ბრძანება N 8781
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 8781
16 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“-ის (ს/ნ -------------)
(ფაქტ. მის.: -------------------------,იურ. მის.: ---------------------------)
2024 წლის 23 იანვრის, 8 თებერვლის და 2 მარტის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 14 მარტის და 28 მარტის სხდომებზე (ოქმი №27 და №33) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ -------------) 2024 წლის 23 იანვრის №87067/1/2024, 8 თებერვლის №87575/1/2024 და 2 მარტის №88217/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №006-692 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას;
2. არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. ითხოვს კერძების თვითღირებულების დადგენისას გათვალისწინებულ იქნას ნედლეულის გამოსავლიანობა/დანაკარგები (ლღვობა, შრობა და სხვ.) და ამგვარად გაანგარიშებული ფასები შეუპირისპირდეს რესტორნის მენიუში არსებულ ფასებს რეალიზაციის ფასნამატის გამოთვლის მიზნით. მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ შემოწმებამ მხედველობაში არ მიიღო შესამოწმებელ პერიოდში რესტორნის მენიუში განხორციელებული ფასების ცვლილებები და ფასნამატის გაანგარიშებისას კერძების თვითღირებულებები შეუპირისპირა რესტორნის მენიუში დაფიქსირებული კერძების მიმდინარე ფასებს. საჩივარს თან ურთავს 2023 წლის ივნისის თვეში მოქმედ მენიუს და ასევე მიუთითებს პლატფორმაზე (https://-----.com/), სადაც აღნიშნული მენიუ მომხმარებლის მიერ არის გამოქვეყნებული. გადამხდელი აცხადებს, რომ რამდენიმე დასახელების კერძზე და სასმელზე საშუალო შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა არასწორად, ითხოვს აღნიშნულ პროდუქტებზე საშუალო (შეწონილი) შესყიდვის ფასების გამოყენებას და საქონლის სწორად კატეგორიზაციას. ასევე აღნიშნავს, რომ არითმეტიკული ფასნამატის ნაცვლად შემოწმებას უნდა გამოეყენებინა საშუალო შეწონილი ფასნამატი;
3. არ ეთანხმება ფასდათმობების (ფასდაკლებების) გაუთვალისწინებლობას;
4. არ ეთანხმება ფულადი ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვას და ითხოვს შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავალი (ფულადი სახსრების განკარგვადი ნაშთები) განხილულ იქნას პარტნიორზე გაცემულ დივიდენდად. ამასთან, არ ეთანხმება აღნიშნული თანხის ე.წ. „აგროსვას“;
5. აცხადებს, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულადი სახსრებისა და სმფ-ების ნაშთი შემოწმებამ განსაზღვრა არასწორად და მხედველობაში არ მიიღო კომპანიაში არსებული ფულის და მარაგების ნაშთები;
6. აცხადებს, რომ კომპანია ფიზიკური პირებისგან რეგულარულად ყიდულობდა დამხმარე მასალებს და ინვენტარს, ხოლო დანახარჯის გათვალისწინება შემოწმების მხრიდან არ მომხდარა;
7. ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის №28667 და 22 დეკემბრის №32481 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ -------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 24 მაისიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №32906 ბრძანება და ამავე თარიღის №006-692 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 4 324 879 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 757 695 ლარი, ჯარიმა 1 375 515 ლარი და საურავი 191 669 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს სარესტორნო მომსახურების გაწევა, ბაზარზე ოპერირებს რესტორან „----ის“ სახელით. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა ცნობა ბანკებიდან და საბანკო ამონაწერები, კერძების კალკულაციები და მენიუ, ასევე, ახსნაგანმარტება, რომლის მიხედვითაც კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და საქონლის შეძენას ახორციელებენ მხოლოდ სასაქონლო ზედნადებებით. შემოწმების პროცესში არ იქნა მოწოდებული ინფორმაცია საქონლის ნაშთებისა და დებიტორ/კრედიტორების შესახებ, რაზეც შედგა 2023 წლის 25 დეკემბრის №188659 სამართალდარღვევის ოქმი და გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 400 ლარით. საგადასახადო მოიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 23 ივნისს ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის პროცედურის შედეგად, ანგარიშსწორება შეთავაზებულ იქნა ფიზიკური პირის ანგარიშზე. ვინაიდან არ ხდება კონტროლი საქონლის მოძრაობაზე, არ იქნა წარმოდგენილი საქონლის ნაშთების აღრიცხვა და ფასნამატის გაანგარიშება, ხოლო საბანკო ამონაწერების დამუშავებით დადგინდა, რომ ბანკში მიღებული სარესტორნო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 1 477 000 ლარით აღემატება დეკლარირებულ შემოსავალს, ამასთან, ფიქსირდებოდა დიდი ოდენობით თანხის ბანკომატიდან განაღდება და საქვეანგარიშოდ გაცემა, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, შეძენილი საკვები და სასმელი პროდუქტები დაყოფილ იქნა კატეგორიებად, სასმელებზე