.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19951/2/2023).

 

დავის საგანი:

დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2021 წლის №007-207 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.12.2021 წლის №40376 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 6 992 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 4 095

ჯარიმა - 2 048

საურავი - 849

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის საქმიანობის სახეა იურიდიული მომსახურების გაწევა. აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 31.05.2021 წლის აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.04.2021 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის მიხედვით, შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები და წარდგენილი დოკუმენტაცია. გამოვლინდა, რომ მომჩივანს 2018-2020 წლებში მიღებული აქვს სარგებელი პროცენტის სახით, რომელიც არ აქვს ასახული საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში. საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლზე დაყრდნობით, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა 2018, 2019 და 2020 წლების საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავალი, რამაც გამოიწვია გადასახადის გაზრდა და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2021 წლის №007-207 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.12.2021 წლის №40376 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 6.05.2022 წლის №15710/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა 12.06.2023 წელს კვლავ წარმოადგინა საჩივარი და მოითხოვა საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის თანახმად, ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი მტკიცებულების საფუძველზე დავის განახლება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

6.05.2022 წლის №15710/2/2022 გადაწყვეტილებით დავების განხილვის საბჭომ საჩივარი არ დააკმაყოფილა. მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე (საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლი) დავის განხილვის ორივე ეტაპზე შემოსავლების სამსახურისგან 28.06.2021 წლის №134695/21-11 და 3.02.2022 წლის №19387/21-11 განცხადებებით მოთხოვნილი იყო იმ ინფორმაციისა თუ მტკიცებულებების გაცნობა, საიდანაც აუდიტის დეპარტამენტმა მომჩივანს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული პროცენტით შემოსავლების მიღების ფაქტი დაუდგინა. შემოსავლების სამსახურმა განცხადება უპასუხოდ დატოვა, რითაც დაარღვია მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპი.

მოგვიანებით, კანონით დადგენილი წესით, მომჩივნისთვის ხელმისაწვდომი გახდა ის განცხადება (16.04.2021 წლის №77352/21-11), რომლითაც თანხის შემნახველებმა (შემდგომში ფიზიკური პირები) მიმართეს შემოსავლების სამსახურს. მითითებული განცხადების საფუძველზე გამოიცა ბრძანება საგადასახადო შემოწმების თაობაზე.

ფიზიკური პირების მხრიდან მომჩივნის წინააღმდეგ წარდგენილი განცხადება არის მიკერძოებული და არაობიექტური. მათ მიბარებული თანხიდან მომჩივნისათვის გადასახდელი დარჩათ 24 880 ლარი. შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება მაღალი ალბათობით ქმნის მომჩივნისადმი ფიზიკური პირების მიკერძოებულ და არაობიექტურ დამოკიდებულებას. განცხადება შინაარსობრივად არის მომჩივანის ღირსების დისკრედიტაციის მცდელობა. განცხადებას არ ერთვის საგადასახადო ვალდებულების განმსაზღვრელი არცერთი მტკიცებულება.

მომჩივანმა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე არ იცოდა ფიზიკური პირების მხრიდან საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული განცხადების შინაარსი. მისი დროულად ცოდნა მომჩივნისათვის გამოიწვევდა ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

განცხადებით დასტურდება, რომ ფიზიკურმა პირებმა მომჩივანს მოსთხოვეს:

