გადაწყვეტილება №22082/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.04.2024
№ დოკუმენტი 22082/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22082/2/2024

10 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 26.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22082/2/2024).

 

დავის საგანი:

1. მიწის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა;

2. ხარჯების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი სმფ-ის თვითღირებულებასა და სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ოქტომბრის №021-80 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 დეკემბრის №33871 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 401 859 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 229 101

დღგ - 46 958

მოგების გადასახადი - 59 440

საშემოსავლო გადასახადი - 119 789

ქონების გადასახადი - 2 914

ჯარიმა - 113 903

საურავი - 58 855

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა შავი ლითონის ჯართით ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ივლისის №16767 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 25 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ოქტომბრის №24475 ბრძანება და №021-80 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 401 859 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 2 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 29 დეკემბრის №33871 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. მიწის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაციის დღგით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელმა 2021 წლის 7 ივლისს ------- შეიძინა 2 922 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა მასზე დამაგრებული 104 კვ.მ. შენობა-ნაგებობით, მდებარე -------, -------, 272 360 ლარად დღგ-ის ჩათვლით (ა/ფ. ეა-------) და აღნიშნულზე საწარმოს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა.

საწარმოს 2022 წლის ოქტომბერში აღნიშნული მიწა მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით რეალიზებული აქვს ურთიერთდამოკიდებულ პირზე, შპს „-------“ 230 813 ლარად (შესყიდვის ღირებულებაზე დაბალ ფასად). ბუღალტრული ჩანაწერებით შპს „-------“ ეს თანხა დღემდე არ მიუღია, ერიცხება დავალიანება. შპს „-------“ დირექტორი ------- ამავდროულად არის შპს „-------“ დაქირავებული თანამშრომელი. შპს „-------“, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, გამოთხოვილი ინფორმაციის (დებიტორული/კრედიტორული დავალიანების შესახებ) წარუდგენლობისთვის, აღნიშნულ გადამხდელს 2023 წლის 18 სექტემბერს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.

მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, ზემოაღნიშნული იყო დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი აქტივის სხვა დასაბეგრი პირისათვის მიწოდება. კერძოდ, ბლოკის საწარმოს მიწოდება შპს „-------“.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული აქტივის რეალიზაცია, არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნებს. ამდენად, აღნიშნულ ოპერაციაზე არ გავრცელდება ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდებისთვის დადგენილი წესი, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულება. არ არის მითითებული აქტივების ჩამონათვალი, რომლის გადაცემაც ხორციელდებოდა. ასევე, შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში აქტივის მიწოდება არც მიმწოდებელ და არც შემძენ მხარეს არ აქვს დაფიქსირებული.

შედეგად, ზემოაღნიშნული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის რეალიზაცია, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობით, ჩაითვლა საქონლის მიწოდებად და საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე, 164- ე, 43-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 501 მუხლზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის რეალიზაციის მიწოდებად განხილვა და შესაბამისად დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ხელშეკრულების საფუძველზე ფაქტობრივად მოხდა მთლიანი საწარმოს გადაცემა შემადგენელი უძრავი და მოძრავი ქონებით. შესაბამისი ხელშეკრულება წარდგენილი აქვთ აუდიტორთან შემოწმების პროცესში. ვინაიდან მოძრავ და უძრავ ქონებას სხვადასხვა მარეგისტრირებელი ორგანოები არეგისტრირებენ, სხვადასხვა დღეს მოხდა ამ ქონებების გადაფორმება. თუმცა, რეალურად საწარმო გადაეცა ერთი ოპერაციით, რაც ჩანს კიდეც მიმღები კომპანიის ავტორიზებულ ვებ-გვერდზე ზედნადებებით რეალიზაციის დაწყებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებად არ განიხილება დასაბეგრი პირის მიერ ყველა აქტივის ან მისი ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) სხვა დასაბეგრი პირისთვის მიწოდება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 501 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული აქტივების მიწოდებაზე ამავე მუხლის პირველი პუნქტი გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესრულდება ქვემოთ მოცემული ყველა პირობა:

ა) აქტივები გადაეცემა როგორც აქტივთა ერთობლიობა, რომელიც მიმწოდებლის იმ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების საშუალებას იძლევა, რომელთან დაკავშირებითაც მის მიერ ხორციელდება ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდება;

