გადაწყვეტილება №18137/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.12.2022
№ დოკუმენტი 18137/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18137/2/2022

8.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 8.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“ (ს/ნ ---------) 7.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18137/2/2022).

 

დავის საგანი:

1. საქონლის საბაზრო ღირებულებას და ფიზიკურ პირებზე გადახდილად აღრიცხულ თანხებს შორის სხვაობის დირექტორის ხელფასად ჩათვლა;

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2022 წლის №001-76 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.10.2022 წლის №27390 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 438 793 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 267 767

დღგ - 702

მოგების გადასახადი - 1 059

საშემოსავლო გადასახადი - 266 006

ჯარიმა - 108 197

საურავი - 62 829

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 29.07.2020 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2022 წლის №001-76 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 31.10.2022 წლის №27390 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საქონლის საბაზრო ღირებულებას და ფიზიკურ პირებზე გადახდილად აღრიცხულ თანხებს შორის სხვაობის დირექტორის ხელფასად ჩათვლა

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საზოგადოება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით ფიზიკური პირებისგან ახორციელებს ფერადი ლითონების ჯართის შესყიდვას. გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ფიზიკური პირებისგან ჯართის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორებისას საზოგადოება აღნიშნულ გადახდებს გადახდის წყაროსთან ბეგრავს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს შემმოწმებლისთვის არ წარუდგენია ფიზიკური პირებისგან შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საგადასახადო შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული ფერადი ლითონის ჯართის საბაზრო ღირებულებების შესწავლა, საზოგადოების მიერ წარდგენილ 8.05.2022 წლის ჯართის სახეობების მიხედვით თვეების ჭრილში საშემფასებლო დასკვნაზე დაყრდნობით.

შედეგად, იმ თვეებში, სადაც ფიზიკურ პირებზე ფერადი ლითონის ჯართის სანაცვლოდ გადახდები აღმატებოდა კონკრეტულ ჯართის სახეობაზე ექსპერტის მიერ განსაზღვრულ საბაზრო ფასს აღნიშნული სხვაობა საგადასახადო შემოწმებით ჩაითვლა დირექტორის ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად საზოგადოებას დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 20%-იანი განაკვეთით.

გამომდინარე იქედან, რომ საზოგადოება მთლიან გადახდებს ბეგრავდა საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. გადახდებზე, რომლებიც საგადასახადო შემოწმებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, 3%-იანი განაკვეთით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 1333 მუხლზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველ პუნქტზე.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საშემფასებლო დასკვნით განსაზღვრულ ფასებზე 15%-ის დამატება დაუსაბუთებელია, ვინაიდან როგორც შემფასებლის წერილით ირკვევა, შემფასებელს გათვალისწინებული აქვს გადასახადის გადამხდელის მიერ შესყიდული ჯართის ხარისხი, მისი დახარისხების მაჩვენებელი, ასევე, გადასახადის გადამხდელის საბაზრო მდგომარეობა, მის მიერ განხორციელებული ოპერაციები და ამ ყველაფრის შეჯერებით არის ჯართის სახეობების მიხედვით საბაზრო ფასი განსაზღვრული. ამავე დროს, გადასახადის გადამხდელის მიერ ასევე წარმოდგენილი იყო სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ზოგადად ჯართის სახეობების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ, სადაც განსაზღვრულ ჯართის საბაზრო ფასებთან მიმართებით ექსპერტის მიერ განმარტებული იყო, რომ დასკვნაში მოცემული ფასები შეიძლება მერყეობდეს 15%- იან დიაპაზონის ზღვარში ადგილმდებარეობის, სიდიდის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 8.05.2022 წლის დასკვნით ჯართის საბაზრო ფასები განისაზღვრა სწორედ იმ ცვალებადობის გათვალისწინებით, რაზედაც საუბარი იყო სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში და აღნიშნულ დასკვნასთან მიმართებით ფასები კორექტირებულია (გაზრდილია) სწორედ 15%-იანი დიაპაზონის ფარგლებში.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარღვევად იქნა მიჩნეული, გასაყიდად განკუთვნილი საქონლის შეძენა საბაზრო ღირებულებაზე მაღალი ფასით, რის გამოც მოხდა საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა ნედლეულში რეალურად გადახდილ თანხასა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ჰქონდა დაბეგრილი საქონელში გადახდილი სრული თანხა საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლით.