და ტკბილეულზე მენიუში გაცხადებული ფასის შესაბამისად (მომსახურების 15%-ის გათვალისწინებით) განისაზღვრა ფასნამატი, კერძოდ, ალკოჰოლურ სასმელებზე - 202%, არაალკოჰოლურზე - 181%, ტკბილეულზე - 255%, ხოლო კერძებზე გადამხდელის მიერ გამოგზავნილი კალკულაციების შესაბამისად განისაზღვრა თვითღირებულება შეძენილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით და ფასნამატმა შეადგინა - 217% (მომსახურების 15%-ის გათვალისწინებით). შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საქონლის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით და მთლიანად შეძენილ სმფ-ებზე გავრცელდა კატეგორიის შესაბამისი ფასნამატები. შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 6 599 269 ლარით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაანგარიშდა კომპანიის განკარგვადი თანხები, რომლის გახარჯვაზეც არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომელთა მიხედვით:
. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმების პროცესში არ იქნა მოწოდებული ინფორმაცია საქონლის ნაშთებისა და დებიტორ/კრედიტორების შესახებ, ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის პროცედურის შედეგად, ანგარიშსწორება შეთავაზებულ იქნა ფიზიკური პირის ანგარიშზე. არ ხდება კონტროლი საქონლის მოძრაობაზე, ასევე, არ იქნა წარმოდგენილი საქონლის ნაშთების აღრიცხვა და ფასნამატის გაანგარიშება, ხოლო საბანკო ამონაწერების დამუშავებით დადგინდა, რომ ბანკში მიღებული სარესტორნო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 1 477 000 ლარით აღემატება დეკლარირებულ შემოსავალს, ამასთან, ფიქსირდება დიდი ოდენობით თანხის ბანკომატიდან განაღდება და საქვეანგარიშოდ გაცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით.
. შემოწმებით, გადამხდელის მიერ შეძენილი საკვები და სასმელი პროდუქტები დაყოფილ იქნა კატეგორიებად, სასმელებზე და ტკბილეულზე მენიუში გაცხადებული ფასის შესაბამისად განისაზღვრა ფასნამატი, ხოლო კერძებზე გადამხდელის მიერ გამოგზავნილი კალკულაციების შესაბამისად განისაზღვრა თვითღირებულება შეძენილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით. შემოწმების მიერ მოთხოვნილ იქნა სხვადასხვა პერიოდების მენიუები, თუმცა გადამხდელმა განაცხადა, რომ არ გააჩნდა ძველი პერიოდების მენიუები და შესაბამისად, არ ყოფილა წარმოდგენილი. შემმოწმებლებმა იხელმძღვანელეს ობიექტზე გასვლის მომენტში არსებული მენიუს მიხედვით, კერძოდ, 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, რასაც შეუპირისპირდა ამავე ან/და უახლოეს პერიოდში შეძენილი ნედლეულის ფასები. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საქონლის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარი, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია საქონლის ნაშთის შესახებ და მთლიანად შეძენილ სმფ-ებზე გავრცელდა კატეგორიის შესაბამისი ფასნამატები.
დავის ეტაპზე წარმოდგენილ მენიუებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გადამხდელის მიერ მითითებულ პლატფორმაზე ატვირთულია რესტორან ----ის მენიუ და ასევე სხვადასხვა კერძების ფოტოსურათები. აღნიშნულ საიტზე ფიქსირდება მხოლოდ ატვირთვის თარიღი, შესაბამისად, უცნობია რა პერიოდის მენიუს ატვირთვა მოხდა 2023 წლის ივლისის თვეში (შესაძლოა ატვირთული ყოფილიყო უფრო ძველი პერიოდის მონაცემებიც). გადამხდელმა წარმოადგინა გაანგარიშება 2023 წლის ივლისის მენიუს ფასებით, თუმცა ერთ-ერთ კერძზე, მაგალითად, „ორაგული ქინძმარში“ მითითებული აქვს სხვა კერძის („ორაგული ბაჟეში“) ფასი, ასევე, გადამხდელს აღნიშნული სარეალიზაციო ფასები შედარებული აქვს 2023 წლის ნოემბერი/დეკემბრის შეძენის ფასებს. ამასთან, შემოწმების ეტაპზე მოთხოვნილ იქნა სრული პერიოდების კალკულაციები, რასთან დაკავშირებითაც გადამხდელმა განმარტა, რომ არ ჰქონდა აღრიცხული და კალკულაციების შედგენას ახდენდა დეკემბრის თვიდან. ამდენად, წარმოდგენილი კალკულაციები არის დეკემბრის თვის პერიოდის, რომელიც შედარებულია ამავე პერიოდის ფასებთან. შესაბამისად, უცნობია 2023 წლის ივლისის პერიოდის კალკულაციები, ვინაიდან გადამხდელის განამრტებით, ამ პერიოდის შემდგომ მოხდა შეფმზარეულის ცვლილება და შესაძლოა მანამდე კერძები მზადდებოდა სხვა პროპორციებით.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილ კალკულაციებში არ არის მითითება გაყინული ნედლეულის შესახებ. ასევე გადამხდელის მიერ შეძენილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, კომპანიას არ უფიქსირდება მთლიანი საქონლის ან ღორის შეძენა. კერძოდ, შეძენებში ფიქსირდება: საქონლის და ღორის უძვლო - რბილი ხორცი, სახაშლამე ხორცი, სამწვადე ხორცი, ნეკნები, შიგნეულობა, ხბოს ბარკალი, ხბოს ბეჭი, წინა მხარე და ა.შ. ქათმის ხორციც შეძენილია ნაწილ-ნაწილ. ამასთან, მთლიანი შეძენილი 900 000 ლარის ღირებულების ხორცპოდუქტებიდან გაყინული ხორცპროდუქტები შეძენილია 24 000 ლარის.
შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი რამდენიმე ნედლეურის ფასების ცვლილება, შერჩევითად შედარებულ იქნა იმერული ყველის, სულგუნისა და საქონლის ხორცის ფასები. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წლის განმავლობაში აღნიშნული ნედლეულის შეძენის ფასების არსებითი ცვლილება არ მომხდარა.
. არც საგადასახადო შემოწმების პროცესში და არც დავის ეტაპზე არ ყოფილა წარმოდგენილი ფასდათმობებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
. შემოწმებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაანგარიშდა კომპანიის განკარგვადი თანხები, რომლის გახარჯვასთან დაკავშირებით არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. რაც შეეხება ე.წ. „აგროსვას“, გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად;
. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში არ წარმოადგინა სმფ-ის ნაშთების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, 2023 წლის 01 ნოემბრის მდგომარეობით ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით. ამასთან, გადამხდელმა წარმოადგინა 2023 წლის დეკემბრის, 2024 წლის იანვრისა და თებერვლის თვეების სმფ-ების საბოლოო ნაშთები. აღნიშნული მონაცემების შესწავლით დგინდება, რომ ინვენტარიზაციის მონაცემები არ არის სრული, ვინაიდან ფიქსირდება სასმელების მხოლოდ რაოდენობა და არ ფიქსირდება თვითღირებულებები. საკვებ პროდუქტზე, გადამხდელის მონაცემებით 2023 წლის დეკემბრის ბოლოს საქონლის ნაშთმა შეადგინა 31 728 ლარი, 2024 წლის იანვრის ბოლოს 35 282 ლარი და თებერვლის ბოლოს 38 643 ლარი, თუმცა გარკვეულ ნაწილზე ფიქსირდება მხოლოდ რაოდენობა და არ არის მითითებული თვითღირებულება. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემი არასრულია;
. შემოწმების პროცესში გადამხდელმა განმარტა, რომ კომპანია საქონლის შეძენას ახორციელებს მხოლოდ სასაქონლო ზედნადებებით. შემოწმებით, გათვალისწინებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია კომპანიის მიერ სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებულ შეძენებთან დაკავშირებით. ხოლო სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია შემოწმების და დავის ეტაპზე არ ყოფილა წარმოდგენილი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა 1-6 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-7 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, აღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებით საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ის (ს/ნ -------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას.შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. ფასდათმობების (ფასდაკლებების) გაუთვალისწინებლობას. ფულადი ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვას. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულადი სახსრებისა და სმფ-ების ნაშთი განსაზღვრას. აცხადებს, რომ კომპანია ფიზიკური პირებისგან რეგულარულად ყიდულობდა დამხმარე მასალებს და ინვენტარს, ხოლო დანახარჯის გათვალისწინება შემოწმების მხრიდან არ მომხდარა;
ითხოვს დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №28667 და №32481 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 24 მაისიდან 2023 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №32906 ბრძანება და №006-692 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 4 324 879 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოწმების პროცესში არ იქნა მოწოდებული ინფორმაცია საქონლის ნაშთებისა და დებიტორ/კრედიტორების შესახებ, რაზეც შედგა №188659 სამართალდარღვევის ოქმი და გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 400 ლარით.
ამასთან,საგადასახადო მოიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საკონტროლო შესყიდვის პროცედურის შედეგად, ანგარიშსწორება შეთავაზებულ იქნა ფიზიკური პირის ანგარიშზე. ვინაიდან არ ხდება კონტროლი საქონლის მოძრაობაზე, არ იქნა წარმოდგენილი საქონლის ნაშთების აღრიცხვა და ფასნამატის გაანგარიშება, ხოლო საბანკო ამონაწერების დამუშავებით დადგინდა, რომ ბანკში მიღებული სარესტორნო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 1 477 000 ლარით აღემატება დეკლარირებულ შემოსავალს, ამასთან, ფიქსირდებოდა დიდი ოდენობით თანხის ბანკომატიდან განაღდება და საქვეანგარიშოდ გაცემა, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად და გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საქონლის ნაშთი განისაზღვრა 0 ლარით და მთლიანად შეძენილ სმფ-ებზე გავრცელდა კატეგორიის შესაბამისი ფასნამატები. შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 6 599 269 ლარით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ასევე,შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გაანგარიშდა კომპანიის განკარგვადი თანხები, რომლის გახარჯვაზეც არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესაბამისად, აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“,2 „ა“ და „ბ“); 159(1 „ა“ და „ბ“); 164(1); 269(7); 279(1);