ბ) აქტივების მიწოდება ხორციელდება წერილობითი ფორმით დადებული ერთიანი გარიგების საფუძველზე, რა დროსაც, შესაბამისი დოკუმენტი უნდა ითვალისწინებდეს იმ აქტივების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა გადაცემაც ხორციელდება ამ ოპერაციის ფარგლებში;

გ) მიმწოდებელს და შემძენს მიწოდება ასახული აქვთ შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული აქტივის რეალიზაცია არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნებს. ამდენად, აღნიშნულ ოპერაციაზე არ გავრცელდება ყველა აქტივის ან აქტივების ნაწილის (დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ქვედანაყოფის) მიწოდებისთვის დადგენილი წესი, ვინაიდან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულება, არ არის მითითებული აქტივების ჩამონათვალი, რომლის გადაცემაც ხორციელდება. ასევე, აქტივის მიწოდება არ აქვთ ასახული დღგ-ის შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში არც მიმწოდებელ და არც შემძენ მხარეს.

მომჩივანს არ წარმოუდგენია ისეთი არგუმენტი/მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ხარჯების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი სმფ-ის თვითღირებულებასა და სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და ბუღალტრული პროგრამა ორისის მონაცემების მიხედვით, 2020-2023 წლებში გადასახადის გადამხდელს სასაქონლო ზედნადებების მეშვეობით შპს „-------“ და შპს „-------“ მიწოდებული აქვს 3 149 509 ლარის ღირებულების ჯართი თვითღირებულებით, რომელიც დაბეგრილი აქვს წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით (მიღებული თანხა და არა დარიცხული (აგროსილი)). მომჩივნის ახსნა-განმარტებით, რეალიზებული საქონლის ღირებულება სრულად აქვს მიღებული, ხოლო ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. საწარმოს რეალიზებული საქონლის 1 649.752 ტონა 1 608 650 ლარის ჯართის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნია. კომპანიის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნა. შესაბამისად, შემოწმებით სმფ-ების ხარჯად განხილულ იქნა საქონლის სარეალიზაციო ფასის 75% და საქონლის სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 105-ე, 72-ე, 43-ე მუხლებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, რეალიზებული საქონლის ღირებულება სრულად აქვს მიღებული, ხოლო ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. შემოწმებით გამოვლინდა, რომ საწარმოს რეალიზებული აქვს 1 649, 752 ტონა ჯართი, რომელზეც არ გააჩნია შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შემოსავლების სამსახურის №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით სმფ-ების ხარჯად განხილულ იქნა საქონლის სარეალიზაციო ფასის 75%, ხოლო 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით სმფ-ის თვითღირებულებასა და საქონლის სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობა ჩათვლილ იქნა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, გადამხდელს განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადი.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შესყიდვის აქტი არის გაკეთებული ყველა კილოგრამ ჯართზე, უბრალოდ გამორჩენილია ჟურნალის წარმოების დროს. ყველა მიღებული კილოგრამი ჯართი არის დაბეგრილი 3%-იანი განაკვეთით, სრულად არის რეალიზებული ზედნადებით და ფული სრულად მიღებულია სალაროში. შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენენ ნებისმიერ დროს. ასევე, აუდიტორს ამ ნაწილში გამოყენებული აქვს 25% ფასნამატი, რაც რეალობას აცდენილია. ამ ბიზნესში კონკურენციის გამო ფასნამატი არ ცდება 7-10%-ს. შესაბამისი დარიცხვა არარეალურია. მიღებული სხვაობა დაბეგრილია ხელფასად, რასაც ასევე არ ეთანხმებიან. ზემოთ აღნიშნული არცერთი საკითხი არ განიხილა შემოსავლების სამსახურმა.

მომჩივანი ითხოვს, მოხდეს აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, რეალიზებული საქონლის ღირებულება სრულად აქვს მიღებული, ხოლო ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. შემოწმებით გამოვლინდა, რომ კომპანიას რეალიზებული აქვს 1 649,752 ტონა ჯართი, რომელზეც არ გააჩნია შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შემოსავლების სამსახურის №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით, სმფ-ების ხარჯად განხილულ იქნა საქონლის სარეალიზაციო ფასის 75%, ხოლო 25%-იანი რენტაბელობის გათვალისწინებით სმფ-ის თვითღირებულებასა და საქონლის სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1.მიწის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა;

2. ხარჯების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი სმფ-ის თვითღირებულებასა და სარეალიზაციო ფასს შორის სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა შავი ლითონის ჯართით ვაჭრობა ადგილობრივ ბაზარზე. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 2 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 29 დეკემბრის №33871 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 159; 160(7