- „ჩვენს ფურცელზე“ - როგორც თვითონ უწოდებენ ხელი მოეწერა პროცენტით შემოსავლის მიღებაზე, რითაც დაადასტურეს მომჩივანის მიერ საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტი, კერძოდ ის, რომ პროცენტის სახით შემოსავლის მიღებაზე ხელის მოწერა ფიზიკური პირებისაგან უსაფუძვლო მოთხოვნა იყო. ფიზიკური პირების მხრიდან, მიბარებული თანხის მისაკუთრების მცდელობის გამო, მომჩივანი იძულებული იყო თანხის მოსალოდნელი დაკარგვის თავიდან ასაცილებლად ხელი მოეწერა წინასწარ შეუთანხმებელი პროცენტის სახით შემოსავლის მიღების დამადასტურებელ ფურცელზე და მიღებული თანხა ჩაეთვალა სავალო მოთხოვნიდან მიღებულად. ე. ი. მიბარებული თანხის ჩასათვლელად და არა პროცენტის სახით შემოსავლის მიღებად. ფიზიკურმა პირებმა განცხადებით განმარტეს, რომ მათ აქვთ მიბარებულ თანხაზე მომჩივნისათვის ყოველ თვეში გადახდილი პროცენტის დამადასტურებელი ფურცლები, თუმცა მითითებული ფურცლები საგადასახადო ორგანოს არ წარუდგინეს, რადგან მათი განაცხადი რეალობას მოკლებულია. ფიზიკური პირების განცხადებით და მომჩივანის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით უდავოდ დგინდება, რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული პროცენტით შემოსავლის მიღების ფაქტობრივი გარემოებების საფუძველი, ასევე უდავოდ დასტურდება, რომ:

ფიზიკურ პირებსა და მომჩივანს შორის შედგა თანხის მიბარების ხელშეკრულება პროცენტის გადახდის გარეშე. ფიზიკური პირები განცხადებით აპელირებენ, რომ 20.04.2018 წელს ქ. -------ში მომჩივნისგან მიბარების ხელშეკრულებით გადაეცათ პროცენტიანი სესხი, განმარტავენ, რომ ხელშეკრულების ტექსტი მომჩივანმა შეადგინა და ხელმოწერებით ნოტარიუსთან დაამოწმაო. ფიზიკური პირებისგან მიწოდებული ამ არარსებული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ მომჩივანს საჩივარზე დართული ჰქონდა ფიზიკური პირების მიერ ხელით დაწერილი, სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი, რითაც დასტურდებოდა, რომ 20.04.2018 წელს ფიზიკურ პირებს თანხა არა მომჩივანმა, არამედ სხვა ფიზიკურმა პირმა გადასცა %-ის გადახდის გარეშე. ფიზიკური პირები იმავე თანხაზე მტკიცებულების გარეშე აპელირებენ, რომ მომჩივანს თვეში 2%-ის ოდენობით სარგებლის გადახდაზე შეუთანხმდნენ. ასევე მტკიცებულების გარეშე მითითებულ თანხაზე 2%-ის გარდა 4%-ით სარგებლის გადახდის ფაქტიც უაპელაციოდ გადახდილად მიიკუთვნეს. ფიზიკური პირებისგან ვალდებულებისა და მტკიცებულების გარეშე, ერთსა და იმავე თანხაზე სხვადასხვა ოდენობით პროცენტის გადახდა ნაკლებად დამაჯერებელი და არასარწმუნო ფაქტია.

მომჩივანის ხელის მოწერა პროცენტის სახით შემოსავლის მიღების ფურცელზე, ვერ შექმნის საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებულ ფაქტობრივ გარემოებას, რადგან სავალო მოთხოვნის დამადასტურებელ მიბარების ხელშეკრულებაში არ არის წინასწარ განცხადებული (დადგენილი) შეთანხმება პროცენტის სახით შემოსავლის მიღებაზე. შესაბამისად, ფიზიკურ პირებს არ ექნებოდათ %-ის გადახდის ვალდებულება.

მომჩივანი განმარტავდა, რომ ფიზიკური პირების არაკეთილსინდისიერი მოთხოვნით იძულებული იყო ხელი მოეწერა %-ის სახით გადაცემული თანხის მიღებაზე, იმ მიზნით, რომ ფიზიკური პირების მხრიდან მიბარებული თანხის არაჯეროვანი გადახდისას შეემცირებინა თანხის მოსალოდნელი დანაკარგი, რადგან ფიზიკური პირები აშკარად ავლენდნენ მიბარებული თანხის მისაკუთრების მცდელობას. მომჩივანმა ფიზიკური პირებისგან %-ის სახით გადაცემული (2020 წლის აგვისტო-ნოემბერი) 2 610 ლარის მიღებაზე ხელი მოაწერა და ჩაითვალა არა %-ით მიღებული შემოსავალი, რისი ჩათვლის უფლებაც არ ჰქონდა, არამედ მიბარებული თანხის გადახდის ნაწილობრივ შესრულებად, რაც არ ქმნის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ საგადასახადო ვალდებულების განმსაზღვრელ ფაქტობრივ გარემოებას.