აუდიტის დეპარტამენტის აღნიშნული ქმედება არის არასამართლიანი და დაუსაბუთებელი, კანონშეუსაბამო, ვინაიდან საბაზრო ღირებულების შესწავლის მიზნით საგადასახადო შემოწმება დაეყრდნო საზოგადოების მიერ წარმოდგენილ 8.05.2022 წლის ჯართის სახეობების მიხედვით თვეების ჭრილში საშემფასებლო დასკვნას, თუმცა ამავე დასკვნით დადგენილია, რომ „შემფასებელი მისაღებად მიიჩნევს ბაზარზე არსებობდეს, აღნიშნული შეფასების დასკვნაში მოცემული ჯართის საბაზრო ღირებულებაზე 15%-ით მეტი საბაზრო ღირებულება“. აუდიტის დეპარტამენტს არც კი დაუსაბუთებია ჯართის სახეობების მიხედვით თვეების ჭრილში 8.05.2022 წლის საშემფასებლო დასკვნა რა საფუძვლით გაიზიარა ნაწილობრივ და რატომ არ მიიჩნია საბაზრო ფასად 15%-ით მეტი ფასი, მაშინ როდესაც დასკვნით აღნიშნული არის დადგენილი. რატომ იქნა გამოყენებული შერჩევით გადამხდელისათვის საუარესო პოზიცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანია ფიზიკური პირებისგან ახორციელებს ფერადი ლითონების ჯართის შესყიდვას. ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ გადახდებს გადახდის წყაროსთან ბეგრავს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ფიზიკური პირებისგან ჯართის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შემფასებელს გათვალისწინებული აქვს გადასახადის გადამხდელის მიერ შესყიდული ჯართის ხარისხი, მისი დახარისხების მაჩვენებელი ასევე გადასახადის გადამხდელის საბაზრო მდგომარეობა, მისი ოპერაციები და ამ ყველაფრის შეჯერებით არის ჯართის სახეობების მიხედვით საბაზრო ფასი განსაზღვრული. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, ზოგადად ჯართის სახეობების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ, სადაც განსაზღვრულ ჯართის საბაზრო ფასებთან მიმართებით ექსპერტის მიერ განმარტებული იყო, რომ დასკვნაში მოცემული ფასები შეიძლება მერყეობდეს 15%-იან დიაპაზონის ზღვარში, ადგილმდებარეობის, სიდიდის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილმა 8.05.2022 წლის დასკვნამ ჯართის საბაზრო ფასები განსაზღვრა სწორედ იმ ცვლადების გათვალისწინებით, რაზედაც საუბარი იყო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში და აღნიშნულ დასკვნასთან მიმართებით ფასები კორექტირებულია (გაზრდილია) სწორედ იმ დიაპაზონის ფარგლებში რომელზეც საუბარი იყო ხსენებულ დასკვნაში.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი ფიზიკური პირებისგან ჯართის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ფერადი ლითონის ჯართის საბაზრო ღირებულება ნაკლებია გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკურ პირებთან ანგარიშსწორებისას საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაბეგრილ თანხებზე, საბჭო მიიჩნევს, რომ გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვა მართლზომიერია, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 108 198 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2022 წლის №001-76 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საურავი 62 829 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269- ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველი-22 ნაწილებზე, 291-ე მუხლზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გასათვალისწინებელია, რომ როდესაც საწარმოს დაენიშნა კამერალური საგადასახადო შემოწმება აუდიტის დეპარტამენტის 17.02.2022 წლის №3977 ბრძანების შესაბამისად საწარმოს სახელმწიფო რეგისტრაციიდან და ეკონომიკური საქმიანობის დაწყებიდან გასული იყო დაახლოებით 18 თვე, მაშინ, როდესაც საწარმო ჯერ კიდევ განვითრების სტადიაზე იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს ახალი დაწყებული ჰქონდა საქმიანობა, ის გახდა ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელი და კეთილსინდისიერი გადამხდელი, რომელსაც არცერთი საგადასახადო სამართალდარღვევა არ ჰქონია ჩადენილი და არ დაურღვევია საგადასახადო ვალდებულებები. კომპანია მოქმედებდა რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო და კომპანიას არ ჰქონია გადასახადისგან თავის არიდება განზრახული. არცერთი მითითებული არგუმენტი და წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებები შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა გათვალისწინებული და უარია ნათქვამი უკანონოდ საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ნაწილობრივ აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2022 წლის №13742 ბრძანება და 2.06.2022 წლის №001-76 საგადასახადო მოთხოვნა ძირი თანხის საშემოსავლო გადასახადის ნაწილში და ბათილად იქნეს სრულად ცნობილი შემოსავლების სამსახურის 31.10.2022 წლის №27390 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

დავის განმხილველმა ორგანომ უნდა გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილება და გაუქმდეს დარიცხული ჯარიმა 108 197,6 ლარის ოდენობით და საურავი 62 8269,01 ლარის ოდენობით. იმისათვის, რომ საწარმოს არ შეექმნას ლიკვიდურობასთან დაკავშირებული პრობლემები და კითხვის ქვეშ არ დადგეს მისი უწყვეტი ფუნქციონირება, ბიუჯეტისადმი სტაბილური გადასახადის გადამხდელის სახით არსებობა, აქტით განსაზღვრული ძირითადი თანხის 267 767 ლარის გადახდა უნდა გადანაწილდეს ორ წელზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, – იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოწმების შედეგად განსაზღვრულია, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი განსხვავებულია საგადასახადო შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქონლის საბაზრო ღირებულებას და ფიზიკურ პირებზე გადახდილად აღრიცხულ თანხებს შორის სხვაობის დირექტორის ხელფასად ჩათვლა; სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საზოგადოება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით ფიზიკური პირებისგან ახორციელებს ფერადი ლითონების ჯართის შესყიდვას. მომჩივანს შემმოწმებლისთვის არ წარუდგენია ფიზიკური პირებისგან შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საგადასახადო შემოწმების მიერ მოხდა აღნიშნული ფერადი ლითონის ჯართის საბაზრო ღირებულებების შესწავლა, საზოგადოების მიერ წარდგენილ 8.05.2022 წლის ჯართის სახეობების მიხედვით თვეების ჭრილში საშემფასებლო დასკვნაზე დაყრდნობით. შედეგად, სხვაობა საგადასახადო შემოწმებით ჩაითვლა დირექტორის ხელფასად და საზოგადოებას დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 269; 275; 291;