ფიზიკურმა პირებმა 2020 წლის ნოემბერში სხვადასხვა დროს მომჩივანს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხეს 440 ლარი, დანიშნულებით როგორც მოცემული თანხის 2% და არა პროცენტის სახით მიღებული (გადარიცხული) სარგებელი. ფიზიკურმა პირებმა ამ გადარიცხვით უნებლიედ დაადასტურეს, რომ მიბარებული თანხა არ იყო სარგებლიანი სესხი, რითაც წინააღმდეგობაში მოვიდნენ განცხადებაში დაფიქსირებულ საკუთარ პოზიციასთან, თითქოს მომჩივნისგან სარგებლიანი სესხი ჰქონდათ აღებული. მომჩივანმა 440 ლარი ჩარიცხვის დანიშნულებისათვის მიიღო და ჩაითვალა სავალო მოთხოვნიდან მიღებულად.

ადმინისტრაციულმა ორგანომ, მომჩივნისგან განსხვავებით, ჩარიცხული თანხა 440 ლარი, კანონიერი საფუძვლის გარეშე, მომჩივანს ერთობლივ შემოსავალში ჩაუთვალა როგორც %-ის სახით მიღებული შემოსავალი.

მეტი სიცხადისთვის მომჩივანი მიზანშეწონილად მიიჩნევს დააზუსტოს, რომ საჩივარზე დართული 2.11.2020 წლის მიღება-ჩაბარების აქტი სამართლებრივად არის მომჩივნის ხელის მოწერის ნამდვილობის სანოტარო წესით დამოწმება და არა მასში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოების დადასტურება. მომჩივანმა აქტზე ხელი მოაწერა ფიზიკური პირებისგან შეპირებული მიბარებული თანხის 7 000 ლარის ჩარიცხვის სანაცვლოდ. მომჩივანი არ ეთანხმება ფიზიკური პირებისგან, როგორც აქტში დაფიქსირებულს, ასევე დანარჩენ მიბარებულ თანხაზე 2020 წლის აგვისტომდე %-ის სახით თანხის გადაცემას. ფიზიკური პირები განცხადებაში განმარტავენ, რომ მათ მომჩივნისათვის ყოველ თვეში გადახდილი %-ის დამადასტურებელი ფურცლები გააჩნიათ, მაგრამ მომჩივნის არგუმენტის საწინააღმდეგოდ განცხადებას არ დაურთეს ყოველ თვეში გადახდილი %-ის დამადასტურებელი ფურცლები და არ გააქარწყლეს მომჩივნის პოზიცია %-ის სახით შემოსავლის მიუღებლობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ფიზიკური პირების განცხადებას მიიჩნევს მისთვის, როგორც ახლად გამოვლენილ მტკიცებულებას, საიდანაც ირკვევა, რომ:

1. ფიზიკურმა პირებმა ვერ წარმოადგინეს მომჩივანთან გაფორმებული ისეთი სავალო ვალდებულების დამადასტურებელი მტკიცებულება, სადაც საგადასახადო კოდექსის თანახმად, წინასწარ იქნებოდა განცხადებული (დადგენილი) შეთანხმება %-ის სახით შემოსავლის მიღების თაობაზე.

საგადასახადო შემოწმების ეტაპზე მომჩივანმა წარადგინა ფიზიკურ პირებთან მიბარებული თანხის ხელშეკრულებები, ასევე ფიზიკური პირების მიერ სხვა პირისგან 20.04.2018 წელს გადაცემულ თანხაზე შემდგარი ხელწერილი, რითაც დასტურდება, რომ საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-19 ნაწილის თანახმად, სავალო ვალდებულებებთან არ იყო დაკავშირებული %-ის სახით შემოსავლის მიღება.

2. ფიზიკური პირებისგან ნაღდი ანგარიშსწორებით %-ის სახით გადაცემული 2 610 ლარი მომჩივანმა ჩაითვალა სავალო ვალდებულებებიდან მიღებულ თანხად. ე. ი. მიბარებული თანხის მისაღებად.

ცალსახად უნდა ითქვას, რომ მომჩივანს ფიზიკური პირებისგან მიღებულ თანხაზე ზედმეტი თანხა არ მიუღია, როგორც ნამეტი შემოსავალი.

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის მოთხოვნასთან მიმართებაში არ არის მართებული, რადგან ფიზიკურ პირებსა და მომჩივანს შორის არსებული სავალო ვალდებულება არ ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-19 ნაწილის იმპერატიულ მოთხოვნას. კერძოდ, არ არსებობს სავალო ვალდებულებებთან დაკავშირებული ისეთი სავალო მოთხოვნა, სადაც წინასწარ განცხადებული (დადგენილი) იქნებოდა %-ის სახით შემოსავლის მიღება.

არამართებულია სავალო მოთხოვნიდან (მიბარების ხელშეკრულება, ხელწერილი) მიღებული თანხის ერთობლივ შემოსავალში ჩათვლა და მისი დეკლარირება.

გთხოვთ, საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის თანახმად, როგორც ახლად გამოვლენილი მტკიცებულების საფუძვლით, განაახლოთ დავის განხილვა. საგადასახადო კოდექსთან მიმართებაში განიხილეთ ფიზიკური პირების განცხადება და საჩივარზე დართული წერილობითი მტკიცებულებები. მათი ურთიერთშეჯერებითა და ობიექტური შეფასებით გააუქმეთ მომჩივნისათვის საგადასახადო ვალდებულების განმსაზღვრელი აქტები, რადგან არ არსებობს მომჩივნის მიერ საგადასახადო კოდექსით მოთხოვნილი პროცენტებით მიღებული შემოსავლის ფაქტობრივი გარემოება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს.

№3/3765-22 საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სასამართლოს 23.06.2022 წლის განჩინების მიხედვით, 6.06.2022 წელს მომჩივანმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი აუდიტს დეპარტამენტის 31.05.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, 7.06.2021 წლის №17940 ბრძანება, 8.06.2021 წლის №007-207 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 23.12.2021 წლის №40376 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 6.05.2022 წლის №15710/2/2022 გადაწყვეტილება. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის მიხედვით, სარჩელი მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში და ამ ეტაპზე დასაშვებად იქნა ცნობილი.

საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ ზემოაღნიშნული (სადავო) აქტები გასაჩივრებულია სასამართლოში და მიიჩნევს, რომ სახეზეა საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

მომჩივნის საქმიანობის სახეა იურიდიული მომსახურების გაწევა. აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 31.05.2021 წლის აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.04.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის მიხედვით გამოვლინდა, რომ მომჩივანს 2018-2020 წლებში მიღებული აქვს სარგებელი პროცენტის სახით, რომელიც არ აქვს ასახული საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში. საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლზე დაყრდნობით, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა 2018, 2019 და 2020 წლების საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავალი, რამაც გამოიწვია გადასახადის გაზრდა და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება.

აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.12.2021 წლის №40376 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 6.05.2022 წლის №15710/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა 12.06.2023 წელს კვლავ წარმოადგინა საჩივარი და მოითხოვა საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის თანახმად, ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი მტკიცებულების საფუძველზე დავის განახლება.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ ზემოაღნიშნული (სადავო) აქტები გასაჩივრებულია სასამართლოში და მიიჩნევს, რომ სახეზეა საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301"